დაგეგმილი ანთალია და აფრიკელები: ისინი რიბეიროზე ნაკლებნი არ იქნებიან
http://lelo.ge/article/%E1%83%92%E1%83%9D%...%E1%83%90-11234„დილას“ უკრაინელი ფორვარდი მიკოლა კოვტალიუკი ახალი სეზონისთვის მზადებას გორულ კლუბთან ერთად იწყებს.
ორიოდე დღის წინ „ლელომ“ 24 წლის ფეხბურთელთან ინტერვიუ შემოგთავაზათ, რომელშიც ის მისი გადაბირებით დაინტერესებულ კლუბებზე ლაპარაკობდა და აღნიშნავდა იმასაც, რომ „დილა“ მასში გარკვეულ თანხას ითხოვდა.
ეს უცნაური ნამდვილად არ არის. თანამედროვე პირობებში არცერთი კლუბი არ ელევა უფასოდ ფეხბურთელს და, მით უმეტეს, ლიდერს, რომელსაც გამორჩეული სეზონი ჰქონდა. როგორც ირკვევა, კოვტალიუკი ახალი სეზონისთვის სამზადისს გორულ „დილასთან“ ერთად იწყებს.
კოვტალიუკს შეთავაზებები აქვს არაერთი ქვეყნის კლუბიდან. მათ შორის, ჩეხეთიდან, დანიიდან, კორეიდან და ყაზახეთიდან. საუბარია ამ ქვეყნის უმაღლესი ლიგის კლუბებზეც. კოვტალიუკი მიიჩნევს, რომ ორი წლის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატში ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები და კარიერის გაგრძელება საზღვარგარეთ სურს.
ნებისმიერ შემთხვევაში საქართველომ კოვტალიუკის კარიერაში დადებითი როლი ითამაშა. როცა ის ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა, ყველასთვის უცნობი ფეხბურთელი იყო, ახლა კი ანგარიშგასაწევი კლუბების ინტერესი დაიმსახურა.
ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ლელოს“ კლუბის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჯოხაძე ელაპარაკა:
„გადაჭრით შემიძლია გითხრათ, რომ კოვტალიუკი ახალი სეზონისთვის სამზადისს ჩვენთან ერთად დაიწყებს. რა თქმა უნდა, თუ გამოჩნდება კლუბი, რომლის წინადადებაც მისაღები იქნება როგორც ჩვენთვის, ისე ფეხბურთელისთვის, ასეთ შემთხვევაში ჩვენ მას ხელს არანაირად არ შევუშლით. ეს შეთავაზებები შეიძლება ჩვენი კლუბისგანაც წამოვიდეს და ასევე ფეხბურთელის აგენტისგანაც. პირიქით, ჩვენს ინტერესებშია, რომ კოვტალიუკი კარგ და ამბიციურ კლუბში გადავიდეს, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, უფასოდ ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეველევით ფეხბურთელს. ვადასტურებ, რომ კოვტალიუკთან კლუბს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. მასთან კომუნიკაციის პრობლემა არასოდეს გვქონია...
ჯერ ჩვენ არ ვმუშაობთ თავდამსხმელის საკითხზე, რადგან გასარკვევია უკრაინელი ფორვარდის საკითხი. ვნახოთ, დარჩება თუ არა ის გუნდში...
სამ აფრიკელ ლეგიონერს ველოდებით. ამ ეტაპზე ვერ დავასახელებ მათ ვინაობას. ეს ბუნებრივიცაა, რადგან მათ კლუბებთან მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და ამან შეიძლება საქმეს ავნოს. ჩემი აზრით, ისინი არ არიან ლეო რიბეიროზე ნაკლები ფეხბურთელები და თუ ჩამოვიდნენ ჩვენთან, მნიშვნელოვნად გაგვაძლიერებენ.
ასევე მუშაობა მიმდინარეობს ქართველ ფეხბურთელებთან. მოგეხსენებათ, რამდენიმე ქართველი მოთამაშე უკვე დავიმატეთ. ამას გარდა, გადაწყვეტილი ამბავია, რომ 8-დან 22 თებერვლამდე ანტალიაში მოვემზადებით. რა თქმა უნდა, გვექნება ამხანაგური შეხვედრებიც. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რაც შეიძლებოდა ძლიერ კლუბებს დავპირისპირებოდით. ვფიქრობ, მიზანი მიღწეულია. გადაწყვეტილია, რომ ვეთამაშებით ტირასპოლის „შერიფს“ და დნეპროპეტროვსკის „დნიპროს“. ვფიქრობთ, თურქული შეკრება ყველანაირად დაეხმარება „დილას“, რათა კარგად მოემზადოს მომავალი სეზონისთვის“, - გვითხრა ჯოხაძემ.