თბილისის დინამომ უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ მოედანზე ბაქოს ნეფთჩისთან (1:2) რომ წააგო, „დინამო არენას“ ტრიბუნაზე იყო დაახლოებით 100-კაციანი ორგანიზაციული დაჯგუფება, რომელიც დინამოში კლუბის მფლობელის, რომან ფიფიას პოლიტიკას აკრიტიკებდა და მის გუნდიდან წასვლას მოითხოვდნენ.
დაძაბულობა ნამატჩევსაც გაგრძელდა და გამოქვეყნდა რამდენიმე ვიდეო, სადაც დინამოს ხელმძღვანელობა თუ მასთან დაახლოებული პირები გულშემატკივრებს შეურაცხყოფას როგორ აყენებდა.
დავინტერესდით ამ გულშემატკივართა ამ ჯგუფით და სასაუბროდ შევხდვით.
„ეს აზრი ახლა არ მოგვსვლია თავში. დიდი ხანია არსებობს და პერიოდულად სხვა და სხვა ადამიანები შემოუერთდა. ასე საჯაროდ ახლა დავიწყეთ საუბარი. თუმცა, მანამდეც გვქონდა გულისწყვეტა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გუნდიდან მთავარი მწვრთნელი ჩისკო გაუშვეს და კახა ჩხეტიანი მიიყვანეს. რასაც შემდეგ მოჰყვა ქუთაისის ტორპედოდან ფეხბურთელების გადმოყვანა. ეს იყო ერთი ადამიანის პირადი ინტერესი. შიდა სამზარეულოდან ვიცით, რომ ეს იყო ზაზა დოლიძე და მას შეეწირა გუნდი. კარგი გუნდი დაიშალა და მივიღეთ სუსტი შემადგენლობა, რასაც მოჰყვა ევროტურნირზე შერცხვენა. დაახლოებით ამ პერიოდიდან დავიწყეთ საჯაროდ და ხმამაღლა საუბარი. ჯერ ტირანასთან, შემდეგ კი ფარერულ კლაკსვიკთან წაგებები უკვე ბოლო წვეთი იყო. ჩვენ ვინმესთან პირადული პრეტენზიები არ გვაქვს. უბრალოდ, ჩისკოს დროს გუნდი უფრო შეკრული იყო, ცოტა გაძლიერება ჭირდებოდა და ამ დროს მივიღეთ უარესი გუნდი. ასეთი ფაქტი უკვე რამდენჯერმე მოხდა.
ნურც გამოგვადებილებენ გულშემატკივრებს და აგდებულად ნუ მოგვექცევიან, როდესაც გვეუბნებიან, რომ ფარერულ გუნდთან წაგება ეკონომიკის ბრალი ყოფილა, რადგან ერთ სულ მოსახლეზე ჩვენზე მეტი შემოსავალი აქვთ. ეს იყო პირდაპირი შეურაცხყოფა გულშემატვრების მიმართ. არადა, კლაკსვიკთან წაგება იყო ისტორიული სირცხვილი და არ დავუშვებთ, იგივე განმეორდეს. გუნდი კი, ამისკენ მიდის...
ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ აქტიურად დავიწყეთ მოძრაობა ამ კამპანიაში“, – გვითხრეს გულშემატკივრებმა.
რა კონკრეტული მოთხოვნები აქვთ გულშემატკივრებს და როგორ აპირებენ კერძო მეპატრონეს გუნდი დაატოვებინონ.
„ეს დინამოა და არის ხალხის, გულშემატკივრების. მეტიც, ჩვენი გადახდილი გადასახებიდანაც იღებს ფიფიას გუნდი დაფინანსებას. ჩვენ არ გვინდა დინამოს ამ დღეში ვხედავდეთ. რომან ფიფია თუ ვერ უვლის კლუბს, მაშინ დატოვოს და წავიდეს – ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა. ვიცით რომ მისი კლუბია, საკუთრება, მაგრამ 10 წლის განმავლობაში უფრო და უფრო უარეს დინამოს ვხედავთ. მან ვერ შეძლო ის, რომ კლუბი ნორმალურ გზაზე დაეყენებინა. დინამო ბიზნესი არ არის, ის ხალხის გუნდია, ქვეყნის და არ გვინდა ისეთ დინამოს ვხედავდეთ, რომელსაც ყველა უგებს.
თუ მოხდა სასწაული და რომან ფიფიამ შეიცვალა აზროვნება, შეხედულებები და მოქმედების სტილი, მაშინ არანაირი პრეტენზია არ გვექნება. პირიქით, ჩვენგან უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს. თუმცა, რასაც 10 წლის განმავლობაში ვხედავთ, იგივეს აკეთებს, ამიტომ იმედი არ გვაქვს.
ჩვენი კონკრეტული მოთხოვნა არის კლუბის სტრუქტურის ძირეული ცვლილება. კლუბში ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლება არავის უნდა ჰქონდეს და არსებობდეს მმართველი საბჭო, სადაც გულშემატკივარსაც საკუთარი როლი უნდა ჰქონდეს. რადგან კლუბი და გულშემატკივარი განცალკევებული ორგანიზმი არ უნდა იყოს.
პასუხისმგებლობა ეკისრება ერთ ადამიანს და არა გულშემატკივარს, რომელსაც აბრალებენ იმას, რომ თამაშებზე არ დადიან. თუმცა, კეთდება რამე იმისთვის, რომ გულშემატკივარს სტადიონზე მისვლა მოუნდეს? ისედაც ათეულობით ადამიანი ვართ დარჩენილი, ვინც ეროვნული ლიგის თამაშებზე დავდივართ. სტადიონზე ხალხი სიხარულით უნდა მიდიოდეს, რასაც ვერ ვხედავთ.
გუნდში არის გაუმჭვირვალი სისტემა, ნახევრადპოლიციური. იმის კითხვის უფლებაც არ გვაქვს, თუ რატომ არ შეასრულა ის დაპირებები, რომელიც ამ 10 წლის განმავლობაში ბევრჯერ შემოგვაპარა, რადგან პასუხის გასაცემად კრიმინალური პოლიცია მოდის. არადა, ამ ყველაფერს ჩვენ წყნარად, ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის და კანონის დარღვევის გარეშე ვითხოვთ. თავად კი, მუქარებითა და გინებით გადმოდიან შეტევაზე და შეურაცხყოფას გვაყენებენ. ალბათ ნახეთ ის ვიდეოები, სადაც ფიფიას გარემოცვა გვაგინებს და გვემუქრება.
გვინდა რომ გულშემატკივრებსა და კლუბს შორის იყოს კომუნიკაცია. ჩვენი მიზანი არ არის, რომ კლუბში და მმართველობაში შევიდეთ. გვინდა რომ ის ხალხი, ვინც პასუხისმგებლობას იღებს, გულშემატკივართან ანგარიშვალდებული იყოს. ამაში არ ვგულისხმობთ ყველა დოკუმენტის წარდგენას და ანალიზს. გაგვაცნონ კლუბის პოლიტიკა, მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი გეგმები, რას გვპირდებიან და როგორ ასრულებენ, რა გააკეთეს და რატომ ვერ გააკეთეს... ჩვენ არ ვართ ცალკე ორგანიზმი და დინამოც ერთიანი ორგანიზმი იყო საკუთარი გულშემატკივრებიანად“, – ასეთია გულშემატკივართა მოთხოვნა.
როგორ შეძლებს ორგანიზაცია რამდენიმე განსხვავებული აზროვნების ადამიანის ერთ აზრში მოქცევას და ასეთივე მშვიდი პროცესების გაგრძელებას, ამაზეც საკუთარი არგუმენტი აქვთ.
„როგორც გითხარით, ამ აზრის გარშემო დიდი ხანია გავერთიანდით. ცხადია, ყველა ადამიანია ინდივიდია და საკუთარი შეხედულებები აქვს. კიდევ გვემატება ხალხი, რადგან დინამო მათიც არის. ამიტომ გვაქვს ჩვენი წესები, რათა ამ ყველაფერს ორგანიზაციული სახე ჰქონდეს. ამ ეტაპზე მანიფესტი დამუშავების ეტაპზე არის, შევათანხმებთ ერთმანეთში და შემდეგ გავასაჯაროვებთ. თუმცა ერთს ვიტყვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ იდეოლოგიურადაც ბევრი განსხვავდება ერთმანეთისგან, ჩვენი ტრიბუნიდან არ იქნება გამოყენებული ან რამე სიმბოლიკა, ან პოლიტიკური, რასისტული თუ ჰომოფობიური და მსგავსი განცხადებები. ჩვენ ვიქნებით გაერთიანებული მხოლოდ დინამოს ირგვლივ. ვართ სხვა და სხვა ადამიანები, მაგრამ დინამოს ირგვლივ გაერთიანებული და რამე სხვა მოტივი ჩვენთვის იქნება მიუღებელი. ტრიბუნა გამოყენებელი იქნება მხოლოდ დინამოსთვის და ჩვენთან გვერდით დასადგომაც ვინც მოვა, სწორედ ასე უნდა მოიქცეს“.
და რა მოხდება თუ ფიფია არ წავა...
„დინამოს ნებისმიერ ფორმაციას სულ გვერდით დავუდგებით. არ გვიხარია მათი წარუმატებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი არგუმენტი იქნება. პირიქით, ძალიან გაგვიხარდება, თუ უფრო შორს გავა გუნდი და ჯგუფშიც შევა. თუმცა, წარმატება დაუმსახურებლად არ მოდის და ამ ფორმაციის დინამოს კი, შედეგის დადება გაუჭირდება. ამ კუთხით სკეპტიკურად ვართ განწყობილი. ვერც ხელმძღვანელობის მხრიდან ვატყობთ, რომ შედეგისთვის მუშაობდეს. პირიქით, წინასწარ „გაგვიპრავეს“, რომ თუ გამოვარდით, კატასტროფა არ იქნებაო. თუმცა, ჩვენ დინამოს ნებისმიერ ასპარეზზე ვუცხადებთ მხარდაჭერას. ეს დინამოა და მას რომან ფიფიასთან არ ვაიგივებთ.
ნეფთჩისთან მატჩის შემდეგ ვაპირებთ მივიდეთ ბაზაზე და გავამხნევოთ ჩვენი გუნდი. არ აქვს მნიშვნელობა რა შედეგით დამთავრდება თამაში. გვინდა შეხვდეთ კლუბის ხელმძღვანელობას და გავმართოთ დიალოგი, გავაცნოთ ჩვენი შეხედულებები, გავიგოთ თუ რას აპირებენ მომავალში, რა გეგმა აქვთ. გვინდა კომუნიკაცია შედგეს. პასუხი არა, ჩვენთვის მისაღები იქნება, რადგან ეგეც პასუხია. ამასთან გვეცოდინება რა განწყობით არიან გულშემატკივრების მიმართ და შემდეგ გადავწყვეტთ, თუ რა პასუხს მიიღებენ ჩვენგან“.
https://cnews.ge/home/news_description/9790...%83%94%E1%83%A1
მიმაგრებული სურათი