Giorgi_Roganeli
Newbie


ჯგუფი: Registered
წერილები: 8
წევრი No.: 98731
რეგისტრ.: 30-August 09
|
#46164036 · 8 Nov 2015, 18:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ტურისტების გაქურდვა ისრაელში და პოლიციის რეაგირება
ყველას გვსმენია ტურისტების გაქურდვის ფაქტები როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. აქამდე ასეთ ამბებს დიდ ყურადღებას ვერც ვაქცევდი და არ მქონდა იმ ნეგატივის მიახლოებითი აღქმაც კი, რასაც ასეთ სიტუაციაში განიცდის ადამიანი. ასე იყო მანამ, სანამ მე თვითონ არ შემემთხვა: გამქურდეს ისრაელში, თელ ავივის პლიაჟზე.
ესენი იყვნენ აფრიკელი (სუდანელები და სხვა შავკანიანები) ემიგრანტები, რომლებიც დასეირნობენ სანაპიროზე ტურისტების გაქურდვის მიზნით. მომპარეს მობილური სმარტფონი და საფულე, სადაც მქონდა ფული, პირადობის მოწმობა, საკრედიტო ბარათები...
ტურისტების გაქურდვა ყველგან ხდება, მაგრამ მთავარი არის ის, თუ როგორ რეაგირებს პოლიცია. ჩემი პოსტი უფრო ამაზეა:
გამოვიძახე პოლიცია, დავრეკეთ ორჯერ... მოვიდნენ ერთი საათის შემდეგ მოტოციკლით. ეს 2 პოლიციელი უფრო მეტად ვალის მოხდის მიზნით მოვიდა (რომ გამოძახებაზე გამოცხადნენ) და გააკეთეს ერთადერთი: ბლოკნოტიდან ამოხიეს ფურცელი და დამიწერეს პოლიციის განყოფილების მისამართი, სადაც უნდა მივსულიყავი განსაცხადებლად. მივედი განყოფილებაში და პოლიციის ოფიცერთან შევავსე შესაბამისი განაცხადის ფორმა. პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, არის ის, რომ პოლიცია არ არის დაინტერესებული ტურისტების გაქურდვის გამოძიებით და შენ მათთვის ხარ მეხუთეხარისხოვანი. გეკითხებიან, ისრაელელი ხარ თუ არა და თუ ტურისტი ხარ, რამდენ ხანში მიემგზავრები შენს ქვეყანაში. განცხადებას გავსებინებენ ფორმალურად, თორემ რწმენა, რომ რაიმე საგამოძიებო მოქმედებებს ჩაატარებენ, თითქმის არ უნდა გქონდეთ. გეუბნებიან კიდეც, ალბათ ვერ ვიპოვითო. არავინ დაინტერესდა, როგორ გამოიყურებოდნენ ის აფრიკელი ემიგრანტები, რომლებიც გაქურდვამდე დაბორიალობდნენ შორიახლოს და სხვა დეტალებით.
პოლიციის განყოფილებაში მივედი მეორე დღესაც, წარვადგინე ტელეფონის IMEI კოდი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მისი მოძებნა ისრაელის ნებისმიერ მობილური ოპერატორის ქსელში ჩართვისთანავე, შევთავაზე, რომ 2 დღეში თბილისიდან გამოვუგზავნიდი დეტალურს ამონაწერს, თუ რამე ნომრებზე იქნებოდა დანარეკი, მაგრამ... პოლიცია გეუბნება, რომ მაილით და ტელეფონით შენთან კონტაქტი ვერ ექნებათ, არავინ დაგირეკავს და არაფერს მოგწერს მაილით, არც მაილით შენგან გაგზავნილ დეტალურ ამონაწერს მიიღებენ... გაძლევენ ტელეფონის ნომერს და შეგიძლია დარეკო და მოიკითხო, თუ არის შენი გაქურდის საქმეზე რამე სიახლე. მე ვუთხარი, რომ თუკი სმარტფონს იპოვით, ჩამოვალ-მეთქი... ამ დროს ოფიცერი აღშფოთდა და მისმა სახის გამომეტყველებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არავინ იყო დაინტერესებული ჩემი საქმით... მე ტურისტი ვიყავი და რამდენიმე დღეში უნდა დავბრუნებულიყავი ჩემს ქვეყანაში, ამიტომ გულგრილად უყურებენ ჩემი გაქურდის საქმეს.
რჩევა: ყურადღებით იყავით სანაპიროებზე, რადგან ტურისტებს ქურდავენ და პოლიცია არ პატრულირებს. გამოძახების შემდეგ ერთი საათი სჭირდებათ მოსასვლელად და არ არიან დაინტერესებული საქმის გახსნით. მე არ მჯერა, რომ რამეს იპოვნის პოლიცია და დამიბრუნებს. თუ ასე მოხდა, აუცილებლად დავწერ ამის შესახებ.
კარგ და უსაფრთხო დასვენებას გისურვებთ ისრაელში მოგზაურობის ყველა მსურველს!
* * * სამი დღის წინ დავბრუნდი ისრაელიდან და ამ პოსტში მხოლოდ საზღვრის კვეთისა და საპასპორტო კონტროლის შესახებ დავწერ. იმედი მაქვს, გამოგადგებათ ისრაელში გამგზავრების მსურველებს.
ისრაელში გავემგზავრე საქართველოს მოქალაქის პასპორტით, სადაც ჩარტყმული მქონდა ირანის საზღვრის კვეთის შტამპები. ასეთი პასპორტით გამგზავრებას არ გირჩევთ, ბევრი კითხვები და უხერხული სიტუაციები მოჰყვება.
პირველ რიგში, უნდა გითხრათ, რომ თელავივის მიმართულებით შესასრულებელ ყველა ავიარეისზე არიან მოსსადის (ისრაელის უშიშროება MOSSAD) თანამშრომლობი, 2-დან 10 თანამშრომლამდე, რომელთაც ვერ შეამჩნევთ და ისინი ფრენის დროსვე აკვირდებიან მგზავრებს. მათ ევალებათ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში უსაფრთხოების დაცვა და ტერორისტული აქტების აღკვეთა.
თელავივის ბენ გურიონის აეროპორტში ჩაფრენის შემდეგ შეამჩნევთ, რომ სხვადასხვა ადგილას დგანან უსფრთხოების თანამშრომლები. მაგ., 100 კაცი მივდიოდით პასპორტ კონტროლის გასავლელად და მხოლოდ მე შემაჩერა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა და მთხოვა რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა: რატომ ჩამოხვედი? რა მიზანი გაქვს? სად იცხოვრებ? რამდენი ხნით დარჩები? არ უნდა დაიბნეთ და მომზადებულად უპასუხოთ, თანაც გოგონები არიან და გაუღიმეთ... ეს საუბარი მიდის ინგლისურად, პასპორტ კონტროლის დროს კი შესაძლებელია რუსულად გასაუბრებაც. კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ დამიბრუნა პასპორტი და მივედი პასპორტ კონტროლის ზონასთან. აქ არის 40 კაბინა, რომელთაგან 32 მუშაობდა. ცალკე გამოყოფილია ისრაელის პასპორტების მქონე მოქალაქეების კაბინები (ფანჯრიანი მინიჯიხური), დანარჩენი არის უცხო ქვეყნების პასპორტები მქონე მოქალაქეებისთვის. არის ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი წარწერები, ასე რომ ორიენტირება არ გაგიჭირდებათ.
ჩემი რჩევა იქნება საბუთები ჩაწყობილი გქონდეთ ფაილში მოწესრიგებულად და ჩანდეს, რომ გაქვთ: უკან დასაბრუნებელი ბილეთი, ჯანმრთელობის სამოგზაურო დაზღვევა, სასტუმროს ჯავშნები. პასპორტ კონტროლის დროსაც დაგისვამენ მსგავს კითხვებს, რაც ზემოთ დავწერე და დაათვალიერებენ საბუთებს. საზღვარზე შეშვება დამოკიდებულია მესაზღვრეზე, ასე რომ შეეცადეთ იყოთ თავაზიანი, არ გაგაღიზიანოთ კითხვებმა და გაიღიმეთ. თუ საქმე გართულდა და ეჭვი შეიტანა მესაზღვრემ, რომ დასარჩენად ჩახვედით და არა ტურისტად, შეიძლება შეგიყვანონ გასაუბრების ოთახში, სადაც უფრო მეტ კითხვას გისვამენ, ფულს (ქეში) გათვლევინებენ და უფრო უსიამოვნო პროცესია, მაგრამ მე არ მომიწია. 12 დღით ვრჩებოდი, მაგრამ მომცეს 90 დღით დარჩენის საბუთი მუშაობის უფლების გარეშე. შტამპს არ არტყავენ პასპორტში, გაძლევენ პატარა საბუთს (ბილეთის ზომის მოწმობა) და გადიხარ პაპორტ კონტროლის ზონას. შესვლაზე ირანის შტამპზე ყურადღება არ გაუმახვილებია მესაზღვრეს (ჩემი აზრით), მაგრამ გამოსვლილას კი უფრო დიდხან გამაჩერეს.
გამომგზავრებისას რეგისტრაციის გავლამდე უნდა გაიარო მცირე გასაუბრება უსაფრთოებით თანამშრომელთან, ესენი არიან ახალგაზრდა გოგონები, რომლებიც გისვამენ სხვადასხვა კითხვას. როცა მოვფრინავდი თბილისში, დავდექი უსაფრთხოების გასავლელად რიგში, შემდეგ გიშვენებ ფრენაზე რეგისტრაციის გასავლელად. უსაფრთოების თანამშრომელმა დამისვა სხვადასხვა კითხვა: თურქეთში თუ ხარ აქამდე ნამყოფი (პეგასუსით თურქეთის გავლით ვბრუნებოდი თბილისში), თუ გყავს ნათესავები თურქეთი... ვეუბნები, რომ ეს არის სტამბულის გავლით რეისი და სტამბულის აეროპორტის სატრანსფერო ზონას არ ვტოვებ, ისე მივფრინავ თბილისში-მეთქი. მერე ნახა ირანის შტამპი და არ მოეწონა. კითხვები იყო ასეთი: რატომ იყავი ირანში? ნათესავები თუ გყავს ირანში? ჩემოდანი პირადად ჩაალაგეთ? ვინმემ საჩუქარი ხომ არ გამოგატანათ? გაითვალისწინეთ, რომ ჩემოდანი, რომელსაც ბარგში აბარებთ, აუცილებლად გაიხსნება და შემოწმდება ისრაელის უსაფრთხოების თანამშრომლების მიერ. ამიტომ ყველგან წერია, რომ ჩემოდანი კოდირებული საკეტით ან მინი ბოქლომით არ ჩაკეტოთ, ამასვე შეგახსენებენ უსაფრთხოების თანამშრომლები რეგისტრაციის დახლთან მისვლამდე. ბარგში ჩავაბარე ჩემოდანი, მაგრამ მქონდა ზურგჩანთაც, რომელიც საზღვრის კვეთისას ისე გაჩხრიკეს, დეტალურად ნახეს ყველაფერი და სენსორებიანი ხელსაწყოებით ამოწმეს ტანსაცმელი (მაისურებს აკვირდებოდნენ რაღაც სკანერის მსგავსით), მობილურ ტელეფონს აკუმულატორი ამოუღეს და დაათვალიერეს... გამოსვლისას იყო მაგარი, დეტალური კონტროლი, რომ ბორტზე ზურგჩანთით რამე აკრძალული არ აგეტანა... დანა, მაკრატელი და მსგავსი ხომ საერთოდ აკრძალულია... ეს შემოწმებები არც სასიამოვნოა და დიდ დროსაც მოითხოვს (რიგებია), მაგრამ აუცილებელია ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასე რომ, გაგებით მოეკიდეთ და ამ პროცედურებზე არ გაღიზიანდეთ. თბილისში ჩამოსულ ბარგში დამხვდა შეტყობინება, რომ ჩემოდანი გაიხსნა და შემოწმდა ისრაელის უსაფრთხოების თანამშრომლების მიერ. შოკოლადებით სავსე საშუალო ზომის პარკი ვეღარ ვნახე (ალბათ ამოიღეს), სხვა ტკბილეულობა და ყველაფერი ჩამომივიდა უკლებლივ.
ეს დიდი პოსტი გამომივიდა, მაგრამ მინდოდა გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება ისრაელში გამგზავრების მსურველთათვის. გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!
This post has been edited by Giorgi_Roganeli on 8 Nov 2015, 19:00
|