ჯავახური ცხენი
საზოგადო სახელი: ცხენიulayi ლათინური დასახელება: Equus ferus caballus ჯიში: ჯავახური ცხენი წარმოშობა: ჯავახური ცხენის მოშენებას საქართველოში 170- წლიანი ისტორია აქვს და უკავშირდება რუსეთის ტავრიდის გუბერნიიდან სექტანტი დუხობორების გადმოსახლებას; fashati არსებული ცნობით, 1841-1845 წ.წ. საქართველოში მათ თან ჩამოიყვანეს ყირიმისა და დონის ჯიშის ფაშატების რუსული ტვირთმზიდავ და ბიტიუგის ჯიშის ულაყებთან შეჯვარებით მიღებული ცხენი. შემოყვანიდან XX საუკუნის 20-იან წლებამდე პერიოდში ამ ცხენის მოშენების მეთოდებზე ინფორმაცია არ მოიპოვება, მაგრამ არ უნდა გამოირიცხოს მისი ადგილობრივ ცხენთან შეჯვარების შესაძლებლობაც. 1924 წლიდან ზონის მეცხენეობის საზოგადოებრივ ფერმებში, სამუშაო თვისებების გაუმჯობესების მიზნით, დაიწყეს ამ ცხენის მასობრივი შეჯვარება არდენის, პერშერონისა და ბრაბანსონის ტვირთმზიდავი ჯიშების მწარმოებლებთან, მოგვიანებით კი მიღებულ თაობას აშენებდნენ „თავისში“. ასეთი რთული შეჯვარებით ჩამოყალიბდა შესაბმელი ცხენი, რომელიც კარგად არის შეგუებული მაღალი მთის ზონის სამეურნეო და ეკოლოგიურ პირობებს. გასული საუკუნის 70- ნი წლებიდან სანაშენე მუშაობა მიმდინარეობდა ნინოწმინდის რაიონის სოფ. გორელოვკის მეცხენეობის ფერმის ბაზაზე, რომელსაც „სანაშენეს“ სტატუსი მიენიჭა 1983 წელს, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების სახელმწიფო კომიტეტის ბრძანებით. სანაშენე მუშაობის ძირითადი მიზანი იყო გაუმჯობესებული სამუშაო თვისებების მქონე უნივერსალური გამოყენების ცხენის გამოყვანა; ეს შესაძლებელი გახდა, ერთი მხრივ, მიზანმიმართულად გადარჩეული საუკეთესო სულადობიდან მიღებული მოზარდის მოვლა-შენახვისა და კვების პირობების ოპტიმიზაციით და, მეორე მხრივ, დოზირებული სამუშაო დატვირთვის პირობებში მათი ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების, აგრეთვე საწარმოო გამოცდის სისტემების დანერგვით.
მოკლე აღწერა: ულაყის საშუალო სიმაღლე მინდაოში- 146 სმ-ის, ტანის ირიბი სიგრძე- 155 სმ- ის, გულმკერდის ირგვლივა 174 სმ, ნების ირგვლივა 22,0 სმ. ფაშატების შესატყვისი განაზომები: 141, 150, 168 და 20,7 სმ. ჯავახური ცხენი ძირითადად ქურანა ფერისაა, გვხვდება, აგრეთვე, თაფლა და შავრა ინდივიდები; სულადობის უმეტესობას აქვს თეთრი ნიშნები შუბლზე და/ან კიდურებზე. ჯავახური შესაბმელი ცხენი ხასიათდება მაგარი კონსტიტუციით, ჰარმონიული აგებულებით, ენერგიული ტემპერამენტითა და განვითარებული კუნთოვანი სისტემით. აქვს მსუბუქი ნაბიჯი და კარგი ჩორთი, აგრეთვე, თვინიერია და ადვილად იტანს მძიმე მუშაობას; გამოიყენება ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად: ხვნა-თესვაში, სათიბების დასამუშავებლად, მოსავლის გადასატანად და სხვა სატრანსპორტო გადაზიდვებისთვის.
დღევანდელი მდგომარეობა: ძირითადად გავრცელებულია ნინოწმინდის, ახალქალაქისა და ნაწილობრივ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში. ბოლო 20 წელია ამ ჯიშის ცხენის სულადობაზე ოფიციალური ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა, ხოლო 2004 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მონაცემებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ყველა ჯიშის, ასაკისა და სქესის ცხენების საერთო რაოდენობა იყო 708 სული. წყაროები: რ. მიტიჩაშვილი, ცხოველთა მომშენებლობა. თბილისი, 2010; ა. ჩუბინიძე, ჯავახური შესაბმელი ცხენი. საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის სამეცნიერო შრომათა კრებული, ტ. LX,თბილისი, 2002; Чубинидзе А.Б., Местные породы лошадей в Грузии: Тушинская лошадь, джавахетская упряжная лошадь. «Коневодство и конный спорт», 2003, № 2.
თუშური ცხენი
საზოგადო სახელი: ცხენიtushuriulayi ლათინური დასახელება: Equus ferus caballus ჯიში: თუშური ცხენი წარმოშობა: თუშური ცხენი კავკასიის ენდემია. ჩამოყალიბებულია ხალხური სელექციით, კავკასიონის მთავარი ქედის მთაგორიანი ზონის ჯოგური მეცხენეობის პირობებში. საჯდომ-სასაპალნე-პროდუქტიული მიმართულებისაა.tushrixedi
მოკლე აღწერა: ხასიათდება მშრალი მაგარი კონსტიტუციით, მომცრო, მაგრამ ჰარმონიული აგებულების სხეულით და მაგარი ძვლოვანი სისტემით; ცხოველებს აქვთ მშრალი და მსუბუქი თავი, ფართო შუბლი, სწორი პროფილი, საშუალო ზომის და მოძრავი ყურები, საშუალო ზომის კისერი, განიერი მკერდი, ოდნავ დაქანებული გავა, სწორად მდგომი კიდურები, მაგარი ჩლიქები. ფაშატის საშუალო განაზომებია: სიმაღლე მინდაოში - 134 სმ, ტანის ირიბი სიგრძე-139 სმ, გულმკერდის ირგვლივა - 156 სმ, ნების ირგვლივა -16,9 სმ, ულაყის– 137, 144, 159 და 17 სმ, შესაბამისად. თუშურ ცხენი უმთავრესად ქურანა ფერისაა. ახასიათებს საკმაო სიმკვირცხლე, გამბედაობა და სიფრთხილე, შეჩვეულია უამინდობისას, თოვლიან მთის ბილიკებზე სიარულს და კარგად იყენებს კლდოვან და ციცაბო საძოვრებს. ამასთან, კარგ ორიენტაციასთან შერწყმული გულადობის გამო იგი მაღალ მთაში შეუდარებელ საჯდომ ცხენად ითვლება. ისტორიულად ამ ცხენს იყენებდნენ სამეურნეო და სამხედრო დანიშნულებით. დღეისთვის გამოიყენება სპორტული მიზნებისთვის, საცხენოსნო ტურიზმში, სასაპალნედ და სატრანსპორტო საშუალებებში შესაბმელად - შედარებით მსუბუქი ტვირთების გადასატანად. მეცხვარეები აღნიშნავენ, რომ თუშური ცხენი მაღალ მთაში მუშაობისთვის შეუცვლელია, ვინაიდან გაუხშოებულ ჰაერზე გაცილებით უფრო ადვილად იტანს დატვირთვებს, ვიდრე ბარში ჩამოყალიბებული ჯიშები. საკმაოდ სწრაფია. 1000 მ მანძილს ფარავს 1 წთ და 26,8 წმ-ში, 1200 მ-ს - 1 წთ და 31,0 წმ-ში, ხოლო 10000 მ-ს - 14 წთ და 42 წმ-ში.
დღევანდელი მდგომარეობა: გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში, უპირატესად მომთაბარე მეცხვარეობის ეკონომიკურ ზონაში: ახმეტის, თელავის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში. სანაშენე სულადობის ძირითადი რეპროდუქტორი იყო ახმეტის რაიონის სოფ. ქვემო ალვანის სანაშენე ფერმა, სადაც სასელექციო მუშაობა მიმდინარეობდა სხეულის ზომების გაზრდის, სისწრაფისა და მუშაობისუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით და ხდებოდა მათი გამოცდა. მოშენების სპეციფიკურობა გამოიხატებოდა „დახურულ სანაშენე ბირთვში“ სელექციის მეთოდის გამოყენებაში, რამაც უზრუნველყო სასურველი ტიპთან მიახლოებული სულადობის ფორმირება. დღეისთვის ეს ფერმა არარსებობს. 2004 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მონაცემებით, გავრცელების ზონაში ცხენის საერთო რაოდენობა იყო 5829 სული, ხოლო თუ რამდენია მათში თუშური, უცნობია. სანაშენე მუშაობის არარსებობის გამო მოსალოდნელია მისი სხვა ჯიშის ცხენებთან აღრევა და უნიკალური თვისებების დაკარგვა. წყაროები: : ა. ჩუბინიძე, თუშური ცხენი. საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის შრომათა კრებული, ტ. XL, თბილისი, 2002;
http://agraruli.blogspot.com/2013/01/blog-...ml(15.01.2014); Д. Кобалава, А. Чубинидзе, О генофонде тушинской лошади. Материалы Грузинского общества генетиков и селекционеров, Тбилиси, 1986; А.Чубинидзе, Местные породы лошадей в Грузии. Тушинская лошадь, джавахетская упряжная лошадь. «Коневодство и конный спорт», № 2, 2003.
მეგრული ცხენი
საზოგადო სახელი: ცხენიfashati ლათინური დასახელება: Equus ferus caballus ჯიში: მეგრული ცხენი წარმოშობა: მეგრული ცხენი ძველი კოლხური ცხენის შთამომავალია. ჩამოყალიბებულია ჯოგური მეცხენეობის პირობებში და თანაბრად კარგად ეგუება დასავლეთ საქართველოს მთისა და ბარის ჭარბტენიან ეკოლოგიურ პირობებს. საჯდომ-სასაპალნე პროდუქტიული მიმართულებისაა; საკმაოდ ulayiსწრაფმავალია. გამოიყენება დოღში და სხვადასხვა ცხენოსნურ თამაშობებში, შედარებით იშვიათად შესაბმელად მსუბუქი სატრანსპორტო სამუშაოების შესასრულებლად.
მოკლე აღწერა: მეგრული ცხენი ამიერკავკასიაში გავრცელებული ცხენის ჯიშებს შორის ყველაზე პატარა ტანიანია. მისი სიმაღლე მინდაოში - 129 სმ-ის, ტანის ირიბი სიგრძე - 139,5 სმ-ის, გულმკერდის ირგვლივა - 145 სმ- ის, ხოლო ნების ირგვლივა - 16,5 სმ-ის ტოლია. ცხოველები უმეტესად მშრალი და მაგარი კონსტიტუცისანი არიან. ექსტერიერისთვის დამახასიათებელი ნიშნებია: სხეული საშუალოდ მასიური და კვადრატული ფორმის,თავი შედარებით დიდი, პროფილი სწორი, ყურები დაცქვეტილი და მომცრო ზომის, კისერი საშუალო სიგრძის და სწორი, მინდაო მოკლე და დაბალი, ზურგისა და წელის ნაწილი სწორი და მოკლე, გავა დაქანებული, კიდურები სწორმდგომი და კარგად განვითარებული სახსრებით, ჩლიქები მკვრივი. შედარებით მსხვილძვლიანია და დამაკმაყოფილებლად აქვს განვითარებული კუნთოვანი სისტემა. ცხოველების უმეტესობა (70%) ქურანა ან/და წაბლა ფერისაა. დამახასიათებელია მკვირცხლი ტემპერამენტი, მაგრამ იმავდროულად კეთილზნიანია, ადვილად იხედნება, ხასიათდება კარგი ორიენტაციით, გამძლეობითა და მუშაობისუნარიანობით; ნიშანდობლივია, რომ მეგრული ცხენი სვლის დროს ფრთხილია, რის გამოც მშვიდად დადის როგორც მთაგორიან, ისე ჭაობიან ადგილებში. მთის რთული რელიეფის პირობებში ის რამდენადმე მნიშვნელოვანი დაძაბვის გარეშე გადაადგილდება მხედრით, ან საპალნის სახით გადააქვს 100-130 კგ- ის წონის ტვირთი, რაც მისი წონის 35-40%- ია. თანაბრად კარგად იყენებს მაღალმთიან კლდოვან და დაბლობის ჭაობიან საძოვრებს. ნაყოფიერება 85-90%-ს შეადგენს; გამოცდისას საუკეთესო ცხენმა 10 კმ მანძილი დაფარა 19 წთ-სა და 18 წმ-ში, ხოლო 15 კმ- 27 წთ-სა და 18 წმ- ში.
დღევანდელი მდგომარეობა: ქვეყანაში ამ ჯიშის სანაშენე მეურნეობა არ იყო, რის გამო მოშენება, ძირითადად სტიქიურად მიმდინარეობა, პრაქტიკულად არ ტარდებოდა მიზანმიმართული გამოზრდა, ახალგაზრდა ცხენების გამოცდა და სხვ. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირა რაიონებში (სამეგრელო, გურია, აფხაზეთი და აჭარა); დღეისთვის, სავარაუდოდ, ხალასჯიშიანი მეგრული ცხენის რაოდენობა ძალზე შემცირებულია; ეს უნიკალური გენოფონდი სრულად გადაშენებისა და მოსპობის საშიშროების წინაშე დგას. ძვირფასი ბიოლოგიური და სამეურნეო თვისებების შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით მიზანშეწონილია ამ ცხენის მიზანმიმართული სელექცია ხალასად მოშენების პირობებში. წყაროები: : მ. რჩეულიშვილი, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ცხოველების გენოფონდის თანამედროვე პრობლემები. პრეპტინტი, თბილისი, 1991; ა. ჩუბინიძე, გ.ხაფავა, გ. მესხი, საქართველოს ცხენის ადგილობრივი ჯიშების გამოყენების პერსპექტივები საცხენოსნო ტურიზმში. საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის შრომები, ნაწილი II, თბილისი, 1994; А.Б. Чубинидзе, Местные породы лошадей в Грузии. Мегрельская лошадь. «Коневодство и конный спорт», 2003, №1.