„მერანი“ ლიგა 3-ში პირველად დამარცხდა!
ლიგა 3-ის გათამაშებაში პირველი მარცხი იწვნია მარტვილის „მერანმა“, რომელსაც მე-14 ტურამდე წაუგებელი მატჩების სერია ჰქონდა. „მერანი“ – „კოლხეთის“ მონაწილეობით გამართული მეგრული დერბი უხვგოლიანი, სანახაობრივი და დრამატული გამოდგა. შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით 3-2 დასრულდა!
აღნიშნულ მატჩს საკადრო პრობლემებით შეხვდა „მერანი“. წინა ტურში „საბურთალოსთან“ თამაშის დროს მიღებული ტრავმების გამო, ფლანგის მცველები, გიორგი გეგია და თორნიკე კაკუშაძე ვერ ეხმარებოდნენ საკუთარ გუნდს დღევანდელ დაპირისპირებაში. ტრავმა ბოლომდე მოშუშებული არ ჰქონდა გაბრიელ საღრიშვილს, რომელიც მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში. ზემოთ ხსენებული სურათიდან გამომდინარე, გია გიგატაძეს პოზიციურად არასასურველი გადაადგილებების გაკეთება მოუწია სათამაშო სქემაში..
მატჩი კი საკმაოდ გახსნილი და მწვავე იერიშებით დახუნძლული გამოვიდა. მე-8 წუთზე მასპინძლების კარგი შეტევა ზაურ გოგუაძემ დააგვირგვინა უძლიერესი, ყუმბარისებური დარტყმით და „მერანი“ დაწინაურდა - 1:0.
28-ე წუთზე „ექს-მერანელმა“ ლევან წოწონავამ მეტოქე გუნდის მცველის შეცდომით ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა - 1:1. მე-40 წუთზე კი იგივე წოწონავამ საჯარიმო დარტყმა შეასრულა უზადოდ და წინ გაიყვანა „კოლხეთი“.
არადა მარტვილელებს არაერთი მომენტი ჰქონდათ იმისთვის, რომ უფრო სოლიდური გაეხადათ ანგარიში როცა 1:0 მიჰყავდათ თამაში. წოწონავას დუბლის შემდგეგ კი „მერანი“ კიდევ უფრო დიდი ძალებით წავიდა წინ და „მერანელები“ თითქმის ყოველ მეორე წუთზე საგოლე მომენტს ჰქმნიდნენ მეტოქე გუნდის კართან, თუმცა საბოლოო ფაზაში აკლდათ სიზუსტე..
ერთ-ერთ ეპიზოდში კი კონტრიერიშის დროს თერთმეტმეტრიანი დარტყმა გამოიმუშავეს ხობელებმა, პენალტი ზუსტად გიორგი ლობჟანიძემ შეასრულა - 1:3.
78-ე წუთზე ირაკლი საღარეიშვილმა, საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი, კარგად გაისწორა და შორეული, აუღებელი დარტყმით მინიმუმამდე დაიყვანა ანგარიშის სხვაობა - 2:3.
დარჩენილ დროში ბევრი შანსი ჰქონდა „მერანს“ თამაშის გადარჩენის, თუმცა საბოლოოდ ანგარიში არ შეცვლილა და ჭყონდიდური გუნდი პირველად დამარცხდა მიმდინარე წელს. მიუხედავად ამ შედეგისა, „მერანი“ კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს ლიგა 3-ის სატურნირო ცხრილს. ჩვენი გუნდი მომდევნო ტურში თავის უახლოეს მდევარს, „არაგვს“ დაუპირისპირდება დუშეთში.
8 ივნისი. 18:00. მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა“
ლიგა 3. ტური XIV
„მერანი“ (მარტვილი) – „კოლხეთი“ (ხობი) 2:3
გოლები: 1:0 ზაურ გოგუაძე (8’), 1:1 ლევან წოწონავა (28’), 1:2 ლევან წოწონავა (40’), 1-3 ლობჟანიძე (73’პენ), 2:3 ირაკლი სარარეიშვილი 2:3 (78’).
“მერანი“: ნონოსი, ბიბილაშვილი ©, ხარაბაძე, საღარეიშვილი, ბანძელაძე, გოგუაძე, შალამბერიძე, წულაია (ლომთაძე 75’), როხვაძე (საღრიშვილი 52’), ჩხეტიანი, ლაღაძე (ციცხვაია 67’).
სათადარიგო: ხვედელიძე, ციცხვაია, საღრიშვილი, მიქავა, თოლორდავა, ლომთაძე.
მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე.
“კოლხეთი“: გორდულავა, ჭანკვეტაძე, გოგენია ©, სიჭინავა (შონია 78’), ლომაია, ჭანტურიძე (მეფიშვილი 55’), წოწონავა, ვართაგავა (სულაძე 61’), რუხაია, ლოლუა, ლობჟანიძე.
სათადარიგო: გელაშვილი, მეფიშვილი, სულაძე, თოდუა, შონია, ლატარია.
მთავარი მწვრთნელი: ლევან ნოდია.
გაფრთხილება: ლოლუა (84’).
მთავარი არბიტრი: ტარიელ რუხაია ............ //////////// ......... ედემი ელერჯია
* * *
https://www.facebook.com/fcmerani/videos/440677490060890/ მერანი 2-3 კოლხეთი I ვიდეო მიმოხილვა