ა, ბატონო, რაცხა გამოვაცხვე ადრე და კი ჭამა რედაქტორმა

გამოქვეყნდა 24 საათში, ოღონდ აღარ მახსოვს როდის

"ისტორიციზმი"
სააკაძე, სტალინი, სააკაშვილი და დავით აღმაშენებელი
საქართველოში წამოწყებული რეფორმების ფონზე დავით აღმაშენებელის გახსენება მეტ-ნაკლებად ლოგიკურია. დავით აღმაშენებელს საქართველოს პრეზიდენტიც ხშირად ახსენებს, ხოლო აფხაზეთში ახლადგამოცემული `აფხაზეთის ისტორიის” ფონზე ხელისუფლებას, როგორც ჩანს, ჰაერივით სჭირდება ძლიერ ისტორიულ პირთან იდენტიფიცირება, რომელმაც საქართველო გააერთიანა.
ამწყო შობილი წარსულისაგან არს მომავალი _ ასეა თუ ისე, დღევანდელი ხელისუფლებისათვის ეს აქსიომაა. საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხშირად იყენებს ისტორიულ წყაროს საკუთარი პოლიტიკური კურსის მართლზომიერების არგუმენტად _ საქართველო ყოველთვის ილტვოდა ევროპისკენ და მასთან ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია. თუმცა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე საქართველოს დღევანდელ ხელისუფალს აშკარად გაუჭირდება აღმაშენებელთან იდენტიფიცირება... და მაინც, თითქმის ორი წლის წინ დაბადებულ იდეას _ გადაიღონ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი დავით-აღმაშენებელზე _ სააკაშვილი გულწრფელად მიესალმა.
უკვე ორი წელია, რაც პროდიუსერი ლევან კორინთელი `დავით-აღმაშენებელზე” ფილმის გადაღებას აპირებს. ამასთან, სულაც არ ხიბლავს პერსპექტივა, რომ აბეზარა ჟურნალისტები ამ პროცესს მიხეილ სააკაშვილის აპოლოგიას უკავშირებენ. თითქოს ამის დასტურად, პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით, კინომცოდნეები და ჟურნალისტები საზოგადოებას ასოციაციობანას თამაშში ითრევენ და წარსულთან, კერძოდ კი საბჭოთა კინემატოგრაფიისა და პოლიტიკის ურთიერთზემოქმედების შორის საკმაოდ მკვეთრ პარალელს ავლებენ.
მეორე მსოფლიო ომის დროს კინო ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლთა პატრიოტიზმისა და პათოსის გასაღვივებლად სწორედ ისტორიული ჟანრის ფილმებით მანიპულირებდა. 1942-43 წლებში სტალინის დაკვეთით მიხეილ ჭიაურელმა `გიორგი სააკაძე” გადაიღო. ცნობილია, რომ კინოსეანსიდან მაყურებლები პირდაპირ ფრონტზე მიდიოდნენ, იმდენად ძლიერი იყო ფილმის პათოსი და ზემოქმედება. მთავარი იყო, რომ ფილმის მთავარი მესიჯი _ სტალინი და მხსნელი ცალსახად იკითხებოდა, ხოლო სააკაშვილს დამოუკიდებელ ფილმწარმოებაში სახელმწიფო წილის შესვლით არანაკლებ ხიბლავს იმის პერსპექტივა, რომ სააკაშვილი და აღმაშენებელი ერთ სახე-ხატში გააერთიანოს.
თავისთავად, მიხეილ სააკაშვილსაც ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ მისი სახელი საქართველოს ისტორიაში დარჩეს, როგორც რეფორმატორისა და საქართველოს აღმშენებლის. თუ გიორგი სააკაძე, ან იგივე იოსებ სტალინი ფილმში და რეალობაში ტყვეობაში ჩავარდნილ შვილს (პაატა, იაკობი) სამშობლოს საკეთილდღეოდ წირავს (მსხვერპლად წირავს და ამ შემთხვევაში ძალზედ დიდი იქნებოდა ძველ აღქმასთან, აბრაამის მითთან ასოციაცია, რომელიც იდეალის სამსხვერპლოდ შვილს იმეტებს), მიხეილ სააკაშვილისავის მსგავსი პარალელები გამორიცხულია და ის თავის სახელს არავითარ შემთხვევაში არ დაუკავშირებს ნეგატივს. პირიქით, დავით-აღმაშენებლის მსგავსად და ამას თავად პრეზიდენტი ხშირად აღნიშნავს, მან წამოიწყო საქართველოში `უპრეცედენტო” რეფორმები: საგანმანათლებლო, სოციალურ-ეკონომიკური, სამხედრო და სხვა.
გარდა ამისა, თუ დავით აღმაშენებელმა დაამარცხა კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში, სააკაშვილი ამარცხებს აჭარის ლომად წოდებულ ასლან აბაშიძეს და კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისკენ; მაშინ, როდესაც აღმაშენებელმა ჩამოასახლა 40,000 ყივჩაღი და ყივჩაღთა 12 ათასიანი არმია შექმნა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იმ 120,000 თურქი მესხის ჩამოსახლებას აპირებს, რომლის გარეშეც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ვერ მოხდება. თუმცა რეფორმა – ერთადერთი ასოციაციაა, რომელიც ამ ეტაპზე საზოგადოებაში სააკაშვილისა და აღმაშენებელის იდენტიფიცირებას იწვევს და ამ ორს ერთ პოლიტიკური ნების აღმასრულებლად მოიაზრებს.
საინტერესოა ისიც, რომ ისტორიციზმის გაღვივების ჟამს, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებასა და აღდგენაში საქართველოს საგარეო პოლიტიკა გაერთიანებისაკენ მიმავალ გზაზე იმდენად დიდი ბარიერი აღმოჩნდა, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა ემოციურ დონეზე გაცემული მესიჯის – ახალ წელს ჩვენ ცხინვალში შევხვდებით – გამო თავის პოლიტიკურ კარიერას დააემშვიდობა... ეს კი ნაწილობრივ უნდა ანელებდეს `დამოუკიდებელი საქართველოს” პათთოსს, რადგან საკუთარი ქმედებით ქართულმა პოლიტელიტამ აშკარად გამოამჟღავნა, რომ როგორც არასდროს დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე და მას ვექტორს მიუთითებენ.
საქართველო პაციფიზმის ტალღაზე დგას და ამიტომ ლოზუნგი _ აფხაზეთის დაბრუნება აღარ უნდა ჟღერდეს, როგორც `ოკუპაციის”, ან ძალიასმიერი მეთოდით დაბრუნების სინონიმი. თუმცა, აფხაზების იზოლაციური პოლიტიკის ფონზე `აფხაზეთის დაბრუნება” არც ისე ჟღერს თითქოს საქართველოს წიაღში აფხაზეთი უძღები შვილის სტატუსით მშვიდობიანი გზით დაბრუნდებიან. ამასთან უშუალო კონტექსტშია რეზერვისტების გაწვევა და ქართული ჯარის რეფორმა. ქართული ჯარი ძლიერდება, მაგრამ, როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ეს მხოლოდ ილუზორული სიძლიერის მანიშნებელია. სარეზერვო ძალების გაწრვთნა რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე ყველაზე სერიოზული საფრთხე ის იქნება თუ რეზერვისტებს უბრალო საზარბაზნე ხორცად აქცევენ... ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ აღმაშენებლთან სააკაშვილის ასოციირებაც ილუზორული და არადამაჯერებელი იქნება. მიხელ სააკაშვილს ჯერ არც ყივჩაღთა თორმეტი ათასიანი ძლიერი ჯარი ჰყავს და, რაც მთავარია, თავისი დიდგორის ბრძოლაც წინ ელის.
სხვათა შორის, ქართული კინოსა და პოლიტიკას ერთი მუხტი ამოძრავებთ, რომელიც თვითმიზნად იქცა _ ორივეს სჭირდება გმირი. მით უმეტეს იმ ანტიკავკასიური ისტერიის, ქართული ღვინის ემბარგოსა და გარიყული მოსახლეობის დეპორტაციების ფონზე. ბრეხტი წერდა, რომ უბედურია ის ქვეყანა, რომელიც გმირს საჭიროებს _ ჩვენ კი თავს ბედნიერად ვგრძნობთ: შენდება ახალი შენობა-ნაგებობები (ძვირადღირებული სავაჭრო ცენტრები, ქარწაღებული აეროპორტი), იგება გზები (ქვაფენილები), იხსნება ახალი საავადმყოფოები (ექიმებზე ალქაჯებზე ნადირობა გამოცხადდა), ახალი წყალგაყვანილობა (შადრევნები, შადრევნები), იქმნება სამუშაო ადგილები (სეზონური და მეტწილად სტუდენტებისთვის) და, რაც მთავარია, ყოველწლიურად იზრდება ნარკომანებისა და უმუშევრების რაოდენობა, რომელიც ნაწილობრივ სოციალურ-ეკონომიკური ფონის წარმონაქმნია. ასე რომ, ქართულ კინოში და საქართველოს ისტორიაში ჯერ არ მოსულა დრო, როდესაც დავით აღმაშენებელზე გადაღებული მხატვრული ფილმი რეალობასთან კონტექსტუალურ რეაქციაში შევა და მაყურებელი კინოსეანსიდან პირდაპირ ყაზარმაში გაეშურებიან, როგორც ამას რეზერვისტების გულისმოსაგებ სარეკლამო ტიხრებში ქადაგებენ.
დღევანდელი ვითარების ფონზე საზოგადოება სულ უფრო ხშირად ახსენებს 37 წლებს, რომელიც მხოლოდ ერთ ქართველ მმართველს უკავშირდება. ანონიმურობისა და დასმენის ინსტიტუტის ხელახალი ამუშავება სამომავლოდ ცუდ პერსპექტივებს უქადის. მთავარია, რომ ფორმულა `სააკაძე, სტალინი, სააკაშვილი და დავით აღმაშენებელი” არ გარდაიქმნას გაცილებით მარტივი და ასოციაციურად უფრო რეალურ ჰიბრიდში სტალინი-სააკაშვილი. ამ შემთხვევაში ხომ ლოზუნგი `დავიბრუნოთ აფხაზეთი” ნაკლებად გულისხმობს პაციფიზმის ნოტას...
This post has been edited by Chapa on 14 Jan 2008, 06:50
КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим...
kalatozishvili.wordpress.com