http://sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhb...vropisaken.htmlჩემპიონატის მსგავსად, თბილისის "დინამო" თასის ნებისმიერი გათამაშების დაწყებამდეც უპირველეს ფავორიტად მიიჩნევა და ამაში გასაკვირი არაფერია; ანუ, ის ფაქტი, რომ წინა სეზონის მსგავსად "დინამო" ახლაც ნახევარფინალშია, ჩვეულებრივი ამბავია.
უფრო ზუსტად, ის არის ხოლმე მოულოდნელი, როცა საქართველოს თასის ათგზის მფლობელი ამ გათამაშებას ადრეულ სტადიაზე გამოეთიშება ხოლმე...
ათი წელი გავიდა იმის მერე, რაც "დინამომ" ზედიზედ ორჯერ შეძლო თასის მოპოვება და აი, ამის შანსი წლეულს გაჩნდა; მით უფრო, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელს მალხაზ ჟვანიასაც დამატებითი მოტივაცია ექნება პირველი ტიტულის მოსაპოვებლად და, საერთოდ, პირველი "დუბლის" შესასრულებლად.
მოტივაციას თავი დავანებოთ და ისიც ვთქვათ, რომ "დინამო" ყველანაირად შეეცდება წარმატების მიღწევას: კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია ხომ დღევანდელი იუბილარია!..
ნახევარფინალამდე "დინამოს" პრობლემა არ შეჰქმნია: პირველლიგელი ხობის "კოლხეთიც" უპრობლემოდ დაამარცხა მერვედფინალში და უფრო ძლიერ "მეტალურგსაც" ორივე მატჩი მოუგო მეოთხედფინალში. ამ სეზონში თასზე ჩატარებული ოთხი მატჩიდან აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გოლების უმრავლესობა ლეგიონერთა ანგარიშზეა: ჩისკომ და პატრიკ ვუომ მეტოქეთა კარში ოთხ-ოთხი გოლი გაიტანეს, დარკო გლიშიჩმა კი - სამი. ამათგან, რაღა თქმა უნდა, ჩისკოს მიერ რუსთავში გატანილი მართლაც სუპერგოლი უნდა გამოვყოთ: "დინამოს" ესპანელმა ლეგიონერმა, ფაქტობრივად, 45 მეტრიდან ზუსტად გაგზავნა ბურთი მეტოქის კარში!..
"დილამ" თასის ეს გათამაშება გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით დაიწყო, მერე გუნდი რამაზ სოღოლაშვილმა ჩაიბარა და სწორედ მისი თავკაცობით შეძლო გორელთა გუნდმა ნახევარფინალის საგზურის მოპოვება.
ნახევარფინალში "დილას" პრობლემა არ შეჰქმნია, სამაგიეროდ, უმძიმესი ბრძოლის გადატანა მოუხდა მეოთხედფინალში ბათუმის "დინამოსთან". მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრისათვის მოულოდნელად, "დილა" ჩემპიონატში ზედა ექვსეულში ვერ მოხვდა და, აქედან გამომდინარე, ევროპაში "გასასვლელად" ერთადერთი გზა თასზე წარმატებით ასპარეზობაა.
გორელ ქომაგთა სამწუხაროდ, ნახევარფინალის წილისყრისას ყველაზე ძალიან სწორედ "დილას" არ გაუმართლა, თუმცა თასზე არაერთხელ მომხდარა სენსაციები და ორრაუნდიანი დაპირისპირების წინ პროგნოზებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს. მით უმეტეს, რომ 2011/12 წლების თასის გათამაშებაში თბილისის "დინამომ" მერვედფინალში ვერ დაძლია "დილას" ბარიერი და ორი მატჩის ჯამში გათამაშებას გამოეთიშა.
პირველი შეხვედრა თბილისში... ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ჩატარდა და ალექს გარსიას დამოძღვრილმა "დინამომ" მატჩის მიწურულს მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. იმ შეხვედრაში დინამოელთაგან გოლები გაიტანეს ჯაბა ჯიღაურმა და გიორგი კახელიშვილმა, "დილას" მხრიდან კი - ვლადიმერ ჯოჯუამ და დავით ჩაგელიშვილმა. იმ მატჩში "დილას" გია ცეცაძე მოძღვრავდა. აი, საპასუხო შეხვედრაში კი, გორში, "ქართლის" სტადიონზე რომ ჩატარდა, ალექს გარსიას ოპონენტი ამჯერად უკვე რამაზ სოღოლაშვილი გახლდათ და ეს მატჩი გორელთა გუნდისათვის სასურველი შედეგით (0:0) დამთავრდა და "დინამოც" ასე ადრეულ სტადიაზე გამოეთიშა ასპარეზობას.
აქვე, იმასაც ვიტყვით, რომ საქართველოს თასის გათამაშების ისტორიაში ეს მესამე შემთხვევაა, როცა "დინამო" და "დილა" ერთმანეთს ნახევარფინალში უპირისპირდებიან და ორჯერვე ფინალში "დინამო" გავიდა. თუმცა, 1998 და 2004 წელს ჩატარებულ მატჩებზე, ალბათ, სჯობს, რომ შემდგომში ვისაუბროთ; უფრო ზუსტად, საპასუხო ნახევარფინალების წინ...
დინამო VS დილა - გზა ნახევარფინალამდე
1/8 ფინალი
კოლხეთი (ხ)-დინამო (თბ) 0:9
(გოლები: ჩისკო-2, გლიშიჩი-2, მიქაბერიძე-2, კვარაცხელია, ვუო, მერებაშვილი)
დინამო-კოლხეთი 6:0
(გოლები: ვუო-3, გველესიანი, მიქაბერიძე, გოგა)
1/4 ფინალი
მეტალურგი-დინამო 0:2
(გოლები: ჩისკო, ძარია)
დინამო-მეტალურგი 4:1
(გოლები: გორგიაშვილი, მერებაშვილი, ჩისკო, გლიშიჩი-ჩიმაკაძე)
1/8 ფინალი
დილა-დინამო (ბთ) 1:0
(გოლი: მოდებაძე)
დინამო (ბთ)-დილა 2:1
(გოლები: ბერიძე, მუჯირი-აფხაზავა)
1/4 ფინალი
ტორპედო-დილა 1:2
(გოლები: კვერნაძე-კვახაძე, კორღალიძე)
დილა-ტორპედო 2:0
(გოლები: შალამბერიძე, გურ. გურეშიძე)