შოტლანდიელები იმერეთიდან
მერაბ მამულაშვილი
ცხრაწლიანი შესვენების შემდეგ, უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა ?სამტრედიამ? თავიდან დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება დატოვა და საერთო აზრიც ჩამოყალიბდა - გუნდი უმაღლესიდან გავარდნის უმთავრეს კანდიდატად მონათლეს. მართლაც, ორიოდე გამოცდილი ფეხბურთელისა და თითქმის უცნობი ახალგაზრდების იმედად, გუნდს უმაღლეს ლიგაში არაფერი ესაქმებოდა.
თუმცა სამტრედია საფეხბურთო ქალაქია და კლუბმა პირველი ეტაპი მეექვსე ადგილზე დაასრულა. პრეზიდენტი ზაზა ადეიშვილი შედეგით მაინც გულდაწყვეტილი დარჩა - ?სამტრედია? სეზონის აღმოჩენა გახლდათ და გამოაჩინა, რომ სახელსა და გვარებს თავად ფეხბურთელები ქმნიან, ?სამტრედიის? მთავარ მწვრთნელ ვალერიან ჩხარტიშვილს კი სელექციის შესაშური უნარი აღმოაჩნდა. მან ბევრი ისეთი ფეხბურთელი მოძებნა, უმაღლესი ლიგის ბევრად მდიდარ კლუბებს რომ დაამშვენებდა...
ფინანსური სიმწირე და პრეზიდენტის ოჯახში გაკეთებული სადილი
?სამტრედია? უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი კლუბია. მისი ბიუჯეტი 500 ათას ლარამდეა, რასაც ზოგიერთი კლუბი ერთი წრეში ხარჯავს. თუმცა ხელმძღვანელობა თანხას ეფექტიანად განკარგავს - გუნდში ხელფას-პრემიების დაგვიანება უცხო მოვლენაა.
კლუბის პრეზიდენტი ზაზა ადეიშვილი მიხვდა, რომ ამ თანხებით მატჩისწინა შეკრებებზე ფეხბურთელთა კვება გაჭირდებოდა და საკუთარი ოჯახის დიასახლისები დაასაქმა. ეს ის დეტალია, რომელიც ამ პატარა, მებრძოლი კლუბის ნიუანსებში უკეთ გაგარკვევთ. პრეზიდენტი, რომელიც თავის დროზე სამტრედიაში ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი გახლდათ, ფეხბურთს უყურებს არა როგორც ფულის კეთების საშუალებას, არამედ, როგორც პატარა ქალაქის გამოცოცხლების შანსს.
კლუბში ყველა აღიარებს - რომ არა ადეიშვილი, ?სამტრედია? ასეთი შეკრული კლუბი არ იქნებოდა. კლუბებს პიროვნებები ქმნიან, პატარა კაცები კი ანგრევენ. სახელმწიფოსგან დაფინანსებულ ?სამტრედიაში? ?ვირთხებს? არაფერი ესაქმებათ და ამიტომაც კეთდება საქმე.
შოტლანდიელები იმერეთიდან
არახალია, საქართველოს ჩემპიონატს მაყურებელი რომ მოაკლდა. ეროვნულ პირველობას ორიოდე ქალაქში თუ სწყალობენ. სამტრედია საწარმოების სიმრავლით ძველებურად თავს ვეღარ იწონებს. რომ არა რკინიგზა, ქალაქი ბევრად გაჭირვებული იქნებოდა. ხალხისთვის ფეხბურთი გართობის ლამის ერთადერთი საშუალებაა.
თუმცა, ?ეროსი მანჯგალაძის? მუდამ გავსებულ ტრიბუნებს მხოლოდ ამას ვერ მივაწერთ. არც ერთ სხვა რაიონში ამდენი და ამ ტიპის მაყურებელი არ შეგხვდებათ. ?უზრდელები?, ?ყველას აგინებენ?, ?გუნდს რამე შარში გახვევენ? - მსგავსი შეფასებები სამტრედიელი გულშემატკივრებისგან ბევრჯერ გვსმენია.
?ვიტ ჯორჯიასთან? მატჩის დროს ერთ-ერთი ვაიგულშემატკივრის მიერ ნასროლმა სამხედრო ჩექმამ, რომელიც ლაინსმენს მოხვდა, კლუბის ისედაც მწირი ბიუჯეტი 1 500 ლარით აზარალა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამტრედიაში ყველა ჩექმას ისვრის. სტადიონზე ჰალსტუხით ლოჟაში მხოლოდ გამგებლები სხდებიან - სხვათა შორის, სამტრედიის გამგებელი მერაბ ესებუაც ფეხბურთის ფანია და მისი შვილი, გიორგი შესაძლოა უახლოეს პერიოდში დონეცკის ?შახტარში? ჩაირიცხოს.
?სამტრედია? ლამის ერთადერთი კლუბია, სადაც ფეხბურთელები ქომაგებისთვის თამაშობენ და მათ წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობენ. ეს კი ფეხბურთში მთავარი ფაქტორია, რაც საქართველოში დაავიწყდათ და ამიტომაც მოგვიმრავლდნენ გულგრილი მოთამაშეები.
დღეისთვის, ?სამტრედია? უმაღლეს ლიგაში ყველაზე ბრძოლისუნარიანი გუნდია, რომელიც დიდი ანგარიშით მარცხის დროსაც არ დრკება. ამიტომაც მონათლეს გულშემატკივრებმა საკუთარი გუნდი ?შოტლანდიელებად?.
დინამო დამარცხებულია... ჩხარტიშვილის გარეშე
26 სექტემბერს ?სამტრედიამ? ბოლნისში ?სიონთან? 0:3 წააგო. გუნდიდან მთავარი მწვრთნელი ვალერიან ჩხარტიშვილი წავიდა და სამტრედიაში, სადაც დიდ ფულს არავინ მისცემდა, მაღალი დონის რომელი სპეციალისტი წავიდოდა? ახალი მწვრთნელის დანიშვნამდე, გუნდი დროებით ჩხარტიშვილის ასისტენტებს, ლევან ანჯაფარიძესა და მამუკა მესიაჩენკოს ჩააბარეს, თანაც, რა დროს - შემდეგ ტურში ?სამტრედიას? თვით თბილისის ?დინამო? სტუმრობდა...
ალბათ, პირველი წრის უდიდესი სენსაცია სწორედ ამ მატჩის შედეგი იყო - ?სამტრედიამ? მრისხანე მეტოქე 3:1 დაამარცხა. თავდაპირველად, მასპინძლებს წარმატების არ სჯეროდათ, მაგრამ აგრესიული ფეხბურთით ?დინამოს? უკან დაახევინეს და ისტორიული გამარჯვებაც გამოჭედეს...
ამის შემდეგ ?სამტრედიამ? შინ უკვე ჩემპიონ ?ვიტ ჯორჯიასთან? ითამაშა ფრედ (2:2) და ფეხბურთელებმა საკუთარი ძალების ირწმუნეს - მიხვდნენ, რომ უმაღლესი ლიგის ნებისმიერ გუნდთან შეეძლოთ მოგება...
გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა ჩომახიძემ ?ლელოსთან? ინტერვიუში საინტერესო ფრაზა ბრძანა - ჩვენ არ გვყავს სხვებივით სახელიანი ფეხბურთელები, მაგრამ რეალურად, იმ სახელიანებზე უკეთესები არიანო. მართლაც, პირველმა ეტაპმა ?სამტრედიაში? ბევრი საინტერესო ფეხბურთელი გამოაჩინა.
...და მწვრთნელებიც - დროებით დანიშნულ ანჯაფარიძესა და მესიაჩენკოს სამწვრთნელო ნიჭი აღმოაჩნდათ.
სათამაშო სქემა
გუნდი სეზონის დაწყების შემდეგ მაჭარივით იყო - სექტემბრის დასაწყისში დუღდა და ოქტომბრის დასაწყისისთვის დაღვინება დაიწყო. შემადგენლობაშიც უამრავი ცვლილება მოხდა. თუმცა, სათამაშო სქემებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა - ჩხარტიშვილი უმთავრესად 4-4-2-ს იყენებდა, სადაც მეორე ფორვარდი ნახევარდაცვაშიც ხშირად იხევდა. თუმცა რამდენჯერმე ?სამტრედიამ? 4-5-1 სისტემაც გამოიყენა.
მეკარეები
?სამტრედიას? თავიდანვე სერიოზული პრობლემა შეექმნა. მთავარ მეკარე დავით ხარძეიშვილს ხელი დაუშავდა და პირველი ეტაპის ბოლომდე ვერ ითამაშა. არადა, საკმაოდ საიმედოდ იდგა. მისი შემცვლელი, კობა ჟორჟიკაშვილის დროინდელი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მეკარე პაატა ჯინჭარაძე თბილისის ?დინამოსთან? დაშავდა და კარი ირაკლი შენგელიას მიანდვეს. მას აშკარად ეტყობოდა ნერვიულობა და მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე საკმაოდ კარგი თამაში ჩაატარა, მთლიანობაში, ამ პოზიციაზე ?სამტრედიას? გაძლიერება სჭირდება - თუკი ხარძეიშვილი და ჯინჭარაძე დროულად არ მომჯობინდნენ.
მცველები
დაცვის ცენტრში შეუცვლელად თამაშობდნენ გიორგი კვესიეშვილი და კაპიტანი სპარტაკ გოგია, მარჯვენა ფლანგზე რევაზ ნინუა დამკვიდრდა, მარცხნივ კი ვაჟა ქორიძე - კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი. ფლანგებს ხშირად უცვლიდნენ კახა კირთაძეს, რომელსაც უფრო მარცხენა მცველად იყენებდნენ.
ცალკე უნდა აღვნიშნოთ გიორგი კვესიეშვილის ბრძოლისუნარიანობა - ამ ბიჭს მთელი პირველი წრის განმავლობაში მუხლი აწუხებდა, მაგრამ სამკურნალოდ წასვლას, გუნდის დაღალატებად მიიჩნევდა და ბოლომდე ვაჟკაცურად გაძლო.
ცალკე ტრავმებისა და ცალკე ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო, ბესიკ ხაჭიპერაძემ მხოლოდ 9 შეხვედრა ჩაატარა.
და გუნდის კაპიტანი გოგია - გამოცდილი, მაგრამ უმაღლეს ლიგაში ბევრისთვის უცნობი ფეხბურთელი, უდავოდ საიმედო მოთამაშე.
ნახევარმცველები
?სამტრედიას? ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნახევარდაცვა ჰყავს. გამოცდილ შოთა ჩომახიძეს ფეხბურთის ხალისი მშობლიურ ქალაქში დაუბრუნდა - სეზონის დასაწყიში ფორმიდან ამოვარდნილი ვეტერანი, ბოლო ტურებში ძალიან კარგად გამოიყურებოდა. თუმცა ის არა საყრდენის პოზიციაზე, არამედ, მარცხენა ფლანგზე ირჯებოდა.
გუნდის ძალას აქტიური ფლანგები განსაზღვრავდა. მარჯვნივ ფლანგზე 23 წლის ლაშა ვაშაკიძე გამოდიოდა, რომელიც, სხვათა შორის, თავდაპირველ ორ მატჩში ჩხარტიშვილმა შემადგენლობაში არ დააყენა და გუნდის დატოვებას აპირებდა. საბოლოოდ, აზრი შეიცვალა და ამით კლუბმაც მოიგო და თავად ფეხბურთელმაც - ვაშაკიძე ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მარჯვენაფლანგელია. თუმცა, ჩომახიძის არ იყოს, ისიც აქამდე საყრდენად თამაშობდა.
ვფიქრობ, უმაღლესი ლიგის ბევრი გუნდის ყურადღებას მიიქცევდა ბუნებრივად ათლეტური, ჯანიანი და ამავდროულად, ტექნიკური ცენტრი ვაკო ტყემალაძე. ამ ბიჭს კარგი გუნდი ბევრად უკეთ გამოაჩენდა.
ხუთწლიანი უთამაშებლობის შემდეგ ?სამტრედიაში? სცადა ბედი შალვა ფირცხალავამ და ვფიქრობთ, ეპიზოდურად ამჟღავნებდა, რომ სკოლის დასრულებისას მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. კარგად მომზადების შემთხვევაში, ფირცხალავას გუნდის გაძლიერება შეუძლია.
ტრავმის გამო, საყრდენი ნახევარმცველი ლაშა ჯანგიძე მეორე წრიდან კლუბს ვეღარ ეხმარებოდა, არადა, მანამდე ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.
საინტერესო ცენტრალური ნახევარმცველია სწრაფი, ტექნიკური და მშვენიერი დრიბლინგის მქონე ლევან ბაკურაძე. თუკი დამაგვირგვინებელ ფაზას დახვეწს, ბევრად უკეთ გამოჩნდება. სამტრედიელები ზურაბ ეცადეიშვილისგანაც მეტს ელიან.
თავდამსხმელები
ვალერიან ჩხარტიშვილი, უმთავრესად, ორი თავდამსხმელით თამაშობდა. ერთი მათგანი აუცილებლად მიხეილ კაკალაძე გახლდათ. მან საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშა და გუნდს მნიშვნელოვანი შეხვედრები მოაგებინა. თუმცა ზუგდიდში, ?ბაიასთან? ფრედ (2:2) დასრულებული შეხვედრის შემდეგ, მას და ჯანგიძეს კლუბის დატოვება მოუხდათ.
მერე ფორვარდად, უფრო ხშირად, გამოცდილი პაატა ბაკარანძე გვევლინებოდა - საკმაოდ მწვავე და აქტიური ?მეორე? თავდამსხმელი.
თუმცა საუკეთესო ბომბარდირი 23 წლის ზაურ ხაჭიპერაძე გახდა - 6 გოლი. ზაური საქართველოში ის იშვიათი გამონაკლისია, რომლის სანახავადაც მაყურებელი სტადიონზე დადის. ეს ?დარდიმანდი?, მაგრამ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი, მოედანზე ძირითადად მეორე ტაიმში ჩნდებოდა და მეტოქის საჯარიმოში ცეცხლს ანთებდა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ?ზესტაფონთან? მეორე ტურის მატჩის ეპიზოდი, როცა ხაჭიპერაძემ ხუთი მოწინააღმდეგე და მეკარე მოატყუა, და მართალია, ვერ გაიტანა, მაგრამ ტრიბუნებს ლამის ხუთწუთიანი ოვაცია მოსწყვიტა.
http://www.opentext.org.ge/09/lelo/304/304-9.htm