ვახო გაფრინდაშვილი: ,,დინამოში“ ვერ ჩამოყალიბდნენ რა უნდათ“
OPEN MIC: კაჭარავადან კაჭარავამდე გამოცვლილი 13 მწვრთნელი. რატომ?
ვახო გაფრინდაშვილი: რომ დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ, ალბათ, პრეზიდენტის პრობლემასთან გვაქვს საქმე. ვგულისხმობ იმას, რომ ,,დინამოში“ ვერ ჩამოყალიბდნენ რა უნდათ. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ არქივში, მწვრთნელების დანიშვნის დროს ფრაზები თითქმის იდენტურია, როდესაც საუბრობენ მიზნებზე და იმ პრობლემებზე, რომლის გამოც წინა მწვრთნელი დაითხოვეს. ეს მინიმუმ არასერიოზული დამოკიდებულებაა. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ როცა საუბარია ,,დინამოზე“ უფრო მეტად უნდა იყოს ყველა ნაბიჯი გათვლილი. რომან ფიფია მოსვლის დღიდან ამბობს, რომ უნდა კონკურენტუნარიანი გუნდის გაკეთება, რომელიც აშენებული იქნება ახალგაზრდებზე, თუმცა იყო პერიოდი, როცა პირველ გუნდში არცერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო. ისინი თამაშობდნენ მეორე გუნდში, ან იყვნენ განათხოვრებულები სხვადასხვა კლუბებში. ძირითად გუნდში კი თამაშობდნენ გაურკვეველი წარმომავლობის ლეგიონერები. ,,დინამოში“ პრობლემა არა მხოლოდ მწვრთნელებშია, არამედ სპორტულ დირექტორებშიც, რომლებიც არანაკლები სიხშირით იცვლებიან და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, აისახება შედეგზე.
OPEN MIC: არის თუ არა სარწმუნო გროზნისთან დაკავშირებით არსებული ოფიციალური ვერსია?
ვახო გაფრინდაშვილი: ერთია რას ამბობს გუნდი, მეორეა რას ამბობს მთავარი მწვრთნელი, მაგრამ აქ არასერიოზული დამოკიდებულებაა მნიშვნელოვანი. გროზნი ამ გადაწყვეტილებით გაკვირვებული ვერ იქნებოდა იმიტომ, რომ მან შეკრებიდან დატოვა გუნდი. რატომ წავიდა? ე.ი. რაღაც მოხდა. მე გროზნის სერიოზულად არ ვუყურებდი. აქედან გამომდინარე, ჩემთვის მისი ჩამოყვანაც გაუგებარია და გაშვებაც.
OPEN MIC: არის თუ არა კაჭარავა გრძელვადიანი პროექტი?
ვახო გაფრინდაშვილი: არ მგონია. იყო გამოუვალი მდგომარეობა და იმიტომ დაუძახეს კაჭარავას. მე ვფიქრობ, რომ კახი კაჭარავა დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კარგი სპეციალისტია. შეგვიძლია გავიხსენოთ მისი შედეგი ,,ცხინვალთან“ ერთად. იმ დროს, როდესაც ,,დინამოს“ აქცენტი აქვს ახალგაზრდულ გუნდზე და მათ მიერ აღზრდილ ფეხბურთელებზე, კახი კაჭარავა არის საუკეთესო ვარიანტი.
OPEN MIC: მაშინ რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ გრძელვადიანი პროექტი არ არის?
ვახო გაფრინდაშვილი: ის, რომ მოვა სეზონის ბოლო და არის საფრთხე, რომ ისევ მოხდეს ცვლილებები. ფიფია შეიძლება ისევ დაარწმუნონ, რომ რომელიმე ევროტურნირის ჯგუფში მოსახვედრად საჭიროა ახალი ფეხბურთელების ან მწვრთნელის მოყვანა. დარწმუნებული ვარ, თუ კახი კაჭარავას მისცემენ დროს, დადებს შედეგს.
OPEN MIC: ,,დინამოს“ დეკლარირებულ გენერალურ ხაზს, რაც აკადემიაში აღზრდილ ფეხბურთელებზე დაყრდნობას ითვალისწინებს, ეწინააღმდეგება თუ არა მწვრთნელების ხშირი ცვლილება?
ვახო გაფრინდაშვილი: მინიმუმ ეწინააღმდეგება. არის ერთი გარემოებაც. როდესაც შენ ჩამოგყავს უცხოელი სპეციალისტი, ის ორიენტირებულია მხოლოდ შედეგზე და ნაკლებად აინტერესებს აკადემიაში რამდენი ბავშვი არსებობს და ვის უნდა მისცეს შანსი. ახლგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთა აქცენტი გია ცეცაძემ და ნახეთ რა მიიღო ,,სამტრედიამ“, გახდა ჩემპიონი. ამ გუნდში თითქმის უმრავლესობა წამყვანი ფეხბურთელებისა ,,დინამოს“ აღზრდილი იყო, მაგრამ მათ შანსი დედაქალაქურ კლუბში არ მიეცათ.
-----
Jako FM-ზე დაიდო ეს სიახლე, ბოლო პერიოდში რის თქმასაც ველოდებოდით ამდენი ხანი ბევრი ფორუმელი საჯაროდ და არავინ არ აფიქსირებდა ამ სათქმელს პირდაპირ აგერ ამ კაცმა თქვა, ეს თან ზღვაში წვეთია, მაგრამ მაინც სწორად აქვს ანალიზი გაკეთებული და სათქმელიც პირდაპირაა დაფიქსირებული, კონკრეტული და გაგებადი, აი, ასეთი მკაფიო მესიჯები გვინდა რაც შეიძლება მეტი და მეტი! და არა ისინი, ვინც ფიფიასგან წმინდა ხატს ქმნიან და ისევ საკუთარ თავს, გუნდს და ფიფიას ღუპავენ ამით!
გული მოვიფხანეო თუ რაღაც როა, აი, ეგ შეგრძნება გამიჩნდა რო წავიკითხე

იმედია მიაღწევს რომან ფიფიას ყურებამდეც