მისასალმებელია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მესვეურნი აქტიურად მუშაობენ ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლებაზე, რაც თავის მხრივ გარკვეული რეფორმების გატარებას მოითხოვს, რომელიც მეტ-ნაკლებად მტკივნეულიც შეიძლება იყოს ამა თუ იმ საფეხბურთო კლუბისთვისა და რეგიონისთვის. ალბათ ნებისმიერი თქვენგანი დამეთანხმება, რომ მთელ რიგ შემთხვევებში დაყოვნება და ერთი ნაბიჯის უკან გადადგმა სჯობს - მომავალში წინსვლის პერსპექტივით, ვიდრე განვაგრძოთ სვლა და საბოლოოდ უფსკრულში გადავიჩეხოთ. კარგია, რომ ამ მხრივ ძვრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მოდის. საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ჩემპიონატმა არსებობის მანძილზე გათამაშების ფორმატი არაერთხელ შეიცვალა, 4-5 წელიწადი გადაბმულად ერთი და იგივე ფორმატით ფაქტობივად არასდროს ჩატარებულა პირველობა. მთელი ამ წლების განმავლობაში ხშირად ჩემპიონატი მიმდინარეობისას იცვლებოდა დებულება, ზოგჯერ სპორტული შედეგების გათვალისწინებით უმაღლესი ლიგიდან გავარდნილი გუნდს მომდევნო სეზონიც ქვეყნის უმთავრეს დივიზიონში გაუტარებია. დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაფიქრებულა ქართული ფეხბურთის გულმხურვალე გულშემატკივარი ჩემპიონატის ფორმატზე და მის პოპულარიზაციაზე. მაგრამ, როდესაც გულშემატკივარი თავისი საოცნებო ჩემპიონატის მოდელზე ფიქრობს, ამ დროს აწყდება უამრავ პრობლემას - ცარიელი ტრიბუნების, მოსაწერიგებელი ინფრასტრუქტურის სახით და ბევრი იქვე წყვეტს ფიქრს, არავის სურს აუტკივარი თავის ატკიება, ამ ქვეყანაში პრობლემების ნაკლებობას სამწურადო არ განვიცდით... თუმცა მიმაჩნია, რომ გამოსავალი სწორედაც რომ დეტალებში უნდა ვეძიოთ და წვრილმან საკითხებსაც დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ.
ჩემპიონატის ფორმატთან დაკავშირებით, როგორც ქართული ფეხბურთის რიგით გულშემატკივარსა და კეთილისმსურველს - მეც მიფიქრია. მიმაჩნია, რომ სფფ-მ საფეხბურთო კლუბებს ევროპულ სტანდარტებთან მიახლოვებული ლიცენზირების გავლა უნდა მოთხოვოს. ისეთი ლიცენზირების კრიტერიუმებით, რომ თავისი საქმისადმი სიყვარული კიდევ უფრო აუმაღლდეთ ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, მედიის წარმომადგენლებს, გულშემატკივრებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფეხბურთით ცოცხლობს... მაგალითისთვის, თქვენ ჟურნალისტი ბრძანებით და წარმოიდგინეთ, მიხვედით სტადიონზე ერთი კონკრეტული თამაშის გასაშუქებლად, სადაც არ არის ელემენტარულად პრეს-ლოჟა, ჟურნალისტებისთვის გამოყოფილი სამუშაო ადგილი, გეკითხებით - თქვენი სურვილით მეორედ წახვალთ ამ სტადიონიდან მასალის მოსამზადებლად? რა თქმა უნდა არა! თქვენ კიდევ უფრო თავისუფალი ბრძანებით არჩევანის თავისუფლებაში, მაგრამ აი ფეხბურთელმა რა ქნას, რომელსაც სურს თუ არა უნდა გამოვიდეს და ისეთ მოდენაზე უნდა ითამაშოს ფეხბურთი, სადაც ტრავმის რისკი ერთ-ორად მაღალია? მაგრამ არც მას და არც მის კლუბს არჩევანი არ აქვს - უნდა ითამაშოს... აი სწორედ ასეთი პრობლემების გადაწყვეტით უნდა დავიწყოთ ეროვნული პირველობის დონის გაუმჯობესება-ამაღლება, სტადიონზე მისვლა ნებისმიერი ადამიანისთვის დღესასწაული უნდა იყოს. იქიდან გამომდინარე, რომ მოკლე დროში ამ და სხვა ტიპის მოთხოვნების შესრულებას ძალიან ცოტა კლუბი შეძლებს, მიმაჩნია, რომ უმაღლესი ლიგაში 10 გუნდი უნდა ასპარეზობდეს და გათამაშება 4 წრედ უნდა გაიმართოს. თუმცა მხოლოდ უმაღლესი ლიგის სტრუქტურული ცვლილება არაფერს მოგცემს თუ კიდევ უფრო არ შევედით სიღრმეებში - ამიტომ, ცვლილებები უნდა შეეხოს პირველ და მეორე ლიგასაც. ჩემი აზრით, პირველ ლიგაშიც 10 გუნდი უნდა გამოდიოდეს და უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად ბევრად უფრო დაძაბულ და სანახაობრივი მატჩების მომსწრენი ვიქნებით. მეორე ლიგაშიც 10 გუნდი უნდა თამაშობდეს, მხოლოდ ერთი განსხვავებით, 3 ზონად (დასავლეთი, ცენტრალური და აღმოსავლური ზონა) იქნება დაყოფილი და თითოეული ზონიდან მხოლოდ გამარჯვებლებს ექნებათ პირველ ლიგაში გადასვლის უფლება.
აუცილებლად უნდა შეეხოს რეფორმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებასაც. მსოფლიოში აპრობირებულია, რომ ქვეყნის თასის გათამაშებაში ყველაზე დაბალი ლიგის გუნდებიც კი თამაშობენ, რაც დამატებითი მოტივაცია არის კლუბებისთვის. უფრო მეტსაც გეტყვით, უამრავი მაგალითია იმისა, რომ რანგით დაბალ ლიგაში მოთამაშე გუნდს ქვეყნის თასი მოუგია და სამომავლოდ ევროპულ საკლუბო ტურნირებზეც კი წარმატებით გამოსულა... ეს ყველაფერი ქართულ ფეხბურთს ჭირდება, მოტივაცია, დამატებითი ინტერესის გაჩენა გულშემატკივართათვისაც ერთობ მნიშნელოვანია, ვინაიდან თუ ჩვენ ქართული ფეხბურთის აღორძინებაზე ვსაუბრობთ, იქ აუცილებლად საპატიო ადგილი უნდა მივანიჭოთ იმ ადამინებს, რომლებიც ამინდისა თუ სხვა ფაქტორების მიუხედავად მაინც ახერხებენ და სტადიონზე მიდიან რჩეული გუნდის საქომაგოდ. ასევე დაბალი ლიგების თასის გათამაშებაში ჩართულობა საინტერესო იქნება უმაღლესი ლიგის გუნდებისთვისაც, ვინაიდან არაა გამორიცხული, რომ ძლიერი კლუბის წინააღმდეგ კარგად მოტივირებულ ფეხბურთელთა შორის ახალგაზრდა ტალანტი გამოჩნდეს, რომელიც სამომავლოდ ძლიერი გუნდების შემადგენლობაში თუ არა, თვალსაწიერში მაინც შეიძლება მოხვდეს.
დღევანდელი მოცემულობით ჩვენ გვაქვს საქართველოს ჩემპიონატის, თასისა და სუპერთასის გათამაშება - თუმცა ვისურვებდი კიდევ ერთი ოფიციალური ტურნირის დამატებას, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის წამყვან ლიგებშიც კი არის აპრობირებული - ლიგის თასი. ჩვენ შემთხვევაში კი პირველი და მეორე ლიგის გუნდებისთვის იქნება დამატებით სათამაშო პრაქტიკა, სტიმული და მოტივაცია... უნდა გაიმიჯნოს პირველი ლიგის თასი, სადაც მხოლოდ პირველი ლიგის გუნდები ითამაშებენ და მეორე ლიგის თასი, სადაც ასევე მხოლოდ მეორე ლიგის სამ ზონაში გადანაწილებული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.
თუ ჩვენ ვსაუბრობთ ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლებაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს თუ რას ემსახურება ეს ყოველივე - ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები. კარგი ხარისხის ეროვნული ჩემპიონატი ავტომატურად ნიშნავს კარგი ხარისხის ფეხბურთელებს ქვეყნის უპირველეს გუნდში, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ U-21, U-19, U-17 ნაკრებები, რომლებიც თავის მხრივ სხვადასხვა საერთაშორისო პირველობებზე გამოდიან და მეორეს მხრივ წარმოადგენენ ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ნაკრების ხვალინდელ დღეს. სწორედ იმისთვის, რომ ამ ასაკობრივი ნაკრები გუნდებს ჰქონდეს შესაბამისი და რაც მთავარია კვალიფიციური შევსება საჭიროა უმაღლესი ლიგის დუბლშემადგენლობათა გათამაშებაში ცვლილების შეტანა, სადაც მხოლოდ თამაშის უფლება ექნებათ 23-წლამდე ასაკის მქონე მოთამაშეებს. პარალელურად კი უნდა ჩატარდეს უმაღლეს დონეზე ორგანიზირებული 21-წლამდელთა და 19-წლამდელთა ჩემპიონატი.
იქიდან გამომდინარე, რომ სეზონის მანძილზე ქართული კლუბები წამყვან ევროპულ გუნდებთან შედარებით ნაკლებ თამაშს ატარებენ, მიმაჩნია, რომ ახალი საფეხბურთო წელიწადის კომერციული ტურნირით დაწყება კარგი იქნება. დაახლოებით მსგავსი ტიპის გათამაშება ტარდება გერმანიაში. ჩვენ შემთხვევაში კი ერთმანეთს ტიტულისთვის ქვეყნის ჩემპიონი, თასის, 1 ლიგის თასის და 2 ლიგის თასის მფლობელები დაუპირისპირდებიან.
ჩემს მიერ წარმოდგენილი სისტემის შედეგად მივიღებთ შემჭიდროვებულ კალენდარს, თამაშების რაოდენობა გაიზრდება. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ბევრად უფრო საინტერესო ეროვნულ პირველობას გვექნება, ვიდრე ეს ბოლო წლებში იყო და გვაქვს.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)