https://www.crystalsport.ge/news/27491?fbcl...48cNxTeL2PkJK_Qეს ნახეთ აბა
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს 5 ფეხბურთელი გამოაკლდა - მათგან 3 ძირითადის კაცია
ჩრდილოეთ მაკედონიური გამოცემების - Macedonian Football-ისა და gol.mk-ის ინფორმაციით, ჩვენი ხვალინდელი მეტოქის ბანაკში რამდენიმე მნიშვნელოვანი და ჩვენთვის სასიამოვნო სიახლეა.
წყაროს მიხედვით, ზაგრების „დინამოს“ საყრდენ არიიან ადემის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ არადამაკმაყოფილებელია და მისი მოედანზე გასვლის შანსი მიზერულზე მიზერულია. სავარაუდოდ, ადემი თბილისში მაინც ჩამოვა და მისი მოედანზე გასვლის საკითხი უშუალოდ თამაშის დაწყებამდე გადაწყდება. ამის გამო იგორ ანგელოვსკიმ შეკრებაზე „შკენდიას“ ნახევარმცველი ენნურ ტოტრე გამოიძახა.
გუშინ საღამოს, Macedonian Football-ი წერდა, რომ უნგრული „უიპეშტის“ 30 წლის უკანახაზელი კირე რისტევსკი კორონავირუსისგან განიკურნა და გუნდის საწვრთნელ პროცესს შეუერთდებოდა. თუმცა, ბოლო ინფორმაციით, მისმა ხელახალმა ტესტმა ისევ დადებითი პასუხი აჩვენა და გამოცდილი მცველის ხვალინდელ მატჩში მონაწილეობა საბოლოოდ გამოირიცხა.
არახალია, რომ იმავე კორონავირუსით დაინფიცირების გამო ჩვენს მეტოქეს სათადარიგო მეკარე, დანიელ ბოჟინოვსკი გამოაკლდა. ჩრდილოეთ მაკედონიური პრესის ცნობით, მას ნაკრების არც ერთ ფეხბურთელთან პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონია.
Covid-19-ზე მიღებული დადებითი პასუხის გამო ისტორიულ შეხვედრას კრსტე ველკოსკიც გამოტოვებს. ბოსნიური "სარაევოს" მოთამაშე თვითიზოლაციაში გადაინაცვლებს. აღნიშნულ ცნობას gol.mk ავრცელებს.
დღეს დილით გავრცელდა კიდევ ერთი, ჩვენთვის კარგი, ამბავი, რომლის მიხედვითაც ჩრდილო მაკედონიელთა ერთ-ერთი ლიდერის, ენის ბარდი მოედანზე გასვლა გამორიცხულად უნდა მივიჩნიოთ. იმავე gol.mk-ის ცნობით, ესპანური "ლევანტეს" შემტევმა გუშინდელ ვარჯიშზე ზურგის ტრავმა მიიღო და საქართველოსთან თამაშის გარდა, ესტონეთთან და სომხეთთან შეხვედრებსაც გამოტოვებს.
ასე რომ, უკვე თითქმის დაზუსტებით ვიცით, რომ ჩვენს მეტოქეს 12 ნოემბრის მატჩში ძირითადი შემადგენლობის 3 წევრი არ ეყოლება: საყრდენი ნახევარმცველი არიიან ადემი (ზაგრების "დინამო"; 17 მატჩი ნაკრებში); ცენტრალური მცველი კირე რისტევსკი (უნგრული "უიპეშტი"; 42 მატჩი ნაკრებში) და შემტევი ნახევარმცველი ენის ბარდი (ესპანური "ლევანტე"; 31 მატჩი ნაკრებში). რაც შეეხება 32 წლის თავდამსხმელ ველკოსკის, რომელსაც 14 "კეპი" აქვს, ის ნაკრების სასტარტოს წევრად არ მოიაზრება და უფრო მეტად შეცვლებზე თამაშობს ხოლმე. სათადარიგო მეკარე ბოჟინოვსკის დაინფიცირების შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ. ის ძირითადში არც განიხილებოდა.
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის თამაში ხვალ, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“, 21:00 საათიდან დაიწყება. მატჩს გამოცდილი ინგლისელი ენტონი ტეილორი იმსაჯებს.