ათისთვის გაირკვევა
უკვე გაცნობეთ, რომ "სამტრედიას" მთავარ მწვრთნელად გელა სანაია დაინიშნა. ახალგაზრდა სპეციალისტს, რომელიც წინა სეზონში თბილისის "ლოკომოტივს" წვრთნიდა, იმერულ გუნდში ლევან ანჯაფარიძე, მამუკა მესიაჩენკო და ზაზა ტონია დაეხმარებიან. შეგახსენებთ, ანჯაფარიძე-მესიაჩენკოს დუეტი "სამტრედიას" გასულ სეზონში ედგა სათავეში.
პროფლიცენზიის მქონე სანაია "სამტრედიას" მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად, 25 მაისიდანაა. იგი უკვე იმყოფებოდა სამტრედიაში, სადაც გარდა იმისა, რომ კონტრაქტი გააფორმა, გაეცნო კლუბის წევრებს და მათთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
თუმცა "სამტრედიას" ამოცანების შესახებ უფრო კონკრეტულად 10 ივნისისთვის იქნება ცნობილი. სწორედ ამ დღისთვისაა დანიშნული კლუბის კრება, რომელსაც ხელმძღვანელობისა და მწვრთნელების გარდა, ის ფეხბურთელებიც დაესწრებიან, რომლებიც გუნდის ღირსებას გასულ სეზონში იცავდნენ. ამჟამად კი "სამტრედიას" მწვრთნელებიცა და მოთამაშეებიც შვებულებაში იმყოფებიან.
ჯერჯერობით, "სამტრედიას" საკადრო სიახლეები მხოლოდ სანაიას დანიშვნით შემოიფარგლება. გუნდი ჯერ არც ერთ ფეხბურთელს დაუტოვებია და არც ახალი ტრანსფერები განხორციელებულა. 10 ივნისს კი ბევრი რამ გაცხადდება " რომელი ფეხბურთელები დარჩებიან "სამტრედიაში", ვის მოუწევს გუნდის დატოვება, ვინ იქნებიან ახალწვეულები, როდის დაიწყებს მომავალი სეზონისთვის მზადებას, სად გაივლის შეკრებას და ასე შემდეგ.
მოკლედ, უმაღლესი ლიგის სხვა ბინადართა მსგავსად, ცვლილებებს "სამტრედიაშიც" უნდა ველოდოთ, მაგრამ წესით, ამ ცვლილებებმა გუნდის პროგრესს უნდა შეუწყოს ხელი. უკვე ცნობილია, რომ "სამტრედიას" ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია და მომავალ ჩემპიონატში გუნდის მიზანი მაღალი საფეხურებისთვის ბრძოლა იქნება.
http://www.opentext.org.ge/index.php?m=18&art=13595