ლევან კობიაშვილი: გორის "დილაზე" აღმასკომმა იმსჯელა, ოქმი არ არსებობს
საფეხბურთო კლუბი გორის "დილა" გასული წლის ნოემბერში ოფიციალურად გასხვისდა და შპს "სტარ სპორტ ინვესტის" მფლობელობაში გადავიდა.
კლუბი მანამდე მუნიციპალიტეტის ბალანსზე იყო და შესაბამისად, მისი იურიდიული სტატუსი არასამეწარმეო იურიდიული პირი იყო. სწორედ აღნიშნული აიპი "გორის დილა" იყო ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტი წლების განმავლობაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი გასხვისება მოხდა, ის შპს "გორის დილა" გახდა და შეიცვალა მისი საიდენტიფიკაციო ნომერიც.
უეფა და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის დებულება/წესდებები, მკაცრად განსაზღვრავს, მსგავს სიტუაციებში, რა ქმედებები უნდა განხორციელდეს ქვეყნის ფეხბურთის უმაღლესი მმართველი ორგანოს მიერ. მკაცრია ამ საკითხებში უეფაც. გორის „დილას“ შემთხვევაში კი, ისე მოხდა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, არ დაელოდა უეფას გადაწყვეტილებას, არც თავად მიუღია რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, რის მიხედვითაც აიპი „გორის დილას“ ნაცვლად, სფფ-ს სუბიექტი შპს „გორის დილა“ გახდებოდა და არც იმასთან დაკავშირებით არსებობს რაიმე დოკუმენტი, თუ როგორ თამაშობენ შპს „გორის დილაში“, აიპი „გორის დილასთან“ დადებული ხელშეკრულებებით ფეხბურთელები.
გორის „დილას“ ირგვლივ არსებულ იურიდიულ პრობლემებზე, „აიპრესი“ სფფ-ს პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ „დილა“ ეროვნულ ჩემპიონატში საშეჯიბრო კომიტეტმა დაუშვა, თუმცა, „აიპრესის“ კითხვაზე, თუ ვინ წყვეტს ფედერაციის წევრად მიღებასა და მის გარიცხვას, განაცხადა, რომ ფედერაციის აღმასკომი. სფფ-ს პირველი პირი აცხადებს, რომ მათი პოლიტიკა ინვესტორებისთვის ხელშეწყობაა, კანონში პრობლემები არსებობს, თუმცა ის იურისტი არ არის და უწყებამ ის გააკეთა, რაც კლუბისთვის სასიკეთოდ ჩათვალა.
მსგავს შემთხვევებზე უეფას ლიცენზირების დებულებაში მკაცრად არის განსაზღვრული, რომ კლუბი ლიცენზირების პროცესს ვერ დაიწყებს, თუ მისი რეგისტრირებული წევრობა მინიმუმ სამი წელი არ გრძელდება. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან კი, რის საფუძველზე შეიცვალა აიპი „გორის დილას“ წევრობა შპს „გორის დილათი“, პასუხი ვერ მივიღეთ.
- გორის „დილას“ მფლობელები შეიცვალა, შეიცვალა იურიდიული პირიც და ის გახდა შპს, ახალი საიდენტიფიკაციო კოდით. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ უეფას გორის „დილასთან“ დაკავშირებით მისი უმაღლეს ლიგაში გამონაკლისის წესით დაშვების საკითხი არც კი ჰქონდა განხილული, რის საფუძველზე დაუშვა ფეხბურთის ფედერაციამ ის ეროვნულ პირველობაში, ჩამოვიდა უეფადან პასუხი ან არსებობს აღმასკომის გადაწყვეტილების ოქმი?
- არასწორია. თემა ასეა - არაფერი უეფასგან დასტური არ სჭირდება ამას.
- უეფას ლიცენზირების დებულებაში წერია პირდაპირ, რომ გამონაკლისის წესს მხოლოდ თავად უშვებს...
- ეს არის საკითხი, რომელიც უეფამ იმ შემთხვევაში უნდა განიხილოს, თუ გუნდი გავა და მოიპოვებს ევროსაგზურს. უეფამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დაუშვებს თუ არა ევროტურნირზე. თუ გორის „დილა“ მოხვდებოდა ევროთასებზე, ასეთ შემთხვევაში იყო რისკი და გუნდმა იცოდა ეს. ამ საკითხს წყვეტს უეფა და იდეაში, უარს ამბობს, მაგრამ გამონაკლისებსაც ითვალისწინებს. თუ ეს გამონაკლისი მათთვის დამაკმაყოფილებელი იქნებოდა. რაც შეეხება სხვა თემას, არ ვიცი, რას მეკითხებით.
- სფფ- ს სუბიექტი იყო აიპი „გორის დილა“, შემდეგ გახდა შპს, რომლის დამფუძნებელი გორის მუნიციპალიტეტი, გავიდა დამფუძნებლობიდან მას შემდეგ, რაც შპს გაასხვისა, რომელმაც შეიცვალა საიდენტიფიკაციო კოდიც და სრულიად სხვა იურიდიულ პირად იქცა. ეს შპს „გორის დილა“ როდის გახდა ფეხბურთის ფედერაციის წევრი და არსებობს თუ არა აღმასკომის გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით?
- ფეხბურთის ფედერციის წევრი რას ნიშნავს?
- სუბიექტი იყო აიპი, ის აიპი დღეს აღარ არის „გორის დილას“ დამფუძნებელიც კი...
- ჩემი ინფორმაციით გეტყვით, ფეხბურთის ფედერაციის პოლიტიკა და ალბათ დამეთნხმები შენც და ყველასთვის არის ის, რომ გუნდები განკერძოვდნენ, იმიტომ, რომ სასარგებლოა.
- კანონის დაცვით, ალბათ...
- აგიხსნით ახლავე. ფეხბურთის ფედერაციის და ზოგადად ყველასი, მათ შორის შენიც და ნებისმიერისაც, სურვილი არის, რომ კლუბები იყვნენ კერძო, რადგან ეს სასარგებლოა. დღეს ეს ტენდენცია შეინიშნება, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ პირველ ათეულში 10 გუნდიდან 6 კერძოა. მეორე ათეულში - 10 დან 4 კერძოა. ანუ, სადღაც 50% კერძოა და ეს კარგია. რაც შეეხება გორის თემას, იგივე კანონმდებლობით, აიპი ვერ გადაკეთდებოდა შპს-დ. იმ აიპმა, დაარსა შპს და გაიტანა ლოტი „გორის დილა“ შპს-ში.
- ამის შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტი გავიდა დამფუძნებლობიდან და ეს საჯარო რეესტრის ამონაწერშიც კარგად ჩანს.
- თვითონ გავიდა დამფუძნებლობიდან რას ნიშნავს.
- გორის მუნიციპალიტეტი აღარ არის კლუბის დამფუძნებელი იურიდიულად. დოკუმენტებით დასტურდება ეს.
- დიახ, მათ გაყიდეს ეს შპს.
- სწორედ ამას გეკითხებით, აღნიშნულ კლუბს მინიმუმ სამი წელი უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება არ აქვს. იგივე მოხდა რუსთავის „მეტალურგთან“ დაკავშირებითაც...
- შპს დააფუძნა აიპიმ. ამ შპს-ში გავიდა ეს გუნდი და გაიყიდა აუქციონზე, საჯაროდ და იყიდა ვიღაცამ, რომელიც შევიდა ის ამ შპს-ში. ვინც იყიდა, ყველანაირი ვალდებულება, რაც კლუბს გააჩნდა, ქონება, ფეხბურთელები და ა.შ. ყველაფერი გადაიბარა, დავალიანებების ჩათვლით.
- თუმცა გუნდის სამართალმემკვიდრე არ გამხდარა, რადგან ის სრულიად სხვა შპს-ა, სხვა საიდენტიფიკაციო კოდით და მას გორის „დილას“ გასული წლების შედეგები, ვერ გადაეცემა. რადგან ის შედეგები აიპი „გორის დილას“ ეკუთვნოდა...
- ფეხბურთის ფედერაციის სურვილი იყო და არის, რომ გუნდები გახდნენ კერძო. ფედერაციამ, იქიდან გამომდინარე, რომ „დილაში“ იყო პრობლემები, ინვესტორი შემოდიოდა, რომელმაც ვალდებულებები აიღი, ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რაც, დამეთანხმებით, რომ კარგია, ვალდებულებები აიღო, ფეხბურთელები, მწვრთნელები დარჩნენ. ყველაფერი იგივე დარჩა და ის იყო პასუხისმგებელი. ბუნებრივია, ფეხბურთის ფედერაციამ, ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე, სცნო და უთხრა, რომ შეეძლო, გაეგრძელებინა თამაში.
- ეს აღმასკომზე უნდა მომხდარიყო. არსებობს ოქმი ამ გადაწყვეტილებაზე?
- ბუნებრივია. აღმასკომზე უნდა ყოფილიყო განხილული, ეს არსად წერია. აღმასკომზე იყო საუბარი და იცის ეს საკითხი ორგანომ, ისევე როგორც სხვა დანარჩენი. ოქმი არ არსებობს, მაგრამ ოქმის არსებობა სავალდებულო არ არის. პირდაპირ გეტყვით, საშეჯიბრო ატარებს ჩემპიონატს.
- რის საფუძველზე დაიშვა მაშინ შპს „გორის დილა“ ეროვნულ ჩემპიონატში?
- საშეჯიბრომ და ფეხბურთის ფედერაციამ დაუშვეს, იმ გუნდს ეთამაშა, მაგრამ ასევე, გუნდს რისკის შესახებ ეცნობა. რაც გითხარი, თუ უეფა არ უღიარებდა, ვერ ითამაშებდნენ ევროსარბიელზე.
- თუმცა, დებულებაში წერია, რომ თუ ახალი იურიდიული პირი შემოდის, მას თამაშის უფლება აღმასკომმა უნდა მიანიჭოს გადაწყვეტილებით, დოკუმენტით. ლიცენზირების პროცესში მას შემდეგ აქვს ჩართვის უფლება, რაც მინიმუმ სამი წელი აქვს ნათამაშები ლიგაში. სად არის ეს დოკუმენტი?
- თქვენ იმას ამბობთ, რომ ჩვენ რამე დავარღვიეთ? ჩვენ მივეცით ამის საშუალება „დილას“. მეორე მხარეს გეტყვით, იურიდიულად რომ ზოგადად, პრობლემაა, თავიდანვე აღვნიშნე. მაშინ, როგორ გვინდა გუნდები კერძოები გახდნენ. აიპ-ები არიან წლების განმავლობაში, სამი წელი თუ დაბალ ლიგაში უნდა ითამაშოს, სპონსორებს ვკითხოთ, რომელი მოვა და დაიწყებს მესამე ლიგიდან?
- არსებობს იურიდიული ფორმა და ამის მიხედვით უნდა მოხდეს. გარდა ამისა, კლუბები, ფეხბურთელების კონტრაქტებს არეგისტრირებენ ფეხბურთის ფედერაციაში. გორის „დილას“ ფეხბურთელებს კონტრაქტები გაფორმებული აქვთ აიპი „გორის დილასთან“, ახლა კი უმაღლეს ლიგაში თამაშობს შპს გორის „დილა“, შეცვალეს თქვენთან კონტრაქტები, გაფორმდა მოთამაშეებთან ახალი შელშეკრულებები?
- არ ვიცი, ალბათ აიპი-თან აქვთ. იმ კლუბმა ყველა ვალდებულება აიღო.
- ამას არ გეკითხებით. აიპი გ“ორის დილას“ ფეხბურთელები შპს „გორის დილაში“ როგორ თამშობენ, როდესაც იურიდიული პირი სრულიად შეცვლილია?
- გასაგებია, მაგრამ არ ვიცი შეცვალეს თუ არა. კლუბები თანხმდებიან და ვალდებულება ხელშეკრულებით გადააქვთ. იღებენ საკუთრ თავზე. არ ვიცი, მათ ახალი ხელშეკრულებები უნდა გააფორმონ თუ არა. მე არ ვარ იურისტი. ამ კლუბმა, ყველ ვალდებულება, მათ შორის, ხელშეკრულებები, ვისთანაც რა ჰქონდათ, გადაიტანა და დადასტურებულია. დავალიანებებზე და ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ახალი მფლობელი. ჩვენი პრობლემა არის კანონდმებლობა. აიპი-დან შპს-ში გადატანა. მთავარი არის ერთი დ ჩვენი პოლიტიკა, რომ რაც შეიძლება მეტი გუნდი იყოს კერძო. რაღაც ეტაპზე, ამ მიმართულებას ხელი უნდა შევუწყოთ, გავითვალისწინოთ. გაითვალისწინა საშეჯიბრომ, მაგრამ არა რისკის ხარჯზე, რომ რომელიმე ფეხბურთელი დაზარალებულიყო და შემდეგ კონფლიქტი გაჩენილიყო. ეს რისკები არ იყო და ბუნებრივია, ჩვენი ინტერესიც არის, ხელი შევუწყოთ. მეორე რისკი არის უეფასთან, უეფა უღიარებს თუ არ უღიარებს, ეს კლუბის რისკია, ინფორმირებულები არიან და ეს მათი პრობლემაა.
- ფეხბურთის ფედერაციის რომელი ორგანო წყვეტს, ფედერციის სუბიექტად მიღების ან გარიცხვის საკითხს?
- ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი.
- მაშინ, აიპი „გორის დილა“ რომ შპს „გორის დილა“ გახდა, შპს „გორის დილა“ ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტი რის საფუძველზე გახდა, თუკი აღმასკომმა ამაზე გადაწყვეტილება არ მიიღო და არც ოქმი არსებობს?
- აღმასკომი ინფორმირებული იყო.
- ზეპირად მიიღეთ გადაწყვეტილება?
- გადაწყვეტილება მიიღო საშეჯიბრომ.
- თამაშის უფლებაზე არ გეკითხებით...
- გადაწყვეტილება მიიღო საშეჯიბრომ, მიმდინარე ჩემპიოანტი იყო და აგრძელებდა იგივე გუნდი, იგივე სტაფით, იგივე ქალქში და მოედანზე. საშეჯიბრომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
მაგდა კლდიაშვილი
* * *
http://m.ipress.ge/new/59033-levan-kobiash...qmi-ar-arsebobs * * *
რა ხდება ეს, კაცო ?
This post has been edited by sergo_38_fcz on 28 Jan 2017, 00:04