https://web.facebook.com/fcmerani/videos/4024216030949296/
* * *
შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოვიდა, მთავარმა არბიტრმა აღნიშნულ მატჩში 3 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, იყო ხისტი თამაში და არჩათვლილი გოლიც.
პირველი თერთმეტმეტრიანი დარტყმა მე-12 წუთზე მერანის კარში დაინიშნა. პენალტი ნიკა ქორიძემ დაარტყა, თუმცა ჩინებულად ითამაშა აღნიშნულ ეპიზოდში მერანის კარის დარაჯმა. გიორგი ბეგაშვილმა ვიზავის კუთხე გამოუცნო და ბურთი მუშტებით მოიგერია.
7 წუთში უკვე საპირისპირო კარში დაინიშნა თერთმეტმეტრიანი დარტყმა. ამ შემთხვევაში მერანის მალელი ლეგიონერი, შეიკნე სილა ზუსტი იყო - 1:0.
შევარდენი 1906-მა მალე აღადგინა წონასწორობა, გიორგი ჯანიკაშვილის ჩაწოდებულ ბურთზე საჰაერო ორთაბრძოლაში მეკარეს თენგიზ ბრეგვაძემ აჯობა და ტაიმი 1:1 დასრულდა.
მეორე ნახევარში სილამ კიდევ ერთხელ ითამაშა კარგად, მეკარესთან პირისპირ გავიდა და წინ გაიყვანა მერანი, თუმცა მოგვიანებით მეოთხე არბიტრთთან კომუნიკაციის შემდეგ გოლის გატანამდე ჯარიმის დაფიქსირების გამო აღნიშნული გოლი გაუქმდა.
მარტვილელებმა მაინც მოახერხეს წინ გასვლა, მე-60 წუთზე ზვიად სიხარულია შეაჩერეს თამაშის წესების დარღვევით საკუთარ საჯარიმოში იუნკერებმა და პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა გამოცდილმა ზვიად ქანთარიამ უზადოდ შეასრულა - 1:2.
საბოლოოდ, ცოტნე მონიავას გუნდმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა.
* * *
მერანის მატჩის პარალელურად, ოდნავ მოგვიანებით დაიწყო მერანი 2-ის სადებიუტო შეხვედრა ლიგა 4-ში ხარაგაულში, მარგვეთი 2006-ის წინააღმდეგ.
უხვგოლიან მატჩში ჩვენი გუნდი ზურაბ ლატარიამ დააწინაურა მე-7 წუთზე, თუმცა ნომინალურმა მასპინძლებმა მალე გაათანაბრეს ანგარიში. მე-16 წუთზე საბა ბაღდავაძემ აღადგინა წონასწორობა.
58-ე წუთზე სტუმართაგან, დათო თოდუას მოუწია დროზე ადრე მოედნის დატოვება წითელი ბარათის გამო, თუმცა კაცნაკლული მარტვილელების სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად, მაინც მოახერხეს წინ გასვლა, გიგა კვანტალიანმა 64-ე წუთზე გაიტანა.
75-ე წუთზე კიდევ ერთხელ გაათანაბრეს მარგვეთელებმა ანგარიში, საბოლოო შედეგი ანრი ზაქარაშვილმა დააფიქსირა -2:2.
ერთი საინტერესო ფაქტიც, აღნიშნულ დაპირისპირებაში, მერანი 2-ის რიგებში დებიუტი ჰქონდა მარტვილელთა 15 წლის მეკარეს, საბა ქაჯაიას, რომელმაც მიუხედავად ანგარიშისა, კარგად წარმოაჩინა თავი და დამაჯერებლად გაისარჯა თავისი გუნდის სასარგებლოს.