საშინელება იქნება სანამ მამაკაცებს ფედერაციიდან ასეთი აგდებული დამოკიდებულება ექნებათ ამ გოგონების მიმართ
სალომე ხუბულური: "ბასაზე" სამ დღეში ერთხელ ვჭამეთ და ვიბანავეთ"
"აეროპორტში მოგვიტანეს 19-წლამდელ ჭაბუკთა გუნდის მაისურები, ჩამოსვლისას, ისევ აეროპორტში გაგვხადეს, რადგან ბიჭები სხვაგან მიდიოდნენ"

- რა პირობებში უწევთ დღეს ქალ ფეხბურთელებს ვარჯიში და თუ გაქვთ საერთოდ სავარჯიშო მოედანი?
- დავიწყებ იქიდან, რომ რაც ზვიად სიჭინავა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა, ეროვნული ჩემპიონატი არ ჩატარებულა. ოთხ წელიწადზე მეტია. ნოდარ ახალკაცის დროს ტარდებოდა ჩემპიონატი და სწორედ ამის საშუალებით, ეროვნულმა ნაკრებმა ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი იპოვნა. რაჭის გუნდი იღებდა მაშინ მონაწილეობას ჩემპიონატში და სწორედ მათ რიგებში აღმოაჩინეს ნინო სუთიძე, რომელიც ახლა თურქეთში, იზმირში თამაშობს და საკმაოდ წარმატებული ფეხბურთელია. სწორედ ამ ჩემპიონატმა აღმოაჩინა ეს ფეხბურთელი.
- მაშინ სად ვარჯიშობდით?
- ნაკრები, ჩამოყალიბების პროცესში, „ავაზაზე“ იკრიბებოდა, ახლა „ნორჩი დინამოს“ გუნდი ვართ ექვსი წელია. ვინც თბილისში ვცხოვრობთ, ჯაფარიძე გვავარჯიშებდა. მამუკა სვანაძის ხელმძღვანელობის დროსაც, ამ მოედანზე ვვარჯიშობდით. წლებია, ეს გუნდი, სრულიად უსასყიდლოდ გვითმობს სტადიონს, ვარჯიშის საშუალებას გვაძლევს და ბურთებსაც თავად გვათხოვებს. როდესაც ნაკრებს კრებდნენ, 160 გოგონა ვიყავით, ახლა კი, როდესაც გვიძახებენ, 24-25 ადამიანი გროვდება მხოლოდ. ეს იმის ბრალია, რომ არ ტარდებოდა ჩემპიონატი და დაინტერესება არ არის.
- როდის ითამაშა ეროვნულმა ნაკრებმა ბოლოს ამხანაგური მატჩი?
- საერთოდ ვერ ვხედავთ, ვერავინ, თუ მუშაობს ქალთა ფეხბურთზე და მის პრობლემებზე ვინმე. ბოლოს, ლატვიაში, ერთი წლის წინ ვითამაშეთ ოფიციალური მატჩი, ამხანაგური შეხვედრა კი ორი წლის წინ გვქონდა უკანასკნელად. თურქეთში ვიყავით, სადაც მოვატყუეთ, რომ ჩვენც მივიღებდით, მაგრამ დღემდე არ ჩატარებულა ის თამაში. ლიტვაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ვიყავით.
- ლიტვაში მოგებით დაიწყეთ, თუმცა შემდეგ ძალიან კარგი შანსი გაუშვით ხელიდან. რა მოხდა რეალურად იქ?
- წასვლამდე, მხოლოდ იმაზე ვლაპარაკობდით, რომ გრძელვადიანი შეკრება გაგვევლო. გვქონდა ინფორმაცია, რომ ჯგუფში არსებული ოთხი გუნდიდან, სამი ძალიან სერიოზულად ემზადებოდა ამ ტურნირისთვის და ყველას თანაბარი შანსი ჰქონდა ჯგუფიდან გასვლისა. გვინდოდა ხანგრძლივის შეკრება. ჩვენ კი მხოლოდ ხუთი დღე ვიყავით შეკრებაზე სასტუმრო „ვარაზში“. სასაცილო იყო ის ფაქტი, რომ ავტობუსს დღეში ორჯერ არ გვაძლევდნენ და მხოლოდ ერთხელ ვვარჯიშობდით, ისიც საათ-ნახევარი. როგორც გავიგეთ, მონტენეგროს გუნდი, სამი თვე ემზადებოდა საკვალიფიკაციო ეტაპამდე და 12 ტესტ-მატჩიც გამართა. ტურნირამდე, ყველაზე ძლიერად ჯგუფში საქართველო და ლიტვა ითვლებოდნენ, ჯგუფიდან კი მონტენეგრო და ფარერები გავიდნენ. პირველად იყო, რომ ქვეჯგუფიდან ორ გუნდს ჰქონდა გასვლის შანსი და ხელიდან გავუშვით.
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა თქვენ მატყუარები გიწოდათ და განაცხადა, რომ ქალთა ფეხბურთი პრიორიტეტული არ არის. გქონდათ თუ არა უფრო უარესი შეკრებებიც, ვიდრე ეს „ვარაზში“ იყო?
- თუ ჩვენ ვიტყუებით, რატომ ერთხელ არ შეგხვდა ამ ხნის განმავლობაში, რაც ის პრეზიდენტია? არც ცალკე, არც ჟურნალისტებთან ერთად, რატომ ერთხელ არ გამოთქვა სურვილი და დაინტერესება, დაგველაპარაკოს. ინტერვიუ წავიკითხე მისი, ქალთა ფეხბურთის ანგარიშებს, აუდიტი წელიწადში ორჯერ ამოწმებსო. ვინ ამოწმებს ან რას, ჩვენ გვკითხონ, საერთოდ რა იხარჯება ჩვენთვის. ყველაზე სამარცხვინო, რაც ფეხბურთს ვთამაშობ, ის იყო, რომ ნაკრების ტექნიკურ ბაზაზე, „ბასაზე“ გაგვიშვეს. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი უნდა გვეთამაშა დანიაში. სამი დღით ვიყავით ბაზაზე. სრული სერიოზულობით ვაცხადებ, რომ ამ სამი დღის განმავლობაში ვიბანავეთ და ვჭამეთ ერთხელ. სიჭინავა ექვსი თვის მოსული იყო და ფინანსურად ცუდი სიტუაცია იყო. საწვავი არ იყო, რომ ჩვენთვის წყალი ჩაერთოთ დასაბანად და საჭმელი არ გვქონდა, ფული არ არისო. ბოლოს, ქალთა ფეხბურთის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო სორდიამ, დამეხოცებიან ბავშვები შიმშილითო და საკუთარი მაღაზიიდან მოგვიტანა საკვები. დანიაში ჩავფრინდით, საქართველოს დროით, დაახლოებით 5 საათი იქნებოდა. სასტუმროში მისვლისას გვითხრეს, ვიცით, რომ აქ უნდა დარჩეთ, მაგრამ ფული არ არის გადმორიცხული და სანამ არ დაჯდება ანგარიშზე, მანამდე ნომრებში ვერ შეგიშვებთო. ამხელა ეროვნული ნაკრები ერთი საათის განმავლობაში, ფოეში ვისხედით და ველოდებოდით, როდის გადმორიცხავდა სფფ ფულს, რომ ნომრებში შევსულიყავით და წყალი გადაგვევლო, რადგან საქართველოში სამი დღე დაუბანლები ვიყავით. ის თამაში 15:0 წავაგეთ და ყველა იცინოდა, მანამდე რა იყო, არავინ დაინტერესებულა. დანიასთან თამაშის შემდეგ, მესამე დღეს შოტლანდიასთან უნდა გვეთამაშა. დანიიდან საქართველოში დაგვაბრუნეს, ერთი ღამე გავატარეთ სახლში და მეორე დილით გავფრინდით. შოტლანდიაში ყველა გვეკითხებოდა, ხუმრობთ, მართლა საქართველოდან ჩამოფრინდითო? დანიიდან პირდაპირ შოტლანდიაში რომ გავფრენილიყავით, მეტი დასვენებისა და მომზადების დრო გვექნებოდა. იქ 3:1 წავაგეთ და ეს იყო სენსაცია - ამ სიძლიერის ნაკრებთან მცირე ანგარიშით რომ წავაგეთ. შოტლანდიაში სულ 16 კაცი ვიყავით წასული და არ გვყავდა ექიმი. ექიმის გარეშე ვიყავით ეროვნული ნაკრები ლიტვაშიც წასული. თამაშამდე, ვამბობდი კიდეც, უექიმოდ წასვლას, სულ არ წავიდეთ-მეთქი.
- ნაკრების ექიმთან დაკავშირებით ბევრი კურიოზი მსმენია, მართალია, რასაც ჰყვებიან?
- ადრე იყო ეს. ბევრს ვხუმრობთ მას შემდეგ ამაზე. ნაკრების ფეხბურთელს კოჭი გადაუბრუნდა და ექიმს ეკითხება, რა ვქნაო. მან კი უთხრა, ნიორის „კაკალი“ უნდა ჩაღეჭო შენივე კბილებით და დაიდო ნატკენზე. ვკითხეთ, სხვამ რომ ჩაგიღეჭოსო? - არ ექნება ეფექტიო, გვიპასუხა. ლიტვაში, წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი ეგეც იყო. პირველი თამაშის შემდეგ 6 ფეხბურთელი იყო დამტვრეული. ნაკრების კაპიტანს, ტატა მატვეევას ფეხზე ჰემატომები ჰქონდა და მაღალი სიცხე, არც ვიცოდით, შეძლებდა თუ არა თამაშს. ექიმი არ გვყავს და ჩვენი ხარჯებით ვყიდულობთ იმ საჭირო ნივთებსა და მედიკამენტებს, რაც შეიძლება, დაგვჭირდეს. რომელ შედეგზე უნდა ილაპარაკო, როდესაც სპორტსმენს სამი დღე არ დაბან, არ აჭმევ. სასაცილოდ აქვთ აგდებული ქალთა ფეხბურთი.
- რა პერსპექტივა აქვს ქალთა ფეხბურთს და თუ არის იმის რესურსი, რომ ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდეს?
- ამხანაგურ თამაშებზე არც კი ვოცნებობთ, ვიცით, რომ არ იქნება. ბევრი შემოთავაზებაა, გვეუბნებიან, მხოლოდ გზის ფული გადაიხადეთ, დანარჩენი ჩვენია, მაგრამ ესეც არ აინტერესებთ. მწვრთნელი შეგვიცვალეს და ისიც არ გაგვაგებინეს, მიგვიყვანონ, გაგვაცნონ, ეს თქვენი ახალი მწვრთნელია, აი, ეს ერთწლიანი პროგრამაა გაწერილი თქვენთვის. თუ რაიმე ოფიციალური ტურნირი არ მოვა, არ გვკრიბავენ. სამი-ოთხი დღე შეგვიყვანენ შეკრებაზე, წავალთ, რაღაცას ვიზამთ და დაგვცინიან მერე, თქვენ არანაირი შედეგი არ გაქვთ, გეგონება, რამეს აკეთებდნენ იმისთვის, რომ შედეგი გვქონდეს. რესურსს რაც შეეხება, ფუტსალის ასოციაცია ქალთა ტურნირს ატარებს, სადაც ძალიან ბევრი ფეხბურთელი თამაშობს, არც მეგონა, თუ ამდენი პროფესიონალი იქნებოდა. რეალურად, იმის რესურსი, რომ რვაგუნდიანი ჩემპიონატი ჩატარდეს, არსებობს. ჩემპიონატი დაგვეხმარებოდა, მუდმივად ფორმაში ვყოფილიყავით.
- დღეს რომ ასეთი მდგომარეობაა ქალთა ფეხბურთში, ზვიად სიჭინავას ბრალია?
- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ - კი. ახალკაცის დროს, მაია ჯაფარიძე ჩხუბით და ყველა ხერხით ახერხებდა, რომ გვქონოდა ყველაფერი. „დიადორას“ ეკიპირება მაშინ დაგვირიგეს და დღემდე გვაქვს შემონახული. ნუგზარ ბოკერია ზრუნავდა ამაზე. დანიაში რომ მივდიოდით, აეროპორტში მოგვიტანეს 19-წლამდელ ჭაბუკთა გუნდის მაისურები, ჩამოსვლისას, ისევ აეროპორტში გაგვხადეს, რადგან ბიჭები სხვაგან მიდიოდნენ და შოტლანდიაში წასვლის დროსაც, ისევ აეროპორტში გამოვიცვალეთ, ჩამოვიდნენ და მოგვცეს მაისურები ისევ. ბოლო ტურნირზე, ძლივს მოგვცეს ფორმები, თუმცა ისიც ბიჭების ნაცვამი, ახალს ჩვენ არავინ ჩაგვაცმევს. როდესაც სპორტულ ფირმასთან კონტრაქტს დებ, ქალებისა და კაცების პარტია ეკიპირების ცალ-ცალკე იგზავნება, თუმცა ჩვენ არაფერი შეგხვედრია იქიდან.

შარშანდელი ინტერვიუა არა მგონია ბევრი რამე შეცვლილიყოს, ერთი ჩემპი ჩატარდა ზუგდიდში დეკემბერში და ზუგდიდის გაზეთმა ამ ფოტოთიი დაბეჭდა ნიუსი ქალთა ფეხბურთზე
This post has been edited by guriaaa on 31 Mar 2015, 13:28