rumpleteazer, თენქიუ

მოდით დროებით გვერდზე გადავდოთ მადაგასკარის ძუძუმწოვრების თემა და ყურადღება მივაქციოთ ამ შესანიშნავი კუნძულის ქვეწარმავლებს.
ადგილობრივი ჰერპეტოფაუნა გველებით, ხვლიკებით, კუებით და ნიანგებით (უფრო სწორედ მხოლოდ ნილოსის ნიანგით) არის წარმოდგენილი - მთლიანობაში 346 სახეობა, საიდანაც 314 სხვაგან არსად გვხდება. რა თქმა უნდა მათგან ყველაზე ცნობილი ქამელეონები არიან და მათი ადგილობრივი მრავალფეროვნება 150 სახეობისგან შედგება. 2012 წლის მონაცემების მიხედვით, დედამიწის ზურგზე ბინადრობს ქამელეონის 193 სახეობა. გამოდის, რომ მსოფლიო პოპულაციის ¾ გვხდება მადაგასკარზე. მათ შორის მადაგასკარზე წარმოდგენილი არის ქამელეონების ოჯახის ორივე ქვეოჯახი -
ქამელეონები (Chamaeleoninae) და
ბრუკეზიები (Brookesiinae). სწორედ აქ არის მსოფლიოს ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა ქამელეონების სახლი -
პარსონის ქამელეონი (Calumma parsonii) და
ბრუკეზია მიკრა (Brookesia micra).

ევროპულ ლიტერატურაში ქამელეონების პირველი ხსენება 1595 წლით არის დათარიღებული. თავად სიტყვა ”ქამელეონი” ლათინური ”chamaeleō”-სგან წარმოიშვა და ითარგმნება როგორც ”მიწის ლომი”, რაც თავის მხრივ საკმაოდ უცნაურია ამ ხვლიკების ხეებზე ცხოვრებისთვის მთელი რიგი ადაპტაციების გათვალისწინებით.
მაგალითად, ქამელეონის ფეხები ქვეწარმავლებისთვის უნიკალური აღნაგობით გამოირჩევა. წინა და უკანა კიდურები ბოლოვდება 5 თითით, რომელიც 2 საპირისპიროდ მიმართულ ჯგუფად არის დაყოფილი - შიდა და გარე. წინა ფეხებზე გარე ჯგუფი 2 თითისგან შედგება, ხოლო შიდა - სამისგან. საპირისპიროდ არის მოწყობილი უკანა კიდურების თითების განლაგება, ანუ გარე ჯფუგი შედგება 3 თითისგან, შიდა კი ორისგან. თითების ასეთი განლაგება ხვლიკს ხელს უწყობს ხის და ბუჩქების ტოტებზე უსაფრთხოდ გადაადგილებაში, ხოლო დამატებითი კლანჭები თითოეულ თითზე, უკეთესი ჩაჭიდებისთვის გამოიყენება. ამ რიგად, ქამელეონის კიდურები ფუნქციონირებენ როგორც მაშა.
ბევრი სახეობა ელასტიურ კუდს ”მეხუთე კიდური”-ს სახით გამოიყენებს.

ქამელეონების თავი მუზარადით არის დამშვენებული, რომელიც კეფის არეში საგრძნობლად ამაღლებულია. სახეობიდან გამომდინარე თავი შეიძლება იყოს მორთული მეტნაკლებად ამობურცული ქერცლით ან წაგრძელებული რქებით. მაგალითად, მამალი
ჯექსონის ქამელეონის (Chamaeleo jacksonii) თავს 3 რქა ამშვენებს, რაც ერთი-ორად ზრდის მათ მსგავსებას გადაშენებულ ტრიცერატოპსებთან. როგორც წესი, მსგავსი ”ამნიცია” ქამელეონების დედლებს მხოლოდ ჩანასახის სახით გააჩნიათ.
ჯექსონის ქამელეონიპირველი, რაც მოდგით თავში სიტყვა ”ქამელეონი”-ს გაგების შემთხვევაში? ვფიქრობ, ადამიანთა უმეტესობა ამ კითხვაზე პასუხად ”ფერის ცვლას” და ”ენით სროლას” დაასახელებს და მართლებიც იქნებიან. სწორედ შეფერილობის და სხეულის მოხატულობის ცვლის უნარის გამო არიან ისინი ასეთი ცნობილი ადამიანებს შორის! თუმცა ბევრმა თქვენთაგანმა არ იცის სიმართლე. გავრცელებული აზრის მიუხედავად, ქამელეონები შეფერილობას გარემოსთან შერწყმის გამო არ იცვლიან. ორგანიზმის ასეთი უნიკალური თვისება, რომლითაც ცოტაოდენი ცოცხალი არსება თუ დაიკვეხნის, გარემოს ტემპერატურაზე, განათებაზე და ხვლიკის ხასიათზე არის დამოკიდებული.
ეს თავისებურება ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ შეამჩნიეს, მაგრამ მისი მუშაობის პრინციპების ამოცნობას საუკუნეები დასჭირდა. ამ ამოცანის გამოცნობაში დიდი წვლილი შეიტანა მეცნიერების - ბერის, ბრიუკერის და კრუკენბერგის კვლევებმა, რომლებმაც მიკროსკოპში ჩახედვის შემდეგ შესძლეს ამ მოვლენის ბუნების გარკვევა.
ყველაფერში ”დამნაშავე” საოცარი პიგმენტური უჯრედები - ქრომატოფორები არიან! ქრომატოფორებს (რაც ბერძნულად ”საღებავის შემცველ”-ს ნიშნავს) ქამელეონის ნერვულ სისტემასთან ძალიან მჭიდრო და რთული მექანიზმი აკავშირებს. ეს უჯრედები ციტოპლაზმაში ფერად ნივთიერებებს - პიგმენტს შეიცავენ. პიგმენტური უჯრედების ძირითადი ტიპებიდან გამოარჩევენ:
- მელანოციტები და მელანოფორები, რომლებიც მელანინის სხვადასხვა მოდიფიკაციებს შეიცავენ (ყვითელით დაწყებული თითქმის შავი ფერით დამთავრებული);
- ქსანტოფორები, რომლებიც შეიცავენ კაროტინოიდებს, ფლავინებს და პტერიდინებს (ფერთა დიაპაზონი ყვითელიდან წითლამდე );
- ირიდოციტები ან გუანოფორები, რომლებიც გუანინის კრისტალებს შეიცავენ, და განაპირობენ მბზინვარე ვერცხლისფერ ან ოქროსფერ შეფერილობას.
რათა ზედმეტად არ ჩავუღრმავდეთ უჯრედების ფიზიოლოგიის აღწერას, მოკლედ განვიხილოთ ქრომატოფორების მუშაობის პრინციპი. ქრომატოფორები ქამელეონის კანის ზედაპირულ და უფრო ღრმა შრეში არიან განლაგებული და წარმოადგენენ მუქი ყავისფერი, შავი, მოწითალო და ყვითელი ფერის მარცვლების შემცველ განტოტვილ უჯრედებს. ერთი უჯრედი ფერად ”მარცვალს” ნაკლები რაოდენობით შეიცავს, მეორე - მეტს. შესაბამისად შეფერილობაც სხვადასხვა ადგილებში უფრო მკრთალი ან პირიქით, უფრო მკვეთრი იქნება. მაგრამ შეფერილობის სიმკვეთრე არამხოლოდ პიგმენტის რაოდენობაზე არის დამოკიდებული, არანაკლებ მნიშნველოვანია თუ როგორ არის ის უჯრედში განლაგებული! პიგმენტი შეიძლება იყოს მიფანტული ქრომატოფორის მთლიან ზედაპირზე, მის ყველა განტოტვილებაში და ასევე შეიძლება იყოს კონცენტრირებული მის შუა ნაწილში. გამოდის, რომ პიგმენტური მარცვლები ერთ ადგილას მიჯაჭვული არ არიან და თავისუფლად გადაადგილდებიან ქრომატოფორებში. ქრომატოფორის შეკუმშვის დროს პიგმენტი მის ცენტრში გროვდება და ამის გამო კანი მუქდება, თითქმის შავდება და პირიქით. სხვადასხვა ფერების ”გაჩენა” კანის ზედაპირულ და უფრო ღრმა შრეში მდებარე პიგმენტების შერევით ხდება. მომწვანო ფერები კი მზის სხივების ზედაპირულ შრეზე არეკლვით ჩნდებიან (სწორედ ზედაპირული შრე შეიცავს გუანიდინის კრისტალებს).
ზემოთაღწერილი შეფერილობის ცვლილების ყველა პროცესი გარკვეული ფაქტორების და გამღიზიანებლების ზემოქმედების ქვეშ ხდება, რომლებიც შეგვიძლია 2 ძირითად ჯგუფად დავყოთ: ფიზიოლოფიური ფაქტორები (ტემპერატურა, განათება, ტენიანობა, შიმშილი, დეჰიდრატაცია და ტკვილი) და ემოციონალური გამღიზიანებლები (მაგალითად შიში ან აგრესია მოწინააღმდეგესთან შეხვედრის შემთხვევაში).
ამ პროცესების ნათელი მაგალითია გამრავლების პერიოდში მამალი ქამელეონების შეფერილობის სწრაფი ცვლა დედალის დანახვის და ერთმანეთთან ჩხუბის დროს.
აუცილებლად აღსანიშნავია განათების ზემოქმედება ქამელეონის მასკირების სისტემაზე. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქამელეონის მხედველობის და შეფერილობის ცვლა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მხედველობის ნერვის დაზიანების შემთხვევაში ხვლიკი ფერის შეცვლის უნარს კარგავს. გამოდის, რომ თვალში გავლილი სინათლე პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ნერვულ სისტემაზე და მხოლოდ ამის შემდეგ ქრომატოფორებზე, ანუ ტვინი და ქრომატოფორები ნერვული სისტემით არიან დაკავშირებული და სწორედ ტვინისგან სიგნალის მიღების შემდეგ იცვლიან ფორმას და განლაგებას კანქვეშა შრეებში.
აი ასეთი რთული მექანიზმით არის განპირობებული ქამელეონების შეფერილობის ცვლა! თუმცა შეფერილობის ცვლა რამოდენიმე სხვა ცოცხალ არსებასაც შეუძლია, სამაგიეროდ არც ერთ მათგანს არ გააჩნია ჩუმი ნადირობის ისეთი იდეალური მოწყობილობა, როგორიც არის ქამელეონის ენა!
მცირე ხნის დაკვირვების შემდეგ ადვილად შეამჩნევთ, რომ დროის ძირითად ნაწილს ეს ხვლიკები ტოტებზე გაუნძრევლად ჯდომაში ატარებენ. მაგრამ როგორც კი მათი ბინოკულარული ხედვის არეში პოტენციალური მსხვერპლი ხვდება (ქამელეონს შეუძლია ატრიალოს თვალები ერთმანეთის საპირსპირო მიმართულებით, რის შედეგად აკონტროლებს გარემოს 360°-ზე), ორივე თვალი ფოკუსირდება ამ უბედურის ერთზე და მტაცებელი ნელ-ნელა ეპარება მას. როდესაც მანძილი გასროლისთვის ხელსაყრელამდე შემცირდება, ”მონადირე” გამოწევს ენას საწყის პოზიციაზე და დამიზნების შემდეგ გაისვრის მომაკვდინებელ იარაღს, რომლის სიგრზე ზოგჯერ სხეულისას აღემატება.
რაში მდგომარეობს ქამელეონის ენის საიდუმლო? ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში ენის მუშაობის პრინციპის რამდენიმე თეორია იყო შედგენილი. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, ჩვეულებრივ მდგომარეობაში ენა ქამელეონის პირში დახვეული რულონის სახით არის მოთავსებული, ხოლო გასროლა ხდება კაპილარებში არტერიული წნევის მომენტალური გაზრდით.
50-ანი წლების ბოლოს, ერთ-ერთ უცხოურ გამოცემაში გამოქვეყნდა სტატია, სადაც აღწერილი იყო მოსაზრება, თუ როგორ იჭერს ქამელეონი თავის მსხვერპლს ენის ბოლოთი. წამოყენებული თეორიის თანახმად, ენის ბოლოზე წებოვანი მასა არსებობს და სწორედ ის იკავებს მწერებს გაქცევისგან. მაგრამ შემდგომმა კვლევებმა აჩვენეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაჭერილი მწერი არ იჭმევა, ქამელეონი მას უმალვე აგდებს პირიდან ენის ბოლოთი, შესაბამისად ამ ფაქტით ზემოთხსენებული თეორიის უსაფუძვლობა დამტკიცდა.
სხვა საინტერესო თეორიებიც მრავლად იყო. მაგალითად ერთერთ წყაროში მოყვანილი იყო ძალა, რომლითაც ქამელეონი ქაჩავს თავის ენას - 20 კგ!

როდესაც რეალურად საჭიროა მხოლოდ 50 გრამის ეკვივალენტური ძალის დატანა. სხვანი უფრო შორს წავიდნენ და ამტკიცებდნენ, რომ საშუალო სტატისტიკური ქამელეონის ენა ასრულებს სამუშაოს, რომელიც ადამიანის ენით 9 კილოგრამიანი ტომარას აწევას უდრის
1975 წელს, ჟურნალ ”ქიმია და სიცოცხლე”-ში გამოქყვენული მასალის თანახმად, მწერების დაჭერის დროს ენის ბოლო ”შემწოვი ფიალას” ფორმას ღებულობს, ხოლო უკან დაბრუნების დროს ხორთუმს ემსგავსება და წინ გამოიწევა. შესაბამისად მცირე ზომის მწერები ”ხორთუმის” შიგნით მთლიანად ხვდებიან, ხოლო დიდი ზომის კალიები და ხოჭოები მხოლოდ ნაწილობრივად. ამ რიგად დროებით იყო ნაპოვნი კომპრომისი წებოვანი ნივთიერების და ”შემწოვი ფიალას” თეორიებს შორის.
მაგრამ არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ანტვერპენის უნივერსიტეტის მეცნიერმა - ენტონი ჰერელმა, ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის დროსაც ბლოკავდა ენის ბოლოთი მმართავ ნერვულ არხებს, ამის შედეგად ქამელეონი ენის გასროლის შემდეგ არანაირ ზიანს არ აყენებდა საკვებ ობიექტს (ფსიქოლოგიურის გარდა

) და ვერც იჭერდა მას. ამ ექსპერიმენტმა უარყო წებოვანი ნივიერების თეორია.
ამოცანის ამოხსნა ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეძლეს. მათ სპეციალური მაღალსიჩქარიანი ვიდეოკამერის გამოყენება გადაწყვიტეს, რომელიც წამში 250 კადრს იღებს. მიღებულ ვიდეომასალაზე ნათლად გამოჩნდა, რომ ენა დარტყმამდე მილიწამებში იცვლის ფორმას და როგორც ზემოთ დავწერეთ, ”შემწოვი ფიალას” ფორმას იღებს. შემწოვი ძალა იმდენად ძლიერია, რომ მსხვერპლი ვერანაირი წინააღმდეგობის გაწევას ვერ ახერხებს და უკუშეკუმშვის ძალების ქვეშ მყოფი ენა ნელა უკან ბრუნდება. პირველი ეტაპი, ანუ ენის გასროლა ბევრად უფრო მაღალ სიჩქარეებზე მიმდინარეობს, ვიდრე უკან დაბრუნება. ხოლო ენის გასროლა კაპილარული წნევის გაზრდით არ ხდება და არც რულონისავით დახვეულ მდგომარეობაში იმყოფება. ეს საკმაოდ რთული პროცესია, რომელშიც მონაწილეობას იღებს ძვალ-ხრტილოვანი ქსოვილი (სწორედ მასზე მაგრდება ქამელეონის ენა) და ენის კუნთი. ენის ბოლო კი არანაირ წებოვან სეკრეტს არ შეიცავს, არამედ დაფარული არის მრავალი მიკროსკოპული ამონაზარდით (როგორ გეკონის თათი არის დაფარული მიკროსკოპული ბეწვით), რომლებიც საწოვარის მსგავსად ფუნქციონირებენ.

ეტაპობრივად ავღწეროთ ნადირობის პროცესი:
1. მსხვერპლის მოძებნა და არჩევა, რომლის დროსაც მთავარ როლს თვალები ასრულებენ. საინტერესოა, რომ ქამელეონის ქუთუთოები ისეა შეზრდილი, რომ დარჩენილია მხოლოდ პატარა ფანჯარა გუგასთვის. ეს თვალების დაზიანებისგან დაცვის ერთგვარი საშუალებაა.
2. მსხვერპლის დაფიქსირება და მანძილის დადგენა - ამ დროს ორივე თვალი სამიზნეზეა მიმართული, ენის ბოლო კი პირიდან ოდნავ გამოწეულია.
3. გასროლა, რომელიც ხდება მსხვერპლის დაფიქსირების და მანძილის დადგენის შემდეგ. შენელებულმა გადაღებამ აჩვენა, რომ გასროლის მომენტში ქამელეონის ენა თავის მიზანს 0,039-0,054 წამში აღწევს! გასაგებია, თუ რატომ სჭრიდება მას ამდენი ხანი გასროლამდე - ამის შემდეგ ხომ ენის მოძრაობის ტრაექტორიას ვეღარ შეცვლის! ცუდად დაუმიზნებს და მშიერი დარჩება.
4. მწერის დაჭერის შემდეგ ქამელეონი ინსტინქტურად ხუჭავს თვალებს, ვინ იცის, იქნებ ბოროტი გრძელფეხა კალია აღმოჩნდეს ენის ბოლოზე. თუ დაჭერილი ობიექტი საჭმელად არ ვარგა, მას პირიდან ენით აგდებენ.
5. პირში აღმოჩენილი მწერი თითქმის არ იღეჭება. ძლიერი ყბები და აკროდონტული კბილები კლავენ მას და ზედმეტი ღეჭვის გარეშე საჭმელი მთლიანად გადაიყლაპება.
ამ ყველაფრის ნახვა თავად შეგიძლიათ ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში:
ქამელეონის კიდევ ერთი საინტერესო თვისება გარეთა და შუა ყურის უქონლობაა, როგორც გველების შემთხვევაში. მაგრამ ისინი სულაც არ არიან ყრუები და შეუძლიათ 200-600 ჰერცის დიაპაზონში მყოფი ბგერების ”მოსმენა”.
რაც შეეხება მათ გამრავლებას, არსებობენ როგორც კვერცხმდები, ასევე კვერცხცოცხლადმშობი სახეობები. კვერცხცოცხლადმშობ ქამელეონებს მიეკუთვნება უკვე ნახსენები ჯექსონის ქამელეონი, რომლის დედალიც შეწყვილებიდან 5-7 თვის მანძილზე მუცელში დაატარებს კვერცხებს და შემდეგ უკვე სრულად განვითარებულ პატარებს შობს, რომლებიც წვრილ დამცავ მემბრანაში არიან მოთავსებული. მემბრანიდან თავის დაღწევის შემდეგ, ახალდაბადებულები უმალვე მიიმალებიან ხშირ ბუჩქნარში და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ.
აი ასეთი შესანიშნავი არსებები არიან ქამელეონები. მაგრამ რა აზრის არიან მათზე და რა დამოკიდებულებაა ქამელეონებს და მალაგასიელებს შორის? ადგილობრივ ტომებში მრავალი ლეგენდა და ცრურწმენა დადის ამ უწყინარი არსებების შესახებ. განსაკუთრებით კი ყველაზე პატარების - ბრუკეზიების დანახვისას მათ არაამქვეყნიური შიში ეუფლებათ. ზოგი მალაგასიელის თქმით, ისინი იმდენად გრძნობენ ქამელეონის სიახლოვეს, რომ სეირნობის დროს იმ ადგილს რამოდენიმე მეტრის დაშორებით უვლიან. მადაგასკარის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრები ტომების ქალებს სჯერათ, რომ ქამელეონთან შეხვედრის შემთხვევაში აუცილებლად დაკარგავენ თვალს (ნეტავ როგორ?

) და ცოლად აღარავინ მოიყვანს.
”ქამელეონივით საზიზღარი”, ”ნუ კამათობოთ, ორივენი ხართ გეკონივით და ქამელეონივით საზიზღრები”, ”ქამელეონი კლდეზე მისეირნობს: ამაყი, მაგრამ საზიზღარი” - ეს რამდენიმე თქმულებაა, რომელიც ხიმიხეტის და მახაფალის ტომებში არის გავრცელებული.
ადგილობრივ მოსახლეობაში ფიზიკური შიშის გარდა დამატებით ფსიქოლოგიური შიშიც არსებობს. მაგალითად მანდიავატუს ტომი თვლის, რომ შეხვედრა ქამელეონთან ოჯახში უბედურების წინასწარმეტყველია. ბეზანუზანუს ტომებს სჯერათ, რომ უბედურება ადამიანის თავს მხოლოდ ქამელეონის მოკვლის შემთხვევაში დაატყდება. სამხრეთით მცხოვრებ ხალხს სჯერა, რომ მკვდარი ქამელეონის ნახვის შემთხვევაში მძიმედ დაავადდები, ხოლო ცოცხალთან შეხვედრა კარგი ამბავის წინასწარმეტყველია. თუ შესძელი და გადააბიჯე მას, ხომ მთლად უკეთესია. მარუანცენტრას რაიონში ითვლება, თუ ქამელეონები ხის მაღალ კრონებში ძვრებიან, ე.ი. წლის განმავლობაში მოსალოდნელია გამანადგურებელი ძალის ციკლონები.
რაც შეეხება ჯუჯა ქამელეონებს, იგივე ბრუკეზიებს, ისინი ტყის შურისმაძიებელ სულებად ითვლებიან. მცირე ზომის გამო მათ ხშირად აბიჯებენ ფეხს, ხოლო ბრუკეზიაზე ფეხის დაბიჯება მძიმე ავადმყოფობის და ხშირად მოახლოებული სიკვდილის ნიშანია. ”ბრუკეზიაზე დაბიჯებას რომელიმე ღვთაებას მოკვლა სჯობს” - ასე იძახიან ბეციმისარაკას ტომში.
თუმცა ნუზი-ბეს რაიონში, ბრუკეზია არამარტო შიშის არამედ პატივისცემის ობიექტიც გახლავთ. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ძველ დროს მან ტომის დამფუძნებელი საშინელი კაციჭამიისგან იხსნა.
შეუმჩნეველი არც თვალების უცნაური მოძრაობა დარჩა. ”ქამელეონივით მოიქეცი - წინ იყურე, მაგრამ არ გამოგრჩეს ის, რაც ზურგს უკან ხდება”, ასე ამბობს მერინების ტომის ხალხი. მათ სჯერათ, რომ ერთი თვალით ქამელეონი მომავალში იხედება, მეორეთი კი წარსულში.