დიდი ცვლილებები ქუთაისში. ახალწვეულები უკრაინიდან, იტალიიდან... ჩხეტიანს თუ აცლიან მუშაობას...
ქუთაისის "ტორპედომ" წყალტუბოში "სამგურალთან" საკონტროლო მატჩი გამართა და 3:1 დაამარცხა. გამარჯვებულთაგან დუბლი გაიფორმა დავით იონანიძემ, ერთი გოლიც თორნიკე კაპანაძის ანგარიშზეა...
ჯერ იმას ვიტყვით, რომ ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ვარჯიში განაახლა ნიკოლა სტიეპოვიჩმა. ჩერნოგორიელი მცველი კი გუნდისთვის საკმაოდ დიდი ძალაა.
"ტორპედოს" შემადგენლობაში რამდენიმე ახალწვეულმა ითამაშა. კახა ჩხეტიანმა საკმაოდ საინტერესო ტრანსფერები განახორციელა. გუნდს ლევან შოვნაძე, გიორგი კიკნაძე, ლუკა კობერიძე, რაფაელ ჩუკვურა და ნიკა ქორიძე გააძლიერებენ.
შესაძლოა, ეს სახელები ბევრს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ თითოეული მათგანი უდავოდ საინტერესო ფიგურაა და თუ ჩხეტიანს საშუალებას მიეცემა, გუნდს აუცილებლად ფეხზე დააყენებს.
მაგალითად, 21 წლის მეკარე შოვნაძე "ტორპედოს" ბათუმის "დინამოდან" შეუერთდა. ის ეროვნულ ლიგაშია ნათამაშები, თავი კარგადაც გამოავლინა და ერთი ხანობა სიმბოლურებშიც ხვდებოდა. შოვნაძესა და ბათუმის "დინამოს" (სადაც 2015 წლიდან ირიცხებოდა) შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
კიკნაძე, რომელიც ამპლუით ნახევარმცველია, "ტორპედოში" "ცხინვალიდან" გადავიდა. მანამდე (2018 წლამდე) 6 წელი თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა და საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტადაც ითვლებოდა. სხვათა შორის, მისი დამსახურებაა, "ლოკომოტივი" ეროვნულ ლიგაში რომ დაბრუნდა - "რუსთავთან" გადასასვლელ შეხვედრაში 18 წლის ბიჭმა, როგორც იტყვიან, "იფრინა". მისი კარიერა ისე ვერ წარიმართა, როგორც წარმოგვედგინა, მაგრამ ჯერ 21 წლისაა და კიდევ აქვს შანსი, ნიჭი გამოიყენოს.
გუნდში საშემოდგომო ეტაპზე უცხოეთიდან ჩასულ ორ ქართველსაც ვიხილავთ - პირველი მათგანი ლუკა კობერიძეა, რომლის ბოლო კლუბი უკრაინული "მეტალისტი" იყო. 24 წლის ნახევარმცველი 2015 წლიდან სწორედ უკრაინაში თამაშობდა - ჯერ იყო ჩერნიგოვის "დესნაში", შემდეგ დონეცკის "ოლიმპიკი" და ბოლოს - "მეტალისტში".
24 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ნიკა ქორიძე კი "ტორპედომ" "გაგრადან" დაიმატა, მანამდე ის კარგა ხანს იტალიურ "რეჯანაში" თამაშობდა. იყო საქართველოს 17 და 19-წლამელთა ნაკრებების წევრი.
27 წლის რაფაელ ჩუკვურა თბილისის "მერანში" (სადაც 16 მატჩში 5 გოლი გაიტანა) წელს "რუსთავიდან" გადავიდა. აღსანიშნავია, რომ ნიგერიელი უნივერსალი (მცველადაც თამაშობს და ნახევარმცველადაც) საქართველოში 2013 წლიდან თამაშობს. მისი პირველი ქართული გუნდი ხარაგაულის "ჩხერიმელა" იყო, თამაშობდა მარტვილის "მერანში", გურჯაანის "ალაზანსა" და "ზუგდიდშიც". ჩუკვურა ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ლიგა 2-ის პირველი წრის სიმბოლური გუნდში დაასახელა და წრის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარა.
ამას გარდა, ჩხეტიანმა დუბლებიდან 19 წლის ზურაბ ბაქრაძე დააწინაურა. ბაქრაძე "საბურთალოს", "დინამოსა" და "ლოკომოტივის" აკადემიებში იზრდებოდა, ქუთაისის "ტორპედოში" კი წელს მიიწვიეს. 19 წლის მცველი გიორგი ნემსაძის დროს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლდათ.
აქვე ვიტყვით ცნობილი ამბის უცნობ დეტალზე: 4 აგვისტოს "საბურთალოსა" და "ტორპედოს" შორის გასამართავი მატჩი რომ გადაიდო, არახალია. მიზეზი საქართველოს ჩემპიონის ევროტურნირებზე ასპარეზობაა. რთული კალენდრის გამო, "საბურთალომ" "ტორპედოს" მატჩის გადადების თხოვნით მიმართა. "ტორპედოს" უარის თქმა შეეძლო, მაგრამ თბილისელთა თხოვნა გაითვალისწინა და მატჩის გადადებაზე დათანხმდა, ოფიციალურ გვერდზე კი "საბურთალოს" ევროტურნირებზე წარმატებები უსურვა...
http://lelo.ge/article/%E1%83%93%E1%83%98%...%E1%83%A1-16201