Westbrook
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 8659
წევრი No.: 133596
რეგისტრ.: 10-July 11
|
#42155467 · 6 Sep 2014, 18:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ახლახან თემურ ქეცბაია ფრანგულ "ბორდოში" ჩაშლილ ტრანსფერზე გველაპარაკა. ამან საინტერესო ამბების გახსენებისკენ გვიბიძგა.
ქართველ მოთამაშეებს არაერთხელ ჰქონდათ მნიშვნელოვანი მიწვევები, რომლებიც მიზეზთა გამო არ შედგა.
სრული სიის გამოქვეყნების პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ ბევრი საინტერესო ამბავი გავიხსენეთ...
გიორგი ქინქლაძე ლივერპული როცა "მანჩესტერ სიტი" ინგლისის პრემიერლიგას დაემშვიდობა, გიორგი ქინქლაძით ბევრი კლუბი დაინტერესდა, მათ შორის - "ლივერპულიც". მაგრამ "ქინქიმ" მანჩესტერულ კლუბს და ფანებს ვერ უღალატა, პრემიერშიფში დაეხმარა და ბევრიც დაკარგა.
----------------------------
აკაკი დევაძე უარი მადრიდის ატლეტიკოს პირველი თაობის საქართველოს ნაკრების მეკარე აკაკი დევაძე "როსტოვში" თამაშობდა, ებრაელმა მენეჯერმა, გრიგორი კრიცერმა მოსკოვის "დინამოსა" და მადრიდის "ატლეტიკოს" წინადადება რომ გაუმხილა.
"სინჯებზე უნდა ჩავსულიყავი ესპანეთში, სადაც კარში ამ ქვეყნის ნაკრების წევრობის კანდიდატი უნსუე მყარად იდგა. კონკურენციის არ შემშინებია, მაგრამ "როსტოვის" პირველი მეკარე ვიყავი, რუსეთში კარგი სახელი მქონდა, ფინანსურადაც არაფერი მიჭირდა და გასინჯვაზე წასვლა ვიუკადრისე.
არადა, წავსულიყავი, რას ვკარგავდი? უფრო მაღალ დონეზე და უფრო უკეთ თამაშიც შემეძლო და უკეთესი კარიერის აწყობაც", - იხსენებდა დევაძე.
--------------------
ნიკა ტოგონიძე იუვენტუსი, პერუჯა ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარის, ნიკა ტოგონიძის არშემდგარი ტრანსფერები ტრაგიკომედიური ფილმის სიუჟეტად გამოდგება. ბრაზილიურ "კორინთიანსთან" წინასწარ კონტრაქტზე ხელი მოაწერა. მაგრამ ბრაზილიაში ფინანსური კრიზისი დაიწყო, კლუბს საბანკო ანგარიში გაუყინეს და რამდენიმე თვე ტრანსფერს ვერ ახორციელებდა.
მერე "იუვენტუსის" მენეჯერმა შესთავაზა კონტრაქტის გაფორმება, ექვსი თვე არგენტინაში განათხოვრებით თამაში და სერია A-ს "ბრეშაში" გადაყვანა. მაგრამ ეს მენეჯერი ავარიაში მოხვდა და ტრანსფერი გამოირიცხა.
ტოგონიძემ იტალიაში მოხვედრის მორიგი იმედი "პერუჯას" პრეზიდენტისგან მიიღო, რის გამოც ფრანგული "ნანტის" წინადადება უარყო. მაგრამ მალე ეს პიროვნება "პერუჯას" დირექტორთა საბჭომ პრეზიდენტის პოსტიდან გაათავისუფლა.
ბოლოს კონტრაქტზე მოსკოვის "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელს, ვალენტინ ივანოვს შეუთანხმდა. მაგრამ საქართველოში დაბრუნებულმა შეიტყო, რომ ივანოვი მოხსნეს. საბოლოოდ, ტოგონიძე მხოლოდ უკრაინის უმაღლესი ლიგის კლუბ სიმფეროპოლის "ტავრიაში" ჩაირიცხა.
-------------------
ზურაბ ხიზანიშვილი არსენალი, რომა ზურაბ ხიზანიშვილი 18 წლის იყო და თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობდა, ეროვნულ ნაკრებში რომ მიიწვიეს. კარიერა ისე შთამბეჭდავად დაიწყო, მისით ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი დაინტერესდა.
"თუ ვინ ჩაერია, ამის გახსენება აღარ მინდა, მაგრამ "არსენალი" 18 წლის ბავშვში მილიონ დოლარს იხდიდა, ჩვენმა მხარემ კი 6,5 მილიონი მოითხოვა და ინგლისელები გაგიჟდნენ. ამხელა ფულს მაშინ ვარსკვლავებში არ იხდიდნენ. მერე ვენგერმა მე, როგორც ზურას მამას, მომწერა - დაინტერესებული აღარ ვართ, რადგან დიდი თანხა მოითხოვესო", - იხსენებდა ფეხბურთელის მამა, ვეტერანი დინამოელი ნოდარ ხიზანიშვილი.
შემდეგ ხიზანიშვილი გაცილებით მოკრძალებულ შოტლანდიურ "დანდიში" ისე ჩაირიცხა, "ლოკომოტივმა" თეთრიც ვერ მიიღო.
გრანდში წასვლის შანსი მერეც ჰქონდა: "ეს ისტორია არავისთვის მომიყოლია. 2003 წელს, სანამ "რეინჯერსში" გადავიდოდი, "რომამ" 5-წლიანი კონტრაქტი გამიფორმა. მაგრამ ორ კვირაში, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ არაევროკავშირელებზე ლიმიტი დააწესა და იმდენი ლეგიონერი ჰყავდათ, არ მსურდა, ჩემი თამაში საეჭვო გამხდარიყო, კონტრაქტი გავწყვიტეთ და "რეინჯერსში" წავედი".
--------------------------
მამუკა წერეთელი გლადბახი ცენტრალური მცველი მამუკა წერეთელი 21 წლის იყო, როცა ვლადიკავკაზის "ალანიიდან" ბუნდესლიგურმა მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" მიიწვია და წინასწარ ოთხწლიანი კონტრაქტიც გაუფორმა.
"კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, გერმანიიდან თბილისში ჩამოვედი. სადარბაზოში შევდიოდი, ნიღბიანებმა იარაღი რომ დამადეს და მანქანის გასაღები მომთხოვეს - სულ ახალი BMW-ს კუპე მყავდა, რომელიც მაშინ ძალიან პოპულარული იყო.
"ბორუსიამ" კონტრაქტი გამიწყვიტა და რეალურად, ჩემი კარიერაც მაშინ დასრულდა - ნატყვიარი ფეხი გასაქანს აღარ მაძლევდა", - გულნაკლული იხსენებს წერეთელი.
----------------------
ლევან კობიაშვილი ბაიერნი, ინტერი კარიერის დასრულების შემდეგ ლევან კობიაშვილმა ის მოლაპარაკებები გაიხსენა, რომელზეც ადრე ბევრი იწერებოდა, მაგრამ ცოტა რამ იყო ცნობილი.
"მიუნხენის "ბაიერნში" ორჯერ მიმიწვიეს. ული ჰიონესს მისივე სახლში შევხვდი. "ბაიერნის" მარცხენა მცველი ფრანგი ლიზარაზუ კარიერას ამთავრებდა და მის შემცვლელად შემიგულა. მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა, რადგან "ბაიერნის" დირექტორატის ერთ-ერთმა წევრმა თავი შეიკავა... თუ არ მეშლება, რუმენიგე იყო.
მეორედ, "შალკეში" ყოფნისას დამიკავშირდნენ. სახლში კონტრაქტი მედო, დეტალები შეთანხმებული გვქონდა. მაგრამ... ისევ "შალკეში" დავრჩი.
სხვათა შორის, შემოთავაზება მილანის "ინტერიდანაც" მქონდა და მასზეც უარი ვთქვი, რადგან გრანდში მოხვედრა ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა", - იხსენებს კობიაშვილი.
სხვათა შორის, 1997 წელს საფეხბურთო სამყარომ "ზესტაფონის" ამჟამინდელი პრეზიდენტი ილია კოკაია სწორედ კობიაშვილის საქმიდან გაიცნო. კოკაია მაშინ ფიფას აგენტი გახლდათ და 19 წლის ფეხბურთელის დორტმუნდის "ბორუსიაში" გადაყვანას ცდილობდა. 1995 და 1996 წლებში დორტმუნდელები გერმანიის ჩემპიონები გახდნენ, 1997 წელს კი ჩემპიონთა ლიგაში იმარჯვეს და საკონტინენტთაშორისო თასსაც დაეუფლნენ.
მაგრამ "დინამომ" კობიაშვილი იჯარით ჯერ ვლადიკავკაზის "ალანიაში" გაუშვა, შემდეგ - გაცილებით მოკრძალებულ "ფრაიბურგში" გაყიდა.
------------------------------
კახა გოგიჩაიშვილი საუთჰემპტონი უიღბლობის ტიპური მაგალითია თბილისის "დინამოს" ამჟამინდელი მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილი. პირველი სერიოზული წინადადება მან 1989 წელს, შოტლანდიური "ჰართსისგან" მიიღო. ბრიტანული ტურნეს დროს ამ გუნდთან თბილისის "დინამომ" ამხანაგური მატჩი ითამაშა და გოგიჩაიშვილისა და კახა კაჭარავას გოლებით 2:0 მოიგო. "ჰართსმა" ორივეს დატოვება მოისურვა.
"მაშინ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი იწყებოდა და არ გამიშვეს. მეორედ მოსკოვის "დინამოში" ვალერი გაზაევმა, ომარ თეთრაძესა და კახა ცხადაძესთან ერთად მიმიწვია. მაგრამ ორივე ლამის ერის მოღალატედ გამოაცხადეს და მეც თავი შევიკავე.
მერე "საუთჰემპტონში" გოჩა ჯამარაულთან ერთად გამსინჯეს და დატოვება სურდათ, თუმცა "დინამოსთან" თანხაზე ვერ მოილაპარაკეს", - ამბობს გოგიჩაიშვილი.
შედეგად, ჯამარაული თურქულ "ტრაბზონში" გადავიდა, გოგიჩაიშვილი - ისრაელში, აშქელონის "ჰაპოელში".
--------------------------
გოჩა ჯამარაული კიოლნი გოჩა ჯამარაულს სხვა შანსებიც ჰქონდა. მაგრამ დღემდე არ ამბობს, რა შეემთხვა. მერე დანიური ვარიანტი თავად ჩაშალა, ბოლოს კი არსენ ვენგერიც აკვირდებოდა. მაგრამ ეს ტრანსფერები არ გამოვიდა:
"ბუნდესლიგის "კიოლნთან" რაც მოხდა, ცალკე თემაა. მერე დანიური "ბრონდბიუ" მიწვევდა, რომელიც მაშინ ძლიერი კლუბი იყო. მაგრამ უკეთესის მოლოდინში, 21 წლის ბიჭმა უარი ვთქვი.
ახლა ვხვდები, წლები რა სწრაფად გადიოდა და ამდენ ლოდინს წასვლა სჯობდა, მაგრამ... მაშინ მეგონა, რომ ყველაფერი წინ იყო.
1996 წელს, ბათუმში, საქართველო-მოლდოვას შესარჩევ შეხვედრაზე, ჩემზე და გია ნემსაძეზე დასაკვირვებლად, "არსენალში" ახლადდანიშნული არსენ ვენგერი ჩამოვიდა. მაგრამ ეს ვარიანტიც გამოირიცხა და "ტრაბზონში" აღმოვჩნდი.
ვინ იცის, რომ წავსულიყავი, ჩემი ცხოვრება როგორ შეიცვლებოდა".
----------------------------
გიორგი ნემსაძე, დავით მუჯირი იუვენტუსი "დანდის" კაპიტან გიორგი ნემსაძეს გუნდის იტალიელი მწვრთნელი ივანო ბონეტი "იუვენტუსში" გადასვლაში ეხმარებოდა. ამავე პერიოდში მოლაპარაკება გლაზგოს "სელტიკთანაც" ჰქონდა, მაგრამ ნემსაძე მძიმედ დაშავდა და ყველაფერი ჩაიშალა.
ნემსაძისა და ტოგონიძის გარდა, "იუვენტუსში" ტრანსფერის შანსი დავით მუჯირსაც ჰქონდა. 1999 წელს იტალიელებმა თბილისის "დინამოს" მასზე ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნეს. "იუვენტუსი" 300 ათას დოლარს იხდიდა.
თბილისელებმა მუჯირის შემდგომი ტრანსფერიდან 25 პროცენტიც მოითხოვეს, რის გამოც იტალიელთა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ მოლაპარაკება შეწყვიტა და მუჯირი მოლდოვაში, კერძოდ, ტირასპოლის "შერიფში" აღმოჩნდა.
-------------------------------
ზაზა ჯანაშია ლაციო ზაზა ჯანაშია უარყოფს, თითქოს მოსკოვის "ლოკომოტივიდან" ევროპაში წასვლა არ სურდა.
"იური სიომინს ისე ვუყვარდი, მიწვევებს მიმალავდა. 1999 წელს ჩემით დაინტერესდნენ "შტუტგარტი" და "ინტერი", განსაკუთრებით მაინც "ლაციოს" მწვრთნელი სვენ-გორან ერიქსონი აქტიურობდა.
ეს გუნდი მაშინ თასების მფლობელთა თასისა და ევროპის სუპერთასის გამარჯვებული გახდა და ვარსკვლავებით იყო დაკომპლექტებული - ნესტა, სალასი, ვიერი, ბოკშიჩი, ალმეიდა, მანჩინი, ნედვედი, მიხაილოვიჩი, დე ლა პენია, კოუტუ, სტანკოვიჩი....
იტალიელები 4,5 თუ 5,5 მილიონ დოლარს იხდიდნენ. 1999 წლის ბოლოს კონტრაქტის ვადა ამომეწურა და "ლოკომოტივს" მის გახანგრძლივებაზე ისე დავთანხმდი, "ლაციოს" ინტერესზე არაფერი ვიცოდი. ეს მერე გუნდის უფროსმა მითხრა და რაღას ვიზამდი?" - იხსენებს ჯანაშია.
----------------------------
მიხეილ აშვეთია ბოავიშტა 18 წლის მიხეილ აშვეთია მენეჯერებმა ლამის მთელს ევროპაში ამოგზაურეს.
"მოსკოვის "სპარტაკში" 5 თვე ვვარჯიშობდი და ფულზე ვერ მოილაპარაკეს... იქიდან წავედი "ბრეშაში", მერე ბედი ვცადე ვარშავის "ლეგიაში", მოგზაურობა კი "ბოავიშტაში" დავასრულე, სადაც ამ დროს პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი ნუნუ გომეში თამაშობდა.
იქ მითხრეს, მოსკოვის "სპარტაკი" კონტრაქტს გიფორმებსო. "ბოავიშტას" პასუხს არც დაველოდე და რუსეთში გადავფრინდი. მაგრამ ფულზე კვლავ ვერ შეუთანხმდნენ", - ამბობს აშვეთია, რომელიც ამ ვოიაჟების შემდეგ კვლავ ქუთაისის "ტორპედოში" აღმოჩნდა.
-------------------------
თემურ ქეცბაია ბორდო თემურ ქეცბაია თბილისის "დინამოში" თამაშობდა, "ბორდოია" რომ შეარქვეს - 21 წლის თავდამსხმელს პოპულარული ფრანგული კლუბი "ბორდო" იწვევდა. მაგრამ "დინამომ" ფრანგებს დიდი თანხა მოსთხოვა და ეს მშვენიერი ჩანაფიქრი ჩაიშალა.
"არადა, მაშინ "ბორდოში" რომ მოვხვედრილიყავი, გაცილებით სხვა პერსპექტივა გადაიშლებოდა, ვიდრე - "ანორთოსისიდან". მე კი ჯერ კვიპროსში წავედი, მერე საბერძნეთში და ტოპლიგაში მხოლოდ 29 წლისა მოვხვდი", - გვითხრა ქეცბაიამ.
-------------------------
შოთა არველაძე ლევერკუზენი შოთა არველაძე "ტრაბზონის" ლიდერი იყო, "ლევერკუზენის" მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ დაუმმა რომ მიიწვია.
ის მანამდე თურქულ "ბეშიქთაშს" წვრთნიდა და ქართველს კარგად იცნობდა.
იმავე პერიოდში დაუმმა გუნდში ლუსიოს, ემერსონს, ზე რობერტოსა და მიხაელ ბალაკს მოუყარა თავი.
არველაძეს წასვლა ტყუპისცალ აჩიკოსთან ერთად სურდა, რის გამოც აღმავალ გზაზე დამდგარ ლევერკუზენელებს ვერ შეუთანხმდა და ამსტერდამის "აიაქსში" გადავიდა, რომელიც მაშინ დაღმასვლას განიცდიდა.
--------------------------
ლაშა ჯაკობია ნანტი ხანგრძლივი ჩავარდნის შემდეგ, ლაშა ჯაკობიას უკრაინაში "მეორე სუნთქვა" გაეხსნა და ხარკოვის "მეტალისტის"კაპიტნად აირჩიეს. 2007 წლის ბოლოს მას ძველი მენეჯერი როჯერ ანგოტე დაუკავშირდა და "ნანტში" გადასვლა შესთავაზა.
ეს ამბავიც კურიოზული ისტორიით დასრულდა - ხარკოველებმა ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვეს, მაგრამ საფრანგეთის ნაცვლად, უკრაინის პროვინციულ კლუბ პოლტავის "ვორსკლაში" მოხვდა.
ამ კლუბის მეპატრონემ, გაზის ოლიგარქმა ალექსანდრ ჟივაგომ არაბი შეიხების დარი პირობები შესთავაზა, რადგან ამას 7 წლის შვილი სთხოვდა - ჯაკობიამ მაცდურ პირობებზე უარი ვერ თქვა, მაგრამ საბოლოოდ, "ვორსკლა" ისე დატოვა, მისი ფორმა ერთხელაც არ მოურგია.
-----------------------------
კახა კაჭარავა აინტრახტი კახა კაჭარავას ერთ უიღბლობაზე კახა გოგიჩაიშვილის მონათხრობიდანაც შევიტყვეთ, მეორე კი თავად გაიხსენა. "ჰართსის" შემდეგ კიდევ ერთი წინადადება ჰქონდა:
"გერმანიის რეგიონული ლიგის "ტენის ბორუსიაში" თამაშისას, ჩემით ფრანკფურტის "აინტრახტი" დაინტერესდა, რომელიც იმ დროისთვის ერთ-ერთი უძლიერესი გერმანული კლუბი იყო. რეალური შანსი გამიჩნდა, მაგრამ "ტენის ბორუსიამ" დიდი თანხა მოითხოვა "აინტრახტისგან", რომელსაც ფინანსური პრობლემები შეექმნა და კონტრაქტი ჩაიშალა".
ეს ტრანსფერები რომ შემდგარიყო, თავად ფეხბურთელებიც მეტს მიაღწევდნენ და ნაკრებიც, რომელიც "ბაიერნის", "დორტმუნდის", "არსენალის", "იუვენტუსის", "ატლეტიკოს", "რომას", "ლივერპულის", "ლაციოს", "ლევერკუზენის", "ბორდოსა" და "აინტრახტის" მოთამაშეებით იქნებოდა დაკომპლექტებული.
მაგრამ წარსულს ვერ შეცვლი - ჩვენი მიზანი მხოლოდ ამ ამბების შეხსენება იყო, რომელთა ნაწილი იმაზეც მიუთითებს, რომ ბევრი ქართველი ამბიციას მოკლებული იყო და რაც მოხდა, გარკვეულწილად, ლოგიკურიცაა...
--------------------
OKC Thunder
|