[მეტოქე] სტარტერებისა და გენერატორების ქარხნიდან!.. ბატე არის ყოფილი გრანდი, რომელიც პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ დასუსტდა, მაგრამ...
ბატე 1974 წელს დაფუძნდა, მაგრამ სახელი და დიდება ანატოლი კაპსკიმ მოუტანა, რომელიც კლუბს 1996 წლიდან აფინანსებდა. ის იყო ბორისოვოს საავტომობილო და ტრაქტორების ელექტრომოწყობილობების ქარხნის (ბატე - აბრევიატურაა) დირექტორი.
ეს არის ბელორუსის სპეციალიზებული საწარმო, რომელიც სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანების, ასევე ავტობუსების, სოფლის მეურნეობისა და სპეციალური აღჭურვილობებისთვის საჭირო ძრავებს, სტარტერებსა და გენერატორებს აწარმოებს. ბატე ბორისოვოს უდიდესი სამრეწველო ობიექტია, სადაც ქალაქში მაცხოვრებელი 140 ათასი ადამიანიდან დასაქმებულია დაახლოებით - 4 000.
ბიზნესის ნიჭთან ერთად, კაპსკის კონკურენტუნარიანი გუნდის ფორმირების უნარიც აღმოაჩნდა და აღმოსავლეთ ევროპაში სამაგალითო კლუბის სტრუქტურაც შექმნა. ჩემპიონობის ტიტულებით (15) ბატე დამოუკიდებელი ბელარუსის რეკორდსმენია - გუნდმა ოქროს მედლები 1999, 2002, 2006, 2007, 2008, 2009, 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2017 და 2018 წლებში მოიპოვა.
ასევე რეკორდსმენია სათასო ტრიუმფებით - ეს საპატიო ჯილდო ბატემ 5-ჯერ (2005/06, 2009/10, 2014/15, 2019/20, 2020/21) მოიპოვა, მათ შორის, წელსაც. გუნდს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ბელარუსის სუპერთასზეც, რომლის მფლობელიც 7-ჯერ (2010, 2011, 2013, 2014, 2015, 2016, 2017) გახდა.
ბატე-მ, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს მხოლოდ ბელარუსის პირველობაზე გამოდიოდა, 5-ჯერ (2008/09, 2011/12, 2012/13, 2014/15, 2015/16) ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ხოლო 3-ჯერ (2010/11, 2012/13, 2018/19) მოხვდა ევროპალიგის ჯგუფში. ამასთან, იყო ამავე ტურნირის 1/16 ფინალის მონაწილეც.
მაგრამ 2018 წლის 22 სექტემბერს ანატოლი კაპსკი გარდაიცვალა და კლუბში სიტუაცია აშკარად აირია - დირექტორთა საბჭოს მისი შვილი, ანდრეი კაპსკი ჩაუგდა სათავეში, რომელსაც, ეტყობა, საფეხბურთო მენეჯმენტის მხრივ მამის ნიჭი არ დაჰყვა...
მას შემდეგ ბატე-მ ჩემპიონობა ერთხელაც ვერ მოიპოვა, ზედიზედ ორჯერ (2019, 2020) ვიცე-ჩემპიონი გახდა, მაგრამ ცხადია, ეს არ არის ის, რასაც ბორისოვოს გუნდისგან ელიან.
გუნდის შემადგენლობაში ნაკრების რამდენიმე მოთამაშეა: მეკარეები - ანტონ ჩიჩკანი (26 წლის) და დენის შჩერბიცკი (25 წლის), მცველები - დანილა ნეჩაევი (21 წლის), დიმიტრი ბესმერტნი (24 წლის), მაქსიმ ვოლოდკო (28 წლის), ნახევარმცველები - ევგენი იაბლონსკი (26 წლის), სერგეი ვოლკოვი (22 წლის), სტანისლავ დრაგუნი (33 წლის), პაველ ნეხაიჩიკი (33 წლის)...
ბატე-ს ბელარუსის ნაკრების წევრები თავდასხმაშიც ჰყავს - ნიკოლაი სიგნევიჩი (29 წლის) და მაქსიმ სკავიში (31 წლის). ანუ, სულ 11 მოთამაშეა, რომელთაც ეროვნულ გუნდში უთამაშიათ ან ახლაც თამაშობენ.
ბორისოვოში საინტერესო ლეგიონერებიც ჰყავთ - სერბეთის 19-წლამდელთა ნაკრების წევრი, ევროპის ჩემპიონი (2013) ალექსანდრ ფილიპოვიჩი და მისი მოგვარე იაკობ ფილიპოვიჩი (28 წლის), რომელსაც ხორვატიის ნაკრებში უთამაშია.
ბატე-ში თამაშობს ისლანდიის ნაკრების ნახევარმცველი ვილუმ ტორტ ვილუმსონი (22 წლის), სერბეთის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ნემანია მილიჩი (31 წლის).
მოკლედ, ეს არის გუნდი, რომელიც ბოლო ორ სეზონში ბელარუსის ვიცე-ჩემპიონი გახდა, თან თასის მოქმედი გამარჯვებულია. მიუხედავად იმისა, რომ ბატე ძველებურად ძლიერი აღარ არის, უდავოდ ძალიან სერიოზული მეტოქეა.
ამ მომენტისთვის ბატე მეორე ადგილზეა ბელარუსის უმაღლეს ლიგაში და 4 ქულით ჩამორჩება (თან ერთი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული) პირველადგილოსან სოლიგორსკის "შახტიორს", რომელიც ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ორივე მატჩში დამარცხდა (0:1, 0:1) ბულგარულ "ლუდოგორეცთან".
ბატე-ს მთავარი მწვრთნელია 37 წლის ადგილობრივი სპეციალისტი ვიტალი ჟუკოვსკი, რომელსაც დიდი მიღწევებითა და გამოცდილებით ვერ დაიკვეხნის. ბორისოვოელებს 2021 წლის იანვრიდან ავარჯიშებს. მწვრთნელის PRO-ლიცენზია 2019 წელს მიიღო.
თავს ნუ მოვიტყუებთ: "ტრე პენე" ერთია, ბატე კი - სულ სხვა სიმაღლე და არც ის დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში საკლუბო ფეხბურთი ძალიან დაბალ დონეზეა. ამიტომ სხვების დასუსტება ჩვენს სიძლიერეს არ ნიშნავს.
იმედი ის არის, რომ წლეულს ბათუმის "დინამო" ეროვნული ლიგის ყველა მეტოქეს ერთი თავით ჯობია, რადგან ერთადერთი კლუბია, რომლის მენეჯმენტი მიზანმიმართულად მუშაობს, სადაც ტრანსფერებზე ფული იხარჯება და, შესაბამისად, ყველაზე მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავს...
http://lelo.ge/article/%E1%83%9B%E1%83%94%...13cFDUa4CMWoh8w