http://qomagebi.ge/pages.php?id=395მოგეხსენებათ, რომ გიორგი მერებაშვილი ერთ-ერთი აქტიური და გულშემატკივრისთვის საყვარელი ფეხბურთელი იყო, თუმცა ამ ბოლო დროს, მის მიმართ ინტერესი დაიკარგა. ვლადიმირ ვაისის მოსვლის შემდეგ, ის ნაკრებშიც არ გვიხილავს. ამ საკითხის შესახებ მერებაშვილმა qomagebi.ge -სთან ისაუბრა.
მერებაშვილი: ''ამჟამად პოლონეთში, პლოცკის ''ვისლაში'' ვთამაშობ. ჩემს აქტიურობასთან დაკავშირებით იმის თქმა შემიძლია, რომ მე ყველაფერს ვაკეთებ რაც ჩემზეა დამოკიდებული, ახალ გუნდში იდეალურად ვგრძნობ თავს, სისტემატიურად ვთამაშობ და გოლებიც გამაქვს, დანარჩენი უკვე ხალხის და ჟურნალისტების საქმეა.
რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს... სამწუხაროდ, არავის გასჩენია კითხვა, რომ ბატონი ვლადიმირ ვაისისთვის ეკითხა, საერთოდ იცის თუ არა ჩემი არსებობის შესახებ. რა თქმა უნდა, ნაკრების თამაშებს თვალს ვადევნებ და ძალიან მიხარია ის პროგრესი, რაც ამჟამად ნაკრებში შეინიშნება, მჯერა რომ მალე დიდ წარმატებას მივაღწევთ.
ჩემი კარიერის განვითარებაზე იმას ვიტყვი, რომ შეიძლებოდა უარესად ან უკეთესად წარმართულიყო. თუმცა, მე მაინც უკმაყოფილო ვარ და ვფიქრობ, რომ უკეთესადაც შეიძლებოდა...
პოლონეთი საქართველოსთან და საბერძნეთთან შედარებით გაცილებით მაღლა დგას. ძალიან პროფესიონალი ხალხია და უმაღლეს დონეზე ჰყავთ აყვანილი მომზადება და ინფრასტრუქტურა.
თბილისის ''დინამოს'' რაც შეეხება... იმ პერიოდს ძალიან წარმატებულად დავახასიათებ. გული მწყდება, რომ რა ოცნების ასრულებაც მინდოდა ''დინამოსთან'' ერთად ვერ ავისრულე - ვერ ვითამაშე ლიგის ან ევროპის ჯგუფში. ჩემთვის ყოველთვის დიდ პატივად დარჩება ''დინამოში'' თამაში. სხვათაშორის ''ვისლაში'' სწორედ ''დინამოს'' ფერებში ვარ - ლურჯი და თეთრი. ეს ძალიან მახარებს, თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში.
ბოლოს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც ამ ხნის განმავლობაში გვერდში მიდგას.''
This post has been edited by Just_Test on 21 Oct 2016, 20:11