მისტერ კელვინის გეგმები - რატომ შექმნა ნიგერიელმა საქართველოში კლუბი?
ქართული კლუბები ინვესტორთა ინტერესს არასოდეს იწვევდნენ. ბოლო წლებში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.
ამ კუთხით, მეორე ლიგის ცენტრალურ ზონაში მოასპარეზე "მარკ სტარსი" გამორჩეული კლუბია. მისი მეპატრონე აფრიკელი ბიზნესმენი კელვინ ოტუს ბლექია. რეგიონული თასის მფლობელი კლუბის სპორტული დირექტორი ირაკლი ხვედელიანი იმედოვნებს, რომ მალე "მარკ სტარსი" უფრო განვითარდება.
"ჩვენი პრეზიდენტი ყოფილი ფეხბურთელი, ნიგერიელი კელვინ ოტუს ბლექი გახლავთ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი საფეხბურთო კლუბია, რომელსაც უცხოელი პრეზიდენტი ჰყავს. ისევე, როგორც ყველა კლუბს, "მარკ სტარსსაც" ერთი მიზანი აქვს - საფეხბურთო რუკაზე საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს.
ჩვენი კლუბი ძირითად აქცენტს როგორც ქართველი, ასევე აფრიკელი ახალგაზრდების აღზრდა-განვითარებაზე აკეთებს.
გავიხსენოთ თუნდაც გასული, გუნდისთვის სადებიუტო სეზონი - უმცროსი თენგიზ სულაქველიძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა მეორე ლიგისა და "ბენდელას" თასების გათამაშებაში ღირსეულად იასპარეზა, მეორე ლიგის ვიცე-ჩემპიონი გახდა და პირველადგილოსან "ბორჯომს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა. დღეს იმ გუნდიდან ფეხბურთელების 80% რანგით მაღალ ლიგებში ასპარეზობს.
დიდი მადლობა უფროს და უმცროს სულაქველიძეებს. მათ გუნდის განვითარებისთვის დიდი შრომა გასწიეს. დიახ, გასულ წელს, სულაქველიძის აკადემიიდან "მარკ სტარსის" შემადგენლობაში არაერთი ფეხბურთელი თამაშობდა და აკადემიის მინდვრებზე ვარჯიშობდა. თუმცა "მარკ სტარსი" დაარსებიდან დღემდე დამოუკიდებელი სუბიექტია", - ამბობს ხვედელიანი.
ქართული ფეხბურთი ქართველებს აღარ აინტერესებთ და უცხოელთა ყურადღება რითი დავიმსახურეთ? "მარკ სტარსის" წარმომადგენელი ამაზეც გველაპარაკა:
"თავდაპირველად, ჩვენი კლუბის პრეზიდენტი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იყო ჩამოსული. ამ პერიოდში რამდენიმე ქართული კლუბის თამაში იხილა და საკუთარი გუნდის შექმნა გადაწყვიტა.
ის ნიგერიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია და ჩვენი ბავშვების ტექნიკამ და განსხვავებულმა სათამაშო სტილმა მოხიბლა.
შესაძლოა, დღეს ბევრს არარეალურად მოეჩვენოს, მაგრამ კელვინ ოტუს ბლექის აზრით, აფრიკელებისა და ქართველების ერთობლივ გუნდს პერსპექტივა აქვს, რადგან საქართველო ევროპასთან საურთიერთოდ უკეთესი ქვეყანაა".
Sportall.Ge
ხმები დადის, აფრიკელები ქართულ გუნდებს ტოტალიზატორების გამო ეტანებიანო:
"ვინც ასეთ ხმებს ავრცელებს, მას ან ფეხბურთი არ უყვარს, ან უბრალოდ, სპორტული პრინციპებისადმი რწმენა აქვს დაკარგული. თუ ვინმე საუბრობს მსგავს თემებზე, მაშინ მისი მხრიდან მეტი არგუმენტაციაა საჭირო.
"მარკ სტარსის" სახელს "უილიამ ჰილის" საბუკმეკერო კანტორაში დღის ცენტრალურ თამაშთა შორის თუ ამოვიკითხავთ, ძალიან გაგვიხარდება - თუმცა, ამ ეტაპზე, ჩვენ მეორე ლიგაში ვთამაშობთ".
ხვედელიანი კლუბის განვითარების პერსპექტივებზეც გველაპარაკა:
"კლუბის შექმნიდან ორი წლის თავზე ჩვენი პრეზიდენტი სერიოზულ პროექტს შეეჭიდა. მომდევნო კვირიდან "მარკ სტარსი" საკუთარ საფეხბურთო სკოლას დააფუძნებს, სადაც 5-დან 15 წლამდე ფეხბურთელებს მივიღებთ.
ჩვენი კლუბი მაქსიმალურად შეეცდება ადგილობრივი რესურსის გამოყენებას. მაგალითად, მიმდინარე სეზონში სამივე ოფიციალური მატჩი ლეგიონერების გარეშე ჩავატარეთ, ქულათა მაქსიმუმი დავაგროვეთ და ლიდერებში ვართ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები: ირაკლი ხვედელიანი კელვინ ოტუს ბლექი მარკ სტარსი
ქართული ფეხბურთი - სხვადასხვა
ავტორი : მერაბ მამულაშვილი
http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-f...oshi-klubi.html
მიმაგრებული სურათი