ლევან ყიფიანი: ამ სიბინძურეში გინდათ სახელმწიფო ფულის ჩადება?!
ლევან ყიფიანი კონტრშეტევაზე გადავიდა, რაც კლუბების მხრიდან დაფინანსების მოთხოვნას მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კლუბის ხელმძღვანელმა, მიმდინარე ჩემპიონატის ნორმალურად დასრულებისთვის, სახელმწიფოსგან დაპირებული თანხა მოითხოვა (ამაზე "ლელო" წერდა).
მათ იმედი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას მიერ გადაცემა "საფეხბურთო მიმოხილვაში" გაკეთებულმა განცხადებამ მისცა - მიმდინარე სეზონში სამინისტრო ფედერაციას კლუბებისთვის 6 მილიონ ლარს დაურიცხავს, საიდანაც დეკემბრამდე უმაღლესლიგელები 250 ათასს მიიღებენ, ხოლო პირველლიგელები - 200 ათასსო...
კომენტარისთვის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს დავუკავშირდით, თუმცა რა კომენტარი, იმდენ აქტუალურ თემას შევეხეთ, მოზრდილი ინტერვიუ გამოგვივიდა...
ფული მხოლოდ განვითარებისთვის, და არა ხელფასებისთვის
- ბატონო ლევან, კლუბები სახელმწიფოსგან დაფინანსებას ელიან. რამდენად რეალურია მათი იმედი?
- ეს ფედერაციას ჰკითხეთ. მე კლუბების განვითარების მომხრე ვარ, მაგრამ მათ მხოლოდ ხელფასების დარიგება სურთ.
- ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბები დააიმედა, რომ თანხას მიიღებენ...
- სამინისტროს აქვს პროგრამა, რომლის მიზანიც ფეხბურთის განვითარება და აღორძინებაა. მაგრამ რას, როდის და რა პირობებით აფინანსებს სახელმწიფო, ეს არავის აინტერესებს? ფეხბურთის განვითარება სულაც არ ნიშნავს, რომ ფულს ხელფასებში დავარიგებთ.
სამინისტრო დააფინანსებს არა კლუბებს, არამედ პროგრამებს, რომლითაც კონკრეტული ფედერაცია იხელმძღვანელებს. კლუბებმა ეს უნდა გააცნობიერონ. მოთხოვნა - "ფული მომეცი" - ფეხბურთის მომავალზე ზრუნვა არ არის. მათ რომ დავუჯეროთ, სახელმწიფო სახსრები, განვითარების ნაცვლად, ხელფასების დარიგებას მოხმარდება და რა იქნება ამის შედეგი? არაფერი!
ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ ფული მხოლოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული პროგრამის საფუძველზე უნდა გაიცეს. ფული ხეს არ ასხია, ის ბიუჯეტში ქვეყნის მოსახლეობის გადასახადებით შედის. ქვეყანაში ათასი პრობლემაა და არანაკლებ მწვავეც, რომელთა დაფინანსების აუცილებლობაც დასაბუთებულია.
- კლუბები ამბობენ, რომ სახელმწიფოსგან თანხის დაპირება იყო...
- დაპირება იყო, რომ პროგრამას დავაფინანსებდით. სახელმწიფოს აქვს ფეხბურთის განვითარების სურვილი, მათ კი სახელმწიფო სახსრების არა პროგრამებში, არამედ ხელფასებში დახარჯვა სურთ.
გუნდების რაოდენობის გაზრდაზე გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა მიიღო, ჩემპიონატის ჩატარებაზე პასუხისმგებლობა აიღო და არც მოისმინა, რას სთავაზობდა სახელმწიფო. გუნდების გაზრდით, ხარჯები რადიკალურად გაიზარდა.
ჩვენი პროექტის საფუძვლიანი შეცვლა მოისურვეს და ის პრინციპი უარყვეს, რაც ფეხბურთის განვითარებას გულისხმობდა. ჩვენ კლუბების ამ სახით დაფინანსების დაპირება არც მიგვიცია.
ახლახანს, კიდევ უფრო საყურადღებო ფაქტი მოხდა. მეორე ლიგაში მოასპარეზე სოხუმის "დინამოს" ფინანსური პრობლემები შეექმნა. გუნდის წევრები ფედერაციაში მივიდნენ და ჩვენთან გამოუშვეს, ფული სამინისტროს მოთხოვეთო.
რა ჰქვია ამ საქციელს? ეს წაქეზება არ არის? მაინტერესებს, რატომ ცდილობს ფეხბურთის ფედერაცია გუნდების პროვოცირებას, სპორტის სამინისტროსთან მათ დაპირისპირებას და დესტაბილიზაციის შექმნას? ეს ტიპური პროვოკაცია იყო და ამაზე პასუხი ყველას გაეცემა. ვნახეთ, რაც მოხდა მსაჯებთან დაკავშირებით. მაინტერესებს, იმ ფეხბურთში სურთ სახელმწიფოს ფულის ჩადება, სადაც არც ნორმალური მენეჯმენტია, არც პროგრამა და სიბინძურესაც ვერაფერს უხერხებენ?
თევზი თავიდან ყარს...
- მსაჯების დაკავებაზე რას იტყვით?
- წარმოუდგენელია, გარიგებებში 8 მსაჯი მონაწილეობდეს და დანაშაულებრივი სისტემა არ იკვეთებოდეს. შესაძლოა, ვცდები, მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.
ნებისმიერ შემთხვევაში, აშკარაა, რომ ბოლო წლებში ხალხს აღარ უყვარს ჩვენი ფეხბურთი, ინტერესი და დონე კატასტროფულად დაეცა, მშობლებს ბავშვების ფეხბურთზე შეყვანა აღარ სურთ... ვიცით, რა დღეში არიან ნაკრებები და კლუბები...
ბოლო წლებში მერამდენე სკანდალი აგორდა? ეს ჩვენი ფეხბურთის სახელს არცხვენს! ამ ყველაფრიდანაც ჩანს, რომ "თევზი თავიდან ყარს".
- თუმცა ისიცაა, რომ სიჭინავა გამოძიებასთან თანამშრომლობდა და უეფას მიერ მოწოდებულ რაპორტებს აწვდიდა...
- მე ვერ გავიგე, რას გულისხმობდა სიჭინავა, როცა თქვა - მნიშვნელოვანია მეორე მხარის დადგენა, ვინც მსაჯებთან ერთად თამაშების გაყიდვაში მონაწილეობდაო. ვინ იგულისხმა მეორე მხარეში? ამ ყველაფერში საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ ამჩნევენ?
უეფამ გამოგზავნა რაპორტი, სადაც გარიგებაში მონაწილე გუნდები დასახელდა. მაგრამ მათ მხოლოდ ფულადი სასჯელები შეუფარდეს და თან, მერე შეუმცირეს კიდეც. სხვათა შორის, გარიგებისთვის მხოლოდ ნაწილი დასაჯეს.
- ეს როგორ?!
- როცა მე ამ საქმეების გამოძიებას ვითხოვ, ფედერაცია უეფა-ში ჩივის, ჩვენს საქმეეებში ერევაო. მაგრამ უეფა სახელმწიფოსგან სწორედ ამ საქმეების გამოძიებაში თანამშრომლობას ითხოვს. უეფა-დან რამდენი რაპორტი გამოგზავნეს და რამდენი გუნდი დაუკონკრეტეს, მაგრამ ერთი მაინც მოკვეთეს?! ეს ყველაფერი დანაშაულის წაქეზება არ იყო?
საფეხბურთო მეურნეობა მოშლილია, სისტემა დანგრეულია, ყველაფერი საკუთარ თავზე მოირგეს, არაფრის შეცვლა არ სურთ და კლუბებს კი სამინისტროს წინააღმდეგ აქეზებენ. უნდა გააცნობიერონ - ფეხბურთს ახლა თუ არ ვუშველეთ, ხვალ მისკენ აღარავინ გაიხედავს და მოკვდება. ეს მხოლოდ ყიფიანსა და ფედერაციის ხელმძღვანელებს არ ეხებათ, საუბარია ხალხისთვის ოდესღაც საყვარელ სახეობაზე. ასეთ ბინძურ ფეხბურთში ბიზნესი ფულს როგორ დააბანდებს?
თუ სახელმწიფო კლუბებს ფულს დაურიგებს, მაშინ მენეჯმენტსაც ჩვენ დავუნიშნავთ. მაგრამ წინა ხელისუფლების მეთოდებზე შეგნებულად ვთქვით უარი. მათსავით, ფედერაციის პრეზიდენტს არ ვხსნით და არ ვნიშნავთ, მის საქმიანობაშიც არ ვერევით. მაგრამ ფედერაციაში ფეხბურთის განადგურებაზე მორალურ პასუხისმგებლობას გრძობენ?
- რომ არ გრძნობდნენ, მსაჯების საქმიანობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმციას ხომ არ მიაწვდიდნენ?
- ამის თაობაზე ირაკლი ღარიბაშვილს ორი წლის წინათ ველაპარაკე - ჯერ კიდევ მაშინ, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ბოლოს ალექსანდრე ჭიკაიძესაც ვესაუბრე.
ამ ჭაობში ყოფნის სურვილი არ მაქვს
- რაზე ისაუბრეთ?
- საფეხბურთო კრიმინალის გამოძიება გრძელი და რთული პროცესია, ამას დიდი დრო სჭირდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ამუშავებდა და გამოძიებას აწარმოებდა. მაგრამ უეფა-მ რაპორტები გამოგზავნა და ფედერაციამ დამნაშავე გუნდებს სასჯელი გაუნახევრა. ისე გამოდის, რომ ვითარების შეცვლის ინტერესი არ აქვთ.
"ლელოში" გეწერათ - უმაღლესი ლიგის მწვრთნელების 99% ამბობდა, ჩაწყობილი თამაშები არისო და ამას ფედერაციიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
იტალიაში არანაკლები ამბები ხდება, მაგრამ იქ აწყობილი სისტემა მუშაობს, გარიგებაში შემჩნეულ კლუბებს სჯიან, "იუვენტუსი" სერია B-ში გააგდეს და ამიტომ არიან მაღალ დონეზე. ჩვენ კი არც სისტემა არ გვაქვს და არც - მისი შექმნის სურვილი. ამასობაში, ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელების მთელი თაობები იკარგება.
საფეხბურთო სამყარო - კლუბები, თავად ფედერაციაც სავსეა წესიერი ადამიანებით, რომლებიც ამ ჩაკეტილ სივრცეში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ვერ ახდენენ. მიზანი სწორედ ასეთი ადამიანების ხელშეწყობაა და ჩვენ მიერ წარდგენილი ფეხბურთის განვითარების გრძელვადიანი პროექტიც სწორედ ამას ითვალისწინებს.
ამიტომ ვაცხადებ, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფული გრძელვადიან განვითარებას, ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობას, ინფრასტრუქტურის შექმნას, სწორ მენეჯმენტს, მწვრთნელებისა და მსაჯების გადამზადებას, სანაკრებო, საშეჯიბრო სისტემის სრულყოფას და უმთავრეს იდეას - ნიჭიერი ფეხბურთელების აღზრდა-განვითარებას მოხმარდება.
ჩვენ ამ უვარგისი სისტემის დანგრევა 90-იან წლებში უნდა დაგვეწყო და დღეს ხორვატებზე, ჩეხებზე და ბევრ სხვაზე ნაკლები ფეხბურთი არ გვექნებოდა. ფეხბურთელებს აღვზრდიდით და ეს იქნებოდა ჩვენი სტატუსი...
მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. პირადად მე, ამ ჭაობში ყოფნის სურვილი არ მაქვს და მის დაშრობას სიამოვნებით დავიწყებ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-f...is-chadeba.html