shavparosaniii14
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 6050
წევრი No.: 181195
რეგისტრ.: 5-February 14
|
#48721444 · 3 Sep 2016, 18:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვაკოსთან სალაპარაკო ბლომად დაგროვდა - აქეთ ახალი კლუბი (ვარშავის "ლეგია"), იქით საქართველოს ნაკრების მოახლოებული მატჩი ავსტრიასთან...
ყაზაიშვილი ერთადერთი ქართველია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და მის მიმართ ინტერესს ესეც ზრდის. პროფესიონალი რომაა, მან ეს ერთხელაც დაამტკიცა - უსწრაფესად მოაგვარა "ლეგიასთან" კონტრაქტის დეტალები და საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა...
- ახალი ამბით დავიწყოთ. როგორ დაგხვდნენ ლეგიაში"? - ძალიან თბილად. ყველაფერი უმაღლეს დონეზეა კლუბში. სტადიონიც ძალიან თანამედროვეა - ისეთი, ჩემპიონთა ლიგაში მოასპარეზე გუნდს რომ შეეფერება. სწორედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, "ლეგია" ამ ტურნირში რომ თამაშობს. გარდა ამისა, როგორც გავიგე, ძალიან აქტიური გულშემატკივრები ჰყავს.
- მთავარ მწვრთნელ ბესნიკ ჰასის თუ ესაუბრეთ? - როგორც იცით, ძალიან მცირე ხნით ვიყავი ჩასული ვარშავაში. მხოლოდ კლუბის სპორტულ დირექტორს და პრეზიდენტს ველაპარაკე. მთავარი მწვრთნელი არ მინახავს.
- თქვენს გადაწყვეტილებაზე გავლენა ალბათ იმანაც იქონია, რომ "ლეგია" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს... - რა თქმა უნდა, ასეა. ჩემი ოცნება იყო ჩემპიონთა ლიგაში თამაში. ადრე არ მომეცა ამის საშუალება, ახლა კი გამოჩნდა შანსი, რომ ოცნება ამეხდინა. იმედი მაქვს, ლიგაში ჩემი დებიუტი წარმატებული იქნება.
- ჯგუფი ისეთია, რომ თავის გამოსაჩენად უკეთესს ვერც ინატრებთ: აქეთ "რეალი", იქით "დორტმუნდი"... - მართლაც ძალიან ძლიერი ჯგუფია. ასეთ გუნდებთან თამაში ძალიან სასიამოვნოა.
- რა თქმა უნდა, "ვიტესის" თამაშებს ვადევნებდით თვალს. ბოლო მატჩებში მწვრთნელი ჰენკ ფრეიზერი აღარ გენდობოდათ. ჩვენ ამის მიზეზი ვერ გავიგეთ. თქვენ თუ აგიხსნათ? - ჩემთვისაც აბსოლუტურად გაუგებარი დარჩა, რატომ არ მქონდა ბოლო მატჩებში სათამაშო პრაქტიკა. ამას გულწრფელად ვამბობ. არ აუხსნია მწვრთნელს არაფერი. საბოლოოდ, ისე დავშორდით, ერთმანეთთან არც გვილაპარაკია.
- "ლეგიაში" გურამ კაშიას გარეშე იქნებით. არ გაგიჭირდებათ? - ბედნიერებაა, როცა გურამისნაირი მეგობარი გყავს გვერდით. გახსოვთ, თავიდან სამი ქართველი ვიყავით "ვიტესში", გიორგი ჭანტურიაც ჩვენთან ერთად იყო... რას ვიზამთ, უნდა მოსულიყო ამის დრო და მოვიდა კიდეც. სულ ერთად ვერ ვიქნებოდით...
- "ლეგიაში" სათამაშო პრაქტიკა, წესით, არ უნდა მოგაკლდეთ... - მეც ამის იმედი მაქვს. ეგაა, მოდუნება არ შეიძლება. "ლეგია" ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. მჯერა, პოლონურ კლუბში ჩემს საუკეთესო თვისებებს წარმოვაჩენ.
- ავსტრიასთან მატჩი კარს მოგვადგა... - დიდი ხანია, მოუთმენლად ველოდები ამ შეხვედრას, მით უმეტეს, ესპანეთთან მოგების შემდეგ. იმ გამარჯვებამ ფსიქოლოგიურად ძალიან გაგვამაგრა, დაგვარწმუნა, რომ შეგვიძლია ძლიერი გუნდების დამარცხება. ყველას გვაქვს იმედი, რომ წარმატებით ვითამაშებთ. ციკლი იწყება, პირველი მატჩია, თანაც - საშინაო... მოკლედ, უდიდესი მნიშვნელობის თამაშია.
- მეტოქის რიგებში რომელიმე ფეხბურთელს თუ გამოარჩევდით? - ავსტრია გუნდურ ფეხბურთს თამაშობს. თუ დაკონკრეტება გაინტერესებთ, უფრო ალაბასა და არნაუტოვიჩს გამოვარჩევდი. წლებია, სტაბილურად თამაშობენ უმაღლეს დონეზე.
- თამაშის მნიშვნელობა მართლაც უდიდესია... - მთელ საქართველოს ჩვენი იმედი ექნება და ამხელა ნდობას გამართლება სჭირდება. ყველა მაქსიმალურად დავიხარჯებით.
- არადა, დანაკლისი სერიოზულია... - სამწუხაროდ... ძლიერი ფეხბურთელები გამოტოვებენ მატჩს. გურამ კაშიამ სწორად თქვა - როგორც არ უნდა იყოს, მათ გარეშე უნდა შევძლოთ ფონს გასვლა.
- რას ნიშნავს ვაკო ყაზაიშვილისთვის ფეხბურთი? - ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. თუ არ ვვარჯიშობ, 24 საათის განმავლობაში ფეხბურთს ვუყურებ. ჩვენი პროფესიაა ეს, ჩვენი საქმეა - საქმე, რომელიც გვიყვარს. სულ 13-15 წელი გრძელდება ფეხბურთელის კარიერა. დრო სწრაფად გარბის. უნდა შეძლო და ამ დროის განმავლობაში თავი მაქსიმალურად კარგად დაამახსოვრო გულშემატკივრებს.
- რა არის თქვენი ყველაზე დიდი საფეხბურთო ოცნება? - ვითამაშო მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან ერთად. ფეხბურთში ამაზე დიდი ოცნება არ მაქვს.
- თქვენი საყვარელი კლუბი... - "ბარსელონა" და "იუვენტუსი"...
- რახან "ბარსელონა", მაშ, "რეალის" წინააღმდეგ ორმაგი მოტივაციით ითამაშებთ ჩემპიონთა ლიგაში... - ასეც იქნება (იცინის)...
- ტრადიციად ქცეული კითხვა: მესი თუ რონალდო? - ორივე დიდი ფეხბურთელია. ყველას თავისი შეხედულება აქვს და ყველას აზრს პატივს ვცემ, მაგრამ მე არც დავფიქრდები: მესი!
- საქართველოს შემდეგ რომელი ნაკრები გესიმპათიურებათ? - ესპანეთი.
- ქართველი ფეხბურთელი, ვის მაგალითზეც გაიზარდეთ... - ასეთი ერთი არ არის: კახა კალაძე, შოთა არველაძე, ლევან კობიაშვილი...
- რა არის ვაკო ყაზაიშვილის მთავარი ნაკლი? - შეიძლება, არ მემჩნევა ხოლმე. ზოგჯერ ადვილად ვბრაზდები...
- მე გაბრაზებული ვერ წარმომიდგენიხართ, ნაკლად კი იმას თუ ჩაგითვლით, ძლივს რომ დაგითანხმეთ ინტერვიუზე. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით... - ვიცი, ამას რომ მითვლით ნაკლად (იცინის)... დღეს, მგონი, ამომწურავად ვისაუბრეთ...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით) ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო" * * * ბელგიური "გენკიდან" საქართველოში დაბრუნებული ლუკა ზარანდია პირველ ტურებში ფორმაში არ იყო და ეს არავის უკვირდა - ზაფხულში მკურნალობდა, თბილისის "ლოკომოტივს" კი მხოლოდ დასკვნით შეკრებაზე შეუერთდა.
მაგრამ ლანჩხუთის "გურიასთან" თბილისის "ლოკომოტივის" მოგებაში მან საკუთარი წვლილი შეიტანა და 69-ე წუთზე გატანილი გოლით "ლოკომოტივს" ჩემპიონატში პირველი 3 ქულა მოაპოვებინა.
"ლელომ" ზარანდიასთან ჩაწერა ინტერვიუ, რომელშიც 20 წლის შემტევმა ევროპიდან წამოსვლასა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა...
- საქართველოში დაბრუნებულს აქაურ გარემოზე გადაწყობა ხომ არ გაგიჭირდათ? - წასვლამდეც "ლოკომოტივში" ვთამაშობდი და მიმაჩნია, რომ ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კლუბია. ამ მხრივ, პრობლემა არ მაქვს.
- ევროპაში დიდი იმედებით წახვედით. სამწუხაროდ, "გენკში" კარიერა ვერ აგეწყოთ და წამოსვლა მოგიხდათ. ასეთ დროს ფეხბურთელი იმედგაცრუებული რჩება და თამაშიც აღარ გამოსდის... - იმიტომაც დავბრუნდი, რომ ტრავმის შემდეგ ფორმაში არ ვიყავი. მაგრამ, იმედია, "ლოკომოტივში" თამაშით კონდიციებს ავიმაღლებ და ევროპაში მაინც დავბრუნდები. ცუდია, "გენკის" ისტორია ასე რომ დასრულდა, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება.
- მართალია, თითქოს "გენკიდან" წამოსულს ჰოლანდიურ და ბელგიურ კლუბებში გიწვევდნენ? - დიახ, ვარიანტები იყო, მაგრამ ტრავმის შემდეგ ფორმაში არ ვიყავი და გადასვლა არ მიღირდა. ასე, კვლავ უთამაშებელი დავრჩებოდი, 6 თვე კიდევ გამიცდებოდა და უარეს მდგომარეობაში ვიქნებოდი.
- მაინც, რა მოხდა "გენკთან" დაკავშირებით? - კონტრაქტი დამისრულდა და წამოვედი. თავიდან ძალიანაც კარგად ვიყავი, ვთამაშობდი და მწვრთნელიც მენდობოდა. მაგრამ მერე ის შეცვალეს, ახალმა კი ლამის მთელი გუნდი, 14 მოთამაშე გაუშვა. თორნიკე ოქრიაშვილსაც აღარ სწყალობ და... მოკლედ რომ ვთქვა, მის სქემაში ვერ ვჯდებოდი.
- ევროპაში გატარებული ეს ორი წელი უკვალოდ მაინც არ ჩაივლიდა. "გენკმა" რამე შეგძინათ? - ძალიან ბევრი რამ. უპირველესად, დიდი გამოცდილება და იმის ცოდნა, თუ რა არის საჭირო, დიდი ფეხბურთი რომ ითამაშო. ვისწავლე ფეხბურთელისთვის აუცილებელი ცხოვრება და მომზადება. ფიზიკურადაც საკმაოდ გავიზარდე. იყო კარგი მომენტები, ცუდიც, ოპერაციამაც უკან დამხია, მაგრამ საერთო ჯამში კარგი გაკვეთილი იყო.
- თქვენი აზრით, საქართველოში ევროპული დონისთვის შესაფერისი ფეხბურთელის გაზრდა შესაძლებელია? - ძალიან ძნელია. ისინი სულ სხვაგან არიან. მაგრამ იმის თქმაც არ მინდა, თითქოს საქართველოში ფეხბურთელის გაზრდა შეუძლებელია.
- ბრაზილიელები, შეკრების ნაცვლად, ყოველდღიურად საკონტროლო შეხვედრებს ატარებენ. ევროპელების მომზადებაზეც ბევრი საინტერესო რამ არის ცნობილი - მომზადების დრო ნაკლებია... - ასეა, მაგრამ დატვირთვებზე რა გითხრათ - ქვეყანას გააჩნია, ზოგან მეტია, ზოგან - ნაკლები. ბელგიელებს საკმაოდ მძიმე მოსამზადებელი პერიოდი აქვთ. ევროპულ ფეხბურთში "ფიზიკა" ბევრს ნიშნავს და "გენკშიც" საკმაოდ მომქანცველი კროსები და ვარჯიშები გვქონდა. მე სწორედ ასეთი დატვირთვის გამო დავშავდი და ოპერაცია დამჭირდა.
- "ლოკომოტოივზე" რას იტყვით? - სეზონი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ გუნდი ნელ-ნელა ფორმაში შედის და მეოთხე ტურში პირველი გამარჯვებაც მოვიპოვეთ. დარწმუნებული ვარ, კიდევ მოვუმატებთ.
- იყო მოლოდინი, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოგიძახებდნენ... - ამ საკითხზე ნაკრების მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა და მე ვერაფერს დავამატებ. მისი საქმეა, ვის გამოიძახებს და ვის - არა. საერთოდ, მწვრთნელის გადაწყვეტილების შეფასება არ მიყვარს. მასაც და გუნდსაც ვგულშემატკივრობ და ამ ორ შეხვედრაში წარმატებას ვუსურვებ.
|