მადლობა ^_^
saliliza1უღრმესი მადლობა შენ, შენი რჩევები ძალიან გამომადგა ^_^
ძალიან დადებითი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი, ძალიან საყვარელი ქალაქია.
ჰიპსტერ ჰოსტელში ვიყავი, მეტროსადგურ "კალვინ ტერიდან" არის 1 წუთის სავალზე. ვაცის ქუჩიდან და ბაზრიდან დაახლოვებით 3-5 წუთის სავალზე. მართალია ხალხმრავლობა და ცოტა სივიწროვე იყო, იატაკი სავსე იყო მატრასებით და ა.შ. (როგორც თვითონ თქვეს ახალი წლის პერიოდის გამო), მაგრამ ზოგადად კმაყოფილი ვარ. სისუფთავე იყო რაც მთავარია და ქალაქის შუაგულში იყო და 10 ევროდ მემგონი მშვენიერია

ქალაქში მეტწილად ფეხით ან მეტროთი გადავადგილდებოდი. საზოგადოებრივი ტრანსპორტის 5 დღიანი (30 დღეში ნებისმიერი 5 დღე) დამიჯდა დაახლოვებით 15-16 ევრო. ბილეთი აუცილებლად აიღეთ, კონტროლიორებითაა გაძეძგილი. ძალიან ბევრჯერ გამაჩერეს. დღეში საშუალოდ 3-ჯერ მაჩერებდნენ

ისე ბუდაპეშტის მეტრო ცალკე ფენომენია. ერთი მეტროს ხაზები ასე რადიკალურად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან პირველად ვნახე. ბუდაპეშტის მეტრო მსოფლიოში სიძველით მეორე მეტროა (ლონდონის შემდეგ) და პირველ ხაზზე სწორედ ეს სიძველე იგრძნობა. პატარა, საყვარელი სადგურები ერთი ციცქნა მატარებლებით, ლიანდაგი და ბაქანი რომ ლამის ერთ დონეზეა. მეორე ხაზი საბჭოთა დროინდელია, თუმცა განახლებული თავისი ახალი მატარებლებით (თბილისში რომ განაახლეს, დაახლოვებით მასე შეავლეს ხელი იქაც), მესამე ხაზამდე როგორც ჩანს ჯერ ვერ მივიდნენ რომ განეახლებინათ და ტიპური საბჭოთა მეტროა, თავისი ლურჯი "ლენინგრადის მატარებლებით", მეოთხე ხაზი 2014-ში გაიხსნა და ძალიან მაგარი ხაზია, ახალთახალი მატარებლებით, უზარმაზარი სივრცული სადგურებით.
ძირითადი სანახავი ცენტრალურ ნაწილში, ბუდას და პეშტის მხარეებზე ერთმანეთის პირდაპირაა ფაქტობრივად. ბუდას მხარეს გელერტის მთაზე ადით, ლამაზი ხედია. თან სანამ ახვალთ იქვე არის კლდეში გამოკვეთილი ეკლესია, საკმაოდ საინტერესოდ მოწყობილი და ეგეც ნახეთ. ზოგადად როგორც წავიკითხე ბუდაპეშტი ქეივინგითაა ცნობილი და გელერტის მიდამოებში რამდენიმე დიდი მღვიმეა, მაგრამ ვერც ის გავარკვიე ღია იყო თუ არა და არც დრო მქონდა სამწუხაროდ, რომ წავსულიყავი. ასევე ძალიან დამწყდა გული, რომ ვერ მოვახერხე ბუდას ციხის ლაბირინთის მონახულება, რომელიც როგორც წავიკითხე დაკეტილია ამჟამად.
ისე ბუდას მხარესვეა ბუდას ციხესიმაგრე, მატიასის ეკლესია, მეთევზის ბასტიონი, მარიამ მაგდალინელის კოშკი, სამხედრო მუზეუმი. ეს ნაწილი ღამით მოვიარე ფეხით და ულამაზესია თვითონაც და აქედან ხედი პეშტის მხარეზეც.
პეშტის მხარეს პარლამენტია ძალიან ლამაზი (მე მხოლოდ გარედან ვნახე), წმიდა სტეფანის ეკლესია (აუცილებლად ადით გუმბათზე, ძალიან მაგარი პანორამაა ქალაქზე), ნუ ვაცის ქუჩაზე განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ საფეხმავლო ტურისტული ქუჩაა უამრავი სუვენირის მაღაზიითა და ბარ-რესტორნით. საინტერესოა თუ გაისეირნებთ ანდრაშის გამზირზე. ანდრაშის გამზირამდე არ მისული, მეტრო ასტორიასთან არის სინაგოგა. როგორც თქვეს ევროპაში უდიდესი. შიგნით ვერ შევედი, შაბათი იყო, მაგრამ გარედან ლამაზია. შეგიძლიათ ნახოთ. ანდრაშის გამზირის დასაწყისში არის ქართული რესტორანი "ხაჭაპური", რომლის წინაც გემრიელი და იაფიანი კურტოსკალაჩები იყიდება. შემდეგ ოპერა. შემდეგ "ტერორის სახლი", რომელიც ჯერ ნაცისტური და შემდეგ კომუნისტური უშიშროების სამსახურების სათაო ოფისი იყო წლების განმავლობაში. საკმაოდ დიდი რიგები დგას ამ ტერორის სახლთან, მაგრამ თუ დროში ძალიან შეზღუდულები არ ხართ, აუცილებლად შედით. რევოლუციის დროინდელი ტ-54 ტანკით იწყება მუზეუმში ტური და მიწისქვეშ იმ ოთახებით მთავრდება, სადაც ხალხს აწამებდნენ და სასიკვდილო განაჩენებს აღასრულებდნენ. საკმაოდ შთამბეჭდავი სანახაობაა. ქუჩა მთავრდება გმირთა მოედნით, რომლის უკანაც თუ განაგრძობთ სეირნობას დაინახავთ ძალიან ლამაზ ვაიდაჰუნიადის სასახლეს, რომელშიც სოფლის მეურნეობის მუზეუმია განთავსებული. აქედან 2 წუთის სავალზე კი არის ქალაქის ერთერთი ღირსშესანიშნავი ადგილი სეჩენის აბანო, სადაც შესასვლელად მართალია რიგში საათზე მეტხანს ვიდექი, მაგრამ ყველანაირ რიგად ღირდა ის სიამოვნება რაც იქ მივიღე. ღია ცის ქვეშ ზევით რომ ყინავს (პირდაპირი მნიშვნელობით) და შენ თბილ წყალში ნებივრობ

შესვლა საკუთარი კაბინითურთ 16 ევრო დამიჯდა.
ისე მე რომ ვიყავი, საკმაოდ ციოდა. თბილი ტანსაცმელი წაიღეთ, მითუმეტეს თუ ღამით სეირნობა გიყვართ ჩემსავით.
ის მცურავი ავტობუსი 30 ევრო ღირდა. ძაან მეძვირა და გამოვბრუნდი უკან
ისე დაგუგლეთ, არის უფასო საფეხმავლო ტურები. მე არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი თანაოთახელები აქებდნენ ჰოსტელში ძალიან.
რაც არ მომეწონა იყო ის, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ვალუტის გადაცვლა არის დიდი პრობლემა. გადაცვლის ჯიხური ყოველ ორ ნაბიჯშია მაგრამ ან საშინელი კურსი აქვთ, ან კარგი კურსი აქვთ და "საკომისიოს" იღებენ და ამითი გატყუებენ ჭკუაში. ვაცის ქუჩის თანამკვეთ ქუჩაზე ვიპოვე შედარებით ნორმალური კურსითა და საკომისიოს გარეშე ერთი "ვალუტნი" და მხოლოდ იქ ვახურდავებდი ხოლმე. ასევე რამდენჯერმე შემომთავაზეს აფერისტებმა ქუჩაში გადახურდავება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ენდოთ მაგათ !
კიდევ არ მომეწონა საჭმელი. ცხელი კურტოსკალაჩი როგორც
TamT წერდა მართლა მაგარია, მაგრამ რომ გაცივდა დიდად აღარ მომეწონა

გულიაშსაც ვერ ჩავატანე მაინცდამაინც გემო, ჩვეულებრივი ხორციანი და სტაფილოიანი სუპია. ზოგადადაც, ვერ ვნახე რამე ისეთი, კოლორიტული და განთქმული რესტორანი, სადაც იაფად და გემრიელად აკეთებენ ტრადიციულ კერძებს (როგორც ბრატისლავაშია მაგალითად "სლოვაკ ბარი").
ისე დრო თუ გაქვთ, შეგიძლიათ ჩაირბინოთ ბრატისლავაში. ტურისტულად არც თუ ისე მიმზიდველი სახელი აქვს გავარდნილი, მაგრამ 1-2 დღე გეყოფათ, 3 ყელში ამოგივათ დასათვალიერებლად. პატარ-პატარა, ვიწრო-ვიწრო საყვარელი ქუჩები აქვს ცენტრში და ბევრი ორიგინალური და სასაცილო ძეგლითაა სავსე. + საჭმელი აქვთ მაგარი და ლუდი სუპერ. ბუდაპეშტიდან მატარებლით ჩავედი და ჩამოვედი სულ რაღაც 18 ევროდ. გზას დაახლოვებით ორსაათ ნახევარი უნდა. თან ამ 18 ევროდ გაძლევენ ერთთვიან ღია ბილეთს. დღეში 6 თუ 8 რეისი დადის და რომელსაც გინდა იმას გაყევი და რომელსაც გინდა იმას გამოყევი შენთვის სასურველ თარიღებში.
თუ რამე გაინტერესებთ და შემეძლება, მკითხეთ.
რამდენიმე ფოტოსაც დავდებ:
ეს სეჩენის აბანოზე წარმოდგენა რომ შეგექმნათ ^_^

რკინის ფარდა ტერორის სახლის წინ

ტერორის სახლის სარდაფი (გადაღება არ შეიძლებოდა მაგრამ მაინც)


ხედი გელერტის მთიდან

ბუდას ციხე. ახალი წლის ღამე :3

მატიასის ეკლესია

პარლამენტი ღამით
This post has been edited by Royal_Flash on 20 Jan 2015, 00:33