საინტერესო სტატიაა:
რუსეთიდან ფეხბურთელები მასობრივად გარბიან სომხეთში... აი, რამდენს უხდიან მოთამაშეებს ჩვენს სამეზობლოში!.. ღარიბი ქვეყანა მდიდარი ლიგების გარემოცვაში...
16:36 2022.07.05
ავტორი
სერგო კორძაია
რუსულმა გამოცემა Championat.com-მა გამოაქვეყნა წერილი მეტად მოულოდნელი სტატისტიკით - აღმოჩნდა, რომ ევროპაში ყველაზე "პრორუსული" ჩემპიონატი სომხეთშია, რადგან რუსი ფეხბურთელები მასობრივად მიდიან.
2021/22 წლების სეზონში სომხეთის პრემიერლიგის 10 კლუბში სულ 181 უცხოელი მოთამაშე იყო, რაშიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა წილი იყო 22,65% (41 ფეხბურთელი). ანუ, რუსული "დიასპორა" ბრაზილიურზე ორჯერ (19 მოთამაშე) გახლდათ...
"გეოგრაფიულად და მენტალურად ახლო ბელარუსშიც კი მათი წარმომადგენლობა გაცილებით მოკრძალებულია", - წერს გამოცემა და ინტერესდება - "რამდენს უხდიან სომხეთში ფეხბურთელებს?".
ამის შესახებ რუსეთში ცნობილმა სომეხმა საფეხბურთო აგენტმა ნშან დეპელიანმა ილაპარაკა. ამ საუბრიდან "რუსულ-სომხური მეგობრობის" და სხვა მსგავსი თემა ამოვიღეთ. მაგალითად, შედარება ჩემპიონატის დონეზე, რომ "სომხეთის პრემიერ ლიგა ნამდვილად არ ჩამოუვარდება ხარისხით რუსეთის პირველ დივიზიონს, ხოლო სომხურ ტოპ-კლუბებს უკვე შეუძლიათ თანაბრად ბრძოლა რუსეთის პრემიერლიგის ბოლო 8 გუნდთან".
ცხადია, ეს საკუთარი ფეხბურთის რეკლამაა, მაგრამ საინტერესო თემაა - მართლაც და, რამდენს იხდიან სომხური კლუბები და რა დონის ბიზნესმენები მფარველობენ იქაურ ფეხბურთს?
გუნდების მეპატრონეები უცხოეთიდან
"სომხურ ფეხბურთში მსხვილი ბიზნესის მოსვლასთან ერთად, რუსულ ბაზარზე აქცენტი ბოლო 4-5 წელიწადში ტენდენციად იქცა, მათ შორის - რუსეთის ფედერაციიდან. სომხეთის პრემიერ ლიგის კლუბების მფლობელთა ნახევარზე მეტს რუსული პასპორტი აქვს. თანამედროვე სომხურ და რუსულ ფეხბურთს შორის მთავარი განსხვავება საბიუჯეტო დაფინანსების თითქმის სრული არარსებობაა. მხოლოდ ერთი კლუბია ფედერაციის პროექტი - BKMA (არმიის ცენტალური სპორტული კლუბი, მოსკოვის ცსკა-ს სომხური ანალოგი), დანარჩენი - კერძოა.
"ალაშკერტი" ადგილობრივი ბიზნესმენისაა. "ნორავანკს" ჰყავდა ამერიკელი ინვესტორი, "არარატს" შვეიცარიიდან ჩამოსული სომხები პატრონობენ. დარჩენილ ხუთ კლუბს კი რუსეთიდან აკონტროლებენ სომხური წარმოშობის ბიზნესმენები - "ურარტუ" ვინმე ჩელოიანცის საკუთრებაა (10 წელზე მეტხანს იყო მოსკოვის "სპარტაკის" დირექტორთა საბჭოს წევრი), "პიუნიკი" სოღომონიანისაა, "არარატ-არმენია" - კარაპეტიანის (2015 წელს რუსეთში კომერციული უძრავი ქონების ყველაზე გავლენიან მფლობელთა რეიტინგის სათავეში იყო).
"ნოე" გევორქიანებისაა (როსტოვში რესტორნების და სავაჭრო ბიზნესები აქვს), "ვანის" მფლობელი გუკასოვი ასევე რუსეთიდანაა. ბუნებრივია, რუსული საფეხბურთო ბაზარი მათთვის ყველა თვალსაზრისით უფრო ახლოსაა, ვიდრე სხვები", - ამბობს სომეხი მენეჯერი.
ყველაზე მდიდარი კლუბები და ხელფასები
მან მდიდარი კლუბები დაასახელა: "უმდიდრესად "არარატ-არმენია" ითვლება, მეორე ადგილზე კი "პიუნიკია". ბიუჯეტების ზუსტ რაოდენობას არ დავასახელებ, მაგრამ შემიძლია ვივარაუდო, რომ წამყვან კლუბებს წელიწადში 5 მილიონ დოლარამდე აქვთ".
"სომხეთში მართლა ბევრს იხდიან?" - ამის შესახებ დეპელიანი აკონკრეტებს: "თუ ხუთი წლის წინ პრემიერ ლიგაში მაქსიმალური ხელფასი 3000 დოლარი იყო, დღეს ტოპ-კლუბები მოთამაშეებს ორჯერ მეტს აძლევენ. ლიგაში საშუალო ხელფასი 4000-5000 დოლარია. "პიუნიკს", "ურარტუს", "არარატ-არმენიას" შეუძლიათ, ფეხბურთელებს 10 ათასიც შესთავაზონ.
შესაბამისად გაიზარდა მოთხოვნები მოთამაშეთა დონის მიმართ. მაგრამ უპირატესობა მაინც თავისუფალ აგენტებს ენიჭებათ, სომხეთის ლიგაში ტრანსფერში ფულის გადახდა იშვიათია. ჩემპიონატის მიხედვით, რუსეთის პირველ ლიგაში დღეს საშუალო ხელფასი თვეში 3300-5000 ათასი დოლარია, ხოლო აუტსაიდერებში 1700-2500 ათასს იღებენ. მესამე ლიგაში საშუალოდ ხელფასი არ აღემატება 1200-1400 ათასს, ხოლო ყველაზე პრობლემურ კლუბებში - 350-500 დოლარს".
ეს ციფრები შედარებისთვის გამოგვადგება, რადგან აშკარაა, რომ ამიერკავკასიაში ყველაზე ღარიბი საქართველოს ეროვნული ლიგაა - უპირობო ლიდერი აზერბაიჯანის ჩემპიონატია, მერე მოდის სომხეთის და ბოლოს ვართ ჩვენ - ამ სამეულში გამორჩეულად ნიჭიერი მოთამაშეების (მარტო ჩვენი აზრი არ არის) ქვეყანა, რომელსაც, სამწუხაროდ, ყველაზე მწირი სახსრები გააჩნია.
სხვათა შორის, კომუნისტურ პერიოდშიც დაახლოებით ასე იყო - სხვაობა გახლდათ ის, რომ ქართულ გუნდებს ელემენტარული პირობებს ყველა რაიონში უქმნიდნენ, თორემ თბილისის "დინამოში" 240-360 მანეთი რომ ჰქონდათ ხელფასები, ერევნის "არარატსა" და ბაქოს "ნეფთჩიში" 2000-3000 მანეთს უხდიდნენ და ვინ რას მიაღწია, კარგად იცით.
სპორტული სამოთხე
საქართველო რომ სპორტში "პაწაწინა სამოთხეა", ამაზე ბოლოდროინდელი და მანამდე არსებული ფაქტები მეტყველებს - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა, წყალბურთელები მსოფლიოს 10 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ, მორაგბეებს ბოლო წლებში მუდმივი "საშვი" აქვთ მსოფლიოს თასზე, ძიუდოისტები და მოჭიდავეები მუდმივად მსოფლიო რეიტინგის ლიდერებში არიან, ოლიმპიადებზე ბევრ ჩვენ დიდ და შეძლებულ ქვეყანას (ინდოეთს, თურქეთს...) ვუსწრებთ... ოლიმპიადის სამშობლოს კი ოქროს მედლებით ვჯობნით... დიახ, ბოლო ოლიმპიადაზე მედლებით ბევრ სპორტულ ქვეყანას გავუსწარით.
ქართული გუნდი საბჭოთა პერიოდში გახდა კალათბურთში ჩემპიონთა თასის მფლობელი, ხოლო ფეხბურთში - თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული. ახლა ერთა ლიგაზე საფეხბურთო ნაკრები გალიდერდა, რაც სულ რაღაც 4-5 ნორმალური საფეხბურთო სკოლის 10-წლიანი მუშაობის შედეგია.
ფაქტია, ამით საქართველოს ვერცერთი ამიერკავკასიული სახელმწიფო ვერ შეედრება. მაგრამ ქართულ სპორტს და კერძოდ ფეხბურთს ელემენტარული დაფინანსება სჭირდება, რომ ნაკრებები და გუნდები ფეხზე დადგნენ. ეს ქვეყანას არა მხოლოდ მორალურ სიამოვნებას მიანიჭებს, არამედ იმიჯურადაც დაეხმარება და ფინანსურადაც.
ქართულ საფეხბურთო კლუბებს მინიმალური სახსრები სჭირდებათ საიმისოდ, რომ მინიმუმ იარსებონ და ბავშვები გაზარდონ, რადგან საქართველოში, სამწუხაროდ, ბიზნესი ფეხბურთს ახლოს არ ეკარება, უცხოეთში სომხებივით ბევრი მდიდარი ბიზნესმენი არ გვყავს და აზერბაიჯანივით დიდი ენერგორესურსები არ აქვს. ევროთასებზე კი ღარიბ კლუბებს გასაქანი არ აქვთ და ქართველების ნიჭიც იკარგება...
http://lelo.ge/article/%E1%83%A0%E1%83%A3%...%E1%83%98-37236