თუ სწორად მახსოვს

2005-ის რიცხვია. პეტრაში ვარ შენ ხარ ჩემი ბატონი, იორდანიაში, ტრენინგზე.
გადასარევი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა. სასტუმრო ჰქვია თორემ გორაკზე განლაგებული სოფელია მთლიანად სასტუმროდ გადაკეთებული.
ერთსართულიანი, მიწის ბანიანი, მიჯრით მიწყობილი სახლებია ნომრები, ვიწრო ქუჩები, პატარა მოედნები, აბანოები, დუქნები, ყავახანები...
ულამაზესი ხედი, აქეთ პალესტინის მთები ჩანს იქით საუდის არაბეთის უდაბნო.
მომსახურე პერსონალი ხომ უკეთესს ვერ ინატრებ კაცი, გულში გიძვრენენ, ერთხელ ღამის სამ საათზე უშველებელი მორიელი შევნიშნე კედელზე და რაც კი ღილაკი ვნახე ნომერში ყველას ერთად დავაჭირე, ზუსტად ორ წუთში 12 ადამიანი იყო ჩემს ნომერში, მორიგე ადმინისტრატორით დაწყებული და უნიფორმიანი მეხანძრით დამთავრებული, მორიელი რომ ნახეს ღიმილით მიჩვენეს კედელზე ჩამოკიდებული დიდი პინცეტი და შემოსასვლელ კარებთან ხის პატარა კოლოფი. ერთმა ამ პინცეტით აიყვანა მორიელი და ჩასვა კოლოფში.
ბევრი დრო წაგართვით, გადავიდეთ კურიოზზე.
ერთი კვირის შემდეგ გადავწყვიტე გამომეყენებინა უფასო რეცხვის სერვისი და დავტოვე რამდენიმე მაისური და შორტები გასარეცხად.
მეორე საღამოს ჩემი ნომერი ისევ სავსე დამხვდა, ამჯერად მორიგე ადმინისტრატორთან ერთად მთავარი ადმინისტრატორიც ოთახში იყო და მეხანძრის ნაცვლად დამლაგებელთა მთელი არმია.
ჩემი სარეცხები, ლამაზად დაკეცილი, თითო თითოდ ცელოფნის ლამაზ პაკეტებში აწყვია და საწოლზეა გაფენილი, ერთი პაკეტი მთავარ ადმინისტრატორს უჭირავს ხელში და თავჩაქინდრული დგას, დანარჩენი პერსონალი სამძიმარზე დამდგარი ნათესავებივით ერთ მწკრივად კედელს არიან აკრულები სევდიანი სახეებით.
უსიამო ამბის უწყება მთავარმა ადმინისტრატორმა აიღო თავისთავზე და მეუბნება რომ სარეცხი მანქანის გაუმართაობისა და მომსახურე პერსონალი უყურადღებობის გამო ჩემი ერთი მაისური დაზიანდა. სასტუმროს ადმინისტრაცია ძალიან წუხს ამ აღმაშფოთებელი ფაქტის გამო და ბედნიერად ჩათვლის თავს თუ იორდანიის პატივცემული სტუმარი (მე, ესე იგი

) მიიღებს ადმინისტრაციის ბოდიშს და მისცემს უფლებას ადმინისტრაციას, იორდანიის პატივცემულ სტუმარს მიყენებული ზარალი აუნაზღაურონ და მაწვდის ლამაზად შეფუთულ ჩემს მაისურს და კონვერტს 60 იორდანული დინარით (ეწერა ზედ), რაც დაახლოებით 70 ამერიკული დოლარია.
მე რა თქმა უნდა თავი გავიგიჟე (მით უმეტეს ის მაისური მეორადებში მქონდა ნაყიდი ორ თუ სამ ლარად), თავდაპირველად ადმინისტრატორს ეგონა რომ მე არც მათი ბოდიში მინდოდა, არც ფული და ფერი წაუვიდა, მაგრამ კონვერტი რომ უკან დავუბრუნე, ხოლო ჩემი მაისური გამოვართვი მიხვდა რაშიც იყო საქმე და ფერზეც მოვიდა.
სტუმრები თითო თითოდ გალაგდნენ ნომრიდან.
ნახევარ საათში მოვიდა მორიგე ადმინისტრატორი გასაღებების ასხმით და მაცნობა რომ დარჩენილი ერთი კვირის განმავლობაში ჩვენს ჯგუფს შეეძლო მთელი ღამე ესარგებლა საცურაო აუზით (11 საათზე იკეტებოდა), საბილიარდოთი და დისკო ბარით (დიჯეის გარეშე მაგრამ მთელი აპარატურით, გვთხოვეს რასაც დავლევდით იმის ფული დახლზე დაგვეტოვებინა), გასაღებები ასხმა, ერთი ბოთლი 80 დოლარიანი ვისკი დატოვა მაგიდაზე და წავიდა.
იმ დაზიანებულ მაისურსაც ოდნავ შესამჩნევი სამი ღია წერტილი ეტყობოდა მარჯვენა მხართან, ზურგზე.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)