ცრუ თავშესაფარი
მარიკა ქოჩიაშვილი,
მერია "ქუჩის ძაღლების" პრობლემის მოგვარებას ბოლო საფეხურიდან იწყებს და ძაღლების თავშესაფარს აშენებს. ამით იგნორირებას უწევს ცხოველთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციასაც და ქალაქში არსებულ რეალობასაც.
ვაკის სასაფლაოს ჩასახვევთან სამსართულიანი სახლი დგას. ეზოში ფეხს შედგამ თუ არა, ყველა კუთხე-კუნჭულში ძაღლი შეგეფეთება - ზოგი ყეფს, ზოგი წკმუტუნებს, ზოგი ფეხზე გელაქუცება; ერთ-ერთს ლეკვები ჰყავს და ცოტა აგრესიულია. სახლის კარი იღება და ძაღლი გამოდის, აივანზე აიხედავ და იქიდანაც ძაღლი გიყურებს. მოკლედ, აქ ყველგან ძაღლია - ზოგი მხიარული, ზოგიც სევდიანი, ქუჩიდან მოსული, თუ სახლიდან გამოგდებული.
ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა თავშესაფარი მაწანწალა ძაღლებისთვის სამი წლის წინ გახსნა. მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მობეზრებულ, ხან მოხუც, ხანაც ახალგაზრდა ჯიშიან ძაღლებს პატრონები ქუჩაში ყრიან, მათი გადარჩენა გადაწყვიტა. დღეს ის უკვე 100-მდე ძაღლს უვლის. ელიზბარაშვილს "პირველ ვეტერინარულ კლინიკასთან" შეთანხმება აქვს დადებული. თუ შემთხვევით, კლინიკის ძაღლმჭერების რკინის მაშებში ჯიშიანი, სახლიდან გამოგდებული ძაღლი მოხვდება, ის გლდანის ნაგავსაყრელზე ე.წ. "ბეიკერის ორმოში" კი აღარ მიჰყავთ, პირდაპირ მასთან - თავშესაფარში გზავნიან.
ასე მოხვდა თავშესაფრის მე-4 ვოლიერში გერმანული ნაგაზი გულიკო - კეთილი, მოსიყვარულე, კარგად გაწვრთნილი, მაგრამ უკვე ხანში შესული, ძილისგუდა ძაღლი.
გერმანელ გულიკოს და ამ თავშესაფარში მცხოვრებ ასამდე ძაღლს თითქმის ერთნაირი ისტორია აქვთ. თვითონ ვერ ჰყვებიან, მაგრამ გამოცნობა ადვილია - ხანში შესული და უმაქნისი ძაღლი პატრონს აღარაფერში სჭირდებოდა და სახლიდან გამოაგდო. თუმცა, იმის გამო, რომ ჯიშიანი გერმანელი იყო, გულიკო, ძაღლების სასაკლაოს ნაცვლად, კომფორტულ თავშესაფარში მოხვდა.
აქ ძაღლებს საკუთარი რკინის გალიები აქვთ. ვოლიერში თითოეულ ძაღლს ხის გადახურული სახლი და წყლის ჯამი უდგას. საკვებითაც ამარაგებენ და თუ საჭირო გახდა, არც ექიმების მომსახურება აკლიათ.
ვოლიერები დანომრილია. სახელიც ყველა ძაღლს აქვს. უმეტესობა კავკასიური ნაგაზია. არიან გერმანული ნაგაზებიც, სტაფები, ქართული მთის ძაღლი, როტვეილერი და დალმატინელი.
ქუჩის პირობებს რომ შევადაროთ, აქ უპატრონო ძაღლებისთვის ნამდვილი სამოთხეა მოწყობილი, მაგრამ ამის მიუხედავად, ძაღლები გამუდმებით რკინის ჭიშკრისკენ იყურებიან და კარის ყოველ გაღებაზე ყურებს ცქვეტენ - ჰგონიათ, რომ აი, მის წასაყვანად პატრონი დაბრუნდა.
"ძალიან ბევრი მეცნიერული მტკიცებულება არსებობს, რომ ცხოველებს შეგრძნებები აქვთ - სტკივათ და განიცდიან", - ამბობს მსოფლიო ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის (WSPA) წევრი, ჯოი ლი, რომელიც საქართველოში 10 მარტს ცოფის პრევენციის საშუალებებთან დაკავშირებით გამართულ სემინარზე მომხსენებლად ჩამოვიდა და თბილისში მაწანწალა ძაღლების პრობლემასაც გაეცნო.
ძაღლები, რომლებიც წლობით ერთსა და იმავე ადამიანთან ცხოვრობენ, მას ისე ეჩვევიან, რომ გაგდების შემდეგ წყალს და საკვებს აღარ ეკარებიან და დარდისგან კვდებიან. ელიზბარაშვილი ფიცხი თათიას ვოლიერთანაა ჩაცუცქული და ცდილობს, სახლიდან გამოიტყუოს. თან მეუბნება, რომ ყოფილ პატრონზე დარდისგან მის თავშესაფარში 12 ძაღლი მოკვდა. თათია დიდი, თეთრი, ქართული მთის ძაღლია და საოცრად სევდიანი თვალები აქვს.
ჯოი ლი ამბობს, რომ ინგლისში თავშესაფარში მოხვედრილ ძაღლს მხოლოდ ერთ კვირას უვლიან, თუ ამ ხნის განმავლობაში მას არც ძველი პატრონი მოაკითხავს და არც ახალი წაიყვანს, ძაღლს სამუდამოდ აძინებენ. ლი ამბობს, რომ თუკი ძაღლის ოჯახში დაბრუნების შანსი არ არსებობს, დარჩენილი ცხოვრება გალიაში გამომწყვდევას, მათი სამუდამოდ დაძინება ჯობს.
ელიზბარაშვილის თავშესაფრიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში სულ 60 უპატრონო ძაღლი წაიყვანეს. მოთხოვნა უფრო მეტად ორ წლამდე ასაკის ძაღლებზეა, ხნიერები კი თითქმის არავის მიჰყავს.
"გადაარჩინე სიცოცხლე - გაასტერილე!" - ამ ლოზუნგით ხელმძღვანელობენ განვითარებული ქვეყნები. გადარჩენილ სიცოცხლეში ის ლეკვები იგულისხმებიან, რომლებიც აღარ დაიბადებიან და, შესაბამისად, ქუჩაშიც ვერ აღმოჩნდებიან.
თუმცა, ქუჩის ძაღლების სტერილიზაცია თბილისის მერიისთვის სამი წლის განმავლობაში ვერ გახდა პრიორიტეტული. მათ მიერ გამოცხადებულ ტენდერებში სტერილიზაცია, როგორც მაწანწალა ძაღლების გაუვნებელყოფის ყველაზე ეფექტური გზა, საერთოდ არ იყო ნახსენები. ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის უდიდესი ნაწილიც ამიტომ ძაღლების დაჭერას და არაჰუმანური გზებით დახოცვას ხმარდებოდა.
პირველი ვეტერინარული კლინიკა, უკვე მესამე წელია, მერიის ტენდერების უპირობო გამარჯვებულია. კლინიკის ძაღლმჭერებმა 2007 წლის ივნისიდან მოყოლებული 24 ათასზე მეტი ძაღლი დახოცეს, ანუ დღეში საშუალოდ 50 ძაღლს კლავდნენ.
წლევანდელი ტენდერის შემდეგ, რომელიც მონაწილეების არასაკმარისი კომპეტენტურობის გამო სამჯერ ჩაიშალა, ხელშეკრულება ისევ პირველ ვეტერინარულ კლინიკას გაუგრძელდა. ეს ნიშნავს იმას, რომ მაწანწალა ცხოველების ხოცვა კვლავაც გრძელდება, რადგან მათი ასე თავიდან მოშორება გაცილებით იაფი ჯდება - თითო ძაღლი სულ 35 ლარამდე. სტერილიზაციას კი 70-დან 100 ლარამდე სჭირდება.
WSPA-სთან მერიის მიმოწერით ირკვევა, რომ მერია 2010 წლის აპრილის ბოლოსთვის აეროპორტის გზატკეცილზე დიდი თავშესაფრის აშენებას დაასრულებს, რისთვისაც 187,000 ლარი გამოჰყო. WSPA-ს რეკომენდაცია კი ის არის, რომ მერიამ, პირიქით, თავი შეიკავოს თავშესაფრის აშენებისგან. "იმის გამო, რომ ძაღლის შინ წაყვანა თავშესაფრიდან არაპოპულარულია ქართული საზოგადოებისთვის, ის ვერ შეასრულებს უპატრონო ძაღლისთვის დროებითი საცხოვრებლის ფუნქციას. იქ მოხვედრილი ცხოველები ვერ იპოვიან სახლს და, როცა თავშესაფარი ახალი ძაღლებით გადაივსება, ძველი ნაკადის დახოცვა გახდება საჭირო, ანუ თავშესაფარი სასაკლაოდ გადაიქცევა", - ასეთია WSPA-ს პოზიცია, რაც მერიისთვისაც ცნობილია.
თუმცა, საქართველოში ჩამოსულ WSPA-ს წარმომადგენელს მერიიდან არავინ შეხვდა. მიზეზად მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში მოუცლელობას ასახელებენ.
"თუკი თქვენი მთავრობა მუდმივად იფიქრებს, რომ პრობლემის გადაჭრა ქუჩის ძაღლების ამოხოცვით უნდა დაიწყოს, ამას ვერასდროს უშველის. ძაღლი ქუჩაში პრობლემის სიმპტომია. მერიამ იმხელა თავშესაფარიც რომ ააშენოს, რომელიც 10 ან თუნდაც 20 ათას ძაღლს დაიტევს, ეს საკითხი მაინც არ მოგვარდება. თქვენს ქუჩებში ძაღლი მაინც დარჩება", - აცხადებს ჯოი ლი.
ჯოი ლი მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარების პირველი ნაბიჯი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. რატომ ჩნდებიან ქუჩებში უპატრონო ძაღლები? ვიდრე უპასუხისმგებლო მეპატრონეები იარსებებენ, რომლებიც მობეზრებულ ძაღლებს ქუჩაში გაყრიან, ვიდრე არავინ დაარეგულირებს ცხოველების უფლებებს და არ შეიქმნება სპეციალური საკანონმდებლო ბაზა, მანამდე ქუჩებში უპატრონო ძაღლებს ვერ გამოვლევთ.
მოსალოდნელ საფრთხეებზე არც ის ადამიანები ფიქრობენ, ვისთვისაც ძაღლი ფულის შოვნის საშუალებაა და სხვა არაფერი. ისინი ამ პრობლემის მნიშვნელოვანი მონაწილეები არიან და მათ ძაღლების მომშენებლები ჰქვიათ. იმის გამო, რომ არ არსებობს რეგულაციის ნორმები და საკანონმდებლო ბაზა, არც ამ ადამიანების ბიზნესი რეგულირდება, რომლებიც მაგალითად ჰასკის ლეკვს 800 დოლარად ჰყიდიან.
არადა, WSPA-ს ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ ძაღლების მოშენების პროცესის დარეგულირებაა. მაგალითად, შესაძლოა, არსებობდეს კანონი, რომლის მიხედვითაც, მომშენებელს ძუ ძაღლის მხოლოდ წელიწადში ერთხელ შეჯვარების უფლება ექნება. შესაბამისად, დარეგულირდება ძაღლების გამრავლების საკითხიც და პატრონის უპასუხისმგებლობის მიზეზით ქუჩაშიც ნაკლები ძაღლი მოხვდება.
ასევე უნდა მოგვარდეს ის საკითხიც, თუ სად შეიძლება ძაღლის გაყიდვა. "არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიძლებოდეს ძაღლის მანქანის საბარგულიდან გაყიდვა, - ამბობს ჯოი ლი და დასძენს, - ყველა, ვისაც კი ძაღლი ჰყავს, ამრავლებს და შემდეგ გიკვირთ, რომ ქუჩაში ამდენი უპატრონო ძაღლი დარბის".
თუკი უპასუხისმგებლო პატრონების წარმოდგენით, ასაკიანი ძაღლის ადგილი ქუჩაშია, თუკი არც ერთი ნორმატიული აქტით არ რეგულირდება ძაღლების მომრავლებისა და მათი გაყიდვის პროცესი, მაშინ კითხვაზე - რატომ და საიდან ჩნდებიან მაწანწალა ძაღლები ქუჩაში - პასუხიც მარტივდება. თუკი მერია არათანმიმდევრული გადაწყვეტილებების სერიას გააგრძელებს - ქუჩის ძაღლების დახოცვას უფრო მეტად დააფინანსებს, ვიდრე მათ სტერილიზაციას და, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვის ნაცვლად, ძაღლების თავშესაფარს ააშენებს, ეს პრობლემა არასდროს მოგვარდება.
http://liberali.ge/node/1497სტატიაში ჩვენი გულიკო მოხვდ ა
