ქვირითის მოყვარულებიზღვის გეველები ჭეშმარიტად საოცარი არსებები არიან. მათ მიძღვნილია არაერთი სტატია, სადაც განიხილება მლაშე წყალში საარსებოდ საჭირო ფიზიოლოგიური და მორფოლოგიური ადაპტაციები – თირკმლებზე უფრო ფუნქციონალური ენისქვეშ განლაგებული მარილის გამომყოფი ჯირკვლები, ჰიპერტროფირებული (გადიდებული) მარცხენა ფილტვი, რომელიც იგივე როლს ასრულებს რაც საცურაო ბუშტი თევზებში. ბოლო კვლევების თანახმად მსოფლიო ოკეანეს დაბინადრება ხმელეთის გველების მიერ 3-ჯერ ხდებოდა და ყოველ ჯერზე მოწინავე როლებზე ასპიტისებრნის
(Elapidae) ოჯახის წარმომადგენლები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ დაბინადრება უპირატესად მიმართული იყო აფრიკის სამხრეთი ნაწილისკენ და წყნარი ოკეანისკენ, სამივეჯერ გავრცელების ეპიცენტრად ავსტრალიისა და სამხრეთ–აღმოსავლეთი აზიის მეჩხერი წყლები მოგვევლინებიან, რაც გასაკვირი სულაც არ გახლავთ – დღესდღეობითაც ეს ზონა ასპიტების მრავალფეროვნების ცენტრია.
Laticauda colubrina წინაპრების მსგავსად, ზღვის გველების უმეტესობის საკვებს წარმოადგენენ გველთევზები და სხვა ტროპიკული მსხვილი თევზები, რომლის დაჭერა მოშხამვით ან დახრჩობით ხდება. მაგრამ 1996 წელს ჰაროლდ ვორისმა
ემიდოცეფალის (Emydocephalus) გვარის წარმომადგენლების ორი სახეობის კუჭის შემადგენლობის გამოკვლევისას აღმოაჩინა, რომ ის მხოლოდ თევზის ქვირითის შეიცავდა. არაჩვეულებრივი აღმოჩენა იმის გათვალისწინებით, რომ გველების უმეტესობისთვის ძირითად საკვებს წარმოადგენს მათ სხეულებთან შედარებით დიდი ზომის ნადირი – ევოლუციის ერთ–ერთი სიახლე, რომელმაც გველების ასეთი წარმატება განაპირობა. ზემოდაწერილის საწინააღმდეგოდ
Emydocephalus პატარა ნადირით იკვებება და ამასთან ერთად ძალიან ხშირად, ზოგჯერ რამოდენიმეჯერ საათში, რაც ძალზედ უჩვეულოა მაკროსტომატური (macrostomata) გველებისთვის, რომლებიც იშვიათად იკვებებიან და როგორც წესი მათ საკვებს შედარებით მსხვილი ნადირი წარმოადგენს. ხშირად ხდება, რომ მზრუნველი მშობლები (მაგალითად ამფიპრიონები) ერთობლივი ძალებით იცავენ ქვირითს თავდამსხმელისგან და აგდებენ მას, ამასთან ერთად თავისი მცირე ზომების მიუხედავად ისინი არასდროს ხდებიან ამ გველების საკვები – სიმართლისთვის უნდა ითქვას, რომ მათ ეს არც ემუქრებათ.
ემიდოცეფალის კბილების განლაგებარატომ? ვორისმა აგრეთვე აღნიშნა კბილების ძალზედ უცნაური აგებულება, უფრო ზუსტად კი მათი უდიდესი ნაწილის არქონა. გველების უმეტესობას კბილები თავის ქალის 5 ტიპის ძვალზე აქვთ განლაგებული: ზედა ყბა (მაქსილა), ყბათაშუა (საჭრელი) ძვალი, სასის ძვალი, ფრთისებრი ძვალი და ქვედა ყბა (მანდიბულა). ადამიანებშის, როგორც სხვა ძუძუმწოვრებს კბილები ზემოთჩამოთვლილ 3 ძვალზე გვაქვს განლაგებული (მაქსილაზე, ყბათაშუა ძვალზე და მანდიბულაზე).
Emydocephalus, ზედა ყბაზე განლაგებული წვრილი შხამგამომტანი კბილების წყვილის გარდა, კბილები მხოლოდ ფრთისებრ ძვალზე აქვს. ამ გველების რაციონის გათვალისწინებით ნათელი ხდება კბილების რედუცირება დანარჩენ ჩამოთბლილ ძვლებზე, რომლებიც საჭიროა მკვრივი საკვების ჩასაყლაპად. მაგრამ რბილი ქვირითის ჭამის პროცესი ჯერ კიდევ აუხსნელი რჩებოდა. პრეპარირებული გველების კუჭში ვორისმა ქვირითის გარდა სილის მცირე რაოდენობა აღმოაჩინა და აგრეთვე სავარაუდოდ შემთხვევით ჩაყლაპული ნიჩაბფეხიანი კიბოსნაირნი
(Copepoda). 1987 წელს კოლინ მაკკარტი გამოთქვა ვარაუდი, რომ კვების მექანიზმი თევზების მიერ გამოყენებულ შეწოვას ჰგავდა. ახლონათესავური გველების –
Aipysurus eydouxi ხახის კუნთების გამოკვლევის შედეგად მან ივარაუდა რომ აღნიშნული ორი გვარის წარმომადგენლები
geniomucosalis კუნთის (განლაგებულია ქვედა ყბაზე და უკავშირდება პირის ღრუს ფსკერის ლორწოვან გარსს) შეკუმშვის გზით შეწოვის ძალას ქმნიან. კვების მსგავს მექანიზმს იყენებენ ჭიაყელების მსგავსი გველები
(Scolecophidia) ტერმიტებით, ჭუპრებით და ჭიანჭველების ლარვებით კვების დროს. სწორედ მათ პირველად აღმოუჩინეს და აღწერეს
geniomucosalis კუნთი რამოდენიმე წლით ადრე.
ქვირითის შეწოვის სხვა მოწყობილობა, როგორც მაკკარტი მიიჩნევდა, ზედა ტუჩის სამი ჰიპერტროფილებული ქერცლი იყო (სხვა გველებში მათი რაოდენობა 6-8 შორის მეტყეობს), რომელიც გველის თავს კუს ნისკარტთან მსგავსებას ანიჭებდა (ბერძნულიდან თარგმნილი მეცნიერული დასახელება – Emydocephalus, „კუსთავიანს“ ნიშნავს) და შეწოვის დროს ტუჩების სიმტკიცეს უზრუნველყოფდა. ამასთანავე, დინგის ბოლოზე განლაგებული წვეტის გამოყენება შეიძლებოდა სილის ქვეშ დამალული ქვირითის საძებნად, მაგრამ მეტად რეალურია მისი სასქესო ფუნქცია, რაზეც მიუთითებს მისი არსებობა ემიდოცეფალების მხოლოდ ზრდასრულ მამრებში.
Emydocephalus annulatus-ის მამრის თავი. დააკვირდით დინგის ბოლოზე არსებულ წვეტს 1996 წელს, მაიკლ გვინეამ გამოაქვეყნა ავსტრალიის ჩრდილო–აღმოსავლეთ სანაპიროსტან ემიდოცეფალების შეწყვილების პროცესის ერთ–ერთი პირველი დაკვირვება. მან აღნიშნა, რომ გამრავლების პერიოდში გველები დიდი რაოდენობით გროვდებიან მარჯნების რიფებს შორის. ნათელი გახდა დინგის ბოლოზე განლაგებული წვეტის დანიშნულება – მამრები მდედრს არსებული წვეტით ეხახუნებიან, რითიც მოუწოდებენ წყლის ზედაპირზე ამოსვლას ჟანგბადის ახალი პორციის შესასუნთქად, რის შემდეგ წყვილი სინქრონულად ყვინთავს მარჯნის რითის სიღრმეებში, სადაც საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში (ზოგჯერ 1 საათს აღემატება) შეწყვილდება. ასევე გვინეამ აღნიშნა, რომ კვების დროს ემიდოცეფალები აქტიურად გამოიყენებენ ზედა ტუჩზე განლაგებულ ბასრ ქერცლს მარჯნების და ქვების ზედაპირიდან ქვირითის ასაფხეკად, მაგრამ ვერ აღმოაჩინა შეწოვით კვების დამადასტურებელი მტკიცებულება. თუმცა, მეორეს მხრივ შეწოვით კვება ხსნის ემიდოცეფალების კუჭში ქვიშის მოხვედრას.
ზღვის გველების ხსენებისას ჩვენს გონებაში პირველ რიგში ამოტივტივდება ძალზედ ტოქსიკური და მარტივი შემადგენლობის შხამი. მიჩნეულია, რომ ევოლუციის პროცესში ზღვის გველებმა ასეთი ძლიერი და სწრაფმოქმედი ნეიროტოქსინი გამოიმუშავეს სამი მიმართულებით თავის დაღწევის საშუალების მქონე მსხვერპლის იმობილიზაციისთვის. 2005 წ. მინ ლი კოლეგებთან ერთად
Aipysurus eydouxii–ს შხამის შესწავლის დროს აღმოაჩინეს მუტაცია, რომელმაც განაპირობა შხამის ნეიროტოქსიური მოქმედების 50-100ჯერ შემცირება, ასევე შხამიანი ჯირვლების ძლიერი რედუქცია და შხამგამომტანი ეშვების დაპატარავება. ემიდოცეფალების შხამის დეტალური შესწავლა არ განხორციელებულა, მაგრამ ამ აღმოჩენაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დიდი ალბათობით ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.
Emydocephalus annulatus-ის წყვილიქვირითით მკვებავი ზღვის გველები – გველის შხამის ტოქსინების ევოლუციის შენელების პირველი და უნიკალური შემთხვევაა. გვხვდება თუ არა ანალოგიური ადაპტაცია მტკნარი წყლის გველებს შორის? არსებობს უამრავი სახეობა, რომელიც იკვებება თევზით და კიბოსნაირნით და ამით ზღვის გველების მსგავს ეკოლოგიურ ნიშებს იკავებს. ასევე არსებობს უამრავი მტკნარი წყლის თევზი და ამფიბია, რომელიც წყალში დებს გემრიელ ქვირითს, მაგრამ მტკნარი წყლის გველებს შორის დღემდე არ დაფიქსირებულა მსგავსი ადაპტაციები ან ოოფაგიის (კვერცხის ჭამის) არც ერთი შემთხევა. სამაგიეროდ არსებობს რამოდენიმე ხმელეთის ბინადარი გველი, რომელიც იკვებება თევზის და ამფიბიების ქვირითით, მაგალითად
Leptoderia გვარის ნეოტროპიკული წარმომადგენლები, ან აფრიკული
Dasypeltis და ავსტრალიური
Brachyurophis. აქედან, ბოლო ორს ასევე აღენიშნება კბილების რაოდენობის შემცირება და როგორც შედეგი სხვა საკვებით კვების უუნარობა.
This post has been edited by Jaguar paw on 24 Jun 2015, 16:32