თბილისის მერია ზვიად სიჭინავას უსაფუძვლო ბრალდებებში ადანაშაულებს
12:28 30-09-2014
თბილისის მერია ზვიად სიჭინავას უსაფუძვლო ბრალდებებში ადანაშაულებს თბილისის მერია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს უსაფუძვლო განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს.
როგორც თბილისის მერის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ზვიად სიჭინავამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს 2015 წლის 11 აგვისტოს თბილისში უეფას სუპერ თასის ფინალური მატჩის ჩატარება, თბილისის მერიის დაუდევრობის გამო, შესაძლოა, ჩავარდეს. გოგლიჩიძის განცხადებით, თბილისის მერია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად ჩაერთი სუპერ თასის ფინალური მატჩის საორგანიზაციო საკითხებში, თუმცა, ხელშეკრულება, რომელზეც, მერიას უნდა მოეწერა ხელი, ფეხბურთის ფედერაციას ამ დრომდე არ მოუმზადებია.
"კარგი იქნებოდა, თუკი ფეხბურთის ფედერაციას გაცილებით საქმიანი მიდგომა ექნებოდა აღნიშნული ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით. დღემდე არც ერთ ფორმალურ დოკუმენტში, რომელიც უეფას სუპერ თასის ფინალური მატჩის საორგანიზაციო საკითხებს განსაზღვრავს, თბილისის მერია არ ფიგურირებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უეფა-სთან ხელშეკრულებას ხელს აწერს არა თბილისის მერია, არამედ ფეხბურთის ფედერაცია, რომელსაც, თავის მხრივ, ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა თბილისის მერიასთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან და სტადიონთან. თუმცა, სფფ–ს თბილისის მერიისთვის აღნიშნული დოკუმენტი ამ დრომდე არ შემოუთავაზებია", - განაცხადა გოგლიჩიძემ.
მისივე თქმით, ფაქტია ისიც, რომ თბილისის მერიის 2014 წლის ბიუჯეტში აღნიშნული ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებზე თანხა გათვალისწინებული არ იყო და მხოლოდ აგვისტოს ბოლოს, ბიუჯეტის კორექტირების შემდეგ გახდა შესაძლებელი სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო თანხის გამოყოფა.
"2014 წლის 26 აგვისტოს თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან შემოვიდა წერილი, რომლითაც ის ითხოვდა 2015 წლის 11 აგვისტოს თბილისში უეფას სუპერ თასის მასპინძლობასთან დაკავშირებით, მატჩის მასპინძელ - ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ჩასატარებელი სამუშაოების ფარგლებში, ბილეთების ელექტრონული სისტემისა და მასთან პირდაპირ და პერიფერიულად დაკავშირებული ტექნიკის მონტაჟისთვის 2014 წლის ბიუჯეტში თანხების გამოყოფის თაობაზე. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, მერიის საფინანსო სამსახურმა მოამზადა თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი, რომელიც თბილისის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის N8-14 დადგენილების საფუძველზე დამტკიცდა და ბიუჯეტში დაემატა "ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის განვითრების" ქვეპროგრამა საერთო თანხით - 4,2 მილიონი ლარი. ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებისთვის საჭირო თანხები თბილისის 2015 წლის ბიუჯეტშიც არის დაგეგმილი და ჯამში, აღნიშნულ ღონისძიებაში ქ. თბილისის მერიის ფინანსური მონაწილეობა 13,2 მილიონი ლარით განისაზღვრება", - აღნიშნა გოგლიჩიძემ.
მისივე თქმით, ის დოკუმენტები, რომელიც ფორმალურად განსაზღვრავს თბილისის მერიის მონაწილეობის საკითხებს 2015 წლის 11 აგვისტოს უეფას სუპერ თასის ფინალური მატჩის მასპინძლობასთან დაკავშირებულ პროექტში, არ არსებობს.
"მიმდინარე წლის 15 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოგვაწოდა უეფასთან დასადები ხელშეკრულების პროექტი, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს უეფამ და ფეხბურთის ფედერაციამ. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ფედერაციამ უნდა უზრუნველყოს მერიასთან ხელშეკრულების დადება, რომლის პროექტიც ფედერაციას ჯერჯერობით არ მოუწოდებია. ამავე წერილით ფედერაცია მერიისაგან ითხოვს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მოცემული ინფორმაციის შევსებას, რაც ბუნდოვანია მოწოდებული ხელშეკრულების შენაარსის გათვალისწინებით. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობისას მოვიძიეთ ის დოკუმენტები, რომელიც ფორმალურად განსაზღვრავს თბილისის მერიის მონაწილეობის საკითხებს 2015 წლის 11 აგვისტოს უეფას სუპერ თასის ფინალური მატჩის მასპინძლობასთან დაკავშირებულ პროექტში. აღმოჩნდა, რომ სოციალური უზრუნველყოფისა და კულტურის საქალაქო სამსახურის შესაბამის სპორტის განყოფილებაში ამ კუთხით არავითარი დოკუმენტი არ მოიძებნა", - განაცხადა გოგლიჩიძემ.
მისივე თქმით, 25 სექტემბერს, ფედერაციასა და მერიას შორის სამუშაო შეხვედრისას გაირკვა, რომ არ არსებობს პროექტი, სადაც გაწერილია ღონისძიებისთვის მოსამზადებელი კონკრეტული ქმედებები, პასუხისმგებელი პირების, შესრულების დროისა და საჭირო თანხების მითითებით.
"გაურკვეველია, არსებობს თუ არა აუდიტის დასკვნა სტადიონზე გასაწევი სამუშაოების აუცილებლობის შესახებ. არ არის ინფორმაცია ღონისძიებისთვის შესასყიდი ტექნიკის გარანტიისა და დაზღვევის ხარჯების შესახებ, შესაბამისად, გაურკვეველია, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა სატესტო თამაშის დროს ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში", - აღნიშნა გოგლიჩიძემ.
მერის მოადგილის განცხადებით, ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ საკითხი დაჩქარებული წესით გავიდეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე და საქართველოს მთავრობის დადგენილებით მოხდეს თბილისის მერიის აღნიშნულ ღონისძიებაში ფინანსური მონაწილეობის ფორმალიზება.
"საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წარუდგენს მის ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტს საკითხით დაინტერესებულ ყველა მხარეს. გაფორმდება ხელშეკრულება საკითხით დაინტერესებულ მხარეებსა და ქ. თბილისის მერიას შორის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოამზადებს პროექტს ღონისძიებისთვის გასაწევი სამუშაოების შესახებ, დროში გაწერილი, თანხებისა და პასუხისმგებელი პირების მითითებით. სს "ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი" მოამზადებს განვითარების სტრატეგიულ გეგმას და გრძელვადიან პროგრამას, რის საფუძველზეც ბიუჯეტის ქვეპუნქტი - "ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის განვითრების" ქვეპროგრამა გაიწერება სრულფასოვნად. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წარმოადგენს უეფას მიერ გამოგზავნილ სამოქმედო გეგმას, ახსნა-განმარტებით, თუ რა სამუშაოები შესრულდა, რა თანხები დაიხარჯა, ვინ იყო პასუხისმგებელი, ვინ გაწია ხარჯები და რა სამუშაოებია შესასრულებელი - დროის, პასუხისმგებელი პირის, თანხის მითითებით. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისის მერიას წარუდგინს უეფას იმ მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სტადიონი. აღნიშნულზე დაყრდნობით, მომზადდება დასკვნა სტადიონზე გასაწევი სამუშაოების აუცილებლობის შესახებ და სხვა", - განაცხადა გოგლიჩიძემ.
მისივე თქმით, მერიაში ფედერაციის წარმომადგენლებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის აღნიშნულ თემაზე მორიგი შეხვედრა დღეს, 18:00 საათზე გაიმართება.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...nashaulebs.html