https://www.facebook.com/fcmerani/videos/1611211735644494/ ....................... შევარდენი 2-1 მერანი | მატჩის ვიდეო-მიმოხილვა
* * *
დასანანი მარცხი „შევარდენთან“: „შევარდენი“ – „მერანი“ 2:1
ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“, მე-5 ტურის შეხვედრა წააგო მარტვილის „მერანმა“ თბილისის „შევარდენთან“. არადა, თამაშის საერთო სურათის გათვალისწინებით, მარტვილელებს, მინიმუმ ქულის აღება მართებდათ გუშინდელ დაპირისპირებაში და პირველ ნახევარში მათ მიერ შექმნილი სახიფათო მომენტების ნაწილი მაინც რომ გამოეყენებინათ, მატჩი სტუმრებისთვის სასურველი შედეგით დასრულდებოდა..
თამაში კი საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო და პირველი ხიფათი მე-2 წუთზე კახაბერ მეშველიანმა განმუხტა, როცა მიხეილ როსტიაშვილს არ გაატანინა ახლო მანძილიდან.
„მერანის“ საპასუხო იერიშის შემდეგ კი „შევარდენი“ გადარჩა. სტანდარტული დათა სიჭინავამ შეასრულა. მოჭრილი, ყუმბარისებური დარტყმის შემდეგ, ნადირაძემ ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა, თუმცა დამატებაზე, ახლოდან არაზუსტი იყო სერგო კუხიანიძე.
მომდევნო ეპიზოდში, სტუმრები თერთმეტმეტრიანის დანიშვნას ითხოვდნენ „შევარდენის“ საჯარიმოში დათა სიჭინავას წაქცევისთვის, თუმცა მთავარი არბიტრის აზრით, თამაშის წესების დარღვევა არ ყოფილა და თამაში გაგრძელდა.
მე-17 წუთზე ანგარიში უნდა გახსნილიყო. გუნდის კაპიტანმა, ვაჟა ლომაშვილმა მახვილგონივრული პასით, სერგეი ტრეტიაკი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, უკრაინელმა მეტოქე გუნდის კიპერი ცრუმოძრაობით მოატყუა, მაგრამ ოდნავ წინ გაექცა ბურთი და შეტევამ სიმწვავე დაკარგა, საბოლოოდ მაინც დაარტყა ტრეტიაკმა კარში, თუმცა ცარიელი კარიდან მცველებმა გამოიტანეს ბურთი.
24-ე წუთზე კი მასპინძლებმა კუთხური გაითამაშეს, საბოლოოდ ექს-მერანელი შოთა ჯიქიას ზუსტი გადაცემით „შევარდენის“ ფორვარდმა, ფარიდ ნაბიევმა გახსნა ანგარიში 1:0.
მეორე გოლიც სტანდარტულიდან გაიტანეს „შევარდენის“ ფეხბურთელებმა. 32-ე წუთზე ომარ პატარკაციშვილმა გამოიჩინა თავი გოლით- 2:0.
მეორე ნახევარში, მასპინძლები მთელი გუნდით დაცვაში ჩაჯდნენ და ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრი 46-ე წუთიდანვე დაიწყეს. „მერანი“ დიდი ძალებით უტევდა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში აკლდა სიზუსტე „მერანელთა“ შეტევებს. წონასწორობის აღდგენის კარგი შანსი ჰქონდა სერგო კუხიანიძეს, რომელიც ერთი შეხებით, ეფექტური დარტყმით აპირებდა გოლის გატანას. ანალოგიური ეპიზოდი ვერ გამოიყენა ნიკოლოზ ხინთიბიძემ. სერგეი ტრეტიაკის მიერ შორეული გასროლილი ბურთი კი ნადირაძემ მუშტებით კუთხურზე მოიგერია. 70-ე წუთზე დათა სიჭინავა გაიყვანეს თანაგუნდელებმა კარგ პოზიციაზე და „მერანის“ ახალწვეულმა ზუსტადაც დაარტყა კარში და გაიტანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.
მარტვილელებმა ანგარიშის სხვაობია მაინც შეამცირეს, შეცვლაზე შემოსულმა დავით ბოლქვაძემ 77-ე წუთზე თამაშის გადარჩენის შანსი დაუბრუნა თავის გუნდს. აღნიშნულ ეპიზოდში კიჭი მელიავამ ითამაშა ფლანგზე კარგად და სწორედ მისი საგოლე გადაცემის შემდეგ დაასრულა შეტევა გოლით გამოცდილმა ნახევარმცველმა. .
დარჩენილ დროში „მერანი“ მასპინძელთა საჯარიმოში დაბანაკდა და თამაშის გადარჩენა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეეძლოთ მარტვილელებს, თუმცა ბენჟამინ ტეიდის დარტყმული ბურთი მცველებმა კუთხურზე მოიგერიეს.
ამრიგად, 5 ტურის შემდეგ „მერანს“ 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა. მიხეილ მახვილაძის გუნდი თავის მომდევნო მატჩს 13 აპრილს გამართავს, წყალტუბოს „სამგურალის“ წინააღმდეგ მარტვილში.
4 აპრილი. 16:00. თბილისი. ტექნიკური ცენტრი „ბასა“.
ეროვნული ლიგა . ტური V.
„შევარდენი“ (თბილისი) – „მერანი“ (მარტვილი) 2:1 (2:0)
გოლები: 1:0 ფარიდ ნაბიევი (24’), 2:0 ომარ პატარკაციშვილი (32’), 2:1 დავით ბოლქვაძე (77’).
„მერანი“: მეშველიანი, მგელაძე, ვ. ფაცაცია, მელიავა, გეგია (ბოლქვაძე 42’), ლომაშვილი ©, ტეიდი, კლიმიაშვილი, სიჭინავა, ტრეტიაკი, კუხიანიძე (ხინთიბიძე 58’).
სათადარიგო: აბრამიშვილი, ციმაკურიძე, ბოლქვაძე, კურდღელაშვილი, ხინთიბიძე, ბურჯანაძე, მათიაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.
„შევარდენი“: ნადირაძე ©, სატურინიო, პატარკაციშვილი, გუჯაბიძე, ნაბიევი, ქანთარია (მაისურაძე 73’), გედენიძე, ჩიკვაიძე, როსტიაშვილი (ოდიკაძე 61’), ჯიქია, კილასონია (ჯიშკარიანი 82’).
სათადარიგო: აბაშიძე, მთივლიშვილი, ნემსაძე, მაისურაძე, ჯიშარიანი, ოდიკაძე, ლიპარტელიანი.
მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია.
გაფრთხილება: ლომაშვილი (44’), სატურინიო (87’).
მთავარი არბიტრი: დავით სანოძე .......... -------- ........ ედემი ელერჯია