.................................................................
* * *
.................................
* * *
ბუხაიძის პოკერი და მერანის დიდი ანგარიშით გამარჯვება: მერანი - მეშახტე 5:1
ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, კიდევ ერთი ლამაზი მატჩი აჩუქა მარტვილის მერანმა თავის ერთგულ გულშემატკივარს.
გია გიგატაძის დამოძღვრილმა გუნდმა დღეს, ლიგა 3-ში დასარჩენად მებრძოლ ტყიბულის მეშახტეს „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის არენაზე უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა მეტოქე.
ჭყონდიდელები მე-16 წუთზე უშანგი ბანძელაძემ დააწინაურა. შეტევა გიორგი გეგიამ წამოიწყო ფლანგზე, რომელმაც ცრუ მოძრაობით ორი მეტოქე ჩამოიცილა და დათა წულაიას გაატანა ბურთი, საბოლოოდ, გაბრიელ საღრიშვილის კარგი გადაცემა ბანძელაძემ დააგვირგვინა გოლით - 1:0
37-ე წუთზე სტუმართა მეკარე, ნიკა ჯოხაძე, გაბრიელ საღრიშვილის მიერ უძლიერესად დარტყმულ ბურთს კი გაუმკლავდა, თუმცა იქვე ჩასაფრებულმა გიორგი ბუხაიძემ დამატებაზე იყოჩაღა და 2:0 გახდა ანგარიში.
ტაიმის მიწურულს ტყიბულელებმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ერთი ბურთი გაქვითეს. მე- 40 წუთზე პენალტი ზუსტად ჯუმბერ ხმელიძე დაარტყა.
მეორე ნახევარში სამი გოლი გაიტანა მერანმა მეტოქე გუნდის კარში და სამივე გოლის ავტორი მეგრული გუნდის „ცხრიანი“ გიორგი ბუხაიძე გახლდათ, რომელმაც პოკერი შეასრულა მერანის რიგებში და ბომბარდირთა დავაში 14 გოლით მეორე ადგილზე დაწინაურდა.
ამ გამარჯვების შემდეგ, მარტვილის მერანს 79 ქულა დაუგროვდა. ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის შეხვედრას 22 ნოემბერს ჩოხატაურში გამართავს, სადაც ადგილობრივ ბახმაროს დაუპირისპირდება.
16 ნოემბერი. 14:00
მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა“.
ლიგა 3. ტური 34
მერანი (მარტვილი) - მეშახტე (ტყიბული) 5:1
გოლები: 1:0 უშანგი ბანძელაძე (16'), 2:0 გიორგი ბუხაიძე (37'), 2:1 ჯუმბერ ხმელიძე (40' პენ) 3:1, 4:1, 5:1 გიორგი ბუხაიძე (52',54',85').
მერანი: ნონოსი, კაკუშაძე, ბიბილაშვილი ©, ხარაბაძე, გეგია, ბუხაიძე, საღრიშვილი (ჩხეტიანი 74’), ბანძელაძე (წოწონავა 71’), შალამბერიძე, წულაია (როხვაძე 60’), ჯეფინიო.
სათადარიგო: ხვედელიძე, წოწონავა, ენდელაძე, როხვაძე, ჩხეტიანი.
მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე.
მეშახტე: ჯოხაძე, დარსაველიძე (ბრეგაძე 60’), ხმელიძე, გალახვარიძე (ხორხელი 46’), ქველიძე, გელაშვილი, ჩუბინიძე (ზამბო ზამბო 55’), ჩავჩიძე, ნაცვლიშვილი, კუაკუ, გაბუნია ©.
სათადარიგო: გეგუჩაძე, ხორხელი, ასანიძე, ზამბო ზამბო, ბრეგაძე.
მთავარი მწვრთნელი: ლევან ჯოხაძე.
გაფრთხილება: დათა წულაია (40’).
მთავარი არბიტრი: ტარიელ რუხაია ............ ედემი ელერჯია