
საქართველოს ჩემპიონატის მეორეადგილოსანი "ზესტაფონი" ევროპალიგის მომავალ გათამაშებას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს. ფაქტობრივად, გადაწყვეტილია ისიც, რომ ზემოიმერული კლუბი განთესილთა შორის იქნება.
ზესტაფონელებს ამ ეტაპიდან რომ უწევთ ევროტურნირში ჩართვა, საქართველოს თასის ფინალში თბილისის "დინამოს" გამარჯვებამ განაპირობა. თასის ფინალისტი საჩხერის "ჩიხურა" კი ევროპალიგის პირველივე ეტაპზე ითამაშებს და, სავარაუდოდ, განუთესავთა შორის მოხვდება.
ევროტურნირებზე ბოლო 5 სეზონის შედეგების გათვალისწინებით, "ზესტაფონის" კოეფიციენტია 5,975. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სეზონი ჯერაც არ დასრულებულა და ევროტურნირების მონაწილეთა სრული სია ამ ეტაპზე საბოლოოდ გარკვეული არ არის, მაინც შეიძლება ითქვას, რომ "ზესტაფონს" ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ამ მეტოქეებიდან ერთ-ერთი შეხვდება:
"სპლიტი" (ხორვატია), "სენტ ჯონსტონი" (შოტლანდია), "ლინფილდი" (ჩრდ. ირლანდია), "ინტერი" (აზერბაიჯანი), "პიუნიკი" (სომხეთი), "აბერდინი" (შოტლანდია), "შიროკი ბრიგი" (ბოსნია), "ბოტევი" (ბულგარეთი), "ჰონკა" (ფინეთი), "სლიგო როვერსი" (ირლანდია), "ზავიშა" (პოლონეთი), "ნემანი" (ბელორუსი), "ბირკირკარა" (მალტა), "კოშიცე" (სლოვაკეთი), "ვადუცი" (ლიხტენშტაინი), "კოპერი" (სლოვენია), "ბანგორი" (უელსი), "ბრომაპოიკარნა" (შვედეთი), "ტრენჩინი" (სლოვაკეთი), "ნოვა გორიცა" (სლოვენია), "ზიმბრუ" (მოლდოვა), "მიუპა" (ფინეთი), "კალიუ" (ესტონეთი), "ჰაუგესუნდი" (ნორვეგია), "დაუგავა" (ლატვია), "ჟენესი" (ლუქსემბურგი), "რუდარი" (სლოვენია), "კუკესი" (ალბანეთი), "მეტალურგი" (მაკედონია), "როვანიემი" (ფინეთი).
"ზესტაფონის" შესაძლო მეტოქეებს შორის, თავად ნახეთ, ერთი "ქართული" გუნდიცაა - ბაქოს "ინტერი", რომლის თავკაციც კახა ცხადაძე გახლავთ, გუნდში კი მეკარე გიორგი ლომაია, მცველი ლაშა სალუქვაძე და ფორვარდები - ალექსანდრე იაშვილი და ბაჩანა ცხადაძე ირიცხებიან.
ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 17-24 ივლისს გაიმართება, 3-10 ივნისს კი, ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლნისის "სიონსა" და საჩხერის "ჩიხურას" უნდა ვუქომაგოთ.
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს ევროსეზონს საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო", ხოლო განთესილი იქნება თუ განუთესავი, ეს უნგრეთის ჩემპიონის ვინაობაზე (ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი) იქნება დამოკიდებული - თუ "დიორი ეტომ" იპირველა, "დინამო" განთესილებში მოხვდება, "დებრეცენის" ჩემპიონობის შემთხვევაში კი საქართველოს უპირველესი კლუბი განუთესავი იქნება (რადგან "დებრეცენს" "დინამოზე" უკეთესი კოეფიციენტი აქვს).