ერთი საინტერესო სტატია გველების და კუების მოყვარულთათვის

"ახალი თაობა "
# 166
18 - 24 ივნისი, 2006 წელი
საბურთალოზე გიურზა არასოდეს გამოჩნდება: გველს რომ დაინახავთ, ორი ნაბიჯი გადადგით უკან და ის არანაირ საფრთხეს აღარ წარმოადგენს
მერი ნამორაძე
მათ, რომლებსაც ქვეწარმავლების ეშინიათ, ზაფხულის ცხელი დღეები არ უნდა ინატრონ, რადგან ქვეწარმავლები მცხუნვარე მზეს ჩრდილში - სარდაფებსა და გრილ ადგილებში ემალებიან. ქვეწარმავლებზე კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი ბატონი გურამ წიკლაური ირწმუნება, რომ საგანგაშო არაფერი ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ დღეში 13 გამოძახებაზე უხდება ქვეწარმავალთაგან დაშინებულ მოსახლეობასთან გასვლა:
- სიუტუაცია არ იცვლება. ყოველ წელს ინფორმაცია გაზვიადებულია, ამბობენ, რომ არასოდეს ყოფილა გველების შემოსევა ისეთი მასშტაბური, როგორც წელს. მაგრამ ყოველ წელს ვითარება თანაბარია. ადრე ასეთი ჭორებიც დადიოდა, თვითმფრინავიდან ჩამოგვიყარეს ქვეწარმავლები, სატვირთო მანქანით შემოიყვანეს და თბილისის მახლობლად გაუშვეს... ამას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. რეალურად საქმე ისაა, რომ როცა ძალიან ცხელა, შუადღისით მზეზე არ ჩერდება ქვეწარმავალი, უფრო ჩრდილი სჭირდება და ამიტომ ხშირად ხან სახლში შედის, ხან სადარბაზოში, ხან სარდაფში, ეძებს სიგრილეს.
- ბატონო გურამ, რა სახეობის გველი გვხვდება საქართველოში?
- ნებისმიერი გველი გვხვდება და გარდა ამისა ხვლიკებიც. თბილისში ორთაჭალიდან დაწყებული აღმოსავლეთ ტერიტორიაზე უფრო ხშირად გვხვდება გიურზა, ეს ერთადერთი შხამიანი სახეობაა. რუსთავისკენ, იაღლუჯისკენ, კახეთში იგი ბევრია, სამწუხაროდ.
- ამის მიზეზად რას დაასახელებთ?
- ეს ბუნებრივი ზოოგეოგრაფიის კანონზომიერებიდან გამომდინარეა. საბურთალოზე გიურზა არასოდეს გამოჩნდება. ის მიკროკლიმატია მისთვის სასურველი, რაც აღმოსავლეთისკენ არის. ერთი გრადუსითაც ნაკლები ტემპერატურა რომ შეხვდეს გიურზას, იქ აღარ გაჩერდება.
თბილისში გვხვდება წითელმუცელა მცურავი, ოთხზოლიანი მცურავი, ჩვეულებრივი ანკარებია, ამიერკავკასიის მცურავი, გველხოკერა, იგი უფრო ხვლიკია. არც ერთი მათგანი შხამიანი არ არის. ამათგან წითელმუცელა მცურავი ძალიან აგრესიულია, იმდენად, რომ ადამიანს შეიძლება სდიოს. იგი 2 მეტრამდე იზრდება. ამიტომ ბევრი ზღაპარი დადის მის შესახებ, რომ ყველაზე საშიშია, შხამიანი, მაგრამ შხამიანი არ არის. უბრალოდ აგრესიულია, დიდია და სწრაფია.
- იკბინება?
- იკბინება, მაგრამ სასიკვდილო არ არის. უბრალო იოდით რომ დაამუშაოთ ნაკბენი, საკმარისია.
- მაინც როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა როცა "სტუმრად" მოსულ გველს შენიშნავს?
- ნებისმიერი პანიკა ზედმეტია. ვიცი შემთხვევები, როცა დანახვისთანავე ცუდად ხდებიან და გულის შეტევაც კი დამართვიათ. მე მგალითად, რომ ვხედავ მომწონს და მიყვარს. ულამაზესი ცხოველია და უფრო გრაციოზული მე არ ვიცი. უაზრო შიშს აზრი არ აქვს. გველს რომ დაინახავთ, ორი ნაბიჯი გადადგით უკან და ის არანაირ საფრთხეს აღარ წარმოადგენს.
- თქვენს მისვლამდე იგერიებენ ქვეწარმავალს თბილისის მაცხოვრებლები?
- ზოგჯერ კლავენ, ამ დღეეში ფონიჭალაში, ნაძალადევში ვიყავით. ვუხსნით, რომ მოსახლეობას, რომ არ უნდა შეშინდნენ, რადგან არ არის შხამიანი. ზოგჯერ მთელი ოჯახი ქუჩაში გამოვა და გველოდება. რომ დარეკავენ და 10-15 წუთში იქ ვართ, გველი იქ აღარ გვხვდება. კიდევ ის არის გასათვალისწინებელი, რომ რაც მეტი ხარახურა და ნაგავია, იქ ადვილად იმალება გველი.
ნუცუბიძის პლატოზე ვიყავით, სარდაფში შესულიყო, სადაც უამრავი ქვის ნატეხები, აგური ეყარა. გვითხრეს, შედით და დაიჭირეთ, მაშ რისთვის მოხვედითო! სად დავიჭირო, მაჩვენე და დავიჭერ-მეთქი. ჩამოდით მამაკაცები, ერთად ვიმუშაოთ, ეს ყველაფერი გავიტანოთ აქედან და მერე დავიჭერ-მეთქი. ბევრს აქვს პრეტენზია, ნუთუ არ არსებობს პრეპარატები, რომ ავახრჩოლოთ და დააფრთხოსო.
არის გარკვეული პრეპარატები, რომლებიც აფრთხობს გველს. სეზონზე ორჯერ რომ დამუშავდეს ტერიტორია - აპრილ-მაისში და აგვისტოში მეორედ, იმ ფართობზე აღარ მოვა. მაგრამ აქ სხვა პრობლემა იქმნება: ამ კორპუსთან რომ დაამუშავებ, მეორე კორპუსთან გადავა ქვეწარმავალი და იქ 4 იქნება ორის მაგივრად. ისიც რომ დავამუშაოთ, ყველა სხვაგან წავა "სტუმრად". თუმცა, ასეთი დამუშავება ფასიანია.
- რა ღირს?
- ნამდვილად არ ვიცი. გამოძახება უფასოა მოსახლეობისათვის. ტერიტორიის დამუშავება ფასიანია.
- ბატონო გურამ რით ხართ აღჭურვილი?
- მე დიდი აღჭურვა არ მჭირდება. შიშველი ხელითაც შემიძლია დავიჭირო. ნებისმიერ ჯოხს ავიღებ და დავიხმარ. გვაქვს საგანგებო ბადეები, ტომრები, მათ მოსათვსებლად. დიდი აღჭურვილობა ამას არ სჭირდება.
- მაინც რომელ უბნებში სჭარბობს გამოძახება?
- მთაწმინდაზე, ზემო ვაკეში, ნუცუბიძის პლატოზე. ამ ტერიტორიების მახლობლად უკვე ველი იწყება, ბუნება იწყება და იქ გველი იქნება. მთელს საქართველოს გველებს კი ჩვენ ვერ მოვსპობთ და არც მოვსპობთ.
- ოჯახის გველზე რას გვეტყვით, ასეთს თუ წაწყდომიხართ საქართველოში?
- ადამიანებს შიშთან ერთად მისტიკურ სამყაროსთან კავშირის განცდა ჰქონდათ ქვეწარმავლებთან ურთიერთობისას. ოჯახის გველი საქართველოში არ გვხდება, მაგრამ სოფლებში ერიდებიან მის მოკვლას. მიიჩნევა, რომ უბედურება მოაქვს. თუ იცის, რომ შხამიანი არ არის, იმას არ მოკლავს. მე კი გული მწყდება მოკლული გველის დანახვაზე და არასოდეს მომიკლავს.
- აბა, რა ბედი ელით თქვენს მიერ დაჭერილ ქვეწარმავლებს?
- ცოცხლად ვუშვებთ, ან ზოოპარკში მიგვყავს. არ ვანადგურებთ, რადგან ისედაც ბევრს კლავენ და თითო გველს კი არა, ბუნებაში თითო ჭიანჭველას აქვს თავისი დანიშნულება. თუ შხამიანი გველი შეხვდა, რა თქმა უნდა მოკლას, მაგრამ ჩვენ შორს, დავით გარეჯში გაგვყავს ან სხვა ტერიტორიაზე.
- თუ გიურზას გადააწყდა ადამიანი და ვერც მოსაკლავად მოიხელთა, როგორ უნდა მოიქცეს?
- დაინახავთ თუ არა, ორი ნაბიჯი უკან გადადგით და საშიშროებას ის აღარ წარმოადგენს.
- რატომ, ორ ნაბიჯში ვერ აფიქსირებს ადამიანს?
- აფიქსირებს, მაგრამ არსებობს გარკვეული მანძილი, მაგალითად, გიურზისთვის ნახევარი მეტრი დაახლოებით. თუ ამას გადასცდებით, "თავის დასაცავად" დაგესხმება. შხამის გამომუშავება გიურზის ორგანიზმს ძალიან "ძვირად" უჯდება და ურჩევნია საკვების მოსაკლავად და მოსაპოვებლად გამოიყენოს.
- რას გაიხსენებთ მოსახლეობის გამოძახებებიდან?
- რა ვიცი, უკმაყოფილოები არიან, აბა რისთვის მოხვედით, თუ ვერ დაიჭერთო. ვერც მპასუხობენ, რა უნდოდათ და რას მოელოდნენ ჩვენგან. ჩვენ გვეგონა, თქვენ დაიჭერდითო. ვეუბნები, კი ბატონო, დავიჭერ, მაგრამ მაჩვენეთ, სად არის-მეთქი. ნახალოვკაში ვიყავი გამოძახებაზე. მითხრეს, სახლის ქვეშ შეძვრა და დაიჭირეო. კი ბატონო, დავშალოთ თქვენი სახლი აგურ-გურ და დავიჭერ-მეთქი. ნუთუ არ შეგიძლიათ გამოიტყუოთ, გოგირდი დაუნთოთო. გოგირდი არაფერს შველის. მის სუნზე ადამიანი გაიქცევა, მაგრამ გველი არა. არ სიამოვნებთ ის, რომ ტერიტორიის დამუშავება ფასიანია. გველის ყველა ეშინია, მაგრა დამუშავებაში ფულის გადახდა არ უნდათ.
- მოშინაურება რამდენად შესაძლებელია?
- არ არის შესაძლებელი. რომელი გიურზა დალევს რძეს? თუ უწყლოდ მოკალი, შეიძლება არაყიც დალიოს ალბათ, ეს უკვე არ ვიცი. არც მოთვინიერება არ არსებობს. მაგრამ ეჩვევა "პატრონის" სუნს. მისთვის ყნოსვა უმთავრესია. თუ შეჩვეულია, რომ მე ვასუფთავებ, ვუვლი, ვაჭმევ, ცუდს არაფერს ვუკეთებ, ამას ნელ-ნელა ეჩვევა. აზიაში პითონები და სამხრეთ ამერიკაში მახრჩობელები ჰყავთ ე.წ. ოჯახის გველად. ბავშვებს ტოვებენ 3-5 მეტრიან პითონებთან და ენდობიან კიდეც, რომლებსაც შეუძლია ღორის შეჭმა, მაგრამ ბავშვს არაფერს ერჩის. ისე ნუ მიიღებთ, რომ მათი მოშინაურება ძაღლებივით შეიძლება.
- უკბენია გველს თქვენთვის?
- შხამიანს არა, უშხამოებს რამდენსაც გინდათ. ეს არ არის პრობლემა - 20-ჯერ, 200-ჯერ უკბენიათ.
- წელს ხომ არ შეინიშნება უფრო მეტად ქვეწარმავალთა "შემოსევა"?
- არა, ასე ყოველთვის იყო და იქნება. რაც მეტად ცხელი ზაფხული იქნება, უფრო ხშირად იაქტიურებენ ჩრდილის მოსაძებნად. თბილისის შემოგარენში - გლდანი იქნება, ვარკეთილი თუ მუხიანი, ორთაჭალა, მთაწმინდა, ქვეწარმავალი იყო და იქნება. მორიელების გამოც გვირეკავენ. ერთგან, მაგალითად, მე-9 სართულზე მორიელის გამო გამოგვიძახეს. შესანიშნავად იყო ბინა გარემონტებული, ბუზი ვერ შეფრინდებოდა თითქოს. ძალიან შეშინებული დაგვხვდა ქალი, რადგან ბაშვის ლოგინში აღმოჩნდა მორიელი. შესაძლოა ბაზრიდან მოჰყვა, საიდანღაც.
- მისი შხამი უფრო საშიშია, ვიდრე უშხამო გველის ნაკბენი?
- ჩვენი მორიელი, რაც სქართველოშია, ვერ კლავს ადამიანს, მაგრამ ბავშვისათვის, რა თქმა უნდა, საშიშია. საკმაოდ მტკივნეული ნაკბენი აქვს. ერთხელ მიკბინა.
- სიმართლეს შეეფერება, რომ ნაკბენ ადგილზე მოკლული მორიელის დადებით ადვილად მოშუშდება ჭრილობა?
- არა, არა! ეს არავითარ შემთხვევაში, ცრურწმენაა. ბევრი ადამიანი ათას სისულელეს მიყვება გველებზე. ერთი ხანშიშესული კაცი მოვიდა და მითხრა,კახეთში არის გველი, რომელიც თავის ქალას გაგიხვრეტს და ტვინს ჭამს, ტვინი უყვარს ძალიანო. ჯერ კიდევ საბჭოთა დრო იყო, ლისის ტბასთან ფერმა ჰქონდათ და მთხოვეს, წამოდით, რვამეტრიან გველია და ღორებს ჭამსო. ესეც თავისთავად სისულელე იყო. მერე მითხრეს, ბეწვი აქვს თავზეო. რა ბეწვი, გრეძლი ბეწვი აქვს-მეთქი? ვიკითხე! არა, 20 სანტიმეტრამდეო.
ყველა მედავება გველებთან დაკავშირებით. ჯერ მკითხავენ აზრს, მაგრამ რაც არ უნდა ვთქვა, მეტყვიან: არა, შენ არ იცი! 27 წელია ამ საქმეს ვემსახურები, მაგრამ თურმე არ ვიცი. აი, მეზობელმა მითხრა, ასე კი არა ასეა.
ერთ კვირის წინ მივედით გამოძახებაზე და მკვდარი ანკარა დაგვხვდა. პანიკაში იყვნენ, დავაწყნარე, არ იყო შხამიანი-მეთქი. ქალი მებუნება, არა, თქვენ ალბათ არ იცითო. რატომ-მექი? წარმოიდგინეთ, რა ძნელია რაიმე უმტკიცო ამ ადამიანებს, თან დღეში 8-10 გამოძახება რომ გექნება. - მეზობელმა მითხრა, ეს გველი შხამინიაო. მაშინ რად გამომიძახეთ, გყოლიათ ექსპერტი მეზობელი და იმისთვის მიგემართათ დასახმარებლად-მეთქი! ძალიან უკმაყოფილო დარჩა ის ქალბატონი, ისე მიყურებდა, ნამდვილად ვერ გავამართლე მისი მოლოდინი.
- ბატონო გურამ, შავ ბაზარზე როგორ ფასობს გველი?
- 50-დან 5 ათას დოლარამდე ღირს. ტერარიუმებისათვის მათ მოსაპოვებლად ასეთ თანხებსაც იხდიან.
- საქართველოში რომელია ყველაზე ძვირადღირებული?
- ასეთია ამიერკავკასიის მცურავი, მოსკოვში 100-400 დოლარად შეიძლება გაიყიდოს. ოთხზოლიან მცურივიც ამავე ფასში იყიდება.
- რეგიონებში თუ არსებობს ანალოგიური სამსახური?
- რამდენადაც ვიცი, ბოლნისში შეიქმნა.
"ახალ თაობას" საშუალება მიეცა ბოლნისის რაიონის ქვეწარმავლების გაუვნებელყოფის სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელს დავით უიშვილს გავსაუბრებოდით. მისი თქმით, ბოლნისში ამ სამსახურის ჩამოყალიბების აუცილებლობა იმან გამოიწვია, რომ რაიონში დიდი რაოდენობით სახნავ-სათესი ფართობებია და გიურზა ძალიან ბევრია:
- ბოლნისის გამგებელი დაგვეხმარა ამ სამსახურის შექმნაში. ძალიან ბევრია თაგვი, ანუ ქვეწარმავალთა საკვები. პირდაპირ სამოთხეა მათთვის შექმნილი. გვალვებისას ქვეწარმავალი დასარწყულებლად დასახლებულ ადგილებში ჩადის. იქ საკვებიც ხვდება და სახლებში, ლოგინში და მაცივარშიც კი უნახავთ გიურზა.
- რა ხერხებით ხდება გიურზების მოგერიება?
- მე პროფესიონალ გველებზე მონადირე ვარ. 20-22 წელი გველებს ვიჭერ. გვაქვს სპეციალური გველსაჭერი მოწყობილობა, რომლითაც ვაფიქსირებ გველს და გამყავს ბუნებაში, ისევ ცოცხლად ვუშვებ. მათი დახოცვა. არ შეიძლება.
- არც გიურზას კლავთ?
- არა, მათ თავისი სამყარო აქვთ. ნუ შეეხები და არ შეგეხება!
- მოსახლეობას ესმის ეს?
- ვაგებინებთ! გიურზას გარდა სხვა ქვეწარმავლებიცაა, რომლებიც გადაშენების გზაზე დგანან.
- კურიოზულს თუ გაიხსენებთ რაიმეს?
- ერთხელ გამომიძახეს, ღობის ქვეშ იყო გველი. მეჩქარებოდა და რომ დავინახე მცურავი, ჯოხის გარეშე შევყავი ხელი და დავიჭირე. გამოვიყვანე! ერთი ოცი კაცი იყო შეკრებილი და შესძახეს - გიურზა, გიურზა! როგორ დაიჭირე? ბიჭო, მოგკლავს, როგორ დაიჭირე, - მიყვირიან. ავიღე და თითზე ვაკბენინე, რათა დამემტკიცებინა, რომ შხამიანი არ იყო. ერთი ქალს ლამის გული წაუვიდა. წავიყვანე და გავუშვი ეს გველი შორს. 3 საათის შემდეგ ზარია მობილურზე და მეკითხებიან " როგორა ხარ? კარგად, - ვუპასუხე! თითი როგორ გაქვს? - კარგად-მეთქი. რა ვიცი, ჩვენ აქ ლამის შენი სულის მოსახსენიებელი დავლიეთო!