სამტრედიამ", რომელიც ახალი სეზონისთვის ქობულეთში ემზადება, მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა აზერბაიჯანულ "ყარადაგთან" და 4:2 დაამარცხა. სამტრედიელთაგან გოლები აკაკი ჯანელიძემ, მიხეილ მუჯრიშვილმა, ზვიად ქანთარიამ და ბიჭიკო გედენიძემ გაიტანეს. საინტერესოა, რომ მუჯრიშვილი მეკარეა - აზერბაიჯანელებს მან გოლი პენალტით გაუტანა.
"ყარადაგის" შემდეგ სამტრედიელები ქედის "ბეთლემსაც" შეხვდნენ და 1:1 ითამაშეს. სანაიას გუნდიდან თავი თამაზ კიკაბიძემ გამოიჩინა.
23 ივლისს "სამტრედია" მარტვილის "მერანს" გაეჯიბრება, 25 ივლისს კი - ქუთაისის "ტორპედოს".
აღსანიშნავია, რომ კლუბში ხელმძღვანელობა შეიცვალა - "სამტრედიას" ახლა კარლო კალაძე უთავკაცებს, რომელიც საბჭოთა პერიოდში ამ გუნდის ფეხბურთელი და მერე მისი უფროსიც გახლდათ.
* * *
მთავარი მწვრთნელის, გელა სანაიას თქმით, "სამტრედია" შვიდმა ფეხბურთელმა (გოგიაშვილი, ალავიძე, გოგია, ბაგაშვილი, მოსიაშვილი, ხაჭიპერაძე, ლობჟანიძე) დატოვა, მათ ნაცვლად კი, ჯერჯერობით, მხოლოდ გამოცდილი ნახევარმცველი ლაშა ქებაძე დაიმატეს. ის "სამტრედიაში" 2010/11 წლების სეზონშიც თამაშობდა და 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ქებაძეს თბილისის "ლოკომოტივში", ქუთაისის "ტორპედოში", ფოთის "კოლხეთსა" და "ზუგდიდშიც" უთამაშია.
გასული სეზონის დასრულების შემდეგ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა დემურ სამსეიშვილი, მაგრამ კლუბს პირობებზე ვერ შეუთანხმდა და წავიდა. როცა ბრაზილიელი ვიტო კარვალიო გაუშვეს, იმერული კლუბის გულშემატკივრები ხუმრობდნენ - ბრაზილიელი სამტრედიაშიც დაიწუნესო. ახლა სინჯებზეა კიდევ ერთი ლეგიონერი - მარტინ ნვანკო.
სანაიას თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ფეხბურთელებთანაც და ყველაფერი მალე გადაწყდება. ქობულეთური შეკრება 25 ივლისს მთავრდება, 2 აგვისტოდან კი "სამტრედია" მშობლიურ ქალაქში ივარჯიშებს.
სანაიას თქმით, მომავალ სეზონში გუნდის პროგრამა-მინიმუმი, შემადგენლობიდან გამომდინარე, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება, ხოლო მაქსიმუმი - ათეულში მოხვედრა.
http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-f...ghvanelebs.html