- რა ხდება საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებში და როგორ მოვახერხეთ მიყოლებით 7 თამაშის წაგება?
პირველ რიგში, Sixth Man რიტორიკას არ ცვლის და კვლავ ვიმეორებთ, რომ პრობლემა სტილიდან, სტრატეგიიდან გამომდინარეობს და არა - კალათბურთელებიდან.
ვისი პრეროგატივაა ეს ორი მიმართება? - სამწვრთნელო შტაბის.
ამ გვერდზე ბევრჯერ დაწერილა და ხსენებულა სიტყვიერად, რომ არ მოგვწონს ილიას ზუროსის მიდგომა, არ მოგვწონს სწორხაზოვანი სტილი და გაუგებარია ის ალოგიკურად დაბალი ტემპი, რომლითაც სწრაფი მოთამაშეებით დაკომპლექტებული ნაკრები მოქმედებს...
- მოკლედ, ჩვენი ეს დამოკიდებულება ყველამ კარგად იცით, მაგრამ ამ ყველაფრის ციფრებით ფორმულირება პირველად გავაკეთეთ.
რატომ ,,გავაკეთეთ" და არა - მოვიძიეთ? იმიტომ, რომ ასეთი სტატისტიკა ეროვნულ ნაკრებებზე ფაქტობრივად არ მოიძებნება...
- მოკლედ, გთავაზობთ აკროპოლისის თასზე საქართველოს ნაკრების წარუმატებლობის ციფრებში გამოსახვას, რომლის შექმნაზეც დაკვირვებით ვიმუშავეთ Sixth Man-ის ანალიტიკოსებმა.
- გადავწყვიტეთ, მიმოვიხილოთ ჩვენი პირველი თამაში ( საქართველო - თურქეთი ), რომელიც ვფიქრობ, მოტივაციის მხრივ, ყველაზე მკვეთრად ასახავდა ნაკრების დღევანდელ მდგომარეობას.
თუ მაყურებლისთვის დღევანდელი ანალიზი არასაკმარისი იქნება, ჩვენ დანარჩენ ორ თამაშსაც ჩავაანალიზებთ.
- წავედით!
ბურთის გადატანა მეტოქის ნახევარზე:
ამას თურქები საშუალოდ 2 წამს ანდომებდნენ მთელი შეხვედრის განმავლობაში, ჩვენ კი 3 წამი გვჭირდებოდა. თითქოს, 1 წამიანი შუალედი არაფერია, მაგრამ ჯამში არც ისე მცირე დროს შეადგენს.
- შეტევის ტემპი და სტრატეგია მეტოქის ნახევარზე:
თურქეთი საქართველოს გუნდის მოედანზე საშუალოდ 6 წამით ჩერდებოდა და ამ დროში საშუალოდ 6 გადაცემას ახორციელებდა, სანამ უშუალოდ ფარს შეუტევდნენ. ქართველებიც იგივე რაოდენობის პასებს აკეთებდნენ, მაგრამ - 10 წამში.
გამოდის, რომ ერთსა და იმავე შედეგზე ერთი გუნდი მეორეზე 1.67-ჯერ სწრაფად გადიოდა.
-კონტრშეტევები:
ჩვენ გავაკეთეთ 7 ასეთი შეტევა, მათ კი - 12, საიდანაც ქართველების პროცენტი 50%-ზე მეტია, თურქების კი 40-სა და 50%-ს შორის.
თუმცა, შემდეგ თითოეული ჩვენი კონტრშეტევისა, სადაც ორივე ნაკრები საშაულოდ 4-4 წამს ვხარჯავდით, საქართველო მეტოქის ნახევარზე საშუალოდ 5 წამში შედიოდა (რაც ჩემთვის გაუგებარია...), თურქეთი კი - იგივე დროში (4 წამი), რაც, იდეაში, ასევე არაა კარგი შედეგი, მაგრამ ჩვენ ჩვენი გვაინტერესებს.
- დაკარგვები:
გვქონდა 4 ისეთი დაკარგვა, სადაც შეტევაში მინიმუმ 7 წამი დავხარჯეთ. აქედან კი კონტრშეტევებით მივიღეთ 7 ქულა (ერთში ვერ ჩააგდეს). სამივე შემთხვევაში ქართველთა ხუთეულიდან მხოლოდ 4-მა მოასწრო საკუთარი 3 ქულიანი რკალის შიგნით შესვლა და დაცვაში შემობრუნება (არა თუ - დადგომა).
- გადაცემები:
თურქეთი - 20.3
საქართველო - 14.3
- ტყორცნები თავისუფალი სიტუაციებიდან:
ასეთი იყო 22...
ჩვენ, იმის გამო, რომ დაცვაში ქაოტურად ვმოქმედებდით, მივიღეთ 54 ქულა ისე, რომ მეტოქეს არ დასჭირვებია ერთი-ერთზე შეტევა და ყველა ჩააგდო მაშინ, როცა მარტო დავტოვეთ...
- ლოუ პოსტი:
აქ ჯამში ავიღეთ 16 ქულა, მაგრამ 8 შეტევას საშუალოდ მოვანდომეთ 7.62 წამი, რაც წარმოუდგენლად ბევრია და მეტოქე მწვრთნელს მარტივი ანალიზის საშუალებას აძლევს, რომ უფრო სწრაფად შეგვიტიოს.
- სწრაფი შეტევა (3-6 წამი შესატევი დრო):
აქ 21 მცდელობიდან დაახლოებით 70-75% შედეგიანად გამოვიყენეთ ისე, რომ თურქებს შანსი არ დავუტოვეთ (უმრავლესობა თორნიკე შენგელიამ მოახერხა, შემდეგ - სანდრო მამუკელაშვილმა).
- საქართველოს ნაკრების კონტრშეტევა კარგი დაცვის შემდეგ:
6 ეპიზოდიდან 3 გამოვიყენეთ (6 ქულა), დანარჩენ სამ შემთხვევაში კი მეტოქე ჩვენზე დაჯარიმდა.
- ჩვენი დაცვა, როდესაც მეტოქე გვიტევდა ლოუ პოსტში:
შვიდჯერ შემოგვიტიეს ასე. აქედან მხოლოდ 2 ჩააგდეს, 5 კი პერიმეტრზე გაიტანეს. საშუალოდ დახარჯეს 10 წამზე მეტი და მათი უმრავლესობა შეხვედრის პირველ ნახევარში განახორციელეს (5 ცდა). მეორე ნახევარში ასეთი რამ მხოლოდ ორჯერ მოხდა.
- ჩვენს მიერ ჩაგდებული ქულების 50%-ზე მეტი წამოვიდა რამდენიმე მოთამაშისგან იმპროვიზაციით, რაც ნიშნავს, რომ ღირებულ კომბინაციებში საკმაოდ გვიჭირს.
- აქ გავჩერდები.
იდეაში, საქმე არაა იმაში, რომ ნაკრები ერთ შეტევაში დიდ დროს ხარჯავს. თუ ამას ხარისხიანად აკეთებ, კარგიც კია, მაგრამ კონკრეტული ხარისხი ტემპში ითარგმნება. მაგალითად, როდესაც ტემპი დაბალი გაქვს, მეტოქეს საშუალებას აძლევ, დაცვაში ბალანსი არ დაკარგოს და, სიტყვაზე, ისეთი მოთამაშეები, როგორებიც სანდრო მამუკელაშვილი და თორნიკე შენგელია არიან, აბსოლუტურ დისკომფორტში ამყოფოს.
- როგორც მოგეხსენებათ, უამრავი სტატისტიკა არსებობს, მაგრამ მე მსურს, განვამტკიცო ის აქცენტი, რომელიც გვერდის ანალიტიკოსებს წლებია გვაქვს - ნაკრები ძალიან ნელა, ქაოტურად და სწორხაზოვნად მოქმედებს შეტევაშიც და დაცვაშიც იმ პირობებში, რომ შემადგენლობაში მოთამაშეებს აქვთ საკმარისი სისწრაფეც, ინტელექტიც და გვყავს ისეთებიც, ვისაც მრავალმხრივად შეუძლია შეტევა.
აი, ამ კონკრეტულ მიმართებაზეა აქ საუბარი, თორემ თუ გუნდში რაიმეს დეფიციტი გვაქვს, ამაზე თითს არ ვიშვერთ, ეს გასაგებია.
- ჩვენ გვსურს, შეუიარაღებელი თვალით დავინახოთ, რომ სამწვრთნელო შტაბი სწორად მოქმედებს და შეცდომებზე სწავლობს. არ გვინდა, ვისმინოთ თავის მართლება, თითქოს, რომელიმე მატჩში წაგების უფლება გვაქვს, რადგან ეს ნაკრები არც მწვრთნელებს ეკუთვნით და არც მოთამაშეებს, ეს გვეკუთვნის ჩვენ - მთელ საქართველოს და გვჭირდება შედეგი.
თუ კი პრეტენზია გვაქვს, რომ ევროპის ერთ-ერთი ტოპ ნაკრები ვართ (რაც 2020 წელს ,,Sixth Man-ის პოდკასტში" ჩართვისას დაგვიდასტურა ნაკრების კაპიტანმა), რატომ ვმოქმედებთ ისევ ,,ანდერდოგებივით" და ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებთ თუნდაც ერთ რიგით თამაშს?
ჩემი აზრით, ეს ასე არ არის. საკმარისი მოტივაციით გავიდნენ ბიჭები სათამაშოდ, მაგრამ სტილმა, რომლით მოქმედებას მათ მწვრთნელი ავალდებულებს, უკვე ზედიზედ მეშვიდედ განიცადა ფიასკო... ეს ძალიან შორსაა იმ გარემოებისგან, რომ ,,უკეთესი მომავლისთვის აწმყოს ვთმობთ". ამას ჰქვია წარუმატებლობა...
- რა არის გამოსავალი?
პრიორიტეტების სწორად გადაფასება, დაჯდომა და სწორი ანალიტიკა.
,,Sixth Man-ის საკალათბურთო პოდკასტში" ჩართვისას თორნიკე შენგელიამ გვითხრა, რომ ნაკრების შიგნით ხალხი ღამეებს ათენებს და ცდილობს, სწორი სტრატეგია შეიმუშაოს, რაც რა თქმა უნდა მჯერა და მე, როგორც ჩვენი გუნდის გულშემატკივარი, მათ დიდ მადლობას ვუცხადებ შრომისთვის, უბრალოდ დრო ხომარაა, მაგ ღამეების თენებას მოჰყვეს ის შედეგი, რაც ყველას გაგვიხარდება?
- არ შეიძლება, გუნდში გყავდეს თორნიკე შენგელია და სანდრო მამუკელაშვილი, შენ კი სისწრაფეზე აქცენტი არ გააკეთო.
რატომ იწყებს თორნიკე მოქმედებას გამუდმებით პაუზის შემდეგ, როცა სწრაფ მოძრაობაში მას ორმაგი დაცვით არა თუ ვერავინ დაიჭერს, არამედ, ვერც მოასწრებს მის წინააღმდეგ ასე მოქმედებას?
თუ თოკოს სრული იმპროვიზაციით ჩვენ ვიღებთ პირობითად 18 ქულას, ასეთი ათლეტის სწორ სტრატეგიაში გამოყენებით მივიღებთ 30-ს და მეტს.
- 24 აგვისტოს ნიდერლანდებს აუცილებლად მოვუგებთ, რადგან აუცილებლად მათზე ძლიერები ვართ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, ეს ,,გამოფხიზლებაში" ხელს არ შეგვიშლის.
- ჩვენს წინაშე არიან ბრწყინვალე ბიჭები და მათ უნდა დაადუღონ ყველა და ყველაფერი, მაგრამ თუ ამ ხალხს მოედანზე ოპტიმალურ კონდიციებს არ შეუქმნი, მიიღებ მარცხს.
სულ არ გვიშველის ის ოსტატობა, რაც ნაკრების ლიდერებს მყარად გააჩნიათ, ეს სპორტი დიდი ხანია, გასცდა ცალკეულ ჭრილს და არის სამყარო, სადაც გამარჯვებულია ის, ვინც სწორად მოქმედებს და არა ის, ვისაც უფრო ძლიერი ჯარისკაცები ჰყავს.
- Sixth Man უდიდეს წარმატებას უსურვებს საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს.
გულშემატკივრებს კი გვჭირდება, გავამთელოთ ის დაჭრილი მონსტრი, რომელსაც ყველას გადაყლაპვა შეუძლია და რომელსაც ჯერ სწორად ვერ ვამთელებთ.
https://www.facebook.com/SixthManAnalyticsაჰა, მოუნდომებიათ ამ ბიჭებსაც (არგუმენტაციის ნაწილში), ბევრი საინტერესოც წერია და ბევრი სიმართლის მარცვალიც ...
მშვენიერი !
* * *
ბასკო