ვინ არის მინისტრი, რომლის კომპანიებმაც ათუელობით მილიონის სახელმწიფო კონტრაქტები გააფორმეს
2016-10-31 15:45:40 5239
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის და/ან მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ კომპანიებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ათეულობით მილიონი ლარის ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული.
საუბარია, კერძოდ, „იბერია ავტოზე“, „იბერია ავტო ცენტრზე“, „იბერია ავტო ჰაუსზე“, „იბერია ბიზნეს ჯგუფზე“, „იბერია ინვესტზე“, „იბერია სერვისზე“. ამ კონტრაქტების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზეც არის განთავსებული.
ხსენებულ კომპანიებში მოქმედი მინისტრი და მისი მეუღლე, ქ-ნი ეკატერინე ინასარიძე წარმოდგენილები არიან სხვადასხვა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებთან ერთად, სხვადასხვა პროცენტული მონაწილეობით, დაწყებული 25%-იდან 100%-მდე.
უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლის ივლისიდან ტარიელ ხეჩიკაშვილისა და მისი მეუღლის კომპანიებში, თითქმის ყველგან ჩნდება შპს „სპორტ ინვესტი“, რომლის დამფუძნებლები, თავის მხრივ, მინისტრის მეუღლე ეკატერინე ინასარიძე (33%), მადონა თამაზაშვილი (33%) და თამარ გვაზავა გახლავთ.
მათ მიერ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან უტენდეროდ თუ გამარტივებული ტენდერების საფუძველზე (რომელშიც მხოლოდ ეს კომპანიები მონაწილეობდნენ) ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულებებია გაფორმებული.
როგორც ვხედავთ, შპს „იბერია ავტო ცენტრთან» გაფორმებულია 8 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება. ამ კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი დღემდე მოქმედი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილია, რომელსაც წილის მმართველად დანიშნული ჰყავს ძმა - ავთანდილ ხეჩიკაშვილი.
აქვეა 8,5 მილიონ ლარზე გაფორმებული ხელშეკრულება შპს „იბერია სერვისთან“. აღნიშნული კომპანიის დამფუძნებლები ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად "სპორტ ინვესტი" და "იბერია ინვესტი"არიან, მათი წილის მფლობელები კი, საბოლოო ჯამში, - კვლავ ტარიელ ხეჩიკაშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე ინასარიძე მადონა თამაზაშვილთან და თამარ გვაზავასთან ერთად. თამარ გვაზავა თავის მხრივ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან გვაზავას ყოფილი მეუღლეა.
ვალდებულები ვართ, აღვნიშნოთ, რომ ტარიელ ხეჩიკაშვილი სამინისტროში ხელფასს არ იღებს.
როგორც „აქცენტთან“ საუბრისას ა/ო შესყიდვების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბაჯელიძემ განაცხადა, „როდესაც მინისტრი და/ან მისი მეუღლე კომპანიის დამფუძნებელია, ეს ავტომატურად იწვევს ლოგიკურ კითხვებს“.
„ჩნდება კითხვები ჩატარებული ტენდერების სამართლიანობაზე, იმაზეც, პირდაპირი (უტენდერო) შესყიდვების დროს რატომ შეირჩა მაინცდამაინც ეს კომპანიები. არის კიდევ ერთი საყურადღებო მომენტი, რატომ ჩნდებიან ამ კომპანიაში ახალი დამფუძნებლები 2013 წლის ივლისში და როგორ არიან დაკავშირებული ახალი დამფუძნებლები, მადონა თამაზაშვილი და თამარ გვაზავა კომპანიებთან.იმედია, სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდებიან ამ ხელშეკრულებების კანონიერებით და იმით, აქვთ თუ არა მოქმედ მინისტრს ან მის მეუღლეს უფლება, იყვნენ ერთ–ერთ მთავარ დამფუძნებლად მოქმედ კომპანიებში, თანაც - იმ დროს, როდესაც ეს კომპანიები დებენ ხელშეკრულებებს სახელმწიფო უწყებებთან და ფინანსდებიან საქართველოს ბიუჯეტიდან. 2014 წლის 2 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ გააფორმა ხელშეკრულება შპს „ჯითი მოტორსთან“, რითაც ფაქტობრივად, მოხდა საპატრულო ეკიპაჟების მთლიანად ამერიკულ „ფორდებზე“ გადაყვანა. თუმცა მოგვიანებით, 2016 წლის 5 მაისს შსს–მ 8 მილიონ 46 ათას 334 ათასი ლარის ხელშეკრულება გააფორმა ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიასთან და საპატრულო პოლიცია, რომელიც „ფორდის“ მარკის ავტომობილებით იყო უზრუმველყოფილი, ისევ „შკოდა ოქტავიას“ დაუბრუნდა. ეს მას შემდეგ ხდება, რაც ხეჩიკაშვილი მინისტრად ინიშნება. ამ ტენდერებში, ავტომანქანების სპეციფიკაციები, დამზადების და მოწოდების ვადები, ისე იყო მოთხოვნილი, რომ პრაქტიკულად, არცერთ სხვა კომპანიას, გარდა ხეჩიკაშვილის კომპანიებისა, არ ჰქონდათ გამარჯვების შანსი. ჩნდება კითხვები, რატომ იღებენ ამხელა დაფინანსებებს მაინცდამაინც მინისტრის ოჯახის წევრების მიერ დაფუძნებული კომპანიები და რატომ აყენებენ სხვა კომპანიებს მათთან არათანაბარ პირობებში?» – განუცხადა „აქცენტს“ ბაჯელიძემ.
სააგენტო "აქცენტი" უახლოეს მომავალში მოგაწვდით ინფორმაციას, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ 200 მილიონი ლარის სამშენებლო კონტრაქტების გადანაწილებასთან დაკავშირებით.
ეს ხეჩიკა არის საბურთალოს პრეზიდენტი

)) რა გიკვირთ ? მამალი ქოცია ჩაწყობა არ გაუჭირდებოდა