მიზნისკენ დამაჯერებლად მივდივართ
ლევან ჯანეზაშვილი
სეზონი ახალი დაწყებული იყო, ?სამტრედიას? გამოცდილმა დამრიგებელმა ვალერიან ჩხარტიშვილმა თანამდებობა ავადმყოფობის გამო რომ დატოვა. კლუბის ხელმძღვანელობამ პოსტი მის ახალგაზრდა თანაშემწეებს, ლევან ანჯაფარიძესა და მამუკა მესიაჩენკოს მიანდო. ახალბედა მწვრთნელებს დებიუტი პირდაპირ თბილისის ?დინამოსთან? უპრინციპულეს დაპირისპირებაში ჰქონდათ და ის მატჩი ?სამტრედიამ? 3:1 მოიგო! იმერულმა კლუბმა ამის შემდეგაც ჩაატარა რამდენიმე შთამბეჭდავი შეხვედრა, რამაც ანჯაფარიძისა და მესიაჩენკოს დუეტის სამწვრთნელო რეპუტაცია კიდევ უფრო გაამყარა. უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ?სამტრედიას? მიზანი ამ სეზონში მხოლოდ უძლიერესთა შორის დარჩენაა, რასაც გუნდი, ჯერჯერობით, რიგიანად ასრულებს.
?ლელო? ?სამტრედიას? მთავარ მწვრთნელთაგან ერთ-ერთს, ლევან ანჯაფარიძეს გაესაუბრა.
- ?სამტრედიას? მთავარ მწვრთნელებად დანიშვნა, ალბათ, ორივესთვის მოულოდნელი იყო...
- რა თქმა უნდა. სეზონისთვის გუნდი ვალერიან ჩხარტიშვილმა მოამზადა, მისი ხელმძღვანელობით ?სამტრედია? საკმაოდ კარგ შედეგებს აჩვენებდა. მე და მამუკა დამწყები მწვრთნელები ვართ და ვაპირებდით, ბატონი ვალერიანისგან საჭირო ცოდნა მიგვეღო, რათა სამომავლოდ გამოგვეყენებინა. ასეთი გამოცდილი სპეციალისტისგან მართლაც ბევრის სწავლა შეიძლებოდა, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და მან მუშაობის გაგრძელება ვერ შეძლო. ?სამტრედიას? ხელმძღვანელობა ცაიტნოტში იყო დარჩენილი და გუნდის გაძღოლა მე და მამუკას დაგვავალა. ასე რომ, ამ დიდი პასუხისმგებლობის აღებამ იმაზე ბევრად ადრე მოგვიწია, ვიდრე ველოდით. ჩვენი ხელმძღვანელობით გუნდს ურიგოდ არ უთამაშია და შევეცდებით, მომავალშიც ასე გავაგრძელოთ.
- ახლა, როცა ჩხარტიშვილთან ერთად აღარ მუშაობთ, როგორ აპირებთ სამწვრთნელო ცოდნის გაღრმავებას?
- ჯერჯერობით, სანამ გუნდს დატვირთული გრაფიკი აქვს, ამისთვის ვერ მოვიცლით, უახლოეს პერიოდში კი სამწვრთნელო კურსებზე აუცილებლად ვივლით. კლუბის ხელმძღვანელობა ამ საქმეში ყველანაირ თანადგომას გვპირდება. ორივეს ძალიან გვსურს, ბევრი ვისწავლოთ და წარმატებული მწვრთნელები გავხდეთ. უმაღლესი ლიგის გუნდში მუშაობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და საამისოდ შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენაა აუცილებელი.
- როგორი სტილის ფეხბურთს ანიჭებთ უპირატესობას?
- მეც და მამუკასაც ერთნაირი საფეხბურთო გემოვნება გვაქვს და ამიტომაც ტაქტიკაზე იშვიათად ვკამათობთ. ორივეს შემტევი ფეხბურთი გვიყვარს და გუნდსაც ასეთი სტილით ვათამაშებთ. ბუნებრივია, ზოგჯერ დაცვაზეა საჭირო აქცენტის გაკეთება და ასეთ დროს შესაბამის გადაწყვეტილებებს ვიღებთ.
- ?სამტრედიას? ერთდროულად ორი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ეს გარკვეულ დისკომფორტს ხომ არ ქმნის ხოლმე?
- ასე რომ იყოს, გუნდს ერთი მთავარი მწვრთნელი ეყოლებოდა. რაკი მე და მამუკას გამოცდილება გვაკლია, გვირჩევნია, ორივემ თანაბრად გავინაწილოთ საქმეც და პასუხისმგებლობაც. ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს, ორივე სამტრედიელები ვართ და ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა არასდროს გვიჭირს. ყველა გადაწყვეტილებას დიდი აწონ-დაწონისა და განსჯის შემდეგ ვიღებთ.
- რომელი იყო მიმდინარე სეზონში ?სამტრედიას? მიერ ჩატარებული საუკეთესო და ყველაზე ცუდი მატჩები?
- საუკეთესო, რაღა თქმა უნდა, ?დინამოსთან? შეხვედრა იყო, სადაც ჩვენმა გუნდმა ფავორიტს ყველა კომპონენტში აჯობა. სხვა დასამახსოვრებელი თამაშებიც ჩავატარეთ, თუნდაც ?ვიტ ჯორჯიასთან?, სადაც მოქმედ ჩემპიონთან ფრეს მივაღწიეთ. ყველაზე ცუდად კი ბოლნისში ვითამაშეთ, სადაც 0:3 დავმარცხდით.
- გასულ ტურში ?ბაიასთან?, ფაქტობრივად, წაგებულ მატჩში შეძელით ქულის მოპოვება.
- ბოლომდე ვიბრძოლეთ, მეტოქეც მოდუნდა და მიზანს მივაღწიეთ. საგოლე მომენტები პირველ ტაიმშიც ვერ გამოვიყენეთ, შეხვეედრის დასკვნითი ნაწილი კი უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ და ხაჭიპერაძის დუბლით საწადელს მივაღწიეთ. ბუნებრივია, ეს ფრე მხოლოდ ხაჭიპერაძის დამსახურება არაა, შედეგს მთელი გუნდის მონდომებით მივაღწიეთ. ზუგდიდში თამაში ყოველთვის ძნელია და მოხარული ვარ, ჩვენს აქტივს მნიშვნელოვანი ქულა რომ შევმატეთ.
- მომდევნო ტურში ?ლოკომოტივს? მასპინძლობთ...
- ბოლო ტურებში ამ გუნდმა ყველას დიდი ბრძოლა გაუმართა. მართალია, ?ლოკომოტივს? ამ სეზონში ჯერ არ გაუმარჯვია, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ მასთან გაცილებით გაგვიჭირდება, ვიდრე ?ბაიასთან?.
- ?სამტრედიას? ორი მეკარე ჰყავს დაშავებული. უახლოეს დღეებში რომელიმე მათგანის დაბრუნება ხომ არ იგეგმება?
- საბედნიეროდ, ორივე მალე გამოჯანმრთელდება. 3-4 დღეში ვარჯიშს ხარძეიშვილი განაახლებს, მალე კი ჯინჭარაძეც დაგვიბრუნდება. თუმცა არც ამჟამინდელი მეკარის, შენგელიას მიმართ მაქვს რაიმე სასაყვედურო. ამ ახალგაზრდა ბიჭმა რთულ მისიას თავი კარგად გაართვა და თითქმის ყველა მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა.
- ზამთარში გუნდის შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება?
- ამ სეზონში ?სამტრედიას? მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა და ჯერჯერობით, ამ მიზნისკენ დამაჯერებლად მივდივართ. ასე რომ, დღევანდელი შემადგენლობის მიმართ უკმაყოფილების საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს. თუმცა კი ახალი სისხლი მაინც საჭიროა და რამდენიმე ძლიერ ფეხბურთელს აუცილებლად დავიმატებთ. საბედნიეროდ, ამის საშუალება გვაქვს. კლუბის ხელმძღვანელები, მწვრთნელები და ფეხბურთელები და ?სამტრედიას? ყველა თანამშრომელი საერთო წარმატებისთვის ძალებს არ ვზოგავთ.
http://www.opentext.org.ge/09/lelo/261/261-9.htm