ლიდერთა დუელი ფრედ დასრულდა: „მერანი“ – „რუსთავი“ 0:0
24 აგვისტოს, მარტვილის „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის ცენტრალურ სტადიონზე კარგი საფეხბურთო ატმოსფერო სუფევდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთპიროვნული ლიდერის და უშუალო კონკურენტის მატჩში გოლი არ გასულა, შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რაც გავსებულმა ტრიბუნებმა და ომახიანმა ქომაგობამ კიდევ უფრო გაალამაზა. აღნიშნული მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განახორციელა ეროვნული ლიგის ვებ-გვერდზე.
„მერანი“ „რუსთავის“ წინააღმდეგ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გაიყვანა და ვერ ვიტყვით, რომ ცუდი დებიუტი ჰქონდა მიხეილ მახვილაძეს, რადგან თითოეულმა მარტვილელმა ყველაფერი ჩადო ამ მატჩის მოსაგებად და „მერანმა“ აშკარად დაჯაბნა თავისი ვიზავი ყველა კომპონენტში.
დაწინაურება სტუმრებს მე-14 წუთზე შეეძლოთ, მცირე რიკოშეტის შემდეგ, ხელსაყრელი ადგილიდან ციცქიშვილმა ვერ გაიტანა. „მერანის“ საპასუხო იერიშების გოლით დასრულება ჯერ სერგეი ტრეტიაკს, შემდეგ კი რევაზ ბარაბაძეს შეეძლო, თუმცა პირველ ეპიზოდში არაზუსტი იყო დარტყმა, მეორე შემთხვევაში კი მერლანი დაეუფლა ბურთს.
ბარაბაძემ მთლიანობაში არაერთი საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა საბოლოო დაგვირგვინება იყო წარუმატებელი.
„მერანელებისთვის“ ფრე სასურველი შედეგი არ იყო და მეორე ნახევარში საკუთარ კარს მიაჯაჭვეს მასპინძლებმა მეტოქე. ყველაზე რეალური ეპიზოდი მაინც რაფაელ ჩუკურას ჰქონდა, რომელიც ჭყონდიდელთა საკვანძო მოთამაშედ იქცა. შეცვლაზე შემოსული ვანო კურდღელაშვილის იდეალური პასის შემდეგ, ჩუკურა მეკარესთან პირისპირ გავიდა და კარშიც დააარტყა, თუმცა აქ მირზა მერლანმა გადაარჩინა საკუთარი გუნდი. გოლის გატანა შეეძლო „მერანის“ განაპირა მცველს, გიორგი გეგიასაც, რომელმაც ფლანგიდან პირდაპირ კარში გაუშვა ბურთი და მერლანს მისი მოგერიება კინაღამ მძიმე ტრავმად დაუჯდა.
სტანდარტულიდან არ ქონია შანსი, მაგრამ, სათამაშო ეპიზოდიდან სახიფათოდ ურტყამდა „რუსთაველთა“ მთავარი მეგოლე დათა სიჭინავა მეორე ტაიმში, მაგრამ უშეცდომო იყო მარტვილელთა ახალგზარდა კიპერი გოგი კულუა, რომელმაც ნახტომში მოიგერია ბურთი.
საბოლოოდ მატჩი გატანილი გოლების გარეშე ფრედ 0-0 დასრულდა. „მერანი“ კვლავ ინარჩუნებს პირველ ადგილს სატურნირო ცხრილში, „რუსთავი“ 1 ქულთ ჩამორჩება ლიდერს. მომდევნო ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი ლანჩხუთში გამართავს 8 სექტემბერს ადგილობივი „გურიას“ წინააღმდეგ, აღნიშნული მატჩი „ევ. შევარდნაძის“ სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.
24 აგვისტო. 17:30. მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა“.
ეროვნული ლიგა 2. XXIV ტური.
„მერანი“ (მარტვილი) – „რუსთავი“ (რუსთავი) 0-0
„მერანი“: კულუა, ორბელაძე (კ), ლომაშვილი, გეგია, მელიავა, ჩალაძე, ჩუკურა, ტეიდი, გეწაძე (რუხაძე 84’), ტრეტიაკი (კურდღელაშვილი 60’), ბარაბაძე.
სათადარიგო: მამალაძე, ჯიქია, თოლორდავა, ლუკავა.
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.
„რუსთავი“: მერლანი, ბრაჭული, ვასაძე, გაფრინდაშვილი, სიჭინავა, გუჯაბიძე (ცაცკრიალაშვილი 76’), აფაქიძე, ლობჯანიძე (ქათამაძე 84’), გოგინაშვილი (კირკიტაძე 60’), ციცქიშვილი, მინდორაშვილი.
სათადარიგო: ალავიძე, სამხარაძე, მეტრეველი, კილაძე.
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია.~
გაფრთხილება: ბრაჭული (23’), მინდორაშვილი (81’), ჩუკურა (89’), გაფრინდაშვილი (90+5).
მთავარი მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი ............ -------- ........ ედემი ელერჯია.
* * *

მოგვიწევს მეოთხე წრეში რუსთავში მოგება