წყალტუბოში დიდი ამბებია! სამგურალის ინვესტორის შორსმიმავალი გეგმები
დღეს, როცაქართული კლუბების დაფინანსების მსურველი ბიზნესმენები სანთლით საძებარია, ლიგა 3-ის ბინადარ წყალტუბოს "სამგურალს" შუა სეზონში ინვესტორი გამოუჩნდა. იმერულ კლუბს წარმატებული ქართველი ბიზნესმენი მიხეილ იაშვილი აფინანსებს და "სამგურალთან" ერთადშორსმიმავალი გეგმებიც აქვს.
ამჟამად, წყალტუბოელები ლიგა 3-ში მე-4 ადგილზე არიან, მაგრამ ჩემპიონატის განახლებამდე გუნდი 12 ახალი ფეხბურთელით გაძლიერდა და ერთი რანგით მაღლა, ეროვნულ ლიგა 2-ში დაბრუნებას გეგმავს.
"სამგურალის" რიგებში ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები მივიდნენ როგორებიც არიანბექა ტუღუში და ლაშა კუჭუხიძე. ორიოდე წლის წინ ისინი "ტორპედოსთან" ერთად ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ. გამოცდილება არ აკლიათ კახაბერ მეშველიანს, თენგიზ ბრეგვაძეს, ნიკა აფხაზავას, გიგა ამბროლაძეს, ბექა კაკუშაძეს...
მათ გვერდით კი ბევრი ახალგაზრდა, პერსპექტიული ახალგაზრდა ასპარეზობს. გუნდში ინვესტორის მოსვლა და შემადგენლობის გაძლიერება შედეგზეც აისახა. "სამგურალმა"ჩემპიონატის მეორე ეტაპი შესანიშნავად დაიწყო - ჯერ "გორი" დაამარცხა 2:0, წინა ტურში კი გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ მარტვილის "მერანსაც" "მშრალად" მოუგო - 2:0. წარმატებულმა თამაშმა გულშემატკივრები სტადიონზე დააბრუნა - "მერანთან" მატჩში 26 მაისის სახელობის სტადიონის ორივე ტრიბუნა ბოლომდე გაივსო...
როგორც "სამგურალის" მფლობელი აცხადებს, მოკლევადიან გეგმას გუნდის ეროვნულ ლიგა 2-ში დაბრუნება წარმოადგენს, შემდეგი მიზანი კი "სამგურალის" კიდევ უფრო გაძლიერება და ქართულ საფეხბურთო "ელიტაში" გარევა იქნება, პლუს ამას წყალტუბოში თანამედროვე საფეხბურთო აკადემიის გახსნა იგეგმება, რომელიც ახალ თაობას აღზრდის.
ამ და სხვა თემებზე "სამგურალის" ინვესტორმა "ლელოსთან" ინტერვიუში ილაპარაკა:
- თავდაპირველად თქვენზე მოგვიყევით. გააცანით თავი ფეხბურთის გულშემატკივარს - რომელ სფეროში მოღვაწეობთ და აქამდე ფეხბურთთან თუ გქონიათ შეხება?
- ჩემი ძირითადი საქმიანობის სფერო ტრანსპორტი და ლოჯისტიკაა, ამ ბიზნესში დაახლოებით 23-წლიანი გამოცდილება მაქვს. მართალია, ფეხბურთთან, ასე ვთქვათ, პირდაპირი შეხება არ მქონია, მაგრამ სპორტის ეს სახეობა ძალიან მიყვარს, ვგულშემატკივრობ ქართულ ფეხბურთს, მიხარია მისი წარმატებები და ძალიან განვიცდი წარუმატებლობას... შესაბამისად, ამ და სხვა ფაქტორებმა განაპირობეს ის, რომ დღეს წყალტუბოს "სამგურალს" ფინანსურად გვერდში ვუდგავარ.
- დღეს ინვესტორის მოძიება ეროვნული ლიგის კლუბებს უჭირთ, თქვენ კი ლიგა 3-ში მოასპარეზე კლუბის პატრონობა გადაწყვიტეთ. საინტერესოა, რამ განაპირობა "სამგურალის" მიმართ თქვენი დაინტერესება და ამ კლუბში ინვესტიციის ჩადება?
- ბევრმა ფაქტორმა იქონია გავლენა. წყალტუბო და საერთოდ ეს რაიონი სპორტული მხარეა. აქ სხვადასხვა დროს ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი აღიზარდა და ტრადიცია დღესაც გრძელდება. მიმაჩნია, რომ ჩვენს რეგიონს დიდი პოტენციალი აქვს საიმისოდ, რომ აქ ფეხბურთი უფრო მაღალ დონეზე იყოს განვითარებული.
მეორე ფაქტორი, რამაც "სამგურალში" თანხის ჩადება გადამაწყვეტინა, აქ არსებული კარგი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და კლუბის ხელმძღვანელობაა - ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მუხლჩაუხრელად შრომობენ "სამგურალის" აღორძინებისთვის. ადმინისტრაციის თანამშრომლები, რომლებიც წყალტუბოში წლების განმავლობაში მუშაობდნენ მთლიანად შევინარჩუნეთ და ამ გამოცდილი კადრებით ვაპირებთ ჩვენი მიზნების განხორციელებას.
- კლუბში გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები მოხდა, "სამგურალს" ჰყავს პრეზიდენტი და ახალი გენერალური დირექტორი...
- ჯერ ოფიციალურად კლუბის პრეზიდენტი არ გახლავართ. ამისთვის გარკვეული პროცედურებია საჭირო. თუმცა ეს ხელს არ მიშლის, რომ ვიყო გუნდის გულშემატკივარი და დამფინანსებელი. "სამგურალს" ახალი გენერალური დირექტორი თედო ფესტვენიძე ხელმძღვანელობს, რომელსაც აქამდე სპორტული დირექტორის პოსტი ეკავა.
რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, როცა გუნდი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იყო, იურიდიულ ფორმად არასამეწარმეო, არაკომერციული, იურიდიული პირი იყო არჩეული. ჩვენ კლუბი "შპს-დ" დავარეგისტრირეთ. პოსტი დატოვა "სამგურალის" დირექტორმა, ბატონმა ზაზა სოფრომაძემ, რომელსაც მადლობა მინდა გადავუხადო გაწეული სამუშაოებისთვის. იმ პირობებში, რა ფინანსური შესაძლებლობებიც კლუბს ჰქონდა, მან მაქსიმუმი გააკეთა.
- რა რაოდენობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავთ კლუბში და რა არის თქვენი მიზნები?
- ჩვენ გვაქვს ორი ამოცანა, პირველი მოკლევადიანია, ხოლო მეორე - შორსმიმავალი. პირველ რიგში, მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ მოვხვდეთ ლიგა 3-ის სამეულში და პლეი ოფის საშუალებით დავბრუნდეთ ეროვნულ ლიგა 2-ში. ამისთვის ჩვენ დიდი სამუშაო ჩავატარეთ. დავიმატეთ გამოცდილი ფეხბურთელები, გუნდი თითქმის მთლიანად გადავახალისეთ და ანგარიშგასაწევ ძალად ვაქციეთ.
ამ ყველაფერში საკმაოდ სოლიდური თანხები დაიხარჯა, რაც შეეხება შორს მიმავალ გეგმებს, რა თქმა უნდა ჩვენ არ დავკმაყოფილდებით მხოლოდ რანგით მაღალ ლიგაში გადასვლას, ჩვენი საბოლოო მიზანი ეროვნულ ლიგაში დამკვიდრება და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაა. წლეულს დავიწყეთ გარკვეული მონახაზის გაკეთება თუ რა რაოდენობის ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ მიზნის მისაღწევად. კლუბის გაძლიერებასთან ერთად, ბავშვთა ფეხბურთში თუ არ ჩავდეთ თანხები და ახალგაზრდა თაობა არ აღვზარდეთ, ძალიან გაგვიჭირდება სტაბილურად კარგი შედეგების მიღწევა.
ამ რეგიონში დიდი პოტენციალია, ჩვენი მიზანია მოვიძიოთ ნიჭიერი ბავშვები, გავაკეთოთ თანამედროვე საფეხბურთო აკადემია, აღვზარდოთ კარგი ფეხბურთელები, განვუსაზღვროთ მათ სწორი მიმართულება და ვათამაშოთ ჩვენს ძირითად გუნდში, საიდანაც გაეხსნებათ გზა დიდი ფეხბურთისკენ. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა.
- "სამგურალი" ამ ეტაპზე ლიგა 3-ში მე-4 ადგილზეა. როგორ ფიქრობთ, რთული არ იქნება სამეულში შესვლა და რანგით მაღალი ლიგისთვის ბრძოლა?
- "სამგურალში" ჩემი აქტიური ჩართვა იმ დროს მოხდა, როცა ჩემპიონატის პირველი ეტაპი მთავრდებოდა. მეორე წრის დასრულების შემდეგ მე-4 ადგილზე ვიყავით და უახლოესი კონკურენტი 6 ქულით გვისწრებდა. აუცილებელი იყო გუნდის გაძლიერება. მოგეხსენებათ, სეზონის შუაში ძალიან ჭირს გუნდის დაკომპლექტება. ფეხბურთელებს კლუბებთან კონტრაქტები აკავშირებთ და არჩევანში საკმაოდ შეზღუდულები ვიყავით, მაგრამ გუნდის ადმინისტრაციასთან ერთად დიდი სამუშაო გავწიეთ და საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურთელებით გავძლიერდით.
კარგი, ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოვაყალიბეთ, ყველა პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი გვყავს, გუნდში ჯანსაღი კონკურენციაა და შესაბამისად, ფეხბურთელებს დიდი მოტივაცია აქვთ. მოსამზადებელი პერიოდიც ნაყოფიერად გავიარეთ. ამხანაგური მატჩები შეგნებულად საქართველოს ჩემპიონატის ლიდერებთან გავმართეთ, რომ ჩვენი სუსტი მხარეები დაგვენახა და მათ გამოსასწორებლად გვემუშავა. ლიგა 3-ის მეორე ეტაპის სტარტზე გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ზედიზედ ორი მატჩი მოვიგეთ. იმედი მაქვს, კარგად დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.
დარწმუნებული ვარ - ბიჭები, რომლებიც ჩვენი კლუბის ღირსებას იცავენ, მაქსიმუმს გააკეთებენ და წლეულსვე შევძლებთ რანგით მაღალ ლიგაში აღზევებას. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, შემდეგ უკვე გაცილებით დიდ მიზნებზე უნდა ვიფიქროთ - 2021 წელს ვითამაშოთ ეროვნულ ლიგაში, იქ სადაც ჩვენი ადგილია! ვფიქრობ, ეს მიღწევადი ამოცანაა!
- ამ მიზნების განხორციელება საკმაოდ დიდ ფინანსებთან ინება დაკავშირებული. ამ ყველაფერს მხოლოდ თქვენი ფინანსებით გეგმავთ თუ კლუბს სხვა სპონსორებიც ეყოლება?
- თუ ყველაფერი კარგად დამთავრდა, ის მინიმალური გეგმა შევასრულეთ, რაც გულისხმობს "სამგურალის" ეროვნულ ლიგა 2-ში გადაყვანას, ამის შემდეგ ხელმძღვანელობას და სამწვრთნელო შტაბს სხვა ამოცანები ექნებათ. გუნდის დასაკომპლექტებლად მეტი სამუშაო და გაცილებით დიდი ფინანსები იქნება საჭირო.
პირველ რიგში ჩვენ ჩვენი თავის იმედად ვართ, მაგრამ თუ რომელიმე კომპანია დაინახავს, რომ კლუბი ვითარდება სწორი მიმართულებით, დაინახავს მასში პერსპექტივას და მის განვითარებაში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს, რა თქმა უნდა, სპონსორობაზე უარს არავის ვეტყვით, მაგრამ, საბაზისო დაფინანსება იქნება ჩემგან. დღეს იმ პოზიციიდან, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, რთულია ფინანსების მოზიდვა, ხოლო როცა გუნდი განვითარდება, მაღალ შედეგებს აჩვენებს და ბრენდი გახდება, მაშინ სპონსორობის მსურველი კომპანიებიც გამოჩნდებიან.
- "სამგურალით" თქვენი დაინტერესების ერთ-ერთ ფაქტორად კარგი ინფრასტრუქტურა დაასახელეთ. გასულ წელს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი მერიის ერთობლივი პროექტით წყალტუბოში სტადიონის რეაბილიტაცია განხორციელდა, დაიგო ახალი მოედანი, დამონტაჟდა ინდივიდუალური სკამები... თუმცა, სტადიონისთვის საბოლოო იერსახის მისაცემად სამუშაოები კიდევ არის ჩასატარებელი. იგეგმება თუ არა რეაბილიტაციის მეორე ეტაპი?
- მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში საკმაოდ კარგი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა დაგვხვდა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქის ხელმძღვანელობას და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. მათი მონდომების შედეგად, დღეს "სამგურალს" გააჩნია როგორც ხელოვნურსაფარიანი, ისე, კარგი ბუნებრივსაფარიანი მოედანი, რომელსაც დღესაც ქალაქის ხელმძღვანელობა უვლის.
რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია სტადიონის რეაბილიტაციის მეორე ეტაპიც განხორციელდეს და უახლოეს პერიოდში დასრულდეს მთლიანი რეკონტრუქცია. ეს საკმაოდ ძვირად ღირებული პროექტია და ვფიქრობ, ამ საქმეში ყველა მხარე უნდა ჩაერთოს - როგორც ქალაქის ხელმძღვანელობა, ისე ცენტრალური მთავრობა, მუნიციპალური განვითარების ფონდი... სტადიონი მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ანუ ტურისტულ ზონაში, წარმოადგენს ქალაქის იერსახეს და მისი კეთილმოწყობა ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს.
ჩვენ ამ საკითხს დავაყენებთ ცენტრალურ მთავრობასთან, ძირითადი სამუშაოები პრაქტიკულად უკვე შესრულებულია და იმედი გვაქს, რომ სტადიონის სრული რეაბილიტაციის საკითხიც დადებითად გადაწყდება.
http://lelo.ge/article/%E1%83%AC%E1%83%A7%...%E1%83%98-16598