დღეს გამოდიოდა გვახარია ტელევიზორში და ისე, გაკვრით თქვა, რომ ფილმი "მანანა" თურმე მოსკოვში აუკრძალავთ "ანტისაბჭოურობის" გამო და იფიქრებდით ამასო?
არადა, მართლაც ბევრ იმდროინდელ ფილმში არის ეგეთი მომენტები, ოღონდ ზოგან ამჩნევდნენ ზემდგომი ორგანოები, ზოგან ეტყობა, ვერ ამჩნევდნენ თუ თვალს ხუჭავდნენ, ალბათ იმიტომ, რომ უფრო "ტონკად" იყო გაკეთებული? ...
2-3 დღის წინ ინტერნეტში ხეტიალის დროს წავაწყდი ქართული ფილმების ლინკს და იქ შემთხვევით "შემომეყურა" მოკლემეტრ. ფილმი "ფეოლა". ჰოდა, დღეს, გვახარიამ რომ ახსენა ის ფაქტი, გამახსენდა...
ისე, მაგ ფილმის "კოლეგა", "ბურთი და მოედანი" ასევე სერიოზული ანტისაბჭოთა სატირის შემცველია, აქ დავწერე მგონი კიდეც წინათ
ახლა რა ხდება გაბრიაძის სცენარში...
გვახსოვს, ალბათ, რაც არის, ასე ვთქვათ, შინაარსი. სახლმმართველს ავალებენ ბავშვთა საფეხბურთო გუნდის შექმნას.
ანუ გვაქვს კოლექტივი და გვაქვს "ნაჩალნიკი", უფროსი, ხელმძღვანელი ამხანაგი, (იმავდროულად ე.წ. უბრალო ადამიანი ანუ პატარა კაცი

), ამ შემთხვევაში მწვრთნელი, მაგრამ ეს პირობითია, რა თქმა უნდა.
დიდი ფილოსოფია არ უნდა იმის გაგებას, რომ ეს კოლექტივი, გუნდი შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოების, ქვეყნის მოდელად.
ხოდა, აქ არის ჩადებული, რაც უნდა გასაკვირი იყოს, მთელი იდეოლოგია

: გუნდი წარმატებას აღწევს მაშინ, როცა "ნაჩალნიკი", "ხელმძღვანელი ამხანაგი" მის საქმეებში არ ერევა. როგორც კი ერევა, მაშინვე იწყება წაგება. ანუ გადმოცემულია "მცირე სახელმწიფოს" კონცეფცია.

ნუ, თავად ავტორი (ან ავტორები?) შეიძლება რაციონალურად და გააზრებულად არც კი აანალიზებდა ამას, მაგრამ აშკარად ასე გამოვიდა და ეს "ინტუიტივობა" არის ნიჭიერების მაჩვენებელი.
და პირიქით, საბჭოური ხელმძღვანელობის ფორმალისტური სტილი, თავისი საბჭოური "კომუნისტურ-უტოპიური" ენით, წარუმატებელია (აგებს თამაშებს) და ის დამამცირებლად გამასხარავებულია სიტყვებით "ვაი შენს პატრონს".
არის კიდევ ძალიან საინტერესო ეპიზოდები. მაგალითად, მთავარი გმირი ესაუბრება ვინმე გლეხს უკაცრიელ ადგილას. მისი მეტყველება არის საოცარი. "პატივცემულო ამხანაგო, ხომ ვერ მეტყვით, სიმინდის როგორი მოსავალია მოსალოდნელი წელს?" ან "ესე იგი, მინდვრის დედოფლის მოსავალი კარგი იქნება?"
ნუ აქ, ჯერ ერთი, აშკარად გამასხარავებულია ხრუშჩოვი თავისი "მინდვრის დედოფლით".
მაგრამ რას ნიშნავს ის, რომ დაბალი რანგის ჩინოვნიკი, თუმცა ჩვეულებრივი ადამიანი შეიძლება "ტელევიზორის ენით" ელაპარაკებოდეს უბრალო გლეხს (და ამ უკანასკნელს სულაც არ გაუკვირდეს ეს) სრულიად არაოფიციალურ სიტუაციაში, რომელიც არ მოითხოვს ამგვარ საუბარს?
რაღაცას უნდა ნიშნავდეს (გარდა ხრუშჩოვის ასოციაციისა), ტყუილად ხომ არ არის ჩასმული ასეთი უცნაური მეტყველება?
შესაძლოა, საერთოდ საბჭოური იდეოლოგიური "ენის" კიდევ ერთი გამასხარავება, მისი სიყალბის და არაბუნებრიობის ხაზგასმა?
ან იქნებ "ტელევიზორის ენით" საუბარი უცნობ ადამიანებს შორის რაღანაირად მიუთითებს ტელევიზიის მაზომბირებელი ძალის "წინასწარმეტყველურ" ხედვაზე?

ყოველ შემთხვევაში, მრავალმხრივი წაკითხვის საშუალება აქაც მიუთითებს კინოს "სიმდიდრეზე".
გაშარჟებულია საბჭოთა განათლების სისტემა და ეს ხდება ერთი პატარა ეპიზოდის საშუალებით. დააკვირდით, რას ტექსტს იზუთხავს (ზუსტად რომ იზუთხავს) ბავშვი: "ავანტიურისტ ქალმა, მადამ პამპადურმა გააბრიყვა მეფე-მზე ლუდოვიკო".

და მერე თავგაბეზრებული ბავშვის "გენიალური" წამოცდომა: "ავანტიურისტ ქალმა, მადამ პამპადურისტმა..." პამპადური გადაიქცა "პამპადურისტად" ანუ მიემატა "ისტ" ნაწილაკი, ყველაზე "საბჭოური ნაწილაკი".

არის კიდევ სრულიად აშკარა ნაციონალიზმი. ნარატივი შემდეგია: ქართველი ბავშვები, რომლებიც მოქმედებენ თავისუფლების პირობებში (ნაჩალნიკი არ ერევა), აღწევენ წარმატებას, ამარცხებენ ბოლოს საბჭოთა კავშირს. ამაზე მიუთითებს თუნდაც გუნდების სახელები: ერთი მხრივ, უქიმერიონი, უძველესი ციხის სახელი და მეორე მხრივ, უსახური საბჭოური "როტატორი".
* * *
და ბოლოს არის კიდევ ერთი კურიოზული და საოცარი მომენტი.

საბჭოთა კავშირის დამარცხების შემდეგ (სხვათაშორის, ეს ხდება კიევში

) ქართული გუნდი (ანუ საქართველო) გადის ევროპაში.

ანუ, როგორც ჩვენი პოლიტიკოსები იტყვიან ხოლმე, საუკუნოვანი ოცნება და ა.შ. მაგრამ აქ რა ხდება? მოდის ახალი მვრთნელი (ანუ ნაჩალნიკი, აწ უკვე პრეზიდენტი ) და მოაჯდება "თავისუფლების", გამარჯვების ტალღას.

ხომ მაგარია? ის სწორად ლაპარაკობს, ნახეთ, "დემოკრატია", მხარს უჭერს ფეოლას შემტევ სტილს, იძლევა დაპირებებს...
მაგრამ უბედურება ისაა, რომ სიყალბეა ამ ახალი მწვთნელის დაპირებები და მისი ტაქტიკა-სტრატეგია. ფეოლას სტილი არ არსებობს. გამარჯვების მიზეზია არა ფეოლას სტილი, არამედ თავისუფლება. ვინმეს ხომ არ გვაგონებს ეს ახალი მწვრთნელი, რომელიც მოაჯდა თავისუფალ ქვეყანას და წარმატებას?
და ფილმი მთავრდება წვიმის კადრებით (დაპირებული გვალვის ანუ მზის ნაცვლად). რა არის ეს წვიმა, ნუთუ "ქვეყნის ტირილია", ვინმე კაბუსი არ იყოს?
ფეოლა კი ახალ გუნდს აკეთებს.