ლიდერის გამარჯვება გორთან! მერანი - გორი 3:1
ლიგა 3-ის გათამაშება გადამწყვეტ ფაზაში შედის. 21 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში მყოფი არცერთი გუნდი არ არის უმოტივაციოდ, რადგან გუნდების ნაწილი ლიდერთა სამეულისთვის იბრძვის, ნაწილის ამოცანა კი ლიგა 3-ში ადგილის შენარჩუნებაა.. შესაბამისად, ყველა მატჩში იგრძნობა დაძაბულობა და უშეღავათო ორთაბრძოლები.
„მურთაზ ხურცილავაზე“ გათამაშების ერთპიროვნული ლიდერის და გორის დაპირისპირება საინტერესო გამოდგა. მერანმა მესამე წრე არასასურველად დაიწყო და ჭყონდიდელებს აუცილებლად სჭირდებოდათ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია, გორმა კი წინა ტურში მეშახტესთან დიდი ანგარიშით მოგებით ხასიათი გამოიკეთა და კარგი განწყობით ჩავიდა მარტვილში.
მასპინძლებს პირველივე წუთზე შეეძლოთ დაწინაურება, თუმცა მეკარის და მცველების ერთობლივი ძალისხმევით გორელებმა განმუხტეს სიტუაცია. მერანს ეტყობოდა, რომ სწრაფ გოლზე ჰქონდა აქცენტი და თავიდანვე დიდი ძალებით უტევდა გია გიგატაძის დამოძღვრილი გუნდი მეტოქეს, თუმცა გოლი არ გადიოდა.
48-ე წუთზე კი ალოგიკური გოლი გავიდა. მერანის საჯარიმოს მისადგომებიდან დავით კაპანაძემ დაარტყა არცთუ ისე ძლიერად, თუმცა მცირე რიკოშეტის შემდეგ, ნონოსი უძლური იყო ბურთი აეღო და სტუმრები დაწინაურდნენ - 0:1.
გაშვებული გოლის შემდეგ, მერანმა კიდევ უფრო გააძლიერა ზეწოლა და საკუთარ კარს მიაჯაჭვა მეტოქე გუნდი. გორელებმა მე-60 წუთამდე გაუძლეს სახიფათო შეტევებს. მე-60 წუთზე კუთხურიდან ლევან წოწონავას მიერ მოწოდებულ ბურთზე გაბრიელ საღრიშვილმა იბრძოლა და თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა - 1:1.
საღრიშვილის მიერ გატანილი გოლიდან ხუთ წუთში კიდევ ერთი ეფექტური თავური დარტყმა ვიხილეთ „მერანელების“ მხრიდან, ისევ კუთხურიდან. ამჯერად მერანის ცენტრალურმა მცველმა, ნიკოლოზ ხარაბაძემ ჩვეულ სტილში გაუტანა გულუაშვილს. ასისტი კი ჯეფინიო გახლდათ - 2:1.
საბოლოო შედეგი, ჩვენი გუნდის ბომბარდირმა, გაგა ჩხეტიანმა დააფიქსირა. მერანის ტანმაღალი ფორვარდი ბექა ბიბილაშვილმა გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, რომელიც მეურვეს ადვილად გაცდა და მახვილი კუთხიდან შეაგდო - 3:1.
დარჩენილ დროში არაერთი ხელსაყრელი მომენტი შექმნეს მასპინძლებმა და კიდევ უფრო დიდი ანგარიშით შეეძლო მოეგო მერანს, თუმცა რამდენიმე ეპიზოდში გორის კარის დარაჯი იყო უშეცდომო, ერთ შემთხვევაში კი კარის ხარიხამ იხსნა სტუმართა გუნდი.
ამ გამარჯვების შემდეგ, მერანი კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს გათამაშების სატურნირო ცხრილს 47 ქულით. ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის მატჩსაც მარტვილში გამართავს. 1 სექტემბერს, მერანი „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის არენაზე თბილისის „საბურთალო 2“-ს უმასპინძლებს.
26 აგვისტო. 17:00
მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა“
ლიგა 3: ტური XXI
მერანი (მარტვილი) - გორი (გორი) 3:1 (0:0)
გოლები: 0:1 დავით კაპანაძე (48’), 1:1 გაბრიელ საღრიშვილი (60’), 2:1 ნიკოლოზ ხარაბაძე (65’), 3:1 გაგა ჩხეტიანი (72’).
მერანი: ნონოსი, კაკუშაძე (ლაღაძე 56’), ბიბილაშვილი ©, ხარაბაძე, გეგია, წოწონავა (როხვაძე 66’), გოგუაძე (საღრიშვილი 29’), ბანძელაძე, შალამბერიძე, ჯეფინიო, ჩხეტიანი.
სათადარიგო: ხვედელიძე, საღარეიშვილი, ბუხაიძე, საღრიშვილი, ენდელაძე, როხვაძე, ლაღაძე.
მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე.
გორი: გულუაშვილი, გოგიაშვილი (მაჭარაშვილი 46’), ლომიძე (ტყეშელაშვილი (69’), ელიაური, კაპანაძე, ხორხელი, სირბილაძე, ცირდავა, ხარებავა, კვანტალიანი (ნოზაძე 62’), ლომიძე ©.
სათადარიგო: ბოლოთაური, ანანიაშვილი, მაჭარაშვილი, ნოზაძე, ტყეშელაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: დავით შუბითიძე.
გაფრთხილება: გაგა ჩხეტიანი (52’), აკაკი სირბილაძე (54’), ბექა ბიბილაშვილი (78’).
მთავარი არბიტრი: ირაკლი ხერხაძე...........----.............ედემი ელერჯია
* * *

მერანი - გორი