საფეხბურთო ჩემპიონატში გუნდების რაოდენობა გაიზრდება
15:46 08-07-2014
საფეხბურთო ჩემპიონატში გუნდების რაოდენობა გაიზრდება საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში გუნდების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა ჯერჯ უცნობია, კონკრეტულად რამდენი გუნდი იქნება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ განუცხადა. მისი თქმით, გუნდების დასაფინანსებელ სახსრების მოძიებაზე პასუხიმგებლობა მთავრობამ აიღო.
"დღეს დილით მქონდა შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებთან, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სპორტის მინისტრი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებთან ერთად, სამი დღის განმავლობაში მოიძიებს თანხებს გუნდების დასაფინანსებლად. ეს თანხები გათვლილი იქნება ჩემპიონატში უფრო მეტი გუნდისთვის, ანუ გუნდების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა 14, 16, 18 თუ რამდენი იქნება, ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ეს გადაწყვეტილება ფინანსების რაოდენობიდან გამომდინარე მიიღება და პარასკევს გამოცხადდება საბოლოო გადაწყვეტილება", - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ლევან ყიფიანის თქმით, ამ ეტაპზე მოძიებული თანხები გუნდებს ზამთრის პერიოდამდე ეყოფათ, შემდგომი თანხები კი უკვე სეზონის მეორე ნახევრამდე იქნება მოიძებული.
"გუნდებს დავეხმარებით, მოვიძიებთ შესაბამის თანხებს. ეს თანხები გუნდებს ზამთრის პერიოდამდე ეყოფათ, შემდგომი თანხები კი უკვე შემდგომ იქნება მოძიებული. ეს იქნება ერთგვარი გარდამავალი პერიოდი, რომლის ფარგლებშიც გადაწყვეტილება პირველ რიგში სპორტული პრინციპიდან გამომდინარე იქნება მიღებული. ამ გარდამავალი პერიოდის შემდეგ უკვე ვიმოქმედებთ ფეხბურთის განვითარების პროგრამით, რომელიც სამინისტროს აქვს შემუშავებული", - განაცხადა ყიფიანმა.
სფფ-ში აღმასკომის სხდომა გრძელდება და მასზე უკვე სხვა საკითხებს განიხილავენ. სხდომას უკვე აღარ ესწრება ლევან ყიფიანი. სიჭინავას და ყიფიანის განცხადებებს ფედერაციასთან შეკრებილი მარტვილის "მერანისა" და ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრებუი ოვაციებით შეხვდნენ.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-gaizrdeba.html