+1
მძიმე კაცის სვეტი: საზოგადოებრივი მაწვალებელი
საქართველოს მოქალაქეები ყოველწლიურად დაახლოებით 70 მილიონ ლარს ვიხდით საზოგადოებრივი მაუწყებლის შენახვაში. სამოცდაათს. წელიწადში. ეს უკვე დიდი ხანია გრძელდება, ციფრები იზრდება და ჩვენ, საზოგადოებას, ბუნებრივია გვაინტერესებს, რაში იხარჯება ასტრონომიული, და რაც მთავარია, ჩვენი თანხა? ეს არხი რომ სახინკლე იყოს, ამ მილიონების სწორად ხარჯვას ხინკლის ხარისხით შევაფასებდით, მაგრამ ეს ქვეყნის პირველი არხია და მას რეიტინგით ვზომავთ. იმით, რაც ყოველთვის ძალიან დაბალი აქვს და ჩვენც გვიკვირს, როგორ კაცო, ამ ფულით ხომ გადასარევი არხის, თქვენ წარმოიდგინეთ, არხების გაკეთება და შენახვაც კი შესაძლებელია, არაფერს ვამბობ სახინკლეების ქსელზე, მაგრამ არა - ის მედგრად ურეიტინგო და უინტერესოა.
სამწუხაროდ, საფეხბურთო დიდ სანაკრებო ტურნირებს მუდმივად საზოგადოებრივი მაუწყებელი აჩვენებს, რაც უკვე იმის წინაპირობად იქცა, რომ რაც არ უნდა მაგარი ტურნირი ტარდებოდეს, პირველი არხი დედას უტირებს რომელიმე მიმართულებით მაინც. სანამ დეტალურ განხილვაზე გადავალ, შეგიძლიათ 10-15 წლის წინანდელი რეპორტაჟები ჩართოთ და ერთი განსხვავება მაინც იპოვოთ დღევანდელთან - გინდა ტექნიკურად, გინდა ვიზუალურად და გინდა შინაარსობრივად. ვერ იპოვით. იმიტომ რომ იქ არაფერი შეცვლილა, დაფინანსების ზრდის გარდა.
როგორ უნდა გაშუქდეს წლის მთავარი ტურნირი კარგ, მდიდარ, საკუთარი თავის და დამფინანსებლის პატივისმცემელ არხზე? უნდა იყოს იდეალური გამოსახულება, გრაფიკა და ხმა. მატჩის დაწყებამდე, შესვენებაზე და დამთავრებისთანავე, შესაძლებელია უამრავი გასართობი თუ ანალიტიკური ბლოკის გაკეთება, სადაც განსაკუთრებული ყურადღება შეხვედრის პროფესიონალურად, გრაფიკულად გარჩევას დაეთმობა საინტერესო სტუმრებთან ერთად. ასევე საჭიროა კომენტატორების ჯერ მოძებნა, მერე მათთვის ამ საქმის სწავლება და მხოლოდ შემდეგ - ეთერის დათმობა. მგონი, არაა რთული, მხოლოდ ფული, მონდომება და საქმის სიყვარულია საჭირო. ფული, როგორც მოგახსენეთ, ამ ორგანიზაციაში თავზესაყრელადაა, რასაც ვერ ვიტყვით დანარჩენ პუნქტებზე. აქვე ვთქვათ ბარემ - ეს რომ კერძო არხი იყოს, ყურადღებას საერთოდ არ მივაქცევდი, მაგრამ არაა კერძო, ჩვენია ყველასი.
და როგორ შუქდება წლის მთავარი ტურნირი ქვეყნის უმდიდრეს არხზე? ევროპის ჩემპიონატი რამდენიმე დღეა დაიწყო და ჯერჯერობით უძლეველ პრობლემად იქცა ეკრანის ზედა კუთხეში ტაბლოს დადება - ჯერ საერთოდ არ იყო, მერე დაადეს და დროს აჩვენებდა არასწორად. გასასწორებელია ხმაც - ხან „შუმები“ ისმის ძალიან ხმამაღლა და კომენტატორის ხმა - ცუდად, ხანაც პირიქით.
მიმოხილვებში და ანალიტიკაშიც ახალი არაფერია, სტუმარ-მასპინძელი თითქმის არ იცვლება და წლებია, დაახლოებით ასეთი ხარისხის დიალოგებს ვისმენთ: „ვინ მოიგებს დღეს? - იტალია. რის ხარჯზე? - ნუ, იტალიაა რა. მადლობა საინტერესო დიალოგისთვის.“ ხანდახან გეგონება, ბაგა-ბაღში ბავშვები საფეხბურთო გადაცემობანას თამაშობენ. შესაბამისად, აქ ფეხბურთის სიღრმისეულ ცოდნას არც უნდა ველოდოთ და მგონი, აღარც არავინ ელოდება. გრაფიკულ-ტაქტიკურ ანალიზზე საუბარიც ზედმეტია, მაქსიმუმ რეკლამები ვნახოთ და სამი ბოთლი ლიმონათი გათამაშდეს ქათმის ბურგერთან ერთად. ბარემ იმასაც დავამატებ ობიექტურობისთვის, რომ ფეხბურთის მცოდნე და ამ ცოდნის ელემენტარულად გადმომცემი ადამიანები სანთლითაა საძებარი.
კომენტატორები. ამ პროფესიის ადამიანს ერთადერთი მოვალეობა აქვს - მაყურებელს მოუყვეს ის, თუ რა ხდება მოედანზე. მაგალითად ინგლისში, სადაც საფეხბურთო ინდუსტრია იდეალურთანაა მიახლოვებული, კომენტატორები დღემდე ამბობენ რეპორტაჟის დასაწყისში, რომ, ვთქვათ, ჩელსი ლურჯ ფორმაშია და იუნაიტედი წითელში, თეთრი შორტებით. წესია ეს.
კომენტატორი არც მაზავშიკია, რომელიც 90 წუთი მეტ ყვითელს და ნაკლებ აუტს ელოდება და მხოლოდ ამაზე ლაპარაკობს და არც აკადემიკოსი, რომელიც ფიზიკაზე იმსჯელებს ან ლუკინო ვისკონტის ფილმებს გააანალიზებს. არა.

(+100) კომენტატორი უბრალოდ უნდა მიყვეს კონკრეტული მატჩის დეტალურ თხრობას. მეტი არაფერი. ის ემოციური უნდა იყოს, ოღონდ მაშინ არ უნდა იღრიალოს განწირული ვოკალით, როცა უინტერესო თამაშში რომელიმე მცველი ცენტრიდან ცაში დაარტყამს. თუმცა არიან კომენტატორებიც, რომლებიც პირიქით, არაადეკვატურად კი არ ყვირიან, არამედ თითქოს აგარაკზე, დივანზე არიან წაკოტრიალებულები და სადილის მოლოდინით გაღიზიანებულები რაღაცას ბუტბუტებენ.
თითქოს არაა რთული, რაც მოვყევი, არა? მითუმეტეს, როცა ორ წელიწადში ერთხელ გასამართი ტურნირის კარგად მოწოდებაზეა ლაპარაკი და მითუმეტეს, როცა უამრავი ფული გაქვს, მაგრამ რამდენიმე თვის წინ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში გახლდით, სადაც ზუსტად იგივე ინფრასტრუქტურა დამხვდა, რაც კომუნისტების დროს იყო და „მიმდინარეობს ჩაწერაც“ კი ისევ მხოლოდ რუსულად არის ნათარგმნი.
რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ ჩვენი, თან გარანტირებული ფული იქ არ ადარდებთ - იციან, რომ ექნებათ და იციან, რომ პასუხს არავინ მოთხოვთ.
ჰოდა, როგორც ქართველი კომენტატორები იტყოდნენ, რაღაც მოქმედება უნდა განვახორციელოთ, 70 მილიონს ვყრით ამ ყველაფერში.