max-14
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3933
წევრი No.: 104227
რეგისტრ.: 6-November 09
|
#41683375 · 18 Jul 2014, 15:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამოცდილება: როგორ ავითარებენ ყაზახები ფეხბურთს AutoSharing Option Yes No 14:38 18-07-2014
ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისში "დინამოსთან" "აქტობეს" გამარჯვებამ ყაზახეთში დიდი სიხარული და აჟიოტაჟი გამოიწვია. ვლადიმირ გაზაევსა და მის გუნდს ყარაღანდის "შახტიორმა" გამარჯვება ოფიციალური წერილით მიულოცა.
"თბილისში "აქტობეს" დამაჯერებელი გამარჯვება ჩვენი სპორტის განვითარებაზე მეტყველებს", - წერია ყარაღანდელთა მილოცვაში და ძნელია, ამაში არ დაეთანხმო. მართალია, გამარჯვება არც ისე დამაჯერებელი იყო, მაგრამ ყაზახური ფეხბურთი რომ ისეთი ხელწამოსაკრავი აღარ არის, როგორც 20-25 წლის წინ, ეს ფაქტია.
ქართული ფეხბურთი კი ისეთ დონეზე დაეცა, რომ ძნელია უკვე, მას ანგარიშგასაწევი ძალა უწოდო...
ბოლო წლებია, ყაზახური ბარიერის გადალახვა ქართველებისთვის ლამის შეუძლებელი გახდა. ამ ქვეყნის გუნდები უფრო და უფრო თამამად ეთამაშებიან ევროპელებს, შარშან კი აზიელებისთვის ისტორიული ფაქტიც მოხდა - ყარაღანდის "შახტიორს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოსახვედრად მცირედი დააკლდა, მაგრამ ევროპის ლიგაზე გავიდა და ურიგოდ არც იქ უთამაშია.
ცხადია, ოდესღაც არასაფეხბურთო ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის ბუმი იმან გამოიწვია, რომ დიდი ფული აქვთ და ლეგიონერებსა და მწვრთნელებს უპრობლემოდ იწვევენ. უკვე არიან მოთამაშეები, რომელთაც მილიონებს უხდიან.
თბილისის "დინამოს" ამჟამინდელი მეტოქის, "აქტობეს" ბიუჯეტი 20 მილიონ დოლარამდეა.
გასაგებია, ახლა ყაზახები, ძირითადად, ჩამოყვანილ და ნატურალიზებულ მოთამაშეებს ეყრდნობიან, მაგრამ ამ ქვეყნის ფეხბურთში ისეთი ტენდენციები დაიწყო, რომ მომავალში ნახტომი იქნებ თავიანთი გაზრდილებითაც გააკეთონ. ამაზე შედეგებიც მეტყველებს და სხვა ფაქტებიც. ადრე ჩვენი ბავშვები ყაზახ თანატოლებს იოლად უგებდნენ. ბოლო წლებში თბილისში გამართულ ტურნირებზე აზიელები სისტემატურად გვსტუმრობენ და მათთან თამაში ლამის ყველას უჭირს.
მიზეზი ისაა, რომ ყაზახები მაღალი დონის სპეციალისტებს იწვევენ, ფუნდამენტს ყრიან და ბავშვებს ათასგვარ საერთაშორისო ტურნირში თამაშით გამოცდილების მიღების საშუალებას აძლევენ.
რაც მთავარია, 2012 წელს ყაზახეთის მთავრობამ, ფეხბურთის ფედერაციამ და კლუბებმა შეიმუშავეს ბავშვთა ფეხბურთის განვითარების სტრატეგიული პროგრამა, რომელიც 2022 წლამდეა გათვლილი. მისი საბოლოო ვარიანტი კი გერმანიის საფეხბურთო კავშირის მონაწილეობით დამუშავდა, რომლის მიზანია, 2022 წლისთვის ყაზახური კლუბები და ეროვნული ნაკრები მთლიანად საკუთარ აღზრდილებს დაეყრდნონ.
ახლა უმთავრესზე: საბავშვო ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაში აქცენტი საფეხბურთო ცენტრებზე გაკეთდა, რაც ევროპული მოდელია. რადგან ყველა კლუბს სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი სტრუქტურები აფინანსებს, ერთიანი ხაზის გატარება იოლად მოახერხეს.
ფედერაციამ და მთავრობამ საფეხბურთო სკოლების დაფინანსება კლუბებს დაავალეს, რაზეც თითოეული 90 მილიონ ყაზახურ ტენგეს, ანუ დაახლოებით 491 ათას დოლარს ხარჯავს. ამაში შედის ეკიპირება და ინვენტარი, მწვრთნელთა ხელფასები, ტურნირებში მონაწილეობისა და უცხოეთში გამგზავრების ხარჯები.
პროგრამა თავდაპირველად ექვს კლუბში (ყარაღანდის "შახტიორი", "აქტობე", პავლოდარის "ირტიში", "ასტანა", "თარაზი", ტალდიყურღანის "ჟეტისუ") ამოქმედდა. ეს მოთხოვნა 2013 წლიდან ყველა საფეხბურთო კლუბისთვის აუცილებელი გახდა და დღეისთვის სულ 13 საფეხბურთო ცენტრი არსებობს.
პროექტი ქვეყნის უმაღლესი ლიგის სხვა კლუბებმაც განახორციელეს - კუსტანაის "ტობოლმა", ჩიმკენტის "ორდაბასმა", "ატირაუმ", უსტ-კამენოგორსკის "ვოსტოკმა", ურალსკის "აკჟაიკმა", ყიზილორდის "ქაისარმა" და სემეის "სპარტაკმა".
პროგრამის ამოქმედების შედეგად, 10-დან 18 წლამდე დაახლოებით 4 000-მდე ბავშვი და მოზარდი უფასოდ ვარჯიშობს. რაც მთავარია, ბოლო წლებში ყაზახური ფეხბურთის გამოცოცხლებამ გამოიწვია ის, რომ ფეხბურთით დაინტერესებული ბავშვების რაოდენობა 40 პროცენტით გაიზარდა.
დღეისთვის, პროგრამამ ყაზახეთის თითქმის ყველა რეგიონი მოიცვა, 2015 წლამდე კიდევ სამი ცენტრის გახსნა იგეგმება - პეტროპავლოვსკში, კოკჩეტაუსა და აკტაუში, რომელთაც შემდგომში კიდევ სამი რეგიონი დაემატება.
აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ მწვრთნელები ადგილობრივები ყოფილიყვნენ, ბავშვები კი - შერჩევის გზით აყვანილნი. თავიდან სპეციალისტების აყვანა გაუჭირდათ, მაგრამ გავიდა 3 წელი და ხარისხით სულ უფრო და უფრო კმაყოფილები არიან. რაც მთავარია, მწვრთნელთა მუშაობას უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები მკაცრად აკონტროლებენ. ისინი სკოლებში ტექნიკურ დირექტორებად მუშაობენ და პარალელურად, ადგილობრივი მწვრთნელების სწავლაც ევალებათ.
აღსანიშნავია, რომ თბილისში ჩამოსულმა "აქტობემ" 16-წლამდელთა გუნდი ჩამოიყვანა, რომელმაც "საბურთალოსთან" საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და 1:2 წააგო, მაგრამ ეს ყაზახი მოზარდებისთვის კარგი პრაქტიკაც იყო და დამატებითი გამოცდილებაც. სამწუხაროდ, ქართული გუნდები მსგავს ფუფუნებას მოკლებულნი არიან და უცხოეთში თამაშის დროს ასაკობრივი გუნდი არ მიჰყავთ.
აქვე ვიტყვით, რომ 2008 წელს საფეხბურთო ცენტრების იდეა "თბილისის" ყოფილმა დირექტორმა და რუსთავის "მეტალურგში" ახლახან დანიშნულმა მმართველმა დირექტორმა ნიკო დოლიძემ წამოაყენა. ყველამ ტაში დაუკრა, მაგრამ რეალურად არავინ დახმარებია და მშვენიერი ჩანაფიქრი ვერ განახორციელა.
სხვათა შორის, 1-ელ აგვისტოს ფეხბურთის ფედერაცია მცხეთაში ახალი საფეხბურთო სკოლის მშენებლობას იწყებს, სადაც 4 სტანდარტული მოედანი იქნება, ხელოვნურიც და ბუნებრივსაფარიანიც, აკადემიას კი ფრანგი სპეციალისტი უხელმძღვანელებს. თუმცა სფფ-ში დეტალების დაკონკრეტებას ერიდებიან და ამის გასაჯაროებას 18 ივლისს დანიშნულ პრესკონფერენციაზე აპირებენ.
უდავოდ კარგი წამოწყებაა, თორემ ფასიანი სკოლებით ბავშვთა ფეხბურთი ტალანტებისგან დაიწრიტა. რაც შეიძლება მეტი უფასო აკადემია უნდა აშენდეს, ჩვენს ფეხბურთს მხოლოდ ეს თუ გადაარჩენს.
ახლა კი სწორედ გადარჩენაზეა ლაპარაკი - ხალხს ხომ უკვე ქართული ფეხბურთის ხსენებაც აღიზიანებს.http://sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/skhvadaskhva/67066-gamocdileba-rogor-avithareben-yazakhebi-fekhburths.html. და ჩვენთან როგორ ანვითარებენ ფეხბურთს?
|