maransky
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1575
წევრი No.: 22021
რეგისტრ.: 26-July 06
|
#39426961 · 14 Jan 2014, 07:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შევეცდები, ამოვქოქო ეს თემა - მინიმუმ, შეგახსენოთ მაინც. რატომ და მომწყინდა - ძაან ჩავალაგეთ ხმლები ქარქაშში. არ ვკამათობ არავისთან - მომწყინდა ეგეც: აზრი არა აქვს თან და რატომ არა აქვს აზრი, ეს ცალკე თემაა... უბრალოდ შეიძლება მოვაგვაროთ - ჩვენ-ჩვენი სიმართლეები კი არ დავაჯახოთ, უბრალოდ გავითვალისწინოთ ეს ჩვენ-ჩვენი სიმართლეები. რა მოტივაცია მამოძრავებს ამ დასაკარგავში წამოსულ კაცს, ქეცბაიას რომ ვამართლებ - ეს მითხარით. რა გგონიათ... როგორ გგონიათ... ეს ერთი თვენახევრის წინ მაინც დავწერე - მაშინ, ძაან რომ დაიქოქა თემა. ვანიკა რომ აგრძელებდეს წერას, ვთხოვდი და მის ბლოგზე დადებდა. რახან გული ვატკინეთ, უფლება აღარ მაქვს. ნეტავი გული მოუბრუნდებოდეს - იშვიათი კაცია... ამიტომ აქ დავდებ პირდაპირ...
ბრიყვთა ხომალდი
სათაური, სავარაუდოდ, სტენლი კრეიმერის ოსკაროსან ფილმს გაგახსენებთ - ვივიენ ლიმ უკანასკნელი როლი რომ ითამაშა, იმ ფილმს... ან იერონიმუს ბოსხის გაბნეული ტრიპტიხის ზედა ფრაგმენტს... ან სებასტიან ბრანტისეული მეთხუთმეტე საუკუნის სატირას... გრეგორი ნორმინტონი... ქეთრინ ენ პორტერი... ტედ კაჩინსკი... ნიკოლაი კოლიადა... ჯგუფი „მასტერი“... სულ ბოლოს ლიტველი მწერალი ვიტაუტას პეტკიავიჩუსი იყო - მისი მუზა 2003 წელს დააფრთხო სათაურში ნახსენებმა სიტყვათშეთანხმებამ. ამ სიტყვათშეთანხმებას ევროპა მეთორმეტე საუკუნიდან იცნობს(!) ლამის ცხრაასი წელიწადია... „ტიტუუუ, რა ბევრია!“ ქართული ფეხბურთი გვიცოცხლოს ამდენ ხანს. ქართული ფეხბურთი - „სადღაც, რაღაცაში“ სწორედაც „ბრიყვთა ხომალდს“ რომ დაემსგავსა. ***** ხალხი „თემური წყობილების“ დანგრევას ცდილობს... თუთაშხიას ერთი ეპიზოდისა არ იყოს, საქმე ისეა, ქეცბაია უნდა შეიჭამოს. ჰოდა, გაიხსნა ყველა ფრონტი - ოღონდ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ეს კაცი მოაშორონ და პურს ნუ აჭმევ ხალხს. ქეცბაიათი საუზმობენ, ქეცბაიათი სადილობენ, ქეცბაიათი ვახშმობენ. პირდაპირ იდეა-ფიქსად იქცა - საერთო-სახალხო საზრუნავად. მიზეზი? შედეგი! ცოტა გოლი გავიტანეთ! და ფინეთს ვერ მოვუგეთ კიდევ... ჩვენ რა... ან ნაკრებმა რა... იმან, ქეცბაიამ ვერ მოუგო! ფინეთს!! ერიომენკოებს!!! ებეეე... **** ორლესული გამოდგა ფინური სამართებელი და სულ დანის პირზე იარეს: აქეთ თემურმა და თემურელებმა, იქით - თემური წყობილების მოწინააღმდეგეებმა. სკანდინავიელებთან მოგება გალელის „გალებთან“ ზავის მერე ულაპარაკოდ და ორი წლით გადასწევდა ქეცბაიას „შეხრამუნების“ ვარიანტს, კაცი არ იყო ხმის ამომღები და ფინეთთან წაგებას რაც შეეხება... კუბოს კიდევ ერთი ლურსმანი ჭირდებოდა. ბოლო, საკონტროლო გასროლა - ესპანეთში, ალბასეტეში. ამისთვის ოთხი და მეტი გოლი იქნებოდა საკმარისი. ვერ გაისროლეს - არა უშავდა „გალურ კატენაჩიოს“. მოვლენათა ამ ჯაჭვიდან გამომდინარე, დროში განწირულია პეტიცია ქეცბაიას გადაყენების შესახებ... ცოტათი გულუბრყვილოც: რაღაცით სარკის ათინათით მოთამაშე ბავშვებისა და ლაზერის სხივით შეიარაღებული მოხუცის კლასიკური მაგალითი მახსენდება. მიმხვედრი კი უნდა მიმხვდარიყო, მაგრამ მაინც დაიძრა კამპანია: პეტიცია დაიწერა, მასმედია დაირაზმა, ფეხბურთელებმა ხმა ამოიღეს... „ბრიყვთა ხომალდი“ ამბოხმა შეატორტმანა - პალუნდრაააა! **** პეტიცია და მისთანები გულუბრყვილობაა-მეთქი. ფეხბურთში დაიბადა და დაბერდა თემურ ქეცბაია და იმიტომ - ტყუილად არ გამხსენებია ლაზერის სხივით აღჭურვილი ის მოხუცი, ბავშვები სარკის ათინათით რომ „ებრძვიან“. ეგრე ადვილად ვერ მოდრეკ. ერთი რომ, კანონი და სიტყვა უმაგრებს ზურგს - კონტრაქტიც, დაპირებაც და შეთანხმებაც. მეორეა და, ისეთ ფონზე მოვიდა, მდგომარეობა და სასტარტო სიტუაცია იყო ისეთი, ბონდო დოლაბერიძე დაგენიშნა ეროვნული ნაკრების მწვრთნელად, უარესს რას ჩაიდენდა (ამ გახსენებაზე, ერთხელაც შემეცოდა საწყალი ექტორ რაულ კუპერი). ამიტომაა, რიხით ლაპარაკობს პროგრესზე. არგუმენტი? შედეგი! დემაგოგია და სიტყვაში გამოკიდება გვერდზე გადავდოთ - სატურნირო იერარქიას აწვება და მოგვწონს თუ არა, მეოთხე ჯობია მეხუთეს, ბოლოსწინა ჯობია ბოლოს! ცოტა კომიკური კი ჩანს ეს ყველაფერი, მაგრამ ობიექტურად კუპერის ეპოქას ქეცბაიას ეპოქამ აჯობა. იმ ფორმაციის ნაკრებს ამ ფორმაციისამ. ცოტა გოლი გაიტანე - ეუბნება საფეხბურთო სამყარო. სამაგიეროდ, ცოტა გავუშვი - პასუხობს იგი. შეუტიე! - არა, არ გვასვენებს პატარა კახის სული... „და გაზა?“ - ყალყზე უდგას კონტრკითხვა. ხარისხი? ესთეტიკა? სილამაზე? აქ დუმბაძე, „მე ვხედავ მზეს“ და სოსოია მამალაძე მახსენდება - „დავრაზმო, თვარა არ დალეწონ ყველაფერი... რა არმიაა ეს გაღლეტილები?!“... თან არც „დურუ ხუნჭუა“ ხსომებიათ: „- ტრენერი ხომ იცით, ვინაა?!“ *** აქ უნდა შევჩერდეთ. საჭიროა და იმიტომ. იმხელა კომიზმია, ტრაგიკულ ელფერს იძენს. მწვრთნელი უნდა წავიდეს იმიტომ, რომ იგინებაო... ექს-მეგობარი და ექს-კაპიტანი ამხელს - გუდას თავი მოეხსნა და წამოვიდააა... ხარისხი? ესთეტიკა? სილამაზე? ნუუურას უკაცრავად... მე კი ვიტყვი, რომ ჭეშმარიტად პროფესიონალური არგუმენტია, მაგრამ... „გულს თანაღრი სჭირს“ - დაიჯერებს ვინმე ამ არგუმენტისას? და კიდევ: „თემურ, ტო-ებით ნუ ლაპარაკობ!“ ესეც ქვისგამხეთქი არგუმენტია, თუ ისევ მეშლება რამე? „ტო!“... არადა, რა უწყინარი, თბილისური ფოლკლორია. მერე რა, რომ სხვა ინტონაციით... ასეთებით ქეცბაიას ვერ მოდრეკთ-თქო... სხვა მოძრაობა გააკეთეთ... **** ამ კონტექსტში ყველაზე საფუძვლიანი მაინც დავით მუჯირის წერილი და არგუმენტაცია იყო - ჩემი აზრით, საკმაოდ სუსტი, მაგრამ სხვებზე გაცილებით უკეთესი. ღირდა? მე ვერ ვიტყვი - მუმუმ უნდა თქვას. მას მერე კაი ხანი გავიდა და კონტექსტიდან, მოვლენებიდან გამომდინარე უნდა თქვას. გოგუამ ნაკრებში ადგილი დაკარგა, სამაგიეროდ, პოპულარობა მოიპოვა და ჟორჟოლიანის ქალმა სულ გაგუა ეძახა როსტოსა და ბუბუს შოუში. ღირდა? გოგიტამ უნდა თქვას - კაცია და პოზიცია... ლევან ყენიას მოუზომავმა სიტყვებმა არა მხოლოდ ნაკრების სამწვრთნელო სტაფი, ქართველი გულშემატკივარიც გააღიზიანა. ღირდა? პასუხი ლევანზეა - მან უნდა დაასკვნას, ფეხბურთს ძველებურად ნაკრებისა და ხალხისთვის თამაშობენ თუ ვთქვათ, კლუბისა და სკაუტებისთვის. რაც შეეხება ამისულაშვილის, დუბაის, ეკონომ-კლასის, დაღლის და ამ ოპერის სხვა არიებს... ეგ ყველაფერი ქარვასლაშია კარგი - აი, მესამე გილდიის ვაჭარი მაკარი რომ და ასე შემდეგ... საქართველოს ნაკრების ისტორიამ კი უკეთესებიც იცის: თუნდაც უხარისხო ფორმისაგან დახეხილი ძუძუსთავების გამო პროტესტი... არა, ჯიგარი არა, კერტები ეწოდათ ბიჭებს - ჯიგარი ისაა, მორაგბეებს რომ ეწვით ხოლმე. **** ფეხბურთში ეგრე და ჰაიჰარად არაფერი ხდება - ვისაც უთამაშია ან „უთამაშია“, იცის, ფეხბურთში „კირუხი“ შინაურია - მთლად მასპინძელი არა, მაგრამ... ფეხბურთში ისეთი რამე ხდება ხოლმე, რისი მოხდენაც სასურველი არ არის, მაგრამ აუცილებლად ხდება. რატომ? მე რა ვიცი, რატომ... მე რა ვიცი, რატომ ვერ წაუვიდა დავით მუჯირს „ზესტაფონის“ მწვრთნელის პოსტზე საქმე რომ უნდოდა, ისე... რა ვიცი, რატომ ვერ ხვდება ხოლმე „ფორტუნას“ შემადგენლობაში ლევან ყენია... რა ვიცი, რატომ აითვალწუნა ალეკო ამისულაშვილი პროვინციული რუსული ქალაქის სტადიონის მთელმა ტრიბუნამ... რა ვიცი, რატომ შეარქვა საქართველოს ნაკრების კაპიტანს ქართველმა გულშემატკივარმა „შიმშილა“... თავად უნდა იცოდნენ - ჩემი გადასახედიდან კი ამ ყველაფერს ინგლისურად Murphy's law, გერმანულად - Das Gesetz der Gemeinheit და რუსულად კი закон подлости ჰქვია... ამ კანონმა ყველა ჩიტის ენა იცის: ხიზანიშვილიც გაიგებს, ყენიაც, ამისულაშვილიც და ის ბიჭებიც, „ილიჩოვეცის’ მწვრთნელს რომ დაეკარგნენ. **** სიმართლე არასოდესაა ერთი და ცალმხრივი. სიმართლე პოლარულია. სიმართლე ყველას თავისი აქვს. დიდი ხანია, სიმართლე და ჭეშმარიტება გვერევა ერთმანეთში. ამიტომაა, ყველა ჩვენი გადასახედიდან ვჭრით და ვკერავთ. ამიტომაა ქეცბაიას პოზიცია მძიმე. სხვა, სუსტი ნერვების კაცი პორტ-არტურიდან გამოქცეულ პიპინიას ცხენს გაასწრებდა, მაგრამ... ქეცბაიას თავისი სიმართლე აქვს. უფრო სწორად, თავისი პატარ-პატარა სიმართლეები: შანსი ყველას მისცა, რამდენჯერმე წყენა გადაყლაპა, სარეკორდო პერიოდი ჰქონდა, იქ ხორვატია, აქ საფრანგეთი... ეს პატარ-პატარა სიმართლეები აყვირებს - მართალია, უმეტესად ტაქტის ჩარჩოებს მიღმა, მაგრამ ამაზე იმან იდარდოს, ვინც ქეცბაიაში წმინდა მამათა ლავრის წინამძღვრის სათნოებას ეძებდა. სტილს უწუნებენ და არცთუ უსაფუძვლოდ, მაგრამ მე რომ მკითხო, თამაშის ორგანიზაციით ყველა წინამორბედს აჯობა. პროცესში და არა ცალკეულ მატჩებში, თორემ ციკლში თითო გამონათებას სულ „ჩადიოდა და ჩაიდენს“ საქართველოს ნაკრები... კიდევ: საქართველოს ნაკრების რომელი მწვრთნელი ლაპარაკობდა ამდენს და ასე გულწრფელად? ხელფასის გარდა სადმე ბანკნოტმა გაიშრიალა? ნაკრებში ფულის დაზგა რომ არ დგას, ესეც ხომ საქმეა? და მთავარი: ქეცბაია უჭკუო არ არის. მან იცის, ახლა დანებება, გადადგომა, დამორჩილება, კურსიდან გადახვევა, საქმის ბოლომდე მიუყვანლობა მართლა ბოლოა. ისეთი ბოლო, რომლის იქითაც ხსნა და საშველი არ არის. ეს იქნება ბოლო და უდიდესი მარცხი მის კარიერაში და მარცხზე მეტიც - რაკიღა ამ მარცხის განცდას სამშობლოში აიძულებენ. აქეთ დგას გასავლელი ორი წელი, წარუმატებელი სერია, კონფლიქტებით დახუნძლული ნაკრები, სანახევროდ გაკეთებული, მაგრამ რისკით გაძეძგილი საკეთებელი და იქით - სახელი, ავტორიტეტი, კარიერა, სიტყვა, საქმე... ცხოვრება - ანუ ყველაფერი ის, რასაც წარმოადგენს და რისთვისაც ცხოვრობს ქეცბაია. მისი ფორმაციის ნაკრებს რომ ფინეთისთვის მოეგო, იმ „დაგეგმილ“ მესამე ადგილზე გასულიყო და მერე ნებით თუ უნებლიეთ წასულიყო, გამართლებას ადვილად მოვუძებნიდი. იოლად გავიგებდი-მეთქი - ელექტროსკამმა მორიგი მწვრთნელი შეიწირა და მორჩა! მაგრამ ახლა, ასე წასვლა, გადადგომა, გადაყენება თუ რაც გინდათ, დაარქვით... იქნებოდა ყველაზე დიდი უსამართლობა იმ კაცის ცხოვრებაში, რომელმაც ქართული ფეხბურთისთვის მართლა ბევრი რამე გაიღო. ქეცბაიას დღემდე წვალებით მოტანილი კარიერა გადასწონის იმ კონფლიქტებსაც, კვიპროსზე ხშირად ყოფნასაც, სტაფის მაღალ ხელფასსაც, არასასურველ შედეგსაც, „კობი-იაშკას“ ყველასთვის უსიამოვნო ეპიზოდსაც... და საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ საკვალიფიკაციო ციკლსაც... ასე ჯობია... ღირს ჩიტი ბდღვნად. ღირს, გავრისკოთ ერთი საკვალიფიკაციო ციკლით, პირველკაცისა და თავკაცის კი არა, რიგითი ქეცბაიას გადასარჩენად. გასაგებია, რომ ვა-ბანკია, ბოლო ფსონია „ზეროზე“, მაგრამ ვინც თამაშის მუღამი იცის, ამ ფსონზე დგომის სილამაზეც გაუთავისდება. ეს პროცესია და მის სრულ სურათს კიდევ ერთი საკვალიფიკაციო ციკლი სჭირდება - სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ჰოდა, უნდა მივენდოთ ამ ორ წელიწადს. ეს დრო მწვრთნელისთვის ან განაჩენი იქნება, ანაც ჯილდო. რადგან: ქეცბაია მარტო ვერც მოიგებს და არც წააგებს - წავაგებთ ან მოვიგებთ ყველანი - ჩვენ ხომ „ბრიყვთა ხომალდის“ მგზავრები ვართ. იმ „ბრიყვთა ხომალდისა“, ასე რომ დაემგვანა ქართული ფეხბურთი.
|