Mr_Li
●●●●●●●●●●

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5948
წევრი No.: 120825
რეგისტრ.: 10-September 10
|
#42560761 · 16 Oct 2014, 18:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
19-წლამდელთა შესარჩევი ეტაპის მიმდინარეობისას, თბილისს ბევრი ევროპელი მენეჯერი თუ კლუბის წარმომადგენელი სტუმრობდა.
ერთ-ერთი მათგანი ძალიან ცნობილი ბელგიელი აგენტი როჟე ანგოტე გახლდათ, რომელმაც წლების წინ ლიეჟის "სტანდარდში" ლაშა ჯაკობია წაიყვანა, წლეულს ზაფხულში კი ლუკა კიკაბიძე - ფრანგულ "ბასტიაში". ზაფხულში ის ცდილობდა "გენტში" გიორგი თევზაძის დაბინავებასაც, მაგრამ ეს ტრანსფერი ჩაიშალა.
ჩვენს დღევანდელ რესპონდენტთან თანამშრომლობდა ბელგიის ნაკრებისა და "მანჩესტერის" ნახევარმცველი მარუან ფელაინი, ამჟამად კი მისი კლიენტები არიან იმავე ბელგიის ნაკრების რამდენიმე მოთამაშე - "ჩელსის" მეკარე ტიბო კურტუა, "ევერტონის" ნახევარმცველი კევინ მირალასი და თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ, აგრეთვე, "ბაიერნის" მცველი დანიელ ვან ბუიტენი.
მოკლედ, ამ კაცმა ბევრი რამ იცის და ვგონებ, საინტერესო ინტერვიუც გამოვიდა...
- მენეჯერები ტყუილად არსად დადიხართ. როგორც ვიცით, ახლაც რამდენიმე ქართველ მოთამაშეზე დასაკვირვებლად გვესტუმრეთ... - ცხადია, ქართველები რომ არ მაინტერესებდეს, არ ჩამოვიდოდი. სამწუხაროა, რომ შესარჩევ ციკლში თევზაძე და ტაბიძე ტრავმის გამო ვერ თამაშობენ. ორივე პერსპექტიული მოთამაშეა, მათზე დაკვირვება მსურდა... თუმცა საქართველოს ნაკრებში სხვა საინტერესო მოთამაშეებიც ვნახე.
- შეგიძლიათ, დააკონკრეტოთ? - ორი აზრი არ არის, ლუკა ზარანდია ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია, მაგრამ ის უკვე ბელგიაშია. ახლა მათ ვაკვირდებოდი, ვინც ჯერ კიდევ საქართველოში თამაშობს.
მაგალითად, ძალიან მომეწონა გიორგი ბერიძე. პირველი შეხვედრა არ გამოუვიდა, მაგრამ საკმაოდ დიდი სტრესის შემდეგ ძლიერი პიროვნული თვისებები გამოავლინა და გუნდს გამოადგა. მომეწონა გიორგი ხარაიშვილიც, რომელიც აქტიური და აგრესიული ნახევარმცველია.
- ლაშა ჯაკობიადან დაწყებული, ბევრ ქართველ ფეხბურთელთან გქონიათ საქმე და შეგიძლიათ, გვითხრათ, ზოგადად, ქართული ბაზარი ევროპისთვის საინტერესოა? - დიახ, საინტერესოა, მაგრამ 18 წელს რომ მიაღწევენ, აუცილებლად ევროპაში უნდა წავიდნენ. მერე საქართველოში პროგრესი უჭირთ, ადგილობრივ დონესა და მოთხოვნებზე ჩერდებიან და გაზრდას ამიტომაც ვერ ახერხებენ.
- ყველა ქართველი ჭაბუკი ევროპაში თამაშზე ოცნებობს, მაგრამ ვის მიჰყავს? - მერე და, ამ ჩიხიდან გამოსავალი უნდა იპოვოთ. მე მსურს თანამშრომლობა, რადგან ვიცი, რომ აქ საინტერესო ბავშვები იზრდებიან, რომლებიც მერე რატომღაც ვერ ვითარდებიან.
საამისოდ, აქაურ საფეხბურთო სკოლა "საბურთალოსთან" თანამშრომლობა გადავწყვიტე. როცა დავინტერესდი, ნაკრებში რომელი კლუბებიდან იწვევდნენ მოთამაშეებს, აღმოვაჩინე, რომ ბევრი ფეხბურთელი სწორედ ამ გუნდს წარმოადგენდა.
შევხვდი მის ხელმძღვანელებს, დავილაპარაკეთ და ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. პირდაპირ გეტყვით - ამ გუნდის სამი მოთამაშე მაინტერესებს: ხარაიშვილი, თევზაძე და ტაბიძე.
- ქართველი ფეხბურთელებისთვის დამახასიათებელ პლუსებსა და მინუსებზე რას იტყოდით? - ბევრი პლუსი აქვთ. ძალიან ტექნიკურები არიან, რაზეც ევროპაში დიდი მოთხოვნაა. გარდა ამისა, ქართველებს არაორდინარული აზროვნებაც ეტყობათ, რაც ასევე ძალიან ფასობს.
მინუსს რაც შეეხება, რამდენიმე ქართველს ვიცნობ და ფიზიკურად სათანადოდ მომზადებულები არ არიან. შესაბამისად, ევროპული ფეხბურთის ტემპთან უცბად შეგუება უჭირთ, მაგრამ ეს გამოსწორებადია - მოამზადებ და შეაჩვევ. მთავარია, ნიჭიერები არიან, ეს კი სწავლით არ მოდის.
მინდა, რამდენიმე ფეხბურთელი წავიყვანო. ყოველ წელს აქედან ევროპაში 10-15 ფეხბურთელი მაინც რომ მიდიოდეს, დამიჯერეთ, სამ-ოთხ წელიწადში ისინი მაღალი დონის მოთამაშეებად ჩამოყალიბდებიან და ძალიან ძლიერი ეროვნული ნაკრებიც გეყოლებათ.
- ეროვნული ნაკრების მოთამაშეები არ გაინტერესებთ? - მე უფრო ახალგაზრდებთან მუშაობა მირჩევნია.
- ამბობთ, რომ ევროპაში უნდა წავიდნენო, მაგრამ თქვენ, მენეჯერს, არ გირთულებთ საქმეს ის ამბავი, რომ ქართველებს ევროკავშირში შეღწევა უჭირთ? - სავიზო პრობლემა ნელ-ნელა გვარდება. როცა ქართველი ფეხბურთელებით დავინტერესდი, ცხადია, იურიდიული პრობლემების შესახებაც შევიტყვე. მითხრეს, რომ ადრე იყო პრეცედენტი, როცა ქართველი ფეხბურთელი ლეგიონერად ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მხოლოდ უნგრეთში არ ითვლებოდა, მაგრამ ახლა შეზღუდვები საფრანგეთშიც მოგეხსნათ.
- ეს როგორ? - ასეა საფრანგეთის კანონმდებლობითა და საქართველოსთან ხელშეკრულების საფუძველზე. ასე რომ, ფრანგულ კლუბში თუ უნდათ, ერთდროულად 10 ქართველს ათამაშებენ.
- თქვენ ახლა ყველა ტრანსფერზე მნიშვნელოვანი ამბავი გვითხარით... - დიახ, ეს არის ის გზა, რომლითაც ქართველმა ფეხბურთელებმა აუცილებლად უნდა ისარგებლონ.
ასე რომ, რომელიმე ქართველ მილიარდერს საფრანგეთში კლუბის შეძენა თუ სურს, წაიყვანოს და ათამაშოს ქართველები, ხელს არავინ შეუშლის.
- ლუკა კიკაბიძე "ბასტიაში" თქვენ წაიყვანეთ. თავადაც ბრძანეთ, რომ ქართველებს ევროპაში ფიზიკურ მომზადებასა და ტემპთან შეგუება უჭირთ. ამ თვალსაზრისით, კიკაბიძესაც გაუჭირდა? - სხვებთან შედარებაც არაა და ამიტომაც აიყვანეს. ლუკა შვეიცარიაში 19-წლამდელთა ელიტრაუნდზე ვნახე და ძალიან მომეწონა. მერე "ბასტიას" პრეზიდენტს შევხვდი და ვუთხარი - ძალიან კარგი ფეხბურთელი მოვძებნე, რომელიც აუცილებლად უნდა დაიტოვოთ-მეთქი.
ჩავიდა კორსიკაზე, ნახა, მოეწონა და მართლაც დაიტოვა. ლუკა ძალიან სწრაფია, მშვენიერი ტექნიკა აქვს და მჯერა, დიდი მომავალიც ექნება. ახლა ევროპული ფეხბურთის ტემპთან ადაპტაცია სჭირდება და საფრანგეთის ლიგა 1-ში სათამაშოდ მზად ამიტომაც არ არის.
გარდა ამისა, პრობლემა ისაა, რომ ფრანგული არ იცის, მაგრამ პროგრესი უკვე დაეტყო და დარწმუნებული ვარ, "ბასტიას" შემადგენლობაში მალე იხილავთ. კიკაბიძე ფრანგებმა ხომ სწორედ პერსპექტივის გამო აიყვანეს.
- სამწუხაროდ, ქართულმა ფეხბურთმა ბოლო წლებში საგრძნობი რეგრესი განიცადა. თქვენ ბევრ ქართველს იცნობთ და საინტერესოა, ასაკობრივ ნაკრებებში თუ ხედავთ იმ პოტენციალის ფეხბურთელებს, უახლოეს წლებში კარგი ნაკრები რომ ჩამოყალიბდეს? - ეს პოტენციალი უდავოდ ჩანს. თბილისში იმიტომაც ვარ, რომ აქ ტალანტები არიან. თუმცა, ვიმეორებ - ისინი ევროპულ კლუბებში დროულად უნდა წავიდნენ. ძლიერი ნაკრების ჩამოყალიბების შანსი მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გექნებათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
|