გავაგოროთ დანიური ბურთი: ეროვნული ლიგის ოფიციალური ბურთი 'Select'-ი იქნება
„ადიდასთან“ ორწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ პარტნიორი შეცვალა და ეროვნული ლიგის ოფიციალური ბურთი „Select“-ით ჩაანაცვლა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეროვნულ ლიგას საკუთარი, ექსკლუზიური ბურთი ექნება, რაც ჩვენი ლიგის დაარსების შემდეგ პირველი პრეცედენტია.
გასულ 2 სეზონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია „ადიდასის“ ბურთებს ყიდულობდა და შემდეგ ჩვენს კლუბებს ურიგებდა, გერმანული პროდუქციით კი ყველა კმაყოფილი იყო. ახლა იგივე „ Select“-ის შემთხვევაში მოხდება.
ბურთს დანიური სპორტული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია ამზადებს, რომელიც 1947 წელს კოპენჰაგებში დანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ეიგილ ნილსენმა დააარსა. თუმცა პროდუქცია პაკისტანში მზადდება, ისევე როგორც „ადიდასის“ ბურთები. დანიური ბურთები ხელბურთში უდავო ლიდერია და ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ბურთია. ცხადია, ფეხბურთში ასეთივე წარმატებული არ არის, მაგრამ საკმაოდ გავრცელებულია.
2008 წლიდან, Select-ი ბურთებით ამარაგებს დანიის საფეხბურთო ასოციაციას, ასევე დანიის, ბელგიის, რუსეთის, ფინეთის, ისლანდიის, ნორვეგიის, შვედეთის, უკრაინისა და ამერიკის ლიგებსა და კლუბებს.
ზუსტი მიზეზი უცნობია, თუ რატომ ჩაანაცვლა პოპულარული გერმანული პროდუქცია დანიური კომპანიის ბურთმა. „ადიდასის“ ხარისხზე პრეტენზია არ ყოფილა და ეს გამორიცხულიც იყო - გერმანელები მსოფლიოში საუკეთესო ბურთებს ამზადებენ, რომელსაც ყველაზე მაღალი დონის ტურნირებზე იყენებენ.
შესაძლოა, აქ გადამწყვეტ როლს ეკონომიის ფაქტორი ასრულებს. ახალი სეზონიდან ეროვნული ლიგის და ლიგა 2-ის გუნდებს საბაზისო დაფინანსება შეუმცირდებათ და ახლა გუნდები თითოეულ თეთრს კიდევ უფრო მეტად უფრთხილდებიან, ვიდრე აქამდე. Select-ის ბურთები კი საკმაოდ ხარისხიანია და მას დასაწუნი არაფერი აქვს.
http://lelo.ge/article/%E1%83%92%E1%83%90%...%E1%83%90-11623
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)