საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახალი გამოწვევა ელის: მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად 2 ჯგუფური ეტაპის დაძლევა მართებს. პირველი საკვალიფიკაციო ჯგუფები დღეს შვეიცარიაში გამართული წილისყრის შედეგად შეირჩა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები 8 ჯგუფიდან ბოლოსწინა – G ჯგუფში მოხვდა ესპანეთთან, უკრაინასთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად. წილისყრის შედეგები ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შეაფასა…
n ახლა რთულია ზუსტი შეფასებების გაკეთება, რადგან ნოემბრის ბოლომდე შორია და არ ვიცით, როგორი შემადგენლობები ეყოლებათ როგორც ჩვენს მეტოქეებს, ასევე – ჩვენ. თამაშების ნაწილი ევროლიგიმატჩებს ემთხვევა და ზუსტად არ ვიცით, ასეთ პერიოდებში გვეყოლება თუ არა ამ საკლუბო ტურნირში მოასპარეზე მოთამაშეები. არ ვიცით, როგორი პანდემიური ფონი იქნება ნოემბერში და რომელი ნაკრები რამდენ კალათბურთელს მოისაკლისებს…
n სათითაოდ რომ ავიღოთ, ყველა მეტოქე საკმაოდ ძლიერი და ანგარიშგასაწევია. განსაკუთრებით ესპანეთი და უკრაინა. როგორც არ უნდა მივუდგეთ, ესპანეთი მსოფლიოში მოწინავეთა შორისაა და ამას შედეგებით ყოველ უმაღლესი რანგის ტურნირზე ამტკიცებს. უკრაინა ძალიან ძლიერი გუნდია, მით უფრო მაშინ, როცა სრული შემადგენლობითაა. ჩვენ ეს პირადად გვაქვს გამოცდილი, როცა 2017 წლის ევრობასკეტზე მათთან დავმარცხდით და ჯგუფიდან ამის გამო ვერ გავედით. მაშინ უკრაინას ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავდა და ჩვენც საკმაოდ ძლიერი გუნდით ვიყავით. უკრაინელებს ევროლიგასა და ნბა-ში არ ჰყავთ წამყვანი მოთამაშეები და სავარაუდოდ, მოახერხებენ სრული შემადგენლობის შეკრებას. აი, ასეთი უკრაინა ნამდვილად ძლიერია.
n ჩრდილოეთ მაკედონიას კარგად არ ვიცნობთ, მაგრამ რაკი აქამდე მოვიდა, ამ ნაკრებს ნამდვილად შეუძლია სოლიდური წინააღმდეგობის გაწევა – განსაკუთრებით საკუთარ კედლებში. ასე რომ, ყველა მეტოქესთან ბრძოლა. მოკლედ რომ ვთქვათ, საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით.
n ქომაგები ასე არიან: წილისყრის შემდეგ ოცნებას იწყებენ და გეგმავენ არა მხოლოდ მომავალ, არამედ იმის შემდეგ ეტაპზე რა შეიძლება მოხდეს. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი მიზანი არის ამ ჯგუფიდან გასვლა, ასევე ყველა მატჩში ბოლომდე ბრძოლა. თუკი ჯგუფიდან გასვლას გავინაღდებთ, მხოლოდ მერე შეიძლება იმაზე ფიქრი, რომ მეორე ჯგუფურ ეტაპზე რაც შეიძლება მეტი ქულა გავიყოლოთ, ეს ასეც იქნება თუ ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრინციპს ვუერთგულებთ, რაც ყოველ მატჩში მაქსიმალურ მობილიზებას და გამარჯვებისთვის ბოლომდე ბრძოლას გულისხმობს.
არაპროფესიონალურად მიმაჩნია ლაპარაკი, რა იქნება მომავალში. არ არის სწორი წინასწარ გათვლების კეთება. ჩვენი ორიენტირი ჯერ პირველი მატჩია, შემდეგ მეორე და ასე შემდეგ. საქმეს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივყვეთ და წარმატებასაც მხოლოდ ამ გზით მივაღწევთ.
http://lelo.ge/article/%E1%83%99%E1%83%90%...%E1%83%A1-31648