[EXCLUSIVE] ფრან კაბრია: დინამოში ტიტულების მოსაგებად მოვედი!.. ენობრივი ბარიერის მიუხედავად, თავი საკუთარ სახლში მგონია...
საქართველოს ჩემპიონატის დამფასებელს "შემთხვევითი" ლეგიონერებით ვერ გააკვირვებ. ჩვენ აქ ლამის ყველანაირი გაქანების უცხოელი გვინახავს. იყო ხოლმე შემთხვევები, როცა საქართველოში ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოსული ლეგიონერები "კარიერას" ბენზინგასამართ სადგურზე ოპერატორად მუშაობით, ან სასტუმროს შვეიცარობით ამთავრებდნენ ხოლმე. ღმერთმა დაგვიფაროს, ამ პროფესიებს რამეს ვუწუნებდეთ, პირიქით, არანაირი შრომა სათაკილო არ არის, უბრალოდ, ეს საქმიანობა ფეხბურთთან მაინცდამაინც ახლოს არ არის...
"დინამოს" ახალწვეული ფრან კაბრია კი ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ სხვა გაქანების მოთამაშეა. წლების განმავლობაში არაერთი მატჩი ჩაატარა ესპანურ სეგუნდა დივიზიონში და ბოლო დროს "რეუს დეპორტიუსთვისაც" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახლდათ.
"თელავთან" ამხანაგურ მატჩში (1:1) კაბრიამ უკვე ჩაიცვა "დინამოს" მაისურა და თვითმხილველები ამბობენ, ავ თვალს არ ენახვებოდა, ისე ითამაშაო.
"ლელო" კაბრიას დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა...
- რა იცით თბილისის "დინამოს" შესახებ?
- "დინამო" ყველაზე ტიტულოვანი და დიდი კლუბია საქართველოში. ვიცი, რომ რამდენიმე სეზონია, ქვეყნის ჩემპიონობა არ მოუგია... ასევე ვიცი, რომ "დინამოს" აქვს ძალიან მდიდარი ისტორია.
- რატომ აირჩიეთ "დინამო" და გქონდათ თუ არა სხვა შეთავაზებები?
- ამ კლუბში მოხვედრა დიდ შესაძლებლობებს მიხსნის. აქ ტიტულების მოსაგებად ჩამოვედი. ასევე მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი გამოწვევაა უცხო ქვეყანაში თამაში.
- როგორია პირველი ქართული შთაბეჭდილებები?
- ბაზასთან მიახლოებისას უკვე ეტყობა, რომ "დინამო" დიდი კლუბია. ეს არის კლუბი, სადაც ყველა განვითარებას ცდილობს. ამას საკუთარი თვალით ვხედავ. ეს არის კლუბი საუკეთესო სავარჯიშო პირობებით და ძალიან მეგობრული სტაფით.
- ახალ კლუბში ადაპტაციის პროცესი როგორ მიდის?
- მიუხედავად ენობრივი ბარიერისა, პარტნიორები, ტექნიკური სტაფი, ბაზის თანამშრომლები და კლუბის პერსონალი თავს ისე მაგრძნობინებს, როგორც საკუთარ სახლში. ამის გამო მოხარული და მადლობელი ვარ.
- რა მიზნები გაქვთ "დინამოსთან" ერთად?
- ამ კლუბში მიზნები მხოლოდ უმაღლესია. უნდა მოვიგოთ ყველა ადგილობრივი ტიტული და ევროთასებზეც მაქსიმალურად შორს გავიდეთ.
http://lelo.ge/article/exclusive-%E1%83%A4...%E1%83%90-11452