მალატესტა
მედასავლეთე

     
ჯგუფი: Members
წერილები: 7073
წევრი No.: 258000
რეგისტრ.: 22-July 20
|
#60853709 · 21 Nov 2023, 19:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
[ინტერვიუ] "რაღაც მომენტში განსხვავებულ იდეებს და იმპულსს უნდა დაუთმო გზა"... ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებიდან წასვლაზე დაფიქრდა... 18:50 2023.11.21 ავტორი სერგო კორძაია
ფრანგულმა გამოცემა Footmercato.net-მა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა ვილი სანიოლს, სადაც საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, 2024 წელს გუნდს დატოვებს. ამას გარდა, ფრანგმა სპეციალისტმა სხვა საინტერესო თემებზეც ისაუბრა...
- ორი წელია, საქართველოს ნაკრებს ხელმძღვანელობთ. თქვენი არჩევანი თავიდან მოულოდნელად ჩანდა. როგორ მოხვდით იქ?
- პირველი კონტაქტები 2020 წლის შემოდგომაზე შედგა, პანდემიის შუა პერიოდში. ოჯახური მიზეზების გამო 2-3 წლით მომიხდა სამწვრთნელო საქმიანობიდან ჩამოშორება. განვიხილე შემოთავაზებული პროექტები და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებისგან რაღაც ვიგრძენი.
იქაური ფედერაციის პრეზიდენტი (ლევან კობიაშვილი) და ვიცე-პრეზიდენტი (ალექსანდრე იაშვილი) ბუნდესლიგის ყოფილი მოთამაშეები არიან, რომლებიც ჩემ დროს თამაშობდნენ. მომეწონა მათი წინადადება და მომავლის გუნდის აშენების იდეა. ასე აღმოვჩნდი ქვეყანაში, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი.
- მანამდე რაიმე საინტერესო შეთავაზება გქონდათ?
- დიახ, ზოგჯერ მთხოვდნენ აფრიკაში და აზიაში მუშაობას, რაც ჩემს გეგმებში არ შედიოდა. საქართველოს მიმართ კი განსხვავებული შეგრძნებები მქონდა. ვგრძნობდი, რომ ეს იყო ადგილი, სადაც შემეძლო განვითარება და ახალი გამოცდილების მიღება - განსხვავებულ კონტექსტში. იმ პერიოდში ვიყავი, როცა რაღაც ახლით უნდა დამეწყო. მათ კი სჭირდებოდათ გამოცდილი ვინმე, რომელიც ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მწვერვალზე აიყვანდა.
nakrebi-sagnol-1633370116.jpg
- როგორია ვილი სანიოლის ერთი ჩვეულებრივი დღე საქართველოში?
- საქართველოში ყოფნისას ორი-სამი კვირით ადრე ვემზადები მომავალი მატჩებისთვის. დიდ დროს ვატარებ ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლებთან, დავდივარ ადგილობრივი ჩემპიონატის მატჩებზე, განსაკუთრებით - ბათუმში, სადაც თბილისის "დინამოსთან" ერთად ყველაზე დიდი კლუბია. საფრანგეთში კილომეტრის გავლას დაახლოებით ერთი წუთი სჭირდება, აქ კი გაცილებით მეტი.
- მატჩების საყურებლად თქვენი გუნდის წევრებთან ერთად დადიხართ?
- აქ იმდენი სახსრები არ არის, რაც საფრანგეთის ფედერაციას გააჩნია. აქ ყოველი ევრო ითვლება, თვითმფრინავის ბილეთზეც კი, რადგან დიდი ფინანსები არ აქვთ და ამიტომ რესურსის ოპტიმიზაციას ვცდილობთ.
- საქართველოში ცხოვრება თქვენი სურვილი იყო?
- დიახ, როცა ჩამოვედი, ჩემს თანამშრომლებს ვუთხარი, რომ ჩვენ უნდა გავიგოთ კულტურა და ხალხის მენტალიტები, რათა ვიყოთ წარმატებულები. ჩემს თავს ვუთხარი, რომ ეს აუცილებლად დაგვეხმარება დროის დაზოგვასა და ურთიერთობებში წარუმატებლობის თავიდან აცილებაში.
- ნაკრებში საქმიანობა საფრანგეთში ცხოვრებასთან შეუთავსებელი იყო?
- ვფიქრობ, ეს შესაძლებელია, რადგან ვიცი, რომ ჩემი წინამორბედები ასე მოიქცნენ. მაგრამ მე სხვანაირად მსურდა, რაც ფედერაციისადმი პატივისცემის გამოხატვაც გახლდათ, რადგან მათ საინტერესო პროექტის განხორციელების შესაძლებლობა შემომთავაზეს. ვიტყოდი, რომ ეს ჩემი მხრიდან იყო სურვილი, რომ წინამორბედებზე მეტხანს ვყოფილიყავი ქვეყანაში, სადაც მუშაობა მომიწევდა.
- ალბათ ესეც არის თქვენი წარმატების ერთ-ერთი საფუძველი...
- მეც ასე ვფიქრობ, რადგან ამან მომცა საშუალება, ბვერი რამ გამეგო და პრობლემებზე უფრო სწრაფი რეაგირების საშუალება მქონოდა. ვიცი, რომ ეს ფაქტი ძალიან დააფასეს საქართველოში და აღნიშნავდნენ - "ბოლოს და ბოლოს გვყავს მწვრთნელი, რომელსაც სურს, იყოს აქ და დაგვეხმაროს გუნდის შექმნაში".
ეს დამოკიდებულება დაგვეხმარა ეროვნული ნაკრებისადმი ენთუზიაზმის ზრდაში - მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ აღმავლობაა, ზოგჯერ კი ჩავარდნა, ნებისმიერ შემთხვევაში, როცა საქართველოში ხარ, ხვდები, რომ სიძნელეებსაც წააწყდები.
1-sagnol-1616000382.jpg
- თქვენი გუნდი ფლეი-ოფით შეეცდება ევრო 2024-ზე გასვლას. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფიდან ვერგასვლა ხომ არ იყო ჩავარდნა იმის შემდეგ, რაც გუნდმა ერთა ლიგაზე გაიმარჯვა? თუ პირიქით, 3-მილიონიან პატარა ქვეყანასაც აქვს ოცნების უფლება?
- ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ჩემი საქმის წარმატება იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ფლეი-ოფში გავიყვანე. ცხადია, როცა ამ ეტაპამდე მიდიხარ, გსურს, კიდევ უფრო წინ წახვიდე, რადგან გუნდი თითქმის 3 წელია ამ მიზნით თამაშობს.
- 24-გუნდიან ევროზე ვნახეთ ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიცაა ჩრდილოეთ მაკედონია, რომელმაც ეს უფლება 2021 წლის კვალიფიკაციის შედეგად მიიღო...
- დიახ, ეს მაგალითია. არ მინდა ვთქვა, რომ ჩრდილოეთ მაკედონია ჩვენთვის მაგალითი უნდა იყოს, მაგრამ ეს არის მაგალითი პატარა ერისა, რომელმაც მოახერხა წინა რიგში ჩადგომა. სხვათა შორის, ამის შემდეგ მალე ეს გუნდი ერთა ლიგის ორივე მატჩში დავამარცხეთ (სკოპიეში 3:0, თბილისში 2:0). ეს ჩვენთვისაც იმის ნიშანი იყო, რომ თუ ჩრდილოეთ მაკედონია გავიდა, ეს ჩვენც შეგვეძლო.
- ამის გაკეთება წარმატებული ახალი თაობის საშუალებით შეგიძლიათ?
- გვყავს ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც უცებ "აფეთქდა", ის ნიჭიერი მოთამაშეა. ამან არ გამაკვირვა, რადგან ჩვენზე შთაბეჭდილება ჩასვლისთანავე მოახდინა...
გვყავს "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილიც, რომელიც ჩემი ჩასვლისას საქართველოში თამაშობდა. საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვდა და ესპანური კლუბის ძირითად შემადგენლობაში დასამკვიდრებლად ძალიან ბევრს მუშაობდა...
ამ ორი მოთამაშის გარდა, ჩვენ გვყავს გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც "მეცში" ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი, ლიგა 2-ის ბომბარდირიც გახდა, მერე "აიაქსში" გადავიდა, მაგრამ სეზონის დაწყებიდან თითქმის არ უთამაშია. ამ მხრივ, გვაქვს სირთულეები. დანარჩენი ფეხბურთელები სხვადასხვა დონეზე თამაშობენ.
sagnol-khizana-1636885979.jpg
- ოქტომბერში კვიპროსთან (4:0) საქართველოს ნაკრების ძირითადში მხოლოდ ერთი მოთამაშე იყო ადგილობრივი ლიგიდან. ჩემპიონატისა და ნაკრების დონეს შორის დიდი სხვაობაა?
- თქვენ ძალიან მგრძნობიარე წერტილს ეხებით. საქართველოს ჩემპიონატის დონე არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ეს ეროვნული ნაკრების უფრო სწრაფი წინსვლისთვის დაბრკოლებაა.
- საფრანგეთის ჩემპიონატის რომელ ლიგას შეადარებდით?
- მე ვიტყოდი, რომ პირველი ორი გუნდი, თბილისის "დინამო" და ბათუმის "დინამო", ალბათ, ლიგა 2-ის ცხრილის ბოლოში იქნებოდნენ. ზოგიერთი ლიგა ნასიონალის ან თუნდაც ნასიონალი 2-ის დონისა.
- ნაკრებში რამდენიმე ახალგაზრდა დააწინაურეთ, რომლებიც ზაფხულში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდნენ. ეს მაინც საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე გყოლიათ, არა?
- როცა ჩამოვედი, საშუალო ასაკის მომწიფებული გუნდი მყავდა. საჭირო იყო შემადგენლობის გაახალგაზრდავება. მაგრამ ახალგაზრდებთან მუშაობას თან ახლავს რისკები - ნაკლები გამოცდილება, ნაკლები სიმწიფე...
ასე რომ, ხან კარგი დინამიკა გექნებათ, ხან ნაკლებად კარგი. ეს არის რისკი და გვინდოდა უფრო შუალედური ასაკის გუნდის ჩამოყალიბება. ჩვენ გვყავს 2-3 მოთამაშე, რომლებიც ლიდერები არიან, მაგრამ ვისურვებდი, რომ ისინი უფრო სწრაფად განვითარდნენ.
ამიტომ, რთულია "ოქროს თაობაზე" ლაპარაკი, მაგრამ დღეს ადამიანები მსჯელობენ ისე, რომ არც კი იციან რეალობა და ეს ცოტა მაწუხებს. ამაზე საუბარი არის ზეწოლა, რომელიც არ არის საჭირო. ჩვენ ვიცით, ვინ ვართ, სად ვდგავართ და ვიცით, რომ დიდი საფეხბურთო ქვეყნებისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ.
- ხედავთ კიდევ ისეთ მოთამაშეს, რომელსაც შეუძლია ხვიჩა კვარაცხელიასავით დიდი დონის მიღწევა?
- ამ მომენტში ვერ ვხედავ ვინმეს, ვინც იმავე ტრაექტორიით ივლის. როცა "კვარა" თამაშობს, დარწმუნებული ვარ, რომ მატჩის მოგების ალბათობა უფრო დიდია. აქ ფეხბურთელები თავიანთი ეროვნული გუნდისთვის ცხოვრობენ.
ტერიტორიითა და მოსახლეობის მხრივ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, მაგრამ ისტორიამ გადაკვეთა მონღოლეთთან, ოსმალებთან, შედიოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში...
ეს არის ქვეყანა, რომელმაც ბევრი განსაცდელი გაიარა და დღეს ამ მაისურის ტარება ნამდვილი სიამაყეა. ეს აქ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საფრანგეთში, გერმანიაში ან ინგლისში.
dil-sagnol-1662413680.jpg
- გრძნობთ თუ არა ნაკრების წევრების მიმართ საფეხბურთო აგენტების ყურადღებას?
- ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღებულმა შესანიშნავმა შედეგებმა ბევრი კლუბის სკაუტი წაახალისა, რომ საქართველოში ემოგზაურა. კვარაცხელიამ და მამარდაშვილმა თავისი როლი ითამაშეს, რადგან სკაუტები თვითნაბადი ტალანტების მოსაძებნად მოდიან.
მაგრამ ჯერჯერობით ბევრი ვერ იპოვეს. ჩვენ საკუთარ თავს ვეუბნებით, რომ აქ ახალი სატრანსფერო ადგილი გაჩნდა, მაგრამ, როგორც ვთქვი, "ოქროს თაობისგან" შორს ვართ. მე ვიტყოდი, რომ მშენებლობის ფაზაში ვართ და ეს ერთადერთია, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. მე არ ვარ ფეხბურთელის აგენტი, ან კლუბის ან თუ გნებავთ ქვეყნის პრომოუტერი, მე უბრალოდ მწვრთნელი ვარ.
- თქვენ 11-მატჩიანი წაუგებელი სერია გქონდათ 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის სექტემბრამდე, რომელშიც გამარჯვება მოიპოვეთ შვედეთთან და ბოსნიასთან. თქვენ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ულამაზეს ფურცელს წერთ...
- შესაძლოა, საქართველოს ნაკრები ახლა მართლაც ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გვერდს წერს თავის ისტორიაში, მაგრამ მე არ ვწერ და არც კალამი მაქვს (იცინის). მე, უბრალოდ, მწვრთნელი ვარ და ვცდილობ, ჩემი საქმე გავაკეთო. ამჟამად ვგრძნობ, რომ ამას კარგად ვაკეთებ და ეს სიამაყით მავსებს.
- ევრო 2024-ზე მოხვედრა ამ გუნდის ისტორიას ნამდვილად გაალამაზებს. იქნება თუ არა ეს საქართველოს ნაკრებში თქვენი მუშაობის დასასრული, მით უმეტეს, რომ თქვენი კონტრაქტი ძალაში 2024 წლის დეკემბრამდეა?
- დიახ, მე ასე ვფიქრობ. იმისთვის, რომ იმუშაო არც ისე მარტივ პირობებში, ნაკლები სახსრებითა და რესურსებით, ყოველდღიური მოტივაცია გჭირდება. ფლეი-ოფში მარცხის ან პირიქით, ისტორიული წარმატების შემთხვევაშიც კი, შეიძლება, მუშაობა რთული აღმოჩნდეს.
იმიტომ, რომ ამას დიდი ენერგია და მოტივაცია სჭირდება. უბრალოდ, რაღაც მომენტში განსხვავებულ იდეებს და იმპულსს უნდა დაუთმო გზა. ეს არის ფეხბურთი.
- ანუ თქვენ უკვე ფიქრობთ მომავალზე?
- როცა საქმე კარგად მიდის, უამრავ წინადადებას იღებ. რა თქმა უნდა, ახლა ბევრად მეტია შემოთავაზება, ვიდრე სამი-ოთხი წლის წინ იყო. მაგრამ ჯერ არ ვიცი, იქნება ეს კლუბი თუ ნაკრები.
- ცოტა ხნის წინ რომელიმე ფრანგულმა კლუბმა მოგმართათ?
- დიახ, ფრანგულ კლუბებთან რეგულარული კონტაქტები მაქვს. გარწმუნებთ, "პარი სენ-ჟერმენი" არ შემხმიანებია (იცინის). კონტაქტები ყოველთვის არის. მაგრამ არ მსურს ამაზე ფიქრი, რადგან ინტელექტუალურად ეს ნიშნავს, რომ ჩემს თავს სხვა რამეზე ვაპროექტებ და ეს არ მინდა.
მთელი ჩემი ენერგია ახლა საქართველოში მიზნების მისაღწევად მჭირდება. გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, იგივე განმეორდეს სხვა ქვეყანაში და იმავე დონეზე, როგორც საქართველოში, სადაც საშუალოვადიან პერიოდში პერსპექტიული გუნდის მშენებლობა მოგვიწევდა.
მე არ მაქვს აკვიატებული ძალიან მაღალ დონეზე მუშაობა. მსოფლიოში ბევრი მაღალი დონის მწვრთნელია, საფეხბურთო ბაზარი კი ძალიან კონკურენტუნარიანია. როცა პეპ გვარდიოლა ხარ,შეიძლება გქონდეს მოთხოვნები. მაგრამ როცა სანიოლი ხარ, გაცილებით ნაკლები პრეტენზია გაქვს...
2024 წელს მივდივარო სანიოლმა.
--------------------
ნანა, მაკარონი დაადგი!....
|